გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » თებერვალი » 26 » "ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ
1:07 PM
"ბიჭებო, გული არ გაიტეხოთ, მთავარი წარმატება წინ არის!" - მსახიობების პირველი შეფასებები "ოსკარის" შემდეგ






ქართული ფილმის "ოსკარზე" მოხვედრა რაღაც ზღაპარს და ოცნების ახდენას ჰგავდა, - ყველას გაგვიხარდა. ისიც ვიცოდით, რომ "მანდარინებთნ" ერთად, ხუთეულში ძლიერი ფილმები იყო მოხვედრილი და ამის ფონზე, იმედი კი გვქონდა, მაგრამ შანსი - არა, და ასეც მოხდა, - წარმატება პოლონურ პროდუქტს ერგო. თუმცა ამხელა მასშტაბისა ღონისძიებაზე ქართველების და ქართული ფილმის, თუნდაც ესტონეთის სახელით მოხვედრა, უკვე გამარჯვებაა.

Ambebi.ge რამდენიმე ქართველ მსახიობს დაუკავშირდა, რომელთაც ამ გრანდიოზულ ცერემონიაში ქართველების მონაწილეობა შეაფასეს.

დიმიტრი ტატიშვილი:
- "ოსკარი" ვერ ავიღეთ, მაგრამ რომ გადმოეცათ, ძალიან გამიხარდებოდა. ჩემი კოლეგების მაგივრადაც გამიხარდებოდა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

- პირველად რომ ნახეთ ფილმი, თუ შეიძლებოდა ამის წარმოდგენა, რაც მერე მოხდა?
- როცა ეს ფილმი ვნახე, მაგაზე არ მიფიქრია, რადგანაც "მანდარინებმა" სხვა ფიქრები ამიშალა. უპირველესად, მომეწონა ჩემი კოლეგების და ზაზა ურუშაძის ნამუშევარი და არ მიფიქრია იმაზე, "ოსკარზე" წარადგენდნენ თუ არა. იქ ჩემთვის უფრო მთავარი სხვა რამ იყო, ვიდრე ის, გავიდოდა თუ არა კონკურსზე.

- როგორ ფიქრობთ, რა პრინციპით მოხვდა ზოგადად, ხუთეულში?
- აქტუალური თემაა წინ წამოწეული, აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ? ესტონეთმაც სწორად წარადგინა თავისი პროდუქცია და ყურადღება მიაქციეს. მერე ხომ ვთქვი, აქტუალურ თემატიკაზეა შექმნილი, ეს არის კონფლიქტი, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანია. მერე იქვე ირკვევა, რომ ადამიანები ერთმანეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი არსებები ვართ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. კარგი ფილმია, მომწონს და კარგი ქნეს, რომ აარჩიეს, მაგრამ უფრო კარგს იზამდნენ, რომ "ოსკარი" მოეცათ.

გიორგი ბახუტაშვილი:
- როგორც მოქალაქეს, ძალიან მიხარია მათი წარმატება და გული მწყდება, რომ "მანდარინები" საქართველოს სახელით არ იყო წარდგენილი. არ იქნებოდა ცუდი, ჩვენი ქვეყნის სახელით ყოფილიყო, რომ მეტი გაეგოთ სტუმრებსაც და მსოფლიოს ჩვენზე, მაგრამ იმედია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეხება, გაკვეთილი იქნება და შემდეგისთვის იქნებ გაითვალისწინონ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართული ფილმი კიდევ მოხვდება "ოსკარზე" და მას უკვე საქართველო წარადგენს, ამის იმედი მაქვს...

ახლა რაც შეეხება, როგორც კოლეგას, მიხარია მათი ასეთი წინსვლა და დიდ წარმატებას ვუსურვებ. როგორც ხედავთ, მართლა ნიჭიერი ჯგუფია... ადრეც კი იყო პატარ-პატარა წარმატებები, მაგრამ ეს მართლა დიდი გამარჯვებაა და მეტ წინსვლას, განვითარებას ვუსურვებ ამ ჯგუფს და არა მარტო მათ. ეს ყველაფერი ალბათ იქნება მოტივაცია სხვა შემოქმედებისთვის...

- რა მოლოდინი გქონდა?
- ვიცოდი, რომ "მანდარინებთან" ერთად, ძალიან კარგი ფილმები იყო წარდგენილი, მაგრამ ეგ არაფერი, ასე რომ გაფასებენ, მსოფლიო ხუთეულში ხვდები, მართლა მაგარია!

გული მწყდებოდა, მანამდე რომ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ მერე ვიღაცისთვის ეს ჯილდო რაღაცას ნიშნავს და ვიღაცისთვის - არა. წინა დღეებში ხომ იყო ამაზე საუბარი, რომ ვიღაცისთვის თურმე ეს სუსტი კონკურსი გახლდათ და ამიტომ გავედით. ფაქტია, რომ გავედით და მნიშვნელობა არ აქვს, სხვა დანარჩენს. მართლა მაღიზიანებდა ასეთი ლაპარაკი. მთავარია, ყველა ადამიანმა თავისი საქმე აკეთოს. ბიჭებს გული არ დაწყდეს. მთავარი წარმატება წინ არის და ამისთვის არსებობს მომდევნო
წლები და იმ წლებში ველოდები ამას!

ბაია დვალიშვილი:
- ჩათვალეთ, რომ "ოსკარი" აღებულია და დიდი წარმატებაა. ხუთეულში მოხვედრა, "ოსკარის" აღების ტოლფასია, აბა, რა არის, როცა გამარჯვებას ერთი ხმა წყვეტს ხოლმე.
ბოლო დროს არაერთი კარგი ფილმი შეიქმნა, რომლებიც სხვადასხვა ფესტივალიდან ნომინაციებით ჩამოდის. წელიწადში ძლივს, ორი-სამი ფილმი თუ გამოდის თანადაფინანსებით, ისიც წარმატებული და საინტერესო. მგონი, ეს უკვე უნდა იყოს მთავარი, რომ დაფინანსება მოემატოთ, მაგრამ 2 მილიონამდეც რომ გაზარდონ, ქართული ფილმისთვის ცოტაა, დანარჩენი თავად უნდა მოიძიონ, რაც ასეთ ფესტივალებზე ხდება. ამიტომ ასეთ ფესტვალებზე ღირსეულად უნდა გაუშვან.

ჩვენს ეთერში გიორგი ნაკაშიძის საყვედური შეიძლება ემოციური იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც ყველამ გავიზიარეთ. იქნებ რაღაცნაირად მიეშველონ. რეალურად, ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას შექმნიან. განსაკუთრებით ახალგაზრდები.

- რაც შეხება "მანდარინებს", მისი პირველი ნახვისას იფიქრებდით, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდა?
- ამას ვერ წარმოვიდგენდი, რადგანაც დიდი გზაა გასავლელი და ამასთან, ვიცი, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი კარგი ფილმი იქმნება. თავიდან რომ ვნახე, საინტერესო იყო, სწორი კუთხით არის გაკეთებული, ზედმეტი პატრიოტიზმის გარეშე, აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, ეს თავიდანვე ჩანდა, რაც თვალშისაცემი მაშინვე იყო.

შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას ვულოცავ.

ლალი ფაცია
სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 904 | დაამატა: nikucha | ტეგები: mandarinebi, giorgi bakhutishvili, oskari, dimitri tatishvili, ბაია დვალიშვილი, ოსკარი, მანდარინები, დიმიტრი ტატიშვილი, baia dvalishvi, გიორგი ბახუტაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...