1:52 PM uchinari adamianebi / უჩინარი ადამიანები | |
რამოდენიმე კვირის წინ, “ქალაქი ამბობს” ვიდეო ჩავწერე, სადაც თბილისის ურბანულ პრობლემებზე უნდა მელაპარაკა, თემა საკმაოდ ვრცელია და ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა, უფრო ზედაპირულად ვთქვი ჩემი სათქმელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ თემაზე პოსტის დაწერა და იმ საკითხზე ყურადღების გამახვილება რაც ამდენი ხნის განმავლობაში პოლიტიკური დაპირებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩვენს გვერდით კორპუსში, ეზოში თუ უბანში ცხოვრობს ადამიანები, რომლებსაც იშვიათად ვხვდებით. ჩვენ გვიყალიბდება სტერეოტიპები. დამოკიდებულებაც არ გვაქვს კარგი, კორექტული და სწორი როცა მათ ვხედავთ, პრინციპში გასაგებიცაა, ისინი არ ჩანან და რასაც იშვიათად ვხედავთ არ ვიცნობთ. კი გაგვიგია, რომ კარგად უნდა მოვექცეთ, თან ხო ტოლერანტულები ვართ, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებთ ხოლმე ადეკვატურობას. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რატომ ვერ ვამჩნევთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათ გადაადგილებას სპეციალურად მოწყობილი, ადაპტირებული გარემო სჭირდება, ისინი ვერ ივლიან იმ ქალაქში, სადაც იმათაც კი უჭირთ გადაადგილება, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები არ აქვთ. თბილისში შეიძლება ტროტუარზეც კი დაგეტაკოს მანქანა და მსგავსი ფაქტები ნამდვილად არაერთხელ მომხდარა. ყველა პრობლემა რაც შშმ პირებს აწუხებთ სათავეს იღებს გადაადგილების შეზღუდვიდან, წარმოიდგინეთ თქვენ გიწევთ სახლში ჯდომა როცა თქვენი მეგობრები კონცერტზე არიან, ან ნაყინს ჭამენ ან უბრალოდ სეირნობენ რუსთაველზე, გიწევთ სახლში ჯდომა იმის გამო, რომ თქვენი ქვეყანა არ ზრუნავს ელემენტარული პირობებიც კი შეგიქმნათ გადაადგილების. ჩვენთან ყველაფერი არასწორად კეთდება, პანდუსები ალბათ გინახავთ თბილისში და ზუსტად ვიცი ფეხით ასვლაც კი ძალიან რთულია, არათუ ეტლით. ასევე წარმოუდგენელია მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელებით სარგებლობა. არადა ეს ადამიანები არსებობენ და ისინი კარგი მოქალაქეები არიან, მათ უნდათ განათლების მიღება, გართობა, დასვენება, მუშაობა, რომლის უფლებასაც ჩვენ არ ვაძლევთ, ადამიანები რომლებიც მათ ვერ ვხედავთ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |