6:50 AM
ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთში მილიონები და დიდება მოიპოვა - რუსული გლამურის თბილისელი ლამაზმანი
www.auf.ge -

ეკატერინე მწითურიძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ, ის 1972 წლის 10 იანვარს თბილისში ფარმაცევტის და გეოლოგის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ვერავინ იფიქრებდა, რომ საკუთარ კარიერას რუსეთში გააგრძელებდა. პატარა გოგონას ჯერ ექიმობა უნდოდა, რადგან სულ ავად იყო, შემდეგ კი სტილისტობა იტაცებდა... დღემდე ოცნებობს იყოს მფრინავი, რადგან მისი ცხოვრების დიდ ნაწილს თვითმფრინავში ატარებს.

ეკატერინემ განათლება საქართველოში მიიღო, 1994 წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის და კინოხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. ის ისტორიულ მეცნიერებათა მაგისტრია. 1991-94 წლებში მუშაობდა ჟურნალში "სინემა" და "ეკრანის სიახლეები". მისი სატელევიზიო კარიერა საქართველოში, "მეორე არხზე" დაიწყო.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კი რუსეთის "პირველ არხზე" დილის გადაცემაში დაიწყო მუშაობა, სადაც ნაცნობობით მოხვდა. თავბრუდამხვევი წარმატებაც სწორედ მაშინ დაიწყო.

მწითურიძე რუსეთში ერთ-ერთ გლამურულ და შეძლებულ მანდილოსნად ითვლება, ყოველთვის გემოვნებით აცვია, ელიტარული საღამოების სასურველი სტუმარია, განათლებულია და კარგი მენეჯერული თვისებებიც გააჩნია. ის რუსეთში საკმაოდ შეძლებული და გავლენიანი ქალის სტატუსით სარგებლობს.

როგორც თავად ამბობს, ცნება - თავისუფალი დრო, მისთვის არ არსებობს, რადგან სულ მუშაობს. ამის გამო იშვიათად ხვდება მეგობრებს. ძალიან უყვარს კითხვა. ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო, პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა".

ეკატერინე მწითურიძე 2011 წელს "როსკინოს" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი გავლენა რუსულ კინოსამყაროში ძალიან დიდია, უფრო მეტიც, მას ამერიკული კინოკომპანიებიც იწვევენ სათანამშრომლოდ. რამდენიმე ფილმი თავადაც აქვს გადაღებული. ცოტა ხნის წინ იაპონელმა რეჟისორმა კიმ კი დუკმაც მიიწვია ფილმზე სამუშაოდ, თუმცა ეკატერინემ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა.

კიდევ ერთი სფერო, სადაც ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა საკუთარი ძალები მოსინჯა, ჟურნალია. 2012 წლიდან ჟურნალ Varierty-ს ხელმძღვანელობს.
კინობიზნესში ყველაზე გავლენიანი დასავლური ჟურნალის რუსულ ვერსიას მწითურიძე თავს წარმატებულად ართმევს.

ზუსტად რა ქონებას ფლობს ეკატერინე მწითურიძე, უცნობია, თუმცა მას ემსახურება ძვირადღირებული ავტომობილები, აცვია მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსი.

"როსკინოც" და "ვარიეტიც" არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა", -აცხადებს ეკატერინე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ეკატერინე მწითურიძე ბოლოს თბილისში 6 წლის წინ იყო. როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ქალაქთან დიდი ხნით განშორებას ძალიან ნანობს და ქართველი ხალხის ბედი აღელვებს.

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, როგორც თავად ამბობს, მარტოა, რადგან მამაკაცები მის ელიტურ ცხოვრებას და დატვირთულ გრაფიკს ვერ ეჩვევიან.

სულ ცოტა ხნის წინ ეკატერინე მწითურიძე რუსულმა გამოცემამ ერთ-ერთ ულამაზეს ქართველად დაასახელა.




ნანახია: 930 | დაამატა: nikucha | ტეგები: რომელმაც, რუსეთი, და, დიდება, ქართველი ქალი, მოიპოვა, რუსული, მილიონები, თბილისელი, გლამური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]