გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » მარტი » 31 » ბიძინას ზვიგენები და არაჰუმანური მადლობა / bidzinas zvigenebi da arahumanuri madloba
11:41 AM
ბიძინას ზვიგენები და არაჰუმანური მადლობა / bidzinas zvigenebi da arahumanuri madloba






მაშინ, როდესაც ავღანეთში ქალის მიერ ყურანის დაწვას, ამ ქალის დაწვითვე უპასუხეს და ამგვარად დაიცვეს ღირებულებებს შორის პროპორციულობა, საქართველოს პატრიარქი გაბრწყინებულ ივერიაზე ფიქრობდა. ამ დროს უნეტარესის თავში იმაზე გაბრწყინებულმა იდეამ გაიელვა, ვიდრე მისი გვირგვინია და ენდორფინებით სავსემ გადაწყვიტა მადლიერების დღე დაეწესებინა, რომელსაც უბრალო მოკვდავნი თავიანთი გონებით ვერ შეწვდებიან, რადგან ლიბერალისტური იდეოლოგიით გახრწნილებს ცხოველების მკვლელობა და წარმართული ტრადიციის გაგრძელება არაჰუმანურად ეჩვენებათ.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის რაც „მოგვცა“?

მან მოგვცა ყველაზე ლამაზი ქვეყანა, ყველაზე ნიჭიერი ხალხით, ყველაზე მრავალფეროვანი ბუნებით, ყველაზე ბრძენი მეზობლითა და კიდევ უფრო ბრძენი კაცით, რომლის იმედიც ყოველთვის გვაქვს.

ჯერ კიდევ როდის აღნიშნავდა შოთა რუსთაველი, ღმერთზე საუბრისას, რომ მან „კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა“. ვეფხისტყაოსანს რომ თავი დავანებოთ, ბიბლიაშია აღწერილი, თუ როგორ შექმნა ღმერთმა „ცა და ქვეყანა“, „კაცი, მამაკაცად და დედაკაცად“, „ოთხფეხნი და ქვეწარმავალნი“ და კიდევ რამდენი რამე, რასაც ჩვენი გონება ვერ შეწვდება.

მაგრამ, როგორ უნდა გადავუხადოთ ღმერთს მადლობა?

როგორ და გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მრავალფეროვნებას ქმნის და დავრჩეთ საქართველოში მარტო ერთნაირები, მარტო კაცები, მარტო ღიპებით, მარტო ყანწის მქონეები, მარტო ცოლზე მოძალადეები, მარტო სუფრის დონეზე სამშობლოზე შეყვარებულები, მარტო რუსეთის მოიმედეები, მარტო ჩვენ, ჩვენ და ჩვენი ძვირფასი სტერეოტიპები, ოდითგანვე რომ მოგვდგამს.

ხოდა, ჩვენც ვადგურებთ. ჩვენი დესტრუქციული ბუნებით გაამაყებულები, ვადანდგურებთ ყველაფერს, რისი მადლიერებიც ვართ: ვაწყობთ ფემიციდს და ძალადობას ვამართლებთ, ვაბინძურებთ გარემოს, ვჭრით ხეებს, თუმცა ერთმანეთს ვპირდებით, რომ მილიონ ხეს დავრგავთ, შემდეგ ამ ხეებისგან ტაბურეტკებს ვაკეთებთ, რომ როგორმე ვინმემ ისეთი ორიენტაციის მქონე ადამიანთან არ გაბედოს სექსი, რომელსაც ჩვენ არ „ვიკადრებდით“ და ასე გრძელდება დაუსრულებლად, სანამ ბრძენი კაცი „უფასო ფულს“ არიგებს და შინაური ზვიგენებისთვის საჭმელს ყიდულობს.

ხალხი მაინც მადლიერია და ფეისბუქზე დაუღალავად აზიარებს ფოტოს, რომლის მიხედვითაც ილია მეორეს შემოუშვებდა სახლში.

ამასობაში, აღდგომა ახლოვდება, ბევრი მოზვერი და კიდევ უფრო ბევრი ცხვარი მსხვერპლშეწირვისთვის ემზადება, ცაზე „შავ-თეთრი“ ცისარტყელა ისახება, სისხლში მოთხვრილი ხელებით ღმერთს მადლობას სწირავენ და ოცნებობენ, ოცნებობენ „უფასო ფულზე“, ერთ დროს რომ ძალიან ახლოს ეგონათ და თურმე რა შორს ყოფილა.

Tags: ავღანეთი, ბიძინა, ზვიგენი, მადლიერების დღე, მოზვერი, პატრიარქი, უფასო ფული, ქალზე ძალადობა, ქართული ცისარტყელა, ღიპი, ყანწი



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 988 | დაამატა: nikucha | ტეგები: მადლიერების დღე, ღიპი, ქალზე ძალადობა, ბიძინა, ქართული ცისარტყელა, მოზვერი, უფასო ფული, ზვიგენი, პატრიარქი, ავღანეთი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...