ქართველი ემიგრანტების შვილი ბრაზილიიდან, რომელიც ჰარვარდში ისწავლის
მარიამ ტოპეშაშვილი 4 წლის იყო, როდესაც 2001 წელს, მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ჩავიდა. 18 წლის მარიამი კი დღეს უკვე ბრაზილიის მოქალაქეა, გამართულად საუბრობს პორტუგალიურად და ხუთ სხვა ენაზე, გატაცებულია პოლიტიკით, ეკონომიკით და ბევრ დროს უთმობს მოხალისეობას.
უცხო ქვეყანაში ჩასული ოჯახი, რომელიც ხელმოკლედ ცხოვრობდა, მთელს შემოსავალს მარიამის განათლებაში ხარჯავდა. მან რიოს პრესტიჟული, პედრო II-ის სახელობის კოლეჯი დაამთავრა, წარმატებულად იღებდა მონაწილეობას მათემატიკის, ქიმიის და ისტორიის ოლიმპიადებში და თავისუფალ დროს წიგნებს უკითხავდა უსინათლო ადამიანებს.
გასულ წელს მარიამი შეერთებული შტატების მთავრობამ ახალგაზრდობის ელჩად აირჩია. განათლების ფონდისა და აშშ-ს მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით, მან საბუთები ამერიკულ უნივერისტეტბში გააგზავნა და 31 მარტს, სრული სტიპენდიით ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
როგორც ცნობილი ბრაზილიური გამოცემა Globo მარიამის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება, გოგონას გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ მის წარმატებას მამა ვერ მოესწრო: - "მამამ ჩემი განათლებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. მან მასწავლა ყველაფერი, რაც პოლიტიკის შესახებ ვიცი. მამას უყვარდა, როცა წიგნებს მიკითხავდა. უსინათლოთათვის წიგნების კითხვაც მისგან ვისწავლე"
მარიამი ჰარვარდის სტუდენტი მომავალი სასწავლო წლიდან გახდება.