უცნობი ადამიანები მარტოხელა დედის დასახმარებლად გაერთიანდნენ
ინტერნეტ მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მარტოხელა სამი შვილის დედის დასახმარებლად გაერთიანდნენ.
მას შემდეგ რაც გასულ კვირას ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მომხდარმა ხანძარმა 36 წლის დაიან მაკლიანს ერთადერთი საცხოვრებელი ბინა და საყოფაცხოვრებო ინვენტარი გაუნადგურა, ახალგაზრდა ქალბატონი სამ შვილთან ერთად ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩა.
"მე და ჩემი შვილები იმ დილით სახლიდან ჩვეულბისამებრ, მხოლოდ საკუთარი ჩანთითა და ზურგჩანთებით გამოვედით. თუმცა დაბრუნებისას მივხვდით, რომ აღარც სახლი გაგვაჩნდა და აღარც რაიმე ნივთი. სამწუხაროდ, საცხოვრებელი ბინის დაზღვევა ძვირ ფუფუნებად მეჩვენებოდა, ამიტომ შემთხვევის შემდეგ, გასაჭირში სრულიად მარტო აღმოვჩნდით" - ამბობს პროფესიით ბავშვების ფსიქიატრი დაიანი.
მას შემდეგ, რაც ნაციონალურ არხზე მათ შესახებ სიუჟეტი გავიდა, სრულიად უცხო ადამიანებმა, მარტოხელა დედის დასახმარებლად გვერდი შექმნეს, რომლის მეშვეობითაც ოჯახისთვის საჭირო ნივთების და თანხის შეგროვების ორგანიზება დაიწყო. რამდენიმე დღის შემდეგ, მოხალისეებმა 86 ათასი ამერიკული დოლარი შეაგროვეს, რაც საკმარისია პირველადი დახმარებისა და ახალი სახლის მშენებლობის დასაწყებად.
"მე გაოცებული ვარ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენთვის სრულიად უცხო ადამიანები იჩენენ. თანხა, რომელიც ჩვენთვის შეგროვდა საკმარისია, რომ უსახლკაროები აღარ გვერქვას. ეს კი საოცარი შეგრძნებაა. საქმე იმაშია, რომ მე არც კი შემიძლია ცალ-ცალკე გადავუხადო მადლობა ამ ადამიანებს. ეს დიდი საერთო სიკეთეა." - სამადლობელ სიტყვას წერს საიტზე დაზარალებული ქალბატონი.