ინდონეზიელები გადამუშავებადი ნაგვის ჩაბარების სანაცვლოდ სამედიცინო დაზღვევას იღებენ
ინდონეზიაში მოსახლეობას შეუძლია ექიმთან ვიზიტის ან მედიკამენტების ხარჯები, გადამუშავებადი ნაგვის ჩაბარებით დაფაროს.
ყოველი ხუთი ინდონეზიელიდან სამს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა და ექიმთან ვიზიტების შესაძლებლობა, ამიტომ ხშირად მცირედი პრობლემები მათთვის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადება ხდება. ექიმები და სოციალური მუშაკები დიდხანს ფიქრობდნენ, თუ რა სისტემით შეიძლება მომხდარიყო პრობლემის გადაჭრა.
"ქუჩაში ნაგვის არსებობის პრობლემა ინდონეზიაში აშკარაა. ამიტომ გვინდოდა ეს ერთ-ერთ ფინანსურ წყაროდ გვექცია. იმის გამო, რომ ჩვენთან ნაგვის გადამუშავება თითქმის არ ხდება, ბინძურდება არა მხოლოდ გარემო, არამედ ზარალდება მოსახლეობაც. ამ გზით კი ვეცადეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მოგვეგვარებინა" - აღნიშნავს პროექტის ორგანიზატორი, ექიმი ალბინსეიდი.
5 კილოგრამი პლასტმასის ან მუყაოს ჩაბარების შემთხვევაში მოსახლეობას იღებს ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პოლისს, რომელიც მათ ექიმთან რამოდენიმე ვიზიტს აუნაზღაურებს. ამ მომსახურებით, მხოლოდ ალბინსეიდის კლინიკაში, უკვე ისარგებლა სამი ათას ხუთასმა ინდონეზიელმა.
აღნიშნული პროექტისთვის, ახალგაზრდა ექიმს არაერთი პრიზი და პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.