საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ახალი რეისები დაინიშნა
საქართველოს ავიაბაზარი უცხოური ავიაკომპანიებისათვის უფროდაუფრო საინტერესო ხდება. იგეგმება მრავალი ახალი კომპანიის შემოსვლა, რომელიც რეისების მიმართულებასა და სიხშირეს უფრო მრავალფეროვანს გახდის.
ქართულ ავიაბაზარზე შემოსვლის სურვილი ბერძნულმა ავიაკომპანია ELLINAIR–მა გამოთქვა. ავიაკომპანიას სურს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სალონიკი - თბილისის საჰაერო ხაზზე და რეისის შესრულებას 8 ივნისიდან, კვირააში 1 სიხშირით გეგმავს.
ზამთრის სეზონზე შესვენების შემდეგ, საქართველოს ავიაბაზარზე, დაბრუნდა ისრაელის ავიაკომპანია „ISRAIR“. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა 2 აპრილს თელ-ავივსა და თბილისს შორის შეასრულა. ამ მომენტისთვის ავიაკომპანია „ISRAIR“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს კვირაში 2 სიხშირით, თუმცა, კომპანია სიხშირეების გაზრდას 4 რეისამდე გეგმავს.
საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენების განახლებას აპირებს ისრაელის მეორე ავიაკომპანია „ARKIA“-ც, რომელიც ივნისიდან ფრენის სიხშირის დამატებას გეგმავს. მიმდინარეობს კონსულუტაციები თელ-ავივი - ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებითაც.
საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად, ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა მ.წ. 10 აპრილს პირველი რეისი შეასრულა თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. აპრილის ბოლოდან ავიაკომპანია გეგმავს საჰაერო მიმოსვლის შესრულებას თბილისიდან სამარას რეისითაც.
ქართულ ავიაბაზარზე 2 ივნისიდან გამოჩნდება ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“-ც, რომელიც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით თბილისსა და ჰურგადას შორის, კვირაში 2 ხოლო ივნისიდან 4 სიხშირით განახორციელებს.
ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ 1 ივნისიდან დაიწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით - ასტანასა და თბილისს შორის.
არაბულმა ავიაკომპანიამ „Air Arabia“-მ კი, ფრენის სიხშირეები გაზარდა თბილისი-შარჟას შორის.
ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურთვილი გამოთქვა კიდევ ერთმა არაბულმა ავიაკომპანია „Etihad Airways“-მაც. პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე თბილისსა და აბუ-დაბის შორის უკვე დაიწყო კონსულტაციები. წინასწარი ინფორმაციით ავიაკომპანია საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2 ოქტომბრიდან, კვირაში 3 სიხშირით გეგმავს.
ზემოხსენებული ავიაკომპანიების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამგზავრო გადაყვანების ზრდას და საქართველოში ტურიზმის განვითარებას.