8:17 AM ბინებისა და მანქანების რეალიზაციაციით მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება | ||||||||||||
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2015 წლის 1 აპრილამდე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თავისუფლდება აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, წარდგენის/გამოცხადების/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის დარღვევისათვის,ან ოპერაციის პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების წარდგენას და გაფორმებას. „ჩვენ შევისწავლეთ ავტოიმპორტიორთა პრობლემა, რომლებსაც საგარეო ფაქტორების გამო შეუმცირდათ ექსპორტის მოცულობა. მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელებულიყო განბაჟების ვადები, ასევე ჩამოგვეწერა ის ჯარიმები და საურავები, რომელიც დარიცხული აქვთ ავტო იმპორტიორებს, იმის გამო, რომ მათ დადგენილ ვადაში დროულად ვერ მოახდინეს ავტომობილების განბაჟება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. ცვლილებების კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებასაც: ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი, დღეს არსებული 20%-ის ნაცვლად დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტომანქანის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი არსებული 20%-ის ნაცვლად დაიბეგრება 5%-ით. არარეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი გადახდის წყაროსთან 10%-ანი განაკვეთის ნაცვლად, 5%-იანი განაკვეთით დაბეგრება. ასევე, გათვალისწინებულია ცალკეული საგადასახადო სანქციების შემსუბუქებაც: გადასახადის ვადაში გადაუხდელობისათვის არსებული საურავი ყოველ გადაუხდელ დღეზე 0.06%-დან, მცირდება 0.05%-მდე. საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად, პირი დამატებით დაჯარიმდება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. აღურიცხავი საქონლის გამოვლენისთვის სანქცია ამ საქონლის ღირებულების 100%-ის ნაცვლად მცირდება 50%-მდე. აღსანიშნავია, რომ ცვლილებების ნაწილი ბიზნესთან კონსულტაციისა და მათი წინადადებების გათვალისწინებით მომზადდა დაგანსახილველად პარლამენტს უკვე გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს მიერ ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მოქალაქეებს და ბიზნესსექტორს საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ. წყარო: epn.ge
|
|