მეეჭვება არსებობდეს კომპიუტერის თუნდაც ერთი მომხმარებელი დედამიწაზე, რომელსაც ერთხელ მაინც არ გამოუყენებია გუგლის რომელიმე პროდუქტი. მე ყოველთვის ვუსმენ მუსიკას მუშაობის დროს, მას მერე, რაც Youtube არსებობს, სწორედ მისი მეშვეობით. კომპანია გუგლის ფილოსოფიაც სწორედ ესაა – აურდაურიონ სერიოზული სამუშაო და ყოველდღიური სიამოვნებები თავიანთ ოფისებში, მუშაობის პროცესსა თუ პროდუქციაში.
გუგლის თელ ავივის ოფისის ინტერიერი კომპანიის ამ მიდგომის დასტურია. აქ შეგვიძლია ვნახოთ ნატურალური მასალებისა და ხის კომბინაცია ფერად-ფერად ქსოვილთან და პლასტმასასთან. ოფისში არის ფერადი, ფუმფულა სავარძლები, საქანელა სკამები, ყვავილოვან თაღქვეშ მოქცეული სასადილო მაგიდები და მსგავსი სხვა ტიპის ავეჯი თუ ოთახი, რაც თანამშრომლებს ფიქრისა და კრეატივისთვის განაწყობს და არ აიძულებს ყოველდღე შიშისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო მიდიოდეს სამსახურში.
აქ არის ფიტნეს ცენტრები, ბუფეტები, ლაუნჯები და ფანტასტიკური ხედი თითქმის ყველა ოთახიდან. გუგლს შეუძლია მოიზიდოს მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მაღალი ხელფასებითა და მსოფლიოს შეცვლის შესაძლებლობის დაპირებით, თუმცა ის ინარჩუნებს მათ ისეთივე სამუშაო გარემოთი, როგორსაც თითოეული მათგანი საკუთარ სახლში მოიწყობდა.
დაათვალიერეთ გუგლის თელ ავივის ოფისის ფოტოები ჩვენს გალერეაში, ქვემოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.