სკოლაში სწავლის დაწყება 5 წლის ბავშვებსაც შეეძლებათ
დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას კანონში განათლების შესახებ. კობა სუბელიანის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, საშუალო განათლების დაწყება 5 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი და მშობელი თავად გადაწყვეტს, 5 წლის ასაკში მიიყვანოს ბავშვი სკოლაში თუ - დაელოდოს შემდეგ სასწავლო წელს. ეს პირობა იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 5 წლის ბავშვს მიმდინარე კალენდრული წლის დასრულებამდე უსრულდება 6 წელი.
კანონპროექტის მომხრეების განმარტებით, არსებული კანონი ითხოვს, რომ პირველ კლასში მოხდეს მხოლოდ იმ ბავშვის მიღება, ვინც სასწავლო წლის დაწყებისას უკვე 6 წლისაა. ეს კი არასამართლიან პირობებში აყენებს იმ ბავშვებს, ვისაც სასწავლო წლის დაწყებისას 6 წლის შესრულებამდე რამდენიმე კვირა აშორებთ და იძულებულნი ხდებიან, დაელოდონ მომავალ სასწავლო წელს და დაკარგონ ერთი წელიწადი.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია არ ითვალისწინებდა დამატებით შეზღუდვებს და სწავლის დაწყება 5 წლის ასაკს მიღწეულ ყველა ბავშვს უნდა შეძლებოდა. ცვლილების ოპონენტების აზრით, 5 წლის ასაკში ბავშვი მოუმზადებელია ფსიქოლოგიურად და ინტელექტუალურად არსებული პროგრამის და გარემოს დაძლევისთვის. ასევე, ამ ასაკის მოსწავლესთან ურთიერთობის შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ სკოლის მასწავლებლებს. ცვლილებაზე შენიშვნა გამოითქვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტშიც. მათი დასკვნით, ორმაგი ზღვრული ასაკის დაწესება გამოიწვევდა დაწყებით საფეხურზე შეყვანილ მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას, რაც გავლენას იქონიებდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
დღევანდელ მოსმენაზე დეპუტატებმა კომპრომისულ ცვლილებას დაუჭირეს მხარი, რომელიც 5 წლის ასაკში საშუალო განათლების დაწყების უფლებას მხოლოდ მათ დართავს, ვისაც მიმდინარე კალენდრული წლის ბოლომდე შეუსრულდებათ 6 წელი.
დაწყებითი განათლების მინიმალური ასაკი სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია და ძირითადად 5-7 წლის ასაკის ფარგლებში მერყეობს. 5 წლის მინიმალური ზღვარი დაწესებული აქვს ინგლისს, უელსს, შოტლანდიას, კვიპროსს და მალტას.
ახალი კანონპროექტი, ძალაში შესვლამდე, კიდევ ორი მოსმენით უნდა მიიღოს პარლამენტმა, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.