გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 2 » "რომ არა "ნაციონალები", პრეზიდენტი აშშ-ში მასპინძლის გარეშე დარჩებოდა" - ვისთან ერთად გააგძელებს მარგველაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას?!
8:38 PM
"რომ არა "ნაციონალები", პრეზიდენტი აშშ-ში მასპინძლის გარეშე დარჩებოდა" - ვისთან ერთად გააგძელებს მარგველაშვილი პოლიტიკურ ბრძოლას?!






თუ საარჩევნოდ სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის მიხედვით განვითარდა და პოსტსაარჩვენოდ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების მოტივით ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლო, მარგველაშვილის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რადგან ის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი იქნება ქვეყანაში.

პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - თუ ჯერ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოსის ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა და დუშეთის ხედებით მშვიდად დატკბებოდა, ამერიკაში მყოფმა პრეზიდენტმა ემიგრანტებთან შეხვედრისას, პრაქტიკულად, აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის არამხოლოდ სურვილი, დასარჩენად ბრძოლაც დააანონსა.

მარგველაშვილს წინადადება ბოლომდე დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ საქართველოში მის პოლიტიკურ მომავალსა და სავარაუდო პარტნიორებზე საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად, მმართველ გუნდშიც აქტიურად ალაპარაკდნენ. კონკრეტულად რა პოლიტიკური გეგმები აქვს პრეზიდენტს, რა როლს ითამაშებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში და დადგება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით? ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხების მოსასმენად, პრინციპში, დიდი ხნით ლოდინი არც მოგვიწევს - მარგველაშვილის პოლიტიკური გეგმის კონტურები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მკვეთრი გახდება.

ხშირად პოლიტიკოსის მომავალი პოლიტიკური სვლების განსაზღვრა მისი წარსულის ანალიზითაც შესაძლებელია. კარგად მახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში გიორგი მარგველაშვილის აბსოლუტურად ყველა პოლიტიკოსი მეგობარი თუ უბრალოდ, ყოფილი პარტნიორი მის აპოლიტიკურ ამბიციებზე მიანიშნებდა. მართალია, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ ჯგუფებთან ადრეც თანამშრომლობდა, ჯერ ზურაბ ჟვანიას გუნდში იყო, შემდეგ კი, ნინო ბურჯანაძის ფლანგზე გადაინაცვლა, თუმცა ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და შესაძლებლობების მიუხედავად, მთავარ სცენაზე გამოსვლასაც მუდმივად ერიდებოდა. დიდი ალბათობით, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილმაც სწორედ ამ თვისების გამო შეარჩია იგი პრეზიდენტობის კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად იმასაც ყოველთვის ხაზს უსვამდა - ჯიუტი კაცია მარგველაშვილი, თუ თვითონ არ გადაწყვეტს, ვერაფერს დააძალებო.

ფაქტია, მარგველაშვილის პოლიტიკური ტრანსფორმაცია მისი გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო. პრინციპში, მისი პოლიტიკური ამბიციების გაღვივებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმამ - ვანო მაჭავარიანმა ბევრი იბრძოლა, რაც არც თავად პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს დაუმალავს. მეორე მხრივ, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ აფეთქებას მმართველმა გუნდმა და პირადად პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მაქსიმალურად შეუწყო და მოწინააღმდეგე ფლანგსაც სრული კარტბლანში მისცა...

დღეს უკვე ნათელია, რომ მმართველი გუნდისგან გარიყულ პრეზიდენტზე იმედებს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ამყარებენ. თუ ამერიკაში ვიზიტად მყოფ მარგველაშვილს ოფიციალურ შეხვედრებზე ამერიკაში საქართველოს ელჩიც კი არ გაჰყვა, როგორც ამბობენ, ოფიციალური ვიზიტების დაგეგმვაში მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქტიურად ეხმარებოდნენ. ეს ამერიკაში მცხოვრებმა საბურთალოს რაიონის ყოფილმა გამგებელმა გია ხუროშვილმა ჯერ "ფეისბუქის" სტატუსით დადასტურა: "რომ არა "ნაციონალები" პრეზიდენტი აშშ-ში მასპინძლის გარეშე დარჩებოდა... მაგრამ როცა სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ის არ დარჩება მარტო!" - დაწერა ხუროშვილმა. შემდგომ კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა: "ფაქტია, რომ ელჩმა "ვერ მოიცალა" პრზიდენტისათვის და არც არავის უნახავს სად იყო? პრეზიდენტი დადიოდა რამდენიმე პროტოკოლის წარმომადგენელთან ერთად და ქვეყნის პრესტიჟიდან გამომდინარე, რამდენადაც მე ვიცი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მეგობრები შეხვედრების დაგეგმვაში ეხმარებოდნენ, თუმცა ობიექტურობისათვის, მინდა გითხრათ,
რომ მიხედავად პრეზიდენტის მსგავსი იგნორისა ხელისუფლების მხრიდან, ის უფრო მეტ პოლიტიკურ სიმპათიას და თანადგომას იმსახურებს, როგორც ამერიკის მმართველ ელიტაში ასევე ემიგრანტებს შორის".

არადა, პრეზიდენტთან პოლიტიკური ჰარმონიით დაინტერესებული, პირველ რიგში, "ქართული ოცნების" ლიდერები უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებები შეეზღუდულია და ვეტოების დაძლევაც პარლამენტისთვის ადვილი საქმე გახდა, მის ხელში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტებია თავმოყრილი. თუ საარჩევნოდ სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის მიხედვით განვითარდა და პოსტსაარჩვენოდ არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადების მოტივით ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა შეძლო, პოლიტიკურ ქაოსში გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რადგან ის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი იქნება ქვეყანაში.

რუსუდან შელია



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 803 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: akhali ambebi. ambebi.ge, სიახლეები, ახალი ამბები, ნიუსები, axali ambebi, newsebi, siaxleebi, faceambebi, niusebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...