გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2015 » დეკემბერი » 2 » თიკა ჯამბურია ახალ სიყვარულს ასაიდუმლოებს
2:02 PM
თიკა ჯამბურია ახალ სიყვარულს ასაიდუმლოებს






მომღერალ თიკა ჯამბურიას ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს, მაგრამ არ იცის, ამას სიყვარული დაარქვას თუ არა. 2013 წელი ალბათ მისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერისთვის, ყოველ შემთხვევაში, "ახალი ხმის" შემდეგ გაჩერებას არ აპირებს, დიდი გეგმები აქვს.
წლის და 7 თვის ნინა ხოფერიასთვის თოვლის ბაბუა წელსაც მისი დედიკო, თიკა ჯამბურია იყო. მომღერალმა შვილისთვის საჩუქრები ერთი კვირით ადრე მოიმარაგა. 2013 წლის დადგომას კი ოჯახურ გარემოში ვერ შეეგება – კონცერტი ჰქონდა.
– თიკა, ხომ არ ნანობთ, რომ უკვე შემდგარი პოპულარული მომღერალი კონკურსანტად წარდექით მსმენელის წინაშე "ახალ ხმაში"? ეს თქვენთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს?
– არ ვნანობ. 5 წელი არსად ვჩანდი. ათასში ერთხელ თუ ვიმღერებდი რომელიმე ღონისძიებაზე. ვოკალის პედაგოგთანაც იშვიათად დავდიოდი. მეგონა, რომ საზოგადოებას აღარ ვახსოვდი. პრინციპში, ახალი თაობა არც მიცნობდა, ამ პროექტით კი გამიცნო.
– რა მოხდა იმ 5 წელიწადში, მოდით, პლუს–მინუსები შევაჯამოთ.
– საქართველოში კონცერტები აღარ იმართებოდა და, თუ ჩატარდებოდა, მე არ მეძახდნენ. მუსიკალური არხები გაუქმდა. თიკა ჯამბურია აღარავის ახსოვდა. მერე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, შემდეგ გავთხოვდი, შვილი გავაჩინე... მოკლედ, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა დროებით სცენიდან ჩემი გაუჩინარება.
– არ გაგიკვირდათ, რომ ბრმა კასტინგზე თქვენი ხმა მწვრთნელებმა ვერ იცნეს?
– არ გამკვირვებია, რადგან ბავშვობის შემდეგ ხმა ძალიან შემეცვალა. ნინო ჩხეიძე რომ შემოტრიალდა, ძალიან გამიხარდა. თავიდანვე მის გუნდს ვუმიზნებდი. მართალია, ნინოსთან რადიოში ვმუშაობდი, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ მქონია. ის მართლაც საუკეთესო მწვრთნელია.
– პირადად თქვენ ნინო ჩხეიძემ რა შეგძინათ?
– ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. თავად, როგორც მომღერალმა, ურთულესი გზა გაიარა. გვასწავლიდა სცენაზე დგომას, მეტყველებას, ქცევის მანერას. ამბობს, რომ 14 ბავშვი იშვილა.
– ამბობენ, რომ ამ პროექტის ფარგლებში შემოქმედებითად ძალიან გაიზარდეთ. თქვენც იმავეს ფიქრობთ?
– გავიზრდებოდი, აბა, რა! ყველა კონკურსანტისგან რაღაცას ვსწავლობ. მთელ დროს რეპეტიციებს ვუთმობ, ცოცხალ ბენდთან ვმუშაობ, ეს კი მომღერლისთვის დიდი ფუფუნებაა. მეშინია, ეს პროექტი რომ დამთავრდება, მერე რა მოხდება, რა მეშველება!
– იმასაც ამბობენ, რადგან თიკა ჯამბურიაა, ამიტომ გადაჰყავთ ტურიდან ტურშიო.
– ასეთი რამ მეც ბევრი მოვისმინე. არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტში ჩემს ყოფნას აპროტესტებენ, მლანძღავენ. ბავშვობაში რომ ვმღეროდი, თურმე ეს ყოფილა ჩემი დანაშაული... იმედი არ მქონდა, რომ ოდესმე მაინც თავიდან დავიწყებდი ყველაფერს. წარმატებული პერიოდის შემდეგ ძნელია იმასთან შეგუება, რომ აღარავის ახსოვხარ. ვცდილობ, ისევ დავდგე სათანადო სიმაღლეზე და ამის გამო მლანძღავენ. ხშირად ამბობენ, რომ სხვები მჯობიან.
ნინომ მასწავლა, რაც მეტი უარყოფითი დამოკიდებულება იქნება შენ მიმართ, რაც უფრო გაგაკრიტიკებენ, მით უფრო უნდა გაძლიერდე, ყველას დაუმტკიცო, რომ კარგი ხარო. მისი დარიგება დიდ მუხტს მაძლევს. ვხვდები, რომ ფარ–ხმალი არ უნდა დავყარო, მუშაობა უნდა განვაგრძო და ყველაზე მაგარი ვიყო!
– ესემესლიდერი იყავით. ელოდით ამას?
– არ ველოდი, პირიქით, მეგონა, აუტსაიდერებს შორის ვიდგებოდი და იმასაც ვფიქრობდი, რომ ნინო აღარ გადამიყვანდა შემდეგ ტურში. მან ძალიან ბევრჯერ დამიჭირა მხარი და მეშინოდა, ხალხი ამით კიდევ უფრო არ გაღიზიანებულიყო. ასე რომც მომხდარიყო, ნინოს ყველანაირად გავუგებდი.
– ქუჩაში უცნობი ადამიანები რას გეუბნებიან?
– დიდი ხანია ქუჩაში არ მისეირნია, რეპეტიცია – სახლი, ამ მარშრუტით ვმოძრაობ. მეგობრები მიჭერენ მხარს, "ფეისბუქზე" ჩემი სურათი უყენიათ. კოლეგებმაც დამირეკეს, ნახევარფინალში გადასვლა მომილოცეს. ზოგს უნდა, რომ მომავალ წელს თავადაც სცადოს ბედი და ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა.
– თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად წარმატებული პერიოდია. ეს პროექტი დაიწყო და გამოჩნდა ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს კარგად გრძნობთ.
– დიახ, ასეა, მაგრამ ამის გარდა არაფრის თქმა შემიძლია. არც მის პროფესიას გაგიმხელთ, არც ვინაობას და არც ასაკს. პრინციპში, არც ის ვიცი, შეყვარებული ვარ თუ არა. ეს არის ახალი ეტაპი და ახლა პროგნოზების გაკეთება არ შემიძლია.
– ერთ–ერთ ტურში რომ გამოხვედით და სიმღერა დაასრულეთ, ხელებით "გული" გააკეთეთ, ეს ჟესტი მას ეძღვნებოდა?
– ეს საიდუმლოა, თუმცა ბექა ხოფერიას (თიკას ყოფილი ქმარი. ავტ.) ნამდვილად არ ეძღვნებოდა.
– ახლო მომავალში აპირებთ ხელმეორედ ოჯახის შექმნას?
– თუ ადამიანი შემიყვარდა და მივხვდი, რომ ის არის, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ, ამ ნაბიჯს გადავდგამ. პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ მეორედ გავთხოვდე. უფრო ყურადღებით, გონებით ვიმოქმედებ და ბავშვურ ემოციებს აღარ ავყვები. არ მინდა, მეორე ოჯახიც დამენგრეს. ჩემი მეორე ნახევარი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც დავეყრდნობი და არა – ცანცარა!
– ცანცარა რომ თქვით, ყოფილი ქმარი იგულისხმეთ?
– მას თავისი ცხოვრება აქვს, მალე ოჯახს შექმნის და არ მინდა, მის პიროვნებას შევეხო.
– ბექამ იცის, რომ შეყვარებული ხართ?
– არავინ არაფერი იცის. როგორც გითხარით, თავადაც არ ვიცი, შეყვარებული ვარ თუ არა. ახლა ადვილად აღარავინ შემიყვარდება.
– ბექა გქომაგობდათ?
– კი, როგორ არა. დამირეკა და ძალიან ემოციური იყო მოლოცვის დროს. მითხრა, რომ ძალიან ვეამაყები და ეტირება ჩემს გამოსვლაზე. ზუსტად არც მახსოვს, რა მითხრა, რადგან სცენიდან 5 წუთის ჩამოსული ვიყავი და მილოცვებს ვიღებდი. ჩემს ყოფილ დედამთილს, ხათუნა ხოფერიას, ვერ დავუკარგავ იმ გვერდში დგომას და გულშემატკივრობას, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენს. ერთმანეთს არ ვკარგავთ, რაც ძალიან მიხარია. ნინა ბექას საოცრად ჰგავს.
– შვილი თუ გიყურებდათ ტელევიზორში?
– ნინას ძალიან მოსწონს, ტელევიზორში რომ მხედავს. თურმე სიხარულისგან სალტოებს აკეთებდა, სიმღერის დროს თვითონაც მყვება. მას კარგი სმენა აქვს და ალბათ ჩემსავით მომღერალი იქნება. ნინა წლის და 7 თვის არის, მისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ, მაგრამ მაინც სულ მენატრება. წელს თოვლის ბაბუამ ნინას ბევრი საჩუქარი მიუტანა. თოვლის ბაბუა კი მე ვიყავი.
– თქვენს წონაზეც ბევრს ლაპარაკობენ. ეს მოქმედებს თქვენზე?
– მშობიარობის შემდეგ წონაში დაკლება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ არც ისეთი დიდი ვარ, როგორიც ეკრანზე ვჩანვარ. ჩემი წონა კი არ მაწუხებს, არამედ მათი რეპლიკები და ჭორაობა. მშობიარობის შემდეგ ზოგი ადვილად იკლებს, ზოგი – ძნელად. ვცდილობ, დავიკლო წონაში. ყველას ვთხოვ, ჩემს კილოგრამებს ასე საჯაროდ ნუ განიხილავენ. თუ უბრალოდ ენას იფხანენ ლაპარაკით, ვთხოვ, თავი შეიკავონ. თუ მგულშემატკივრობენ, მაშინ ნუ მლანძღავენ. ვთვლი, რომ კატასტროფული არაფერი მჭირს, ერთი ხორციანი გოგო ვარ. სცენაზე რომ დგახარ, გამხდარი უნდა იყო და იმედია ამასაც მალე შევძლებ.
– ამისთვის რაიმე პროცედურებს მიმართავთ?
– უბრალოდ არ ვჭამ. სხვათა შორის, ნინო ჩხეიძე ძალით მაჭმევდა, რომ არ წავქცეულიყავი.
– როგორ შეაფასებთ განვლილ წელს?
– უაზრო წელი იყო, წლის მიწურულს უფრო გავაქტიურდი. 2013 წლიდან ველოდები ყველაფერ საუკეთესოს, მინდა წარმატება, ბედნიერება, მშვიდობა!
– მთავრობის შეცვლის შემდეგ რა გეგმები და მოლოდინი გაქვთ? ესტრადაზე აქტიურად გამოჩნდებით?
– მინდა, რომ ყველა მომღერალი ბედნიერი იყოს. მსახიობებმა თეატრით უნდა იარსებონ, მომღერლებმა – სიმღერით და იმედია, ასეც იქნება. მთელ საქართველოს ვულოცავ ახალ წელს. 2013 წელი საუკეთესოს მომტანი იყოს და ნაკლები გვესისინოს, სიკეთე გვეკეთებინოს. მიხარია, რომ ბედობადღეს თქვენს ჟურნალს და მკითხველებს დავებედე!
ლანა კიკნაძე



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 867 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ძალიან, ახალი, რადგან, მლანძღავენ, მინდა, იქნება, შემდეგ, როგორც, ბევრი, მაგრამ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...