1:01 AM
სახელმწიფო მიუსაფარ ბავშვებზე იზრუნებს / sakhelmtscifo miusafar bavshvebze izrunebs
www.auf.ge -
მიუსაფარ ბავშვებზე ძალადობისა და მათი უგულებელყოფის აღკვეთის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება − საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. ბავშვებს მოუწესრიგდებათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია და მათ საშუალება ექნებათ მიიღონ განათლება, შემწეობა და ჩაერთონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. კანონპროექტები მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

კანონპროექტს შემოაქვს ცნება „მიუსაფარი ბავშვი“, რაც შესაბამის სტრუქტურებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ ობოლი, უსახლკარო, არამედ უგულებელყოფილი მსხვერპლი ბავშვიც დაიცვას. ახლებურად რეგულირდება მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის გაცემის პროცესი და უფრო ქმედითი ხდება არასრულწლოვნების ნებისმიერი ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები.

მოქმედი კანონმდებლობა ბავშვს იცავს მოძალადე ოჯახის წევრის ან კანონიერი წარმომადგენლისაგან. შეთავაზებული ცვლილებით, შესაძლებელი ხდება არასრულწლოვნის დაცვა გარეშე პირის ძალადობისგანაც. კანონში შემოდის „სხვა პირის“ ცნება, რომელიც შესაძლოა, ძალადობდეს მოზარდზე. ამ ცვლილების მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხშირად შეუძლებელია დადგენა, კონკრეტულად, ვინ ძალადობს მიუსაფარ ბავშვზე.

კანონპროექტი სოციალური მუშაკის როლის გაზრდას ითვალისწინებს, რომელსაც უფლება ექნება დაუყოვნებლივ განაცალკეოს აგრესიის მსხვერპლი ბავშვი მოძალადისგან. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მოხდება მშობლის უფლებების შეჩერება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშობლის უფლებების ბოროტად გამოყენება და ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა შეძლონ მისთვის დახმარების, მათ შორის, სამედიცინო დახმარების, შეთავაზება.


ნანახია: 922 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: უფლებები, საზოგადოება, sazogadoeba, მიუსაფარი ბავშვები, bavshvebi, uflebebi, ბავშვები, saqartvelo, საქართველო, miusafari bavshvebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]