გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 3 » კოტე კირვალიძე - ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს - შავი ლაქა / Kote Kirvalidze - Shavi Laqa
8:13 PM
კოტე კირვალიძე - ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს - შავი ლაქა / Kote Kirvalidze - Shavi Laqa






ბევრი რამ მინდა, მოგწერო, ბევრი რამ, რაც უკვე ბევრჯერ მითქვამს და ბევრი რამ, რისი თქმაც ვერ მოვასწარი. ალბათ, ბევრჯერ მითქვამს მე -მიყვარხარ და უშენოდ კი არ ვცხოვრობ, უბრალოდ, ვსუნთქავ. მინდა გითხრა, სიყვარული იმისთვის არსებობს, რომ გიყვარდეს, ღიმილი იმისთვის არსებობს, რომ ხშირად გაიღიმო და იმედი მარტო იმისთვის, რომ უბრალოდ გქონდეს... ჰოდა, შენც გქონდეს იმედი, რომ ისევ ბედნიერი იქნები ჩემთან ან ჩემ გარეშე.
თენდება... ყოველი ღამე იმითაც არის განსაკუთრებული, რომ აუცილებლად თენდება. შეიძლება, გათენება დააგვიანდეს, ან მალე გათენდეს, მაგრამ მაინც თენდება! ამიტომაც მიყვარს ღამე.
მე დავიღალე... დავიღალე უშენობით. დავიღალე ამ რკინის გისოსების ყურებით. ხანდახან მეჩვენება, ეს გისოსები ყელზე შემომეჭდობიან და დაუნდობლად დამახრჩობენ. ხანდახან ვფიქრობ, ეს მძიმე გისოსები ციხეს კი არა, მე მეკიდებიან მხრებზე. უნდათ მხრებში მომხარონ, წელში გამტეხონ...
მე მენატრება...
მე მენატრები შენ და წვიმაში მოყოლილი შენი თმების სურნელი. ცა, ჩვენი ქალაქის ცა მენატრება და მისი მთლიანად ნახვა, არა ასეთის, რკინის გისოსებით დაქსელილი ნაგლეჯის, რომელიც ჩემი ციხის სარკმლიდან ჩანს. მთლიანი, უღრუბლო, ლურჯი ცის ნახვა მენატრება, ისეთის, მარტო ჩვენს ქალაქში რომაა.
დედაჩემი მენატრება და მისი ცისფერი, ამაყი და სასოწარკვეთილი თვალები. ჩვენს „რუსთაველზე“ ფეხით გასეირნება და ხალხის ღიმილიანი სახეების ნახვა. ამ ქუჩაზე ხომ ადამიანებს წუთით მაინც ავიწყდებათ პრობლემები და „ბედნიერი“ სახეებით დადიან ხოლმე.
მე მენატრება...
ქუჩაში გვერდით ჩავლილი, უცნობი ლამაზი ქალის ნაცნობი სურნელი მენატრება, სურნელი, რომელიც მეცნობა, მაგრამ არ მახსოვს, საიდან. ეს, ალბათ, უბრალოდ, ქალის სურნელია. შენი მოდუღებული ყავის სურნელი მენატრება და მენატრება შენი ნახევრადმონაწევი სიგარეტის ბოლომდე მოწევა, იმ სიგარეტს ხომ შენი ტუჩების გემო ჰქონდა...
მე მენატრება...
მენატრება მზე, ზღვა და ცა, რომელიც ჩვენი სახლის ფანჯრიდან ჩანს; წვიმა, ნაწვიმარი ქუჩების სურნელი, ზაფხულში ცხელ ქვიშაზე ფეხშიშველა სიარული და ზამთარში - სითბო, ჩვენი საბნის ქვეშ რომ იმალება... და საერთოდ, სიცოცხლე, ცხოვრება მენატრება.
მე მიყვარს...
მიყვარს ცხოვრება, თავისუფლება, შენ და დედაჩემი. კარგი მუსიკა მიყვარს, კარგი კინო, კარგი წიგნი, ცხელი ყავა და სიგარეტი. სილამაზე მიყვარს... და, უბრალოდ - მიყვარს... სიყვარული ხომ იმისთვის არსებობს, რომ უბრალოდ გიყვარდეს, ჰოდა, მეც უბრალოდ მიყვარს, რა.
მეზიზღება...
მეც ადამიანი ვარ და, სამწუხაროდ, მეზიზღება... მეზიზღება ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც ახლაა. მერე რა, რომ ჩვენი ქვეყანაა. მეზიზღება ეს დამპალი ციხე და აქ გატარებული ყოველი წელი, თვე, დღე, საათი და წამი. მეზიზღება ყველა, ვისაც ვაბრალებ აქ გატარებულ წლებს. ამ ბოლო დროს იმდენი რამე მეზიზღება, უკვე მეშინია, ერთ დღესაც, ჩემს გულში სხვა გრძნობებისთვის ადგილი რომ აღარ დარჩეს...
მებრალება...
მებრალება ადამიანები იმიტომ, რომ ადამიანები არიან! მებრალება, თუმცა, ვიცი, ისინი არ იმსახურებენ ამას! მებრალება კახპები, მოხეტიალეები და გიჟები. ხანდახან ჩემი თავიც მებრალება, თუმცა, არ მინდა, სხვებსაც ვებრალებოდე.
ვენდობი...
ვენდობი ღმერთს, შენ და, სამწუხაროდ, არავის – ბოლომდე...
იმედი მაქვს...
იმედი მაქვს ღმერთის და იმედი მაქვს, რომ ცოცხალი გამოვალ ჯოჯოხეთიდან. იმედიც ხომ მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ უბრალოდ გქონდეს, ჰოდა, მეც უბრალოდ მაქვს, რა.
ვბრაზდები...
ვბრაზდები ჩემ თავზე, ვბრაზდები, როცა უმიზეზოდ გვცემენ და გვამცირებენ. ვბრაზდები, როცა კბილი მტკივა და წამალსაც არ მაძლევენ. ვბრაზდები, როცა სიგარეტი არ მაქვს და ხანდახან ყველაზე და ყველაფერზე ვბრაზდები, მაგრამ დიდ ხანს გაბრაზება არ შემიძლია და მალევე ვმშვიდდები.
ვმშვიდდები...
ვმშვიდდები, როცა ვლოცულობ ან შენზე ვფიქრობ. ვმშვიდდები, როცა კარგ ფილმს ვუყურებ და მსიამოვნებს.
მსიამოვნებს, როცა წვიმის წვეთების წკაპუნის ხმა მესმის ფანჯრის მინაზე, მსიამოვნებს და არ მყოფნის შენთან ურთიერთობა: შხაპის შემდეგ ყავა და სიგარეტი, სექსის მერე – სიგარეტი და ისევ სექსი. მსიამოვნებს, თუმცა, 5 წელია, აღარ განმიცდია ეს. ზაფხულზე, სახლში ფეხშიშველა და მარტო ჯინსებით სიარულიც მსიამოვნებს. უფრო სწორად, მსიამოვნებდა.
მსიამოვნებდა შენთან ერთად სეირნობა, შენი ხმა (თუმცა, ხანდახან არც გისმენდი, უბრალოდ, მსიამოვნებდა), შენთვის ყავის მოდუღება ან პირიქით, შენი მოდუღებული ყავის დალევა. ტუჩების გემოც მსიამოვნებდა შენი. გამთენიისას, ან მზის ჩასვლისას, ღრუბლების ნახატების თვალიერება. ეს აქაც მსიამოვნებს და სხვათა შორის, ციხის სარკმლიდან უფრო ლამაზი ჩანს სამყარო, რომელიც ხანდახან ასე საზიზღრად, ასე აუტანლად გვეჩვენება ხოლმე ჩვენ... მსიამოვნებდა კიდევ „ბევრი რამ“, მაგრამ ადამიანები მარტო სიამოვნებისთვის არ ვართ გაჩენილი. სამწუხაროდ, ამას გვიან მივხვდი.
გვიან მივხვდი... ამ სიტყვებშია გამოხატული ჩვენი ცხოვრების ყველა შეცდომა, ყველა უიღბლობა, ყველა მოცემული და ვერგამოყენებული შანსი, რომელთა მთელი ჯაჭვისგან შედგება ხოლმე ჩვენი ცხოვრება. ჩვენ გვიან ვხვდებით დაკარგული ადამიანების ფასს, გვიან ვხვდებით, საყვარელ ადამიანებს და ურთიერთობებს მეტი გაფრთხილება რომ სჭირდებოდა. გვიან, ხანდახან ძალიან გვიან ვხვდებით, როგორ უნდა გვეცხოვრა და როგორ ვიცხოვრეთ. ამბობენ, გვიანი არასდროს არისო, მაგრამ, სამწუხაროდ, არის წუთები, როცა ვხვდებით, ყველაფერი მართლაც ძალიან გვიანია. ასეთ წუთებში ვამბობთ ხოლმე სიტყვებს: გვიან, გვიან მივხვდი და... ვწუხვართ...
ვწუხვარ... ვწუხვარ, რომ 5 წელია, არ ვყოფილვარ შენთან ერთად. ვწუხვარ, 5 წელი თვეში მხოლოდ ერთხელ, გისოსებსა და შუშის მიღმა რომ გხედავ და 5 წელია, უბრალოდ, თითებზეც ვერ შეგხებივარ, იმასაც. „ვწუხვარ“, „საზოგადოებისთვის საშიში რომ ვარ და საჭიროა ჩემი საზოგადოებისგან იზოლირება 10 წლის ვადით“! – ასე წერია ჩემს განაჩენში. მე ხომ „ცუდი ბიჭი“ ვარ, „მარიხუანას“ ვეწეოდი ხოლმე. ვწუხვარ, 5 წელია, ღამე არ მიძინია და მთელი ახალგაზრდობა ამ „ცოცხალთა სასაფლაოზე“ რომ უნდა დავმარხო, „ვიღაცების“ დესპოტური იდეების გამო, ამასაც ვწუხვარ.
რატომ?
რატომ? ჩვენს ცხოვრებაში უამრავი „რატომ“ არსებობს. მთელი ცხოვრება ვკითხულობთ – რატომ? რატომ ვიბადებით, რატომ ვბერდებით, რატომ ვკვდებით? რატომ ვიხრჩობით ცხოვრების ჭაობში ისე, რომ ხელსაც არ ვანძრევთ? რატომ არის კიბეებზე ასვლა უფრო ძნელი, ვიდრე ჩამოსვლა? მთლიანობაში, „რატომ“ კარგი კითხვაა და 100 „რატომ?“-ზე 20 პასუხი მაინც რომ გავიგოთ, „რატომაც“, ესეც კარგია.
კარგია... კარგია თუნდაც ის, რომ ცოცხლები ვართ და სანამ ეს ასეა, ყოველთვის არის შანსი, ყველაფერი გამოსწორდეს.
შანსი... შანსი ეს უხილავი არსებაა და ცხოვრებაში რამდენჯერმე მაინც მოდის ჩვენთან, ახლოს. მოდის – ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ იშვიათად, მაგრამ აუცილებლად მოდის. შეიძლება, არც მიდის სადმე, მუდამ ჩვენთანაა ახლოს, როგორც ღმერთი, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვხედავთ „მას“. როცა აგვეხილება თვალები და შევძლებთ დანახვას, ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება მაშინ.
ყველაფერი კარგად იქნება... იმედიც ხომ მარტო იმისთვის არსებობს, რომ გქონდეს. ჰოდა, მთავარია, გწამდეს და გჯეროდეს, ყველაფერი კარგად იქნება! ასეც მოხდება, ოღონდ შენ გწამდეს ეს!
შენ გწამდეს... შენ გწამდეს პირველ რიგში ღმერთის, შემდეგ შენი თავის და მინდა, რომ ჩემიც გწამდეს, თუკი შენ შესძლებ.
თუკი შენ შესძლებ, წარსულის შეცდომებიდან კარგი მაგალითი გამოიტანო, თუკი შესძლებ და შენს სისუსტეებზე მაღლა დადგები, თუკი შენ, ბოლოს და ბოლოს, შესძლებ და ამ დამპალ სამყაროს ლამაზი მხრიდან დაინახავ, ყველაფერს შეძლებ მაშინ. თუკი შენ იპოვნი.
თუკი შენ იპოვნი შენს თავს, დაკარგულ რწმენას, დამარხულ ნიჭს, თუკი დაკარგულ წლებში შენი ცხოვრების აზრს იპოვნი, ესე იგი, ეს წლებიც არ დაგიკარგავს.
დამიკარგავს... მე ბევრი რამ დამიკარგავს, პირველ რიგში – ძალიან დიდი დრო, მაგრამ, რადგან ვხვდები ამას, მომავალში ალბათ, აღარ დავკარგავ არც ერთ წამს.
მომავალში... მე აუცილებლად გამოვალ აქედან, მექნება მეტი რწმენა, ვიდრე 5 წლის წინ, მექნება მეტი გამოცდილება, ვიდრე 5 წლის წინ და ჩვენ ვიქნებით ისეთივე ბედნიერი და ახალგაზრდები, როგორც 5 წლის წინ.
5 წლის წინ...
5 წლის წინ მე დამიჭირეს და 10 წელი მომისაჯეს „მარიხუანის“ მოხმარების გამო. 5 წლის წინ დავკარგე ყველაფერი, რაც გამაჩნდა ცხოვრებაში. დაგკარგე შენ, დავკარგე ჩემი ოჯახი და დავკარგე თავისუფლება. დავკარგე ყველაფერი, რაც გამაჩნდა... ასე ვფიქრობდი მაშინ, 5 წლის წინ. ჯერ ყველაფერი წინ არის. ასე ვფიქრობ ახლა, 5 წლის შემდეგ.
ჯერ ყველაფერი წინ არის... ასე ვიფიქრებ, ალბათ, სიკვდილის წინა დღემდე, სიცოცხლის ბოლო დღემდე.
სიცოცხლე...
ბედნიერებაა, რომ არსებობს სიცოცხლე, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერებაა, რომ არსებობს სიკვდილიც.
მე ვინანიებ...
მე ვინანიებ მხოლოდ ღმერთის წინაშე და არავის, მის გარდა, არ აქვს უფლება, განმსაჯოს მე. IN GOD WE TRUST! არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ადამიანები, რომლებმაც 10 წელი „მომცეს“ და შემდეგ სასამართლოზე მკითხეს, ინანიებთო თუ არა, ჩემზე უკეთესები არიან, თორემ მაგათთანაც მოვინანიებდი ჩემს „დანაშაულს“. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვთვლი, არავისთვის არაფერი დამიშავებია, გარდა ჩემი თავისა. ამას კი ღმერთთან, 5 წელია, ყოველდღე ვინანიებ ჩემი ყოველდღიური ტანჯვით.
მე აუცილებლად... მე აუცილებლად გამოვალ ცოცხალი ამ ჯოჯოხეთიდან. დავინახავ იმ უხილავ შანსს, რომელსაც ღმერთი, ალბათ, ყოველდღე გვიგზავნის, ჩვენ კი ვერ ვხედავთ მას. მე აუცილებლად გამოვალ აქედან და, ალბათ, აქ დავტოვებ ყველა ტკივილს, ყველა წყენას, ყველა დამსხვრეულ ოცნებას. გამოვალ და დავიწყებ ახალ ცხოვრებას შენთან ერთად, ან შენს გარეშე. გამოვალ და დავიწყებ თავიდან, სუფთა ფურცლიდან. მე აუცილებლად დავამსხვრევ ყველა ბორკილს და აუცილებლად ვიქნები თავისუფალი.
2012 წელი. 20 ივლისი.
ქ. თბილისის №1 საპყრობილე
კოტე კირვალიძე ათწლიან სასჯელს იხდიდა „მარიხუანის“ მოხმარების გამო. ის დაკავებიდან 5 წლის შემდეგ, 2013 წლის 25 იანვარს განთავისუფლდა ამნისტიით. ის ახლა წიგნს წერს და დღემდე ცდილობს, დაიწყოს ახალი ცხოვრება. დაიწყოს სუფთა ფურცლიდან...
ეს წერილი არ გაგზავნილა, უბრალოდ, დაიწერა და ავტორმა ვერ გაიმეტა გადასაგდებად. ადრესატიც აღარ იმსახურებდა წერილს, რადგან ამ დროისთვის სხვაზე იყო გათხოვილი უკვე და წერილის გაგზავნას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა, სამწუხაროდ.

კოტე კირვალიძე



მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1802 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კოტე კირვალიძე, შავი ლაქა, წიგნი, mwerali, kote kirvalidze, shavi laqa, tsigni, wigni, მწერალი, mtserali | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 mariami  
0 Spam
da shegidzliat erti machuqot, an viyido mainc, khelmowerit tu shegidzliat, es wigni mariams an rame maseti, ravici gmaddlob yuradgebistvis da pasuxistvis.

1 mari barbaqadze  
0 Spam
madloba saits.
dzalian metkina tqveni tkivili avtoro.
biblusis qselshi viyavi da ara hqondat...
momewona, kargad giweriat da sad sheidzleba rom viyido es tqveni wigni?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...