გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » თებერვალი » 17 » Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში
2:19 PM
Pomegranate Phone და high-tech თემები კურიერში






„ბროწეულფონის“ შესახებ მემგონი ძალიან ბევრმა იცის უკვე. მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის თავიდან დავიწყებ :) წინა პოსტიც ზუსტად ვირუსულ ონლაინ-მარკეტინგზე მქონდა დაწერილი და ესეც ამ თემის გაგრძელებაა.

2008 წლის სექტემბრის მიწურულს ინტერნეტს მომენტალურად მოედო ერთი საიტი — http://www.pomegranatephone.ca/

ამ საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ თვალისმომჭრელი პრეზენტაცია ახალი ტელეფონის, Pomegranate Phone-ის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ამ ტელეფონს უნიკალურს ხდის :)) მათ შორისაა ჩაშენებული პროექტორი, რომლითაც კედელზე ან ეკრანზე ფილმების და პრეზენტაციების გაშვებაა შესაძლებელი, ყავის მადუღარა, წვერის საპარსი, ჰარმონიკა, ხმოვანი თარჯიმანი 50 ენაზე და სხვა ისეთი მოსაწყენი ფუნქციებიც, როგორიცაა GPS ნავიგაცია, ციფრული კამერა, Wi-Fi კავშირის მხარდაჭერა და ა.შ.
თუმცა, თუ დააპირებთ გაიგოთ, როდის გამოდის ეს ტელეფონი, თქვენ გადამისამართდებით ახალი შოტლანდიის ტურისტულ საიტზე, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ:
„შესაძლოა არც ისე შორსაა დრო, როცა მართლაც გექნებათ ტელეფონი ყველა სასურველი ფუნქციით. მაგრამ ის ადგილი, სადაც ერთადაა თავმოყრილი ყველაფერი, რაც გსურთ — დღეს უკვე არსებობს.“
:)

ახალი შოტლანდია კანადის ერთ-ერთი პროვინციაა. 2008 წელს პროვინციის მმართველობამ სარეკლამო კომპანია Bristol Group-თან ერთად შეიმუშავა სარეკლამო კამპანია Come to Life. მისი მიზანი ამ რეგიონის პოპულარობის გაზრდა და კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვა იყო. ფიქტიური Pomegranate Phone და მისი საიტი კი სწორედ ამ შესანიშნავი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა :) რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია, რაც უამრავ მომხმარებელს ამისამართებს ახალი შოტლანდიის ოფიციალურ საიტზე :)

ეს ისტორია ვირუსულ მარკეტინგში ინტერნეტის ძალის გამოყენების კლასიკური მაგალითია. „ბროწეულფონის“ საიტის გამოჩენის შემდეგ მთელ ინტერნეტში ატყდა „ხმაური“. ბევრი საიტს არც მიუყვა ბოლომდე და მართლაც დაიჯერა ამ ტელეფონის არსებობა :)) მომხმარებლების უმეტესობა კი სწორად ჩაწვდა საქმის არსს და საკუთარი მეგობრების, თანაფორუმელების, თანა-facebook-ელების, თანა-twitter-ელების და თანამშრომლების გაშაყირება დაიწყეს. :) საბოლოოდ კი, საიტს მილიონ-ასი-ათასი ადამიანი ეწვია, მსოფლიოს 201 ქვეყნიდან. კამპანიის რეალური შედეგის ამსახველ რამე სტატისტიკას ვერ მივაგენი, მაგრამ მემგონი ცხადზე ცხადია, რომ ვინც ამ საიტს ესტუმრა, თუ მეორე დღესვე კანადაში არ გაემგზავრა, ის მაინც დაამახსოვრდა დიდი ხნით, თუ სად არის ახალი შოტლანდია :))

მაგრამ რა შუაშია აქ კურიერი?
იმ შუაშია, რომ კურიერმა ამ ისტორიის შესახებ ერთი წლის დაგვიანებით შეიტყო და დღევანდელ 9 საათიან გამოშვებაში სიუჟეტი მოგვიმზადა. ბოლო ბლოკის ანონსში გაგვაფრთხილეს, რომ რეკლამის შემდეგ სიუჟეტს იხილავთ რევოლუციური „ბროწეულის ტელეფონის“ შესახებ, რომელიც ყავას ადუღებს და წვერსაც კი პარსავსო :)) ამის გაგონებაზე, სასწრაფოდ მოვამზადე ჩემი tv-ტუნერი და პოპკორნმომარჯვებული დაველოდე სეირს :D

მაგრამ „იმედი გამიცრუვდა“ :D სიუჟეტის დაწყებამდე დიკო ჯოჯუამ შეგვამზადა, ეს ყველაფერი სარეკლამო ტრიუკია, რომელიც „ნოვა სკოტიის“ ხელმძღვანელობამ შეიმუშავაო. თუმცა, მე მაინც მჯერა, რომ სიუჟეტი სრული სერიოზულობით მომზადდა რევოლუციური ტელეფონის შესახებ :)) ეს შესავალი ტექსტი კი ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა, მას მერე, რაც რომელიმე თანამშრომელი ყვირილით შევარდა სტუდიაში, ხომ არ გაგიჟდით, ხუმრობაა ეს ყველაფერიო :))
ამ ეჭვს ის გარემოებაც მიმყარებს, რომ თავად სიუჟეტი სერიოზული ტონით იყო მომზადებული და მასში საერთოდ არ იყო ნახსენები არც სარეკლამო ტრიუკი და არც ახალი შოტლანდია. თანაც, ავტორმა მაია ლომიძემ ბოლოს გამოგვიცხადა, „ბროწეულის ტელეფონი ჯერ გაყიდვაში არ არის, მხოლოდ რამდენიმე სატესტო ვერსია არსებობსო“ :)) მოკლედ, ნახეთ ამ აბზაცის თავზე სიუჟეტი და დასკვნები თავად გამოიტანეთ.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დაახლოებით მსგავსი რამ მეც კინაღამ დამემართა :)) ისტორია ასეთია:
2 წლის წინ ტელეიმედის ვებ-განყოფილებაში ვმუშაობდი დეველოპერად. პარალელურად, აწ-გარდაცვლილ ნიუს-პორტალზე imedinews.ge ჰაი-ტექ განყოფილების სიახლეებით მომარაგებაც მევალებოდა.

ჰოოდა, პირველი აპრილის დილით, საშინელ ნაბახუსევზე, გასიებული თავით მივედი სამსახურში. მოვერგე კომპიუტერს და ტრადიციისამებრ, პირველ რიგში ჩემი ჯიმეილი გავხსენი. ჯიმეილმაც, გუგლის ტრადიციული საპირველაპრილო ხუმრობა შემომთავაზა — Gmail Paper :)) გეხსომებათ ალბათ, ფიქტიური სერვისი, რომელიც თქვენს ელფოსტას სახლში, ამობეჭდილს მოგართმევდათ, თუ სასურველ წერილებს ინბოქსში სპეციალური ღილაკით აღნიშნავდით :)) აი ეს გვერდიც გუგლის არქივიდან.

მე კი, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ მახსოვდა არც საღი აზრი და არც აპრილის რა რიცხვი იყო. ავდექი და პორტალზე ჩემი ჭკუით სიახლე გამოვაქვეყნე, გუგლის ამ ახალი სერვისის შესახებ :)) ხუმრობის არსს კი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ჩავწვდი, slashdot-ზე შესვლისას :D მომენტალურად შევცვალე სტატია, ბოლოში დავუმატე, რომ „რათქმაუნდა ეს ხუმრობაა“-მეთქი და გუგლის წინა წლების საპირველაპრილო ხუმრობების მიმოხილვით დავასრულე :D მინიმუმ 45 წუთის მანძილზე კი ქვეყნის ნიუსების ერთ-ერთი მთავარი ინტერნეტ-წყარო, NewsCorp-ის მფლობელობაში მყოფი ტელე-რადიო კორპორაცია „იმედის“ ახალი ამბების პორტალი IMEDINEWS.GE სამ ენაზე იუწყებოდა, გუგლმა ელფოსტის ამობეჭდილი სახით, სახლში მიტანის სერვისი აამუშავაო :))
კიდევ კარგი, მწვანეთა რომელიმე აქტივისტმა ვერ მოასწრო წაკითხვა, თორემ დახარჯული ქაღალდის მოჭრილ ხეებში გადაანგარიშებისას, ნამდვილად გულის შეტევას მიიღებდა :))

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემნაირ geek-ს თუ დაემართა მსგავსი შეცდომა, რიგით ჟურნალისტებს ნამდვილად უნდა ვაპატიოთ :)) მედიასაშუალებების მიერ საპირველაპრილო ხუმრობების სერიოზულ ამბად გავრცელების ფაქტები კი უამრავია მსოფლიოში და ეს კიდევ ცალკე პოსტის თემაა. მაგრამ კურიერში (და ზოგადად, ქართულ მედიაში) ზედმეტად ხშირადაა ხოლმე არაპროფესიონალურად მომზადებული სიუჟეტები high-tech თემებზე, ტერმინების სასაცილო ფორმებში გამოყენებით, რაც საბოლოო ჯამში რიგითი მაყურებლისთვის მთლიანად ამახინჯებს შინაარსს. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ კურიერმა რომ Skype აღმოაჩინა, გავიდა სიუჟეტი, სადაც გაურკვევლად იყო ახსნილი VoIP-ზარები რას ნიშნავდა და მაყურებელთა უმრავლესობამ გაიგო, თითქოს სკაიპით უფასოდ იყო შესაძლებელი საზღვარგარეთის ტელეფონებზე დარეკვა. :)) ამ მომენტიდან მომავალი თვეების მანძილზე კი, კომპანიების IT-თანამშრომლებს და საახლობლოში „კომპიუტერის მცოდნედ“ ცნობილ ადამიანებს ტვინი გვქონდა გაბურღილი ნაცნობების კითხვებით — მასწავლე როგორ დავრეკო სკაიპით უცხოეთში უფასოდო! :))

ასე და ამგვარად, კურიერელებმა მსგავსი „მტკივნეული“ მომენტები რომ თავიდან აგვაცილონ და geek-ების დაცინვას გადაურჩნენ, საკმარისია მომზადებული სიუჟეტი ან მისი სცენარი რუსთავი2-ის მართლაც ძალიან ძლიერი ტექნიკური ჯგუფის (მოკითხვა და რესპექტი ნაცნობებს ;) რომელიმე თანამშრომელს გააცნონ ხოლმე. სანამ მორიგი სიუჟეტი არ გასულა კურიერში, Nokia 888-ის საცდელი მოდელის გამოსვლის შესახებ :)) დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ამ სფეროში გარკვეული მარტივად მისცემს ჟურნალისტს რჩევებს და გაასწორებინებს არსებულ შეცდომებს. :)

მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ testlab-რეპორტაჟს Pomegranate Phone-ის შესახებ, მაია ლომიძისგან :)

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 899 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ფიარი, რუსთავი2, კურიერი, Pomegranate Phone, ტელევიზია, ვირუსული მარკეტინგი, მარკეტინგი, ახალი შოტლანდია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...