თბილისში დევნილთა 132-მა ოჯახმა საცხოვრებელი ბინები მიიღო / tbilisshi devnilta 132-maojakhma sackhovrebeli binebi miigho
დღეს, 2 მარტს, დევნილთა ოჯახებმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა #7-ში საცხოვრებელი ბინები მიიღეს. მათ 132 ბინა სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცათ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები დევნილმა ოჯახებმა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღეს. 132 საცხოვრებელი ბინა სახელმწიფომ მენაშენეებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის პროექტის ფარგლებში, შპს ლიტ ჯეო ინვესტისგან კონკურსის საფუძველზე შეიძინა.
"132 ოჯახი შესახლდა ახლად აშენებულ, ახლად გარემონტებულ ბინებში. ეს არის ძალიან დიდი სიხარული ამ ხალხისთვის და ჩვენთვის. მთლიანად 2013 წლიდან მოყოლებული ჩვენ 11 ათას ოჯახზე მეტს გადავეცით და დავუკანონეთ საცხოვრებელი სახლი" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ბინების გადაცემის პროცესში ადგილზე იყო მისული.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მენაშენეების პროექტის ფარგლებში, 2016 წელს დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართი კიდევ 200 დევნილ ოჯახს გადაეცემა.