11:09 AM
ნიკა ჩერქეზიშვილი - შალის წინდები / nika cherqezishvili - shalis tsindebi
www.auf.ge -
შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე - შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად... სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში... მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).
ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,
მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები...
მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.
მე ვიცინოდი და ვიდექი მხრებში გაშლილი.
შენ მიყურებდი, მერე თქვი, რომ ცხოვრება მძიმე,
ძალიან მძიმე სახადია, გვითრევს მაშინვე,
როგორც კი გულში გავიტარებთ პატარა იმედს;
რომ ყველაფერი კარგად არის, ასეც იქნება.
დედი, მე ახლა ამ ყველაფერს უბრალოდ ვყვები,
რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, ძალას ვიკრებდი,
მით უფრო მეტად დამტვრეული დამქონდა ყბები.
და ახლა ვხვდები, რომ შორი გზით (მშვიდად) მიგყავდი,
რომ, თურმე, მართლა პატარა ვარ, შენ - უფრო, დედი,
და შეგვეყარა ეს ცხოვრება, ვერ მოვიხადეთ
და ასე, წელში მოხრილები დავდივართ დღემდე.
ახლა ფანჯრიდან თვალს გაყოლებ, ნელი ნაბიჯით
როგორ მიდიხარ სამსახურში, უთენიაა,
და ალბათ დღესაც გაგექცევი (შენ ვერ დამიჭერ),
იცი - გიყურებ და ამზადებ (ფრთხილად) ნიადაგს -
ნელა მიდიხარ, მოზომილად, იცი - გიყურებ,
წელში მოხრილი საცოდავად მიდიხარ, დედი,
მე ვტრიალდები და ის კარი, შენ რომ მიხურე,
მინდა ჩამოვხსნა, დავამტვრიო, გამოგყვე გვერდით.
და მივდიოდეთ, მივდიოდეთ, როგორც დიდები...
(დეკემბერია, დგას სიცივე და ძალას იკრებს.)
დედი, ჩავიცვი შენი თბილი შალის წინდები
და მოსახვევში დაგაწიე გამთბარი ფიქრი.

ნიკა ჩერქეზიშვილი


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1397 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Poezia, nika cherkezishvili, shalis cindebi, shalis tsindebi, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, შალის წინდები, shalis windebi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]