ნიკოლოზ ქართველი - ჩემი ცხოვრება / nikoloz qartveli - chemi ckhovreba
რკინიგზის სადგური,
მატარებლის წასვლის ხმა.
ცარიელი ბოთლები.
სირცხვილი ხელის გაშვერის
და იმავე ხელის თავისუფლება სხვის ჯიბემდე.
ჯართის შეგროვების პუნქტები.
ლუდით სავსე პლასტმასის ბოთლების დაცლა.
ინტერესი ერთჯერადი შპრიცების,
ეზოში - ფეხბურთის თამაშის დროს,
სასეირნო პარკში ან სხვა...
ახალი შემოსული კომპიუტერული თამაშები
სონიზე - ქრაში, დენდიზე - მარიო.
კარგ ვარიანტში
დილა-შუადღე-საღამო —
კარტოფილი-წყალწყალა სუპი-პიურე,
ხორცის გადამამუშავებელ მანქანას კი ედება მტვერი
და სჭამს ჟანგი.
გაქცევის სურვილი.
ცხოვრებამ მოგვატეხა ფრთები,
რომლის არსებობა არც კი ვიცოდით
და რომც გვცოდნოდა ვერ მოვუფრთხილდებოდით,
რადგან არ უსწავლიათ ჩვენთვის,
რადგან ალბათ მათაც არ ასწავლეს,
რადგან ალბათ ვინმეს არ აწყობდა ჩვენი ფრენა,
რადგან ალბათ უნდა გვეტკეპნა —
სხვისი გადატკეპნილი მიწა.
ასევე არ დაგვინდო არავინ,
გვიხმარა ყველა,
განურჩევლად სქესისა და წლოვანების —
"ვინც ვერ გავმდიდრდით, ან ვერ გავლოთდით."
გვასწავლა რომ არ არსებობს ოცნება.
მე დამიტოვა მხოლოდ იმედი უფლის
და ვერშემდგარი მედიტაციის,
რადგან ხელს მოვაწერე ფურცლის ბოლოს,
რომ ჩემი გონება არ ითიშება.
მივხვდი —
ყველაფერს საკუთარი ოფლით უნდა მიმეღწია,
მე კი ვერაფერს მივაღწიე,
მხოლოდ ცივად შემაშრა ტანზე
და გავცივდი.
მსურს გადავუფრინო გავლილ წლებს,
რადგან უბრალოდ სალამის გულისთვის,
პასუხად დავკარგე გოგო,
რომელიც მიყვარდა სამი წელი,
ახლაც კუდი აქვს მოქნეული
და მაინც როცა ვხედავ მას იმავე ტაძარში,
სხვასთან, — მიხარია მისი ბედნიერება.
და მაინც ნეტა შემეძლოს თხუთმეტთეთრიანი წებოთი
გავიმრთელო ფრთები და შევძლო გავუგო დილას,
რაზე საუბრობენ ჩიტები — ჩვენ რომ ჭიკჭიკს ვეძახით.
დაე, ვინც შემორჩით მეოცნებენო,
და ვისაც არ დაგიკარგავთ იმედი,
გაშალეთ ფრთები
და იგრძნობთ, რომ...
მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები.