7:23 AM კრედიტის ლიმიტი / kreditis limiti | ||||||||||||
ნინო შუახნის დახვეწილი თბილისელი ქალია კარგი ოჯახიდან. მოვლილი ფრჩხილებით და ძვირადღირებული სუნამოს შედარებით იაფფასიანი, მაგრამ კარგი შემცვლელით.სუნამო ფილმში არსად არ ფიგურირებს, ვიფიქრებდი კიდევაც მე გამოვიგონე-მეთქი, მაგრამ როდესაც ჩაბნელებულ კინოდარბაზში ეკრანზე მოძრაობს მისი სილუეტი, თითქოს წყვდიადში ნინოს მიხვრამოხვრა ამ სურნელს აფრქვევს და ცხვირში გიღიტინებს. ამას სიყალბის სუნი გასდევს თან, შენ ცნობ ამ სიყალბეს. შენც ასეთივე სუნი აგდის, შენს მეზობლებსაც, საერთოდ მთელი ქალაქი ამ სუნში იხრჩობა. რა ამაყები ვართ, ღმერთმანი. არასდროს არ ვაღიარებთ რომ დავმარცხდით… რომ შვილებმა გვიღალატეს, რომ თავის სულელურ, უპასუხისმგებლო გართობას და მის შედეგებს ჩვენი „გუდიაშვილი” შესწირეს და მის ნაცვლად ძმაკაცის დახატული მახინჯი რეპროდუქცია დაგვიკიდეს მისაღებ ოთახში. მაგრამ, ვინ იცის რომ რეპროდუქციაა, ვინ იცის რომ სუნამო იაფფასიანია, ვინ იცის რომ სახლი თბილისის პრესტიჟულ უბანში იპოთეკარს ეკუთვნის და არა ჩვენ. თუმცა, სახლის შესახებ ბოლომდე ყველაფერი მაინც ვერ დაიმალება. get_imgნინო ყველაზე კლასიკური საბჭოთა პროდუქტია. კრებითი ნინოს მამა, ალბათ, ჭიათურაში, ან ტყიბულში დაიბადა, „МГУ”-ში ჩააბარა, ალბათ რაიმე იმ დროისათვის პოპულარულ პროფესიას დაეუფლებოდა, ვთქვათ ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიას. მან მიიღო ბინა ქალაქის ცენტრში, გახდა ერთ-ერთი ქარნის დირექტორი, სადაც ღვინის სუნის მქონე მჟავე, ნინოს სუნამოსავით ყალბ ალკოჰოლურ სითხეს ასხამდა და კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. ბევრი ძმაკაცი ყავდა, რაიკომის მდივნები, „გაის” უფროსები. რესტორნებს ხურავდა, ქალები უყვარდა, ცოლი რასაკვირველია ამაზე თვალს ხუჭავდა. შვილი უნივერსიტეტში მოაწყო, სარფიანად გაათხოვა, მოკვდა, მაგრამ დრო შეიცვალა. ნინომ კი არ იცის რა ქნას, გათხოვებაც მაინცდამაინც სარფიანი ვერ გამოდგა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დრო შეიცვალა. ახალ დროში კი ახალი სტანდარტები მოქმედებს, კოჭლი ცხვარი დაწინაურდა. ეს ფილმი ფანტაზიისთვის კარგი სავარჯიშოა, ნინოს მამაზე ბევრი არაფერია ცნობილია, საერთოდ უკვე მკვდარია როცა მოქმედება იწყება, ალბათ დიდი ხნის მკვდარიც, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არ იყო მისი არც ზოგადი პორტრეტი და არც მიახლოებითი ბიოგრაფია. ჩვეულებრივი ქართული შაბლონია. ქართველები კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს, თითქოს ყველანი ერთ დღეს გავჩნდით ერთი საერთო კვერცხუჯრედიდან, შემდეგ ცოტა წამოვიზარდეთ და უცებ განვითარების რაღაც ადრეულ ეტაპზე გავიყინეთ, იქამდე სანამ ჩვენი ინდივიდუალიზმი დაიწყებდა განვითარებას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში თითოეული ადამიანი მაინც უფრო მეტად გავს დროს, რომელშიც ცხოვრობს, ვიდრე რომელიმე ერს. ჩვენს შემთხვევაში კი ქვეყნისა და თაობის თანხვედრა თითქმის კოპირებულ სიზუსტეს ქმნის. ისე, თითქოს ერთი ნეგატივიდან დაბეჭდილი სურათების უსარულო ტირაჟი ვიყოთ. ნინოს ბაბუის თაობა, გაუნათლებლები, ბოლშევიკების, ჩეკისტების თაობა, ისინი ვინც თბილისი შეავსო, თაობა რომელმაც პირველმა შეძლო შვილებისთვის მიეცა განათლება. ნინოს მამის თაობა, უკვე განათლებული, მაგრამ ხარბი, ზარმაცი და „ხალტურშიკი”, ნინოს თაობა კულტურული, ამპარტავანი, ამავდროულად მოუქნელი, რომელსაც თავისი პატივმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას ახალ გამოწვევებს შეხვდეს ადეკვატურად. ნინოს შვილების თაობა, უპასუხისმგებლო, უმიზეზოდ უდარდელი, წინდაუხედავი და მუქთახორა. ჩვენ ასეთები ვართ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს. მთავარია სიმართლისთვის თვალის გასწორება ვისწავლოთ. ისევ გადავიღოთ ფილმები და გულდასმით ვუყუროთ კინოეკრანზე ჩვენს ანარეკლს. იქნებ ასე მაინც ვისწავლოთ რამე. მიმაგრება: სურათი 1
|
|