9:37 AM
კუს ტბის განახლებული საბაგირო შშმ პირებისა და ველოსიპედებისთვის ადაპტირებული იქნება
მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის თბილისის მოქალაქეებს კუს ტბის განახლებული საბაგიროთი სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მიაწოდეს.

როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განგვიმარტეს, საბაგიროს რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში ან სექტემბერში დასრულდება. კომპანიის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში გამოცხადებულ ტენდერში შპს ბაგირმშენმა გაიმარჯვა და ხელშეკრულება 1.1 მილიონ ლარზე გაფორმდა.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, საბაგიროს რეაბილიტაციის ფარგლებში აღადგენენ ქვედა და ზედა სადგურებს. გარდა ამისა, გამოცვლიან არსებულ ბაგირს და ახალი, მაღალი ხარისხის გამწევი ბაგირით ჩაანაცვლებენ, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომპანიის ინფორმაციით, კუს ტბის განახლებული საბაგირო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც არის გათვალისწინებული:

"სიახლე იქნება ისიც, რომ მოყვარულ ველოსპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ, კუს ტბის საბაგიროთი ისარგებლონ იმიტომ, რომ ვაგონს ექნება ველოსიპედის დასამაგრებელი საშუალება".

რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, კომპანიის თქმით, ჯერ დაზუსტებული არ არის:

"რიყეზე [საბაგიროს] საფასური ერთ გზაზე არის ლარი. ჯერჯერობით, ინფორმაცია, იგივე ტარიფი გავრცელდება თუ არა, არ გვაქვს. ტარიფებს ადგენს მერია და შესაბამისად, ეგ საკითხი ჯერ ალბათ დამუშავების პროცესშია".

კომპანიის განმარტებით, დღის განმავლობაში აღნიშნულ საბაგიროს 3500 მგზავრის გადაადგილება შეეძლება, მგზავრობას კი სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება.


ნანახია: 1010 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: Tbilisi, sabagiro, კუს ტბა, kus tba, თბილისი, saqartvelo, კუს ტბის საბაგირო, reabilitacia, გართობა, საქართველო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]