გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ივლისი » 11 » თეკლა ერემეიშვილი - წიგნების თარო - გარდა-უცვლელი ლიტერატურა (კრიტიკის კრიტიკა)
8:11 PM
თეკლა ერემეიშვილი - წიგნების თარო - გარდა-უცვლელი ლიტერატურა (კრიტიკის კრიტიკა)






ჩვენს ქალაქში რომ ლიტერატურული კაფეები ან სალონები იყოს, ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ალბათ რომელიმე მათგანში სხვაგვარად განვითარდებოდა...

მომდევნო ლექციამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, მე კი,როგორც დროის სწრაფმავლობის უხეშობით დათრგუნული სათუთი სული ,დარჩენილი ცხოვრების ამ ერთ საათს უნაყოფოდ ხომ არ გავლევდი. ჰოდა, გადავწყვიტე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შევსულიყავი. გამოგიტყდებით,რომ არაფრის წაკითხვას არ ვაპირებდი,სულაც არ მქონდა ამის განწყობა. უბრალოდ დავჯდებოდი და წიგნებს დავათვალიერებდი. ვიცი,უცნაურად მოგეჩვენათ. თუმცა, არის ხოლმე ასეთი მომენტებიც ,როცა წიგნების ყურება მეტ სიამოვნებას მანიჭებს, სასიამოვნო მოლოდინს აღმიძრავს, ვიდრე მაგალითად ; ფიქრისგან დაცლილი ადამიანების გამომეტყველების დანახვა. ემოციის ნაცვლად რომ უინტერესობა ჩამოღვრიათ ბლანტად სახეზე. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ბიბლიოთეკაში შევედი. ერთ მაგიდასთან ჩემი კურსელი ლიტერატურათმცოდნეობას მეცადინეობდა. წინ დავუჯექი, ამომხედა და ისეთი გატანჯული სახით მითხრა; ვერ ვიტან ამ საგანსო, თითქოს ბიბლიოთეკაში კი არა ბრძოლის ველზე იყო და მონატრებული ადამიანების უნუგეშო სევდით სავსე წერილს კითხულობდა. მის მიმზიდველ სახის ნაკვთებს სისულელის ელფერმა დაურბინა . უჭკუობის სიმახინჯე ვიზუალზეც აისახება ხოლმე. ლიტერატურისადმი ჩემმა ფაქიზმა დამოკიდებულებამ არ დამანება ასე მარტივად „გამეტარებინა“ მისი ნათქვამი. დამაინტერესა, კონკრეტულად რომელმა საკითხმა აიძულა აღნიშნულ საგანს სიძულვილში გამოტყდომოდა. „ლიტერატურა არის ინტერნაციონალური კომუნიკაციის მომავალი პროცესის უმთავრესი იარაღი. “ -წავიკითხე გოეთესეული განმარტება.

- სესილი დაკვირვებიხარ,რომ თუ ამ სიტყვის მხოლოდ ეტიმოლოგიას მივიღებთ მხედველობაში, გამოდის ლიტერატურაა ყველაფერი, რაც კი დაწერილა კაცობრიობის ისტორიაში?.. მათ შორის, წარწერები ჩვენი ტუალეტის კედელზე... - უაზროდ გაეცინა. - ისე კი ლიტერატურა ძალიან ფართო და სიღრმისეული ცნებაა, მოდი, რადგან ამ საგანს ვერ იტან, ზოგადად მხატვრულ ლიტერატურაზე ვისაუბროთ. - სახეზე შევატყვე, რომ მაინც და მაინც ვერ აღფრთოვანდა ჩემი შეთავაზებით, ამიტომ პასუხს არ დაველოდე და განვაგრძე; იცი, ხშირად მსმენია, რომ 21-ე საუკუნეში ქართული ლიტერატურა საერთოდ არ არსებობს, მხატვრულ ლიტერატურულ სივრცეში არ იქმნება ღირებული პროდუქი, რასაც ვერ დავეთანხმები. ბევრჯერ მიფიქრია, გამართლებულია თუ არა ლიტერატურას ეპითეტები შევუსაბამოთ; მაგალითად : „ღირებული ლიტერატურა“, „კარგი ლიტერატურა“ , „ძლიერი ლიტერატურა“, „ცუდი“ და ა.შ . თუ ეს სიტყვა თავის თავში გულისხმობს ღირებულს, კარგს და ჟანრობრიობის გამომხატველის გარდა სხვა , ნებისმიერი მსაზღვრელი აბსოლუტურად ზედმეტია?. შენ როგორ ფიქრობ? - ეს ყოველივე რიტორიკულ შეკითხვად შემორჩა ბიბლიოთეკის კედლებს და ვინ იცის, რამდენმა წიგნმა გამცა ამაზე პასუხი. სესილი კი არ მპასუხობდა. თითქოს ომერტას (დუმილის ფიცს) ბოლომდე იცავსო. თვალი მოვარიდე მის სახეს. კართან გიგი იდგა, რომელსაც მთელი უნივერსიტეტი იცნობს, როგორც „ზედმეტი კითხვისგან გიჟს“. არ დავმალავ და ასეთი ტიპები არ მიზიდავს, „წიგნის ჭიები“, სხვა რომ არაფერი აინტერესებთ. მაგრამ გიგი ლიტერატურის არასტანდარტული მოყვარულია და „სხვანაირი გიჟი“. სხვათა შორის, არც მხედველობის სათვალეს ატარებს. ბიბლიოთეკაში შემოაბიჯა და გეზი ჩვენკენ აიღო. უნებურად ვიძაბები ხოლმე მის გვერდით, აბსოლუტური თავისუფლების განცდას ვკარგავ, იმიტომ კი არა, რომ მისი საოცრად საინტერესო თვალები მაბნევს, არა. უბრალოდ ჩემი ინტელექტუალური მონაცემები უბადრუკი მეჩვენება მისი ზოგადი განათლების ფონზე. როგორც ჩანს, კართან მდგომმა ყური მოკრა ჩვენს , უფრო სწორად ჩემს ლაპარაკს და ყოველგვარი შესავლის გარეშე სცადა საუბარში ჩაბმა : „ სხვათა შორის, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის ფრაზა,რომელიც ერთგვარ სენტენციად დამკვიდრდა , მეტად ორაზროვანი და საკამათო მეჩვენება“ ციტირებაც გააკეთა; „ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი“ . -მაშ, მე ღმერთი უნდა ვიყო ჩემი სრულქმნილი კეთილშობილებით, იმდენი კარგი მოთხრობა წამიკითხავსო - აღნიშნა თვითირონიით .

-დაგეთანხმები, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუკი ლიტერატურულ ექსტაზში შეხვალ, მასზე დამოკიდებული გახდები და ამ მდგომარეობაში შორიდან დაინახავ შენს თავს, აგაღფრთოვანებს საკუთარი პიროვნების სულიერი წიაღსვლები, აღმოაჩენ, რომ საინტერესო ინდივიდი ხარ, შენი ტვინი შემოქმედებითად მუშაობს, რაც ხელს გიწყობს სამყაროს ერთფეროვნებათა მართვაში, ბუნდოვანი ცხოვრებისეული სარბიელის ფერმწერი ხდები. თავს აღწევ უინტერესო სოციალურ ვაკუუმს, რუტინულ ელფერს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო, ინტელექტუალურად მიმზიდველ პიროვნებად გაყალიბებს. -ირგვლივ ყველაფერმა თითქოს ზამთრისღამისფერ ნისლში იწყო ლივლივი და საკუთარი ნათქვამით გამოწვეულმა განცდამ წამებით რეალობას დამაშორა.

- როგორც ჩარლზ ბუკოვსკი იტყოდა; კარგი ლიტერატურა კლავს,თუმცა ცუდიც იმავეს შვრება.

-ნაწერი, რომლის წაკითხვის შემდეგაც გავაცნობიერებ ,რომ არათუ გარკვეული სახის გარდასახვა, ადამიანური რევოლუცია,არამედ ინფორმაციით მიღებული ოდნავი კმაყოფილების განცდაც კი არ დამრჩა ,ის ჩემთვის ლიტერატურა არაა. არის მხოლოდ ვიზუალური ეფექტი,ოპტიკური ილუზია ლიტერატურისა, რასაც აზროვნების წერით ფორმაში გარდასახვა განაპირობებს .

- კრიტიკაზე რას იტყოდი? მგონი, დღესდღეობით კრიტიკულ-ანალიტიკურ ნაშრომებს იშვიათად თუ შევხვდებით, რაც ლექციაზეც გვითხრეს ლიტერატურათმცოდნეებმა.

-ლიტერატურული კრიტიკა ლიტერატურათმცოდნეობის ისეთი დარგია, რომელიც ანტიკურ ეპოქაში ჩაისახა და ჩემი აზრით,მეტად გონივრული მიზნისთვისაც. - ვთქვი მკაფიოდ ,აკადემიური ტონით სესილის გასაგონად, რომელიც ამ შემოქმედებითმა ირონიამ ,სარკაზმმა საბოლოოდ დააფრთხო და დაგვემშვიდობა.

-არათუ ლიტერატორებისა და პროფესიონალი კრიტიკოსებისგან, არამედ ჩვეულებრივი მკითხველისგანაც საჭიროა ამა თუ იმ ლიტერატურული ნაშრომის ხმამაღალი ანალიზი,რაც შემდგომი ნაბიჯებისთვის, პროგრესისთვის ხელშემწყობი ფაქტორია. თითქოს ჯანსაღმა კრიტიკამ ფუნქციაც კი დაკარგა, ვინაიდან ცენზურის მოხსნის შემდეგ წერს ყველა, ვისაც სურვილი აქვს, წიგნს გამოსცემს ყველა,ვისაც უნდა. ასე რომ, კრიტიკის მნიშვნელობა აზრს მოკლებულია. - განაგრძობდა „ზედმეტი კითხვისგან გაგიჟებული ბიჭი“. მე კი დაახლოებით ისეთი სახით ვუსმენდი მას ,როგორითაც სესილი მისმენდა ცოტა ხნის წინ. გულწრფელად რომ ვთქვა, მისი ევფემიზმები და სრულყოფილი მეტყველება ზოგჯერ მაღიზიანებდა. ყოველდღიურობაში მეტყველების ასეთი პოეტიკა მომაბეზრებელი და დამღლელია. ლექციის დაწყებამდე 15 წუთი რჩებოდა, ბიბლიოთეკიდან გავედით, კიბესთან ორი ბიჭი პლანშეტს ჩაშტერებოდა და ძარღვიანად „ვაჟკაცურად“ იგინებოდა. გიგის ნაცნობები აღმოჩნდნენ. „ეს ნახე ბიჭო, ეს არაკაცი, რა დაუწერია ! „ - აღშფოთებულები ისროდნენ სიტყვებს. დამაინტერესა რამ გამოიწვია მათი ასეთი აგრესია, თუმცა, განზე გავდექი, საქმეში ცხვირის ჩაყოფის სურვილი რომ არ გამმძაფრებოდა. გიგიმ პლანშეტი გამოართვა და მაჩვენა. სტატია იყო სათაურით- “ ერეკლე დეისაძის <საიდუმლო სირობა> “ ამ წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე კვირის წინ გაეკეთებინა ავტორს. წაკითხულიც მქონდა. ეს ბიჭები კი, რომლებიც მზად იყვნენ დეისაძე ჯვარზე გაეკრათ, მწერლის საგანგებოდ გადასროლილ ანკესზე წამოგებულნი აღმოჩნდნენ სხვათა მსგავსად. ავტორმა მიზანმიმართულად გამოიყენა სათაურის ზოგადი ფუნქცია ქართველი მკითხველის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით და მოახერხა კიდეც სიტყვათა ირონიულ-პროვოკაციული თამაშით სკანდალი აგორებულიყო მისი რომანის ირგვლივ . დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ბიჭებს ნაწარმოები წაკითხული არ ჰქონდათ, გადავწყვიტე მათი არაჯანსაღი კრიტიკა კრიტიკითვე ჩამეხშო და თამამად ვკითხე; ბიჭებო, წაკითხული გაქვთ „საიდუმლო სირობა“ ? - გამოკვეთილად წარმოვთქვი სათაურის მეორე სიტყვა პროვოკაციისთვის. მაშინვე დაბნეულ ოთხ თვალს წავაწყდი და საკუთარ შეკითხვას თვითონვე ვუპასუხე ხმამაღლა: „არა !“ . „მე მგონია, რომ თქვენ საბჭოური აზროვნების მარწუხებში ხართ მოქცეულნი და ცნობიერში ცენზურის ელემენტები დაგელექათ, რაც კრიტიკის მეტად უცნაურ ფორმას ბადებს, განა შეიძლება მხოლოდ სათაურზე დაყრდნობით იმსჯელო , ან სხვათა გამოტანილი დასკვნის საფუძველზე გამოუტანო ავტორს მსჯავრი ?! „ იმდენად , რამდენადაც ლიტერატურამ თავი დაიმკვიდრა, როგორც ინტერპრეტირების სამყარომ,სრულიად ბუნებრივია ავტორის სათქმელი სხვადასხვაგვარად აღიქვას მკითხველმა, ინტელექტუალური შესაძლებლობების, ზოგადი თვალსაწიერის, ,ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განწყობის შესაბამისად თუ ხვა. მაგრამ ამისთვის საჭიროა მინიმუმ ნაწარმოების წაკითხვა. „მაპატიეთ,მაგრამ არ ვწყალობ თქვენს ამგვარ აზროვნებას“ - ვთქვი მათი მისამართით . ლაპარაკში გიგიც ჩაერთო;

-ავტორზე იერიში მიიტანეს მას შემდეგ, რაც ნაწარმოების სათაური გაჟღერდა და შაბლონურმა სიტყვათშეთანხმებამ ერთი ფონემის შეცვლით გაუცხოების შემდეგ ,ფსიქო-ლინგვისტურ ერთეულად გარდაქმნის შედეგად აგრესია გამოიწვია. გარკვეულმა ნაწილმა რელიგიურ კონტექსტში განიხილა აღნიშნული და მკრეხელობად, ღვთის გმობად მიიჩნია ავტორის მხრიდან.

- ვისაც წაკითხული აქვს ეს წიგნი , -განვაგრძე შედარებით მშვიდი ტონით,- სათაურის ტექსტთან ლოგიკურად დაკავშირების შემდეგ, ამოიცნობს ავტორის მიზანს და შემფასებლურ დამოკიდებულებას ნაწარმოებში აღწერილი ფაქტებისადმი. ხოლო მაღალმხატვრული ნიშა რომ არ გამოარჩევს ნაწარმოებს და განსაკუთრებული ლიტერატურული ღირებულების მქონე არაა,ამას ერეკლეც აღიარებს. მოკლედ, დეისაძის ქომაგის როლს არ ვირგებ,თუმცა ჩემი მიზანი იმ არაჯანსაღი კრიტიკის კრიტიკაა, სათაურშივე რომ უფრთხის თანამედროვე ნაწარმოებებს და კლავს მას. უკეთესი იქნება,თუ უფრო ცივილურად მივუდგებით ნაწარმოების სტრუქტურას, შინაარსობრივ მხარეს. მე ვფიქრობ,რომ პრობლემა სხვა რამეა- ის, რომ იშვიათად ვკითხულობთ, ან საერთოდაც არ ვკითხულობთ და ამ ნიადაგზე აღმოცენებული ერთგვარი კომპლექსი- ლიტერატურისადმი უინტერესობის სინდრომი , ასეთი ფორმით იჩენს თავს. ..

როგორც ჩანს, ჩვენი კამათი შორიდან მეტად ინტრიგნული და მიმზიდველი ჩანდა, ერთ-ერთი ლექტორი მოგვიახლოვდა და როცა საკამათო თემის არსს ჩაწვდა ვერ მივხვდი, გადაწყვიტა ჩემი პოზიცია გაემყარებინა თუ სიტუაცია განემუხტა. მედიატორის როლი კი მოირგო ჩემი და ბიჭების აზრთა რადიკალური სხვაობის უფრო დასაახლოებლად,შესაზავებლად ; „ზაზა ბურჭულაძე ხომ გაგიგიათ, მაგ მწერალმაც გამოიწვია ხმაური თავისი ბინძურ-რეალისტური სტილით საქართველოს პოსტმოდერნისტულ ლიტიტერატურულ სივრცეში. სათქმელის მოურიდებლად გადმოცემის,საკითხის მწვავედ,კრიტიკულ ჭრილში განხილვისთვის მწერალი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ხმაური მის შემთხვევაშიც ეპატაჟურმა სათაურმა გამოიწვია. საზოგადოება ვერ შეეგუა მსაზღვრელ-საზღვრულის თითქოს არალოგიკურ აზრობრივ შეთანხმებას. გარკვეულ ნაწილს ანგელოზი მხოლოდ ფრთიანი ჰგონია, ამიტომაც მათი წარმოდგენით „გასაბერი ანგელოზი“ (ზ.ბურჭულაძის რომანის სათაური) საშინელი ფრაზაა და ამის თქმა მხოლოდ ეშმაკს შეეძლო. ბრიტანელი ინდოელი მწერალი სალმან რუშდი ამბობს: „რატომ არ უნდა იყოს ლიტერატურა პროვოკაციული?ის არაპროვოკაციული არასოდეს ყოფილა“ . ეს მწერალი თავადაც გამხდარა მკითხველთა აგრესიული შეფასების მსხვერპლი. ასე რომ, ეს ბუნებრივი პროცესია , ყოველთვის იქნება არაერთგვაროვანი შეფასებები ლიტერატურისა და მშვენიერია თქვენ რომ ამაზე საუბრობთ , ახალგაზრდებო. მერე მე მომმართა; „ისე კი, ვისი კრიტიკაც ჯანსაღად არ მიგაჩნია, იმათ რომ ილია უხსენო, იტყვიან; ხელები აგვიწევია ჩვენი დიდი მამის ,საზოგადო მოღვაწის წინაშეო და მათი ილია რომ სამწერლობო ენის ყოველდღიურ მეტყველებასთან დაახლოებას ცდილობდა და იმდროინდელ აქტუალურ მოვლენებზე წერდა, ეგ არ იციან ? თუ იციან, აბა რაღას ერჩიან ჩვენს თანამედროვე მწერლებს? „ - მერე სალექციო აუდიტორიებისკენ წავიდა და კიბეზე ასულმა მოგვაძახა; „ლიტერატურა, რომელიც თანადროულობას ვერ გაუსწრებს ნაბიჯს, უნაყოფო კალმის წრიპინია.“ (კ.გამსახურდია)

მისი წასვლის შემდეგ კამათი მშვიდ საუბარში გადაიზარდა . ჩემი აზრით , მოდერნისტულ სივრცეში ლიტერატურას სუიციდით არ დაუმთავრებია არსებობა და მას მკითხველი კლავს. ეს იგივეა, რომ მსოფლიოში ზოგადკულტურულ დიფუზიაზე უარი ვთქვათ და ამ მხრივ დეგრადაცია განვიცადოთ სხვა ქვეყნების ლიტერატურული პროცესის ფონზე. კითხვის პროცესში მკითხველიც ისეთივე შემოქმედია, როგორც-მწერალი. განა შეიძლება თანამედროვე ლიტერატურის არარსებობაზე ვისაუბროთ, როცა გურამ დოჩანაშვილის მაღალმხატვრული მსოფლმხედველობა მის შემოქმედებაში ჩაიღვარა, ცხოვრებისეულ ღირებულებათა უბადლო გადამფასებელი, ტროპული მეტყველების ოსტატი, რომელიც ისე ძერწავს, ხატავს მხატვრულ საშუალებებს, რომ მკითხველი ესთეტიკურ ტკბობას მძაფრად განიცდის. ჭილაძის მიმზიდველი მაგიურ-რეალისტური სტილი და ა.შ. უფროსი თაობის ღირსეულ მწერალთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს კი ცხადია, რომ ლიტერატურა ხელიდან არ გამოგვცლია, არ გარდაცვლილა, ჩვენ გავაგდეთ წიგნები ხელიდან. - დავასრულე და ბიჭებმა მალე მიგვატოვეს. საათს დავხედე. ლექციაზე 12 წუთი დავაგვიანე და გადავწყვიტე , აღარ შევსულიყავი. მე და გიგი ქუჩაში გავედით , ავტობუსების გაჩერებასთან. იქვე ჩამოვსხედით, დაძაბულობა უცებ მომეხსნა. შემდეგ ზედმეტად მოვდუნდი, გავთავისუფლდი რაღაც მარწუხებისგან. სენტიმენტალიზმი მომეძალა ; „გიგი, იცი როგორ მაღიზიანებს,როცა ზოგადად ხელოვნებაში ესთეტიკური განცდის ,გააზრების უნარს მოკლებულნი მშვენიერების კატეგორიას ვულგარულად აღიქვამენ. თუნდაც ლამაზი გოგონას ლამაზ შიშველ სხეულს ისე უყურებენ ,როგორც მხეცები მსხვერპლს. ველური ღიმილი დასთამაშებთ სახეზე და მონადირის პოზიციაში დგანან. ასეთების მიმართ რაღაც ამაზრზენი სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. მხატვრულ ნაწარმოებში , ფილმში ან სპექტაკლში ჩართული რომანტიკულ-ეროტიკული სცენები რომ ისე აღაგზნებთ, პორნოგრაფიის დონემდე დაჰყავთ, ეს მათი ვიწრო,სწორხაზოვანი აზროვნების, ზოგადი თვალსაწიერის სიბნელის ნიშანია და არა ავტორის,რეჟისორის,მხატვრის,სკულპტორის გარყვნილების, როგორც თავად აფასებენ. ვერ ვითმენ ასეთი კატეგორიის კრიტიკას და მინდა ყოველთვის წინ აღვუდგე.“- მჭევრმეტყველმა ბიჭმა უსიტყვოდ გამიღიმა. ..

ავტობუსში ავედი. ფანჯარასთან მჯდარი მოხუცი ჩემკენ მოტრიალდა. სხივჩამდგარ თვალზე ჩამომდნარი ცრემლი ,ნაოჭებში რომ მიიკვლევდა გზას, ჰყიდდა მის სევდას და იმ წუთებში ის იყო მხატვრული ლიტერატურა ცოცხლად. ავტობუსიდან ჩასული გეგმებს ვაწყობდი ; ახლა წავიკითხავ რამე კარგ მოთხრობას , ქართულს, თანამედროვე ავტორს. თუნდაც ბურჭულაძეს, მორჩილაძეს, ტურაშვილს, ამაღლობელს... ხვალ სპექტაკლსაც ვნახავ -„ჯინსების თაობას“ ან „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს“ ან, ან...იმ ნიჭიერ ახალგაზრდათა შემოქმედებით ტრიუმფს დაველოდები , რომელთაც ჯერ კიდევ არ იცნობს საზოგადოება.

თეკლა ერემეიშვილი - 19 წლის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 932 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კრიტიკის კრიტიკა, tscignebis taro, tekla eremeishvili, გარდაუცვლელი ლიტერატურა, kritika, წიგნების თარო, თეკლა ერემეიშვილი, gadaucvleli, literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...