ინტერვიუ პოეტ აჩი ბერიძესთან / interviu poet achi beridzestan - 16 ივლისში 2016 - Social Mega Portal



Загрузка...
მთავარი » 2016 » ივლისი » 16 » ინტერვიუ პოეტ აჩი ბერიძესთან / interviu poet achi beridzestan
3:07 PM
ინტერვიუ პოეტ აჩი ბერიძესთან / interviu poet achi beridzestan






კორესპოდენტი: ნინო მშვიდობაძე

მუზების საუფლო შავ-თეთრი ფერებით
დამახასიათებელი შტრიხი: ცილინდრი განუყრელად, მოშვებული ჟღალი წვერი და სიგარეტი სულ.
დაბალი ხმის ტემბრი და თვალები, რომლებშიც სულ ჭინკები ანცობენ. თუმცა, არის წუთები, როცა ზედმეტად სერიოზულიც კია, იმდენად, რომ ფიქრობ: ეს ნამდვილად ისაა, თუ?..
არჩილ ბერიძე თავისი პოეზიითაც გამორჩეულია და ხასიათითაც. ალბათ, არავინ იმდენს და ისე არ უმღერის ქალს ლექსებით, როგორც აჩიკო. ისედაც, მას სულ უყვარს და ახლაც...
- როგორია აჩიკო შემოქმედების მიღმა...
საერთოდ, ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, პოეტური, თუმცა ხანდახან აგრესიულიც ვარ და უხეშიც.
- საინტერესოა, როგორ გამოხატავ აგრესიას?
ყვირილით ნამდვილად არა. უფრო თვალებით, ცინიზმით.
- ანუ ცინიკოსი ხარ?
გააჩნია ვისთან. ვფიქრობ, ოდნავი ცინიზმი ყველა ადამიანს ახასიათებს.
- მერედა, ეს მოგწონს? კარგია ცინიზმი?
ხანდახან კარგია, როცა ადამიანს არ გინდა უყვირო, უმჯობესია, ცინიკურად უპასუხო.
- და რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე შენს ცინიზმს?
სამწუხაროდ, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხვდება ამას.
- უცნაურად საუბრობ. სხვა თემაზე გადავიდეთ. „შემოქმედება ალბათ, ჯვარცმაა“... არ გეშინია?
მე გაკრული ვარ კაი ხანია უკვე ამ ჯვარზე. მგონი, ჩამოსასხსნელიც კი ვარ.
- ადრეა ჯერ...
ვფიქრობ, რომ ჩემი შემოქმედების 51% უკვე გავლილი მაქვს.
- ასე მხოლოდ შენ ფიქრობ თუ?..
სხვების აზრი იმდენად არ მაინტერესებს, რამდენადაც ვიცი, რას ფიქრობენ.
- როდის გეწერება?
ღამით.
- საათობრივი დაყოფა არ მიგულისხმია. გრძნობებსა და ემოციებზე გკითხე...
ცხადია, მაშინ, როდესაც მიყვარს. ჩემს პოეზიაში უფრო მეტი სიყვარულის თემატიკაა, რელიგიურიც არის და ტკივილიც, მაგრამ...
- და ქალი არის მუდმივი მუზა. კონკრეტულია ის თუ ზოგადად, ქალზე წერ?
კონკრეტულ ქალზე ვწერ, ოღონდ დრო და დრო, პერსონაჟი იცვლება ხოლმე.
- ცვლილებები გიყვარს?
ცხადია, მიყვარს, ერთფეროვნება ყველაზე ცუდია პოეტისთვის.
- ადამიანებსაც იცვლი ხოლმე?
არა, პერსონაჟებს, ლექსების მუზებს.
- ისინიც ადამიანები არიან, ხომ?!
ადამიანებთანაც მიყვარს ცვლილებები, ოღონდ დადებითად.
- რას გულისხმობ?!
უფრო მრავალფეროვანი ხდება, უფრო საინტერესო, ოღონდ პერსონაჟი იგივეა.
- ერთგული ხარ საერთოდ?
სიყვარულში კი, პოეზიაში – არა.
- მუზას ღალატობ ხოლმე?
კი, ხშირად.
- არ გიფიქრია იმაზე, რას განიცდის მუზა ღალატის შემდეგ?
კი.
- ყველაზე ბედნიერი როდის ხარ?
მაშინ, როცა ლექსის ბოლოს წერტილს დავსვამ.
- ეს მართლა ასე რთულია?
ძალიან, ძალიან რთულია. თუმცა გააჩნია, ხდება ხოლმე ისეც, რომ ხან ძალიან იოლად იწერება, ხან კი – პირიქით. ყველაზე ცუდი რაა იცი, რომ ვერ დაამთავრებ და შემდეგისთვის გადადებ.
- თანამედროვე ეპოქამ მოიტანა თან კალმისა და ფურცლის ნაცვლად კომპიუტერი, ტელეფონი. შენ რომელი გირჩევნია ლექსის წერის დროს?
კომპიუტერშიც შემყავს ლექსები პირდაპირ და გზავნილებადაც ვწერ, მაგრამ კალამს და ფურცელს ვერაფერი შეცვლის. უბრალოდ, კომპიუტერს ერთი დადებითი თვისება აქვს: გადახაზვა და გადაჩხაპნა არ გიწევს, წაშლი ხოლმე.
- ფურცლებზე ხშირად გადაგიჩხაპნია ლექსი?
კი, ხშირად. ოღონდ, რაც დამისრულებია, იმას მერე აღარ დავბრუნებივარ.
- არადა, ხშირად თავიდან წერენ ხოლმე ლექსებს პოეტები, სულ ცვლიან...
ვიცი და ჩემი ეს თვისება ეგებ ცუდიც იყოს, მაგრამ ამას ვერაფერს ვუზამ, მე ეგეთი ხასიათი მაქვს და რა ვქნა.
- ეს შენი სიზარმაცის ბრალი ხომ არაა შემთხვევით?
შესაძლოა, ასეც იყოს, ძალიან ზარმაცი ვარ, თუმცა მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობაც.
- სიურპრიზების მოწყობა თუ გიყვარს? ქალისთვის განსაკუთრებით?
ბევრჯერ, ლექსის სახით ბევრჯერ. სხვა სიურპრიზს რაც შეეხება, შეიძლება არ ვჩანვარ, მაგრამ რომანტიკული ვარ და სულ ვფიქრობ და მინდა ხოლმე კონკრეტულ ადამიანს ვასიამოვნო, ლამაზი და შთამბეჭდავი საჩუქარი გავუკეთო, რაც სხვას არ გაუკეთებია. მგონი გამიკეთებია კიდეც.
- თუ თვლი, რომ უნდა მითხრა, მითხარი ბარემ, რა გაგიკეთებია?
წიგნაკი ვაჩუქე, ორიგინალური წიგნაკი. ვეჭვობ, მისთვის მსგავსი საჩუქარი ვინმეს გაეკეთებინოს, რადგან ამ წიგნაკში ჩანაწერი იყო სწორედ გამორჩეული და აზრი ხომ თავისთავად.
- რა ფერები სჭარბობს შენს სამყაროში?
უცნაურია, მაგრამ შავი და თეთრი. საერთოდ, ფოტოებიც შავ-თეთრი მიყვარს. ფერადი არაფერი მიყვარს.
- რომ არ ეტყობა შენს პოეზიას ეს სი-შავთეთრე?
სამყაროს თავად ადამიანები ვქმნით, ჩემი სამყარო შავ-თეთრია.
- ადამიანებსაც ამ ორ ფერში აღიქვამ ხოლმე?
არა, არა!
- კიდევ კარგი. ყველაზე კარგი ადამიანი რა ფერია შენთვის?
მწვანე და ღია ცისფერი.
- რასთან ასოცირდება ეს ფერები შენთვის?
თავისუფლებასთან.
- ანუ პიროვნულ თავისუფლებას დიდ პატივს სცემ?
კი, საკმაოდ.
- შენში რა დოზითაა თავისუფლება?
ალბათ, 60%-ით.
- შენი აზრით, თავისუფლება რაა საერთოდ?
როცა შეგიძლია ადამიანს ასიამოვნო, გაუკეთო ლამაზი სიუპრიზი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფლება რაც შენ გინდა, იმის გაკეთებაა. სურვილებს როცა ემორჩილები, ეს აღარაა თავისუფლება უკვე, უფრო ჟინია.
- შემოქმედი ადამიანები სხვანაირად აღიქვამენ სამყაროს. მათთვის მას ფორმა არა აქვს... ასეა, ფსიქოლოგები ვართ ერთგვარად.
- გამოდის, რომ ერთი შეხედვით შეგიძლია მიხვდე ვისთან გაქვს საქმე?
თვალებში ვუყურებ და ვხვდები, როგორიცაა, მართლა ვხვდები. ვიცი, როდის იტყუება, როდისაა მართალი. ამდენად, არც იმედგაცრუება მქონია.
- მოვლენებს რეალურად აფასებ თურმე...?
კი, ასეა, რეალურად ვაფასებ.
- გიფიქრია ოდესმე თვითმკვლელობაზე?
არა, ნამდვილად არა და არც იმათი გაგება შემიძლია, ვისაც მიდრეკილება აქვს სუიციდისაკენ და თვითმკვლელები არიან
- როგორ ფიქრობ, ეს ადამიანის სიძლიერის მანიშნებელია თუ პირიქით?..
გარედან ისე ჩანს, თითქოს სიძლიერის მანიშნებელია, მაგრამ სინამდვილეში ასეთ ადამიანს არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ცხოვრების სირთულეებს. არც მიწისაა ასეთი ადამიანი და არც ზეცის.
- შენ რისი ხარ?
ახლა მიწის, ისე, შესაძლოა, ზეცისაც ვიყო რაღაც მომენტებში, სულ ოდნავ.
- ქაოსურია არჩილ ბერიძე?
კი, არის ქაოსური.
- მარტივითაა თუ?
არა, მარტი ქალს ჰგავს, მე უფრო ბათუმის ამინდებივით ვარ.
- ქალი მარტისფერი მოგწონს საერთოდ?
ქალი ლამაზი უნდა იყოს, მერე ჭკვიანი.
- მთავარი გარეგნობაა შენთვის?
ხომ გითხარი, თავიდანვე ვხვდები როგორია-მეთქი. თანაც აუცილებელია, უყვარდეს პოეზია.
- ჭკვიან ქალთან როგორი დამოკიდებულება გაქვს საერთოდ?
დიდად არ მიყვარს ჭკვიანი ქალები. საერთოდ, ვიფქრობ, რომ ოჯახში ლიდერი მამაკაცი უნდა იყოს, ჭკვიან ქალს კი სადავეების ხელში ჩაგდება უყვარს.
- გამოდის, ჭკვიანი ქალი ჭკვიან მამაკაცზე ძლიერია...
არა, უბრალოდ, მამაკაცია დამთმობი.
- ახლა შეყვარებული ხარ?
ვფიქრობ, რომ კი.
- ისე, რაა სიყვარული?
ვერტიკალურია და ბრუნვადი (იცინის). ისე, სიყვარული შეჩვევიდან იწყება მგონი. თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია... როცა ეჩვევი, აღარ გინდა მერე დაკარგო. საერთოდ, უფრო დისტანციური ვარ გრძნობების გამოხატვის დროს, რომ მერე დეპრესიაში არ ჩავვარდე.
- ხომ არ გეშიანია?
არა, ვფრთხილობ.
- ისე საუბრობ, მეგონა გეშინოდა...
არა, არ მქონია სერიოზული ურთიერთობები და არც მეშინია ამდენად.
- როგორ უმკლავდები საკუთარ ტკივილებს?
ლექსით, ცხადია.
- შველის?
კი, თუ კეტონალს მიაშველებ...
- რისი დათმობა გიყვარს ურთიერთობის დროს?
ეს ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს, ცოტა მან უნდა დათმოს, ცოტათი – მეც.
- ეს გარიგება ხომ არაა, მე გრძნობებზე გესაუბრები...
ყველა გრძნობა ერთგვარად გარიგებაცაა...
- შენი დაწერილი ლექსებიდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად?
„საქართველო ბათუმიდან თენდება“, იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ქალაქს ეძღვნება.
არ იფიქროთ მართლა ასეთი იყოს, სულის სიღრმეში ისეთი ფაქიზი და თბილია, ვერც წარმოიდგენთ, ეს უბრალოდ, უნდა ასეთ ორფეროვნად მოაჩვენოს ადამიანებს თავი, ეგაა და ეგ. არ ეშინია, უბრალოდ, აქაც ზედმეტად ფრთხილობს, არადა, რა აქვს საფრთხილო

მაინც, აი, ასეთი ლექსის ავტორს:

შენ

მოდიხარ, ივსება ქალაქი უწინ რომ უშენო
იყო და შენობით ივსება ქალაქი, მოდიხარ
სიტყვებით, რომელსაც თითქოს და სეტყვებად უშენენ
წამები ჩასუნთქვას, ჩემს ჰაერს სუნთქავ და იფერებ,
მე ვგრძნობ რომ სავსეა გრძნობები, დღეები, ქუჩები
და სულ არ ეტყობა ზღვას ზეცის სარკეში სიბერე.
მერე კი მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, მიყურებ,
და ყველა ადრინდელს ერქმევა უზომოდ გვიანი,
აქ ხარ და თან არ ხარ, მირაჟის ვარდისფერ რიკულებს
მზე წველის, მზე მწველი, მზეს ველი, მზიელი მზერიდან
და სანამ სარტყელი შეახო ზღვამ ზეცის ჰორიზონტს,
ვუყურეთ, ტალღებით ტალღებზე ტალღებს და მე მინდა -
ივნისის ის ოცი, ოციდან გასული შვიდი დღე,
რომ იდგა, მოხვედი ჩემთან და უბრალო წიგნაკი -
წაიღე და მერე თბილისში ჩასვლამდე, იკითხე,
ათასჯერ იკითხე, ან უფრო მეტჯერ, ან ნაკლებად
მოხვედი, წახვედი და სავსე დატოვე ქალაქი,
გრძნობებით, ჩემი და მორიგი ლექსების აკლებად.





გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 135 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, interviuebi, პოეზია, ინტერვიუ, პოეტი, poeti, achi beridze, ინტერვიუები, აჩი ბერიძე, interviu | რეიტინგი: 0.0/0

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: