9:05 AM
კარლო კაჭარავა – საუბრები სოციალური პრობლემატიკის ასპექტებზე უახლეს ქართულ მხატვრობაში / karlo kacharava - saubrebi socialuri problematikis
www.auf.ge -
ამჟამინდელი ვითარება ჩვენში უკვე მოითხოვს ახალი, საყოველთაოსაგან დამოუკიდებელი ღირებულებების შექმნას, რადგან ჩვენში უკვე აღარ ფუნქციონირებს არანაირი ხელოვნება, ”საზოგადო”, წინასწარგანზრახულის გარდა, და ისიც სავსებით განსაკუთრებულ იმიტაციას ქმნის. კეთილდღეობისა და იმავდროულად პრობლემატურობის ხელოვნება, რომელიც დაიბრუნებს სოციალურ ფუნქციას, უთუოდ პიროვნების, ინდივიდისა და მისი გარემომცველი ხელოვნებისაკენ მიმართული უნდა იყოს. სხვაგან ალბათ, ძნელი მოსაძებნია რეალობას ესოდენ მოწყვეტილი, მთლიანად ეგზალტირებული და თავის შიგნით დიფერენცირებული ინტელიგენცია, იმავე დროს სავსებით უმართავი, ჯოგადქცეული მასით გარემოცული.

ხელოვნების სოციალურ ფუნქციაზე დღეს ცოტა ფიქრობს ჩვენში. აქ თითქმის არ არის მიღებული სოციალური პრობლემეტიკის სრულიად გაცნობიერების ცდა, თუ არა სოციალური სოლიდარობის გამჟღავნება მაინც. ჩვენი ხალხი სოციალურად საშინლად დიფერენცირებულია. ისევ რაღაც უჩვეულოდ ეგზალტირებული, კასტური სისტემის მსგავსი იერარქიით. ყველანი, უჩვეულოდ დაბნეულნი, ცდილობენ კეთილდღეობის იერი შეუქმნან თავიანთ სოციალურ სტატუსს, წარმატებით ჩაეწერონ ამ ”ღირებულებათა” მოთხოვნებში.

ყველაფერს საზარელი, პირობებისა და მისი ინდივიდუალობის სრულიად მანიველირებელი წარმოდგენები, ეგზალტირებული დოგმები მართავს. წარმოდგენები მორალზე (ლოზუნგისებურად განზოგადებული, დამახინჯებით კონსერვირებული ქრისტიანული მორალი, რომელიც მხოლოდ აკრძალვათა სიად იქცა მას შემდეგ, რაც იქიდან გამოაძევეს ინდივიდი და პიროვნების ცნორბიერება), პატრიოტიზმი (მითი ოდინდელ ჩვენს განსაკუთრებულობაზე, რომლის იერი, თურმე, ახლაც გვამჩნევია) და ზოგადად მისიაზე ”საზოგადოების” თითოეული წევრისა. აქ უმთავრესია ”კაცურკაცობის” იმიჯი, რომელიც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევით და ზომიერი ქველმოქმედებით, მისი აფიშირებით მიიღწევა.

ჩვენი უბედურებების რიგით ჩამოთვლა და სრულიად გაცნობიერება დიდად მწუხარე და თითქმის ამოუწურავი საქმეა. რეალობასთან ვერშეგუებული, პარალიზებული ერის თავდაცვითი ფუნქცია თავდაცვითი რეაქციაა, უჩვეულო ეგზალტაცია და ამის გამო რეალობას მოწყვეტილი ”ღირებულებების” შექმნაა. შექმნა ”ქართული (ქართველობის) მითისა”, ე.ი. სავსებით განსაკუთრებული ცხოვრების წესისა, რომლის პროფანაციაც საკმაოზე უფრო იოლი აღმოჩნდა. იგი მთლიანი გადაგვარების წინაშე აყენებს ერს, რომელიც რეალობის გაცნობიერების ნაცვლად ისევე ხელოვნურად შემუშავებული ათასგვარი დიდი თუ მცირე უბედურებებით უარესისაკენ იერშეცვლილი მითით საზრდოობს. არაფერია ცრუ განზოგადებებზე უფრო საშიში.

დღეს ჩვენ ყველაზე პასიური, ყველაზე ”რესპექტაბელური” ახალგაზრდობა გვყავს. ის არაფრით, სრულიად არაფრით არ გამოირჩევა მამებისა და დედებისაგან. მას ძალიან ადრე, ყრმობისას (უფრო ადრეც თუ არა) უჩნდება კეთილდღეობის იერი, რომელიც თითქმის ყოველთვის გადადის ცუდ სიამაყესა და არაადამიანობაში. ახალგაზრდები ერთმანეთისაგან ვერ არჩევენ ადამიანებს. ყველასათვის ერთი საზომი აქვთ. ეს თითქმის ფაშისტური აგრესიის ნიშანია, როცა შენ თავიანთი თავისაგან ვერ გარჩევენ და იმავე წუთს, როცა ამ საყოველთაო მოთხოვნათა ფარგლებს გარეთ დაგიგულებენ, მოვალეობადაც კი მიიჩნევენ შენდამი არა მხოლოდ უნდობლობას, სკეპტიკურ ცინიზმს, არამედ უცილობელ დამცირებას.

დღეს ქართველი საქართველოში ვერ იცხოვრებს, თუკი ქართველთა შეშინება ვერ ისწავლა. აშინებენ სიმდიდრით, ავტორიტეტით, ნაცნობობის წრით (სოციალური სტატუსის ერთადერთი მნიშვნელობა მათთვის).

როგორ ფუნქციონირებს საქართველოში ხელოვნება? ქართველთათვის აღიარებული ავტორიტეტული ხელოვნება საქართველოში ფორმალისტურია და გასაყიდი (სამწუხაროდ, კომერციულსაც კი ვერ უწოდებ).

I. სოციალური რასიზმი

პორსტინდუსტრიული საზოგადოებჰის განსაზღვრის მცდელობისას ამერიკელი სოციოლოგი დ. ბელი წერდა, რომ საზოგადოების მარქსისტული კლასიფიკაცია არააქტუალურია და უკვე შეუძლებელია საზოგადოების დაყოფა მუშათა, საშუალო და უმაღლეს კლასებად. ტრადიციულ კლასობრივ სტრუქტურათა რღვევასთან ერთად (რომელსაც პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაზე არანაკლები სისწრაფით განიცდის საქართველოს პრეინდუსტრიალური საზოგადოებაც) უმნიშვნელოვანესი ხდება კლასიფიკაცია, დაყოფა ”კულტურული შეხედულებების” და ”ცხოვრებისეული სტილის” მიხედვით. აქ კი ცხოვრებისეული ფილოსოფიის და ყოფა-ქცევის მანერების ჩამოყალიბება ხორციელდება ”მცირე ჯგუფების” მიერ, რომლებიც, თავიანთი ”ელიტარული” მცირერიცხოვნების მიუხედავად, არსებით ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა უმეტესობაზე.

საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა. დროთა განმავლობაში აქ ცოტა რამ იცვლება. ”მამათა და შვილთა” ბრძოლა XIX საუკუნის შემდეგ ანომალიად ითვლება. მთელი ქართული კულტურა, საყოველთაოდ მიღებული სურათის მიხედვით, სხვადასხვა თაობის მიღწევათა ტკბილხმოვან ფერხულადაა წარმოდგენილი. ქართველების უნივერსალური ნიშნითაა გაერთიანებული მემარჯვენეებისა და მემარცხენეების, სოციალისტებისა და ანარქისტების, სიმბოლისტებისა და პროლეტკულტელების იოლად მიჩუმათებული ”მცირე” უთანხმოებები.

მკვდრები, ყველანი ერთნაირად გაკერპებული არიან, მათ შორის არავინაა დამნაშავე, ყველანი ერთად ომახიანი ცეკვა-თამაშით მიუძღვებიან ”ტაძრისკენ მიმავალ გზას”. ცხადია, ამ ტაძარს არაფერი აქვს საერთო რუსულ :სობორნი დუხთან”. აქ სხვა, განსაკუთრებული ქართული ტაძარი იგულისხმება მხოლოდ ქართველთათვის მისაწვდომი ერთობა.

ამ საყოველთაოდ მიღებული კეთილდღეობის სურათში დღევანდელობაც ისე მნიშვნელოვანია, რომ არავითარ იდეალიზაციას არ საჭიროებს. ინსტიტუციონალიზებული კულტურის ყველა წარმომადგენელი გამოჩენილი მწერალი, მხატვარი ან კინორეჟისორია. შვილები გულისამაჩუყებლად ჰგვანან სახელოვან მამებს. მწერალთა, ტელემოძღვართა, კინორეჟისორთა ან მხატვართა დინასტიის ახალი წარმომადგენლები ისევე აზროვნებენ, მეტყველებენ, წერენ და ხატავენ, როგორც მათი ”გამოჩენილი” მამები. ისევე მკლავმოუღლელად იღვწიან უნიკალური ქართული კულტურის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის, როგორც მათი ვერგასაგებად მჭევრმეტყველი მამები. სწორუპოვარია ქართული წარუვალი ღირებულებები. ქართველს განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული შეხედულება აქვს თავისუფლებაზე, მორალზე…

ქადმაღლური დამოკიდებულება ადამიანისადმი იწვევს უჩვეულო, ზორგჯერ თვითმიზნურ გაბოროტებას, აგრესიას. ჩვენში არსებული სოციალური დიფერენციაცია მახინჯი და შემზარავია თავისი სისასტიკით.

X X X

არსებობს მრავალთაგან ერთ-ერთი საშუალება იმის გასარკვევად, თუ საიდან მოდის და რითი საზრდოობს ჩვენში ე.წ. ალტერნატიული თუ ავანგარდისტული ხელოვნება და მისი შემქმნელნი. ამისათვის საჭიროა თითქმის სქემატურობამდე გავამარტივოთ ყველაფერი. შესაძლო ტენდენციურობისა და უტრირების მიუხედავად, რაღაც სურათს მაინც მივიღებთ. გავიხსენოთ ის, რის შესახებაც ჩვენთან რატომღაც არ უყვაერთ ლაპარაკი ჩვენი არსებობისათვის დამახასიათებელი უცნაური სოციალური ეთიკა.

შევხედოთ რადიკალურად განსხვავებულ ახალგაზრდა მხატვრებს. ერთნი ისევ უკონფლიქტო, წლების განმავლობაში დამკვიდრებული გემოვნების შესაბამის ტრადიციულ სურათებს ხატავენ, ტრადიციულად იდეალიზებული ნატურმორტების ელემენტებს. ძალიან უბრალოდ რომ ვთქვათ, ისინი იმასვე ხატავენ, რასაც მამები, რადგან ამ უკანასკნელთ კეთილდღეობისათვის ასეთივე გზით მიუღწევიათ. ამგვარი მხატვრები მხოლოდ ვიწრო, ვითომ ელიტარული წრის სალონებისათვის ”მუშაობენ”. მათ არა აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება გარემო სინამდვილისადმი, რადგან მხოლოდ პრივილეგირებული მომხმარებლები არიან, მთლიანად დამოუიდებულნი ინსტიტუციონალიზებულ მორალსა და კრიტერიუმებზე. ასე იქმნება მამათა და შვილთა იდეალური ფერხულის სრული უკონფლიქტობის იერი, რომელსაც ქართველთა რაღაც განსაკუთრებულობის იდეით ამკობენ. კარგია არა, ასეთი ”დამჯერი” შვილების ყოლა? მით უფრო, რომ, როგორც წესი, ამ ყმაწვილთა უმეტესობა დასავლეთშიც ნამყოფია და და რაღაც სხვაგვარი ხელოვნების არსებობაც იცის. მათი დამოკიდებულება ამ თანატოლებისადმი, ავანგარდისტული პრაქტიკის ათვისებას რომ ცდილობენ, ცინიზმითაა სავსე. ესენი ხომ საცოდავი, გაბოროტებული პროლეტარები არიან, რომლებიც დასავრული კულტურის იმიტაციით ცდილობენ თვითდამკვიდრებას, ბედავენ მხოლოდ ვიღაცისათვის განკუთვნილ მემკევიდრეობაზე პრეტენზიის გაცხადებას.

ჩვენში არსებული სოციალური რასიზმი საოცარია და საკმაოდ კომიკური იმისთვისაც, ვინც მის შეუბრალებლობას როგორმე მაინც გადაურჩება. გამუდმებით უკვირთ, როცა ”არაჩვენიანი” ვიღაც ”ჩვენიანს” იცნობს და მეგობრობს. უკვირთ ამ ”არაჩვენიანის” გამოჩენა პრესტიჟულ მიღებასა ან პრემიერაზე. ისენვ იმ განცდით ცხოვრობენ, რომ რაღაც უცნაური იდეალიზაციის საგნად ქცეული ელიტარული წრის ლამის რასობრივ შეურაცხყოფას აქვს ადგილი. ამგვარი, რბილად რომ ვთქვათ, ქედმაღლური დამოკიდებულება ადამიანისადმი იწვევს ”პლებეებად” მონათლულთა მასად კონსოლიდაციას, რომელიც საპასუხო აგრესიით შურისძიებაზე ოცნებობს.

მხატვართა მეორე ჯგუფი უფრო მრავალფეროვანია და, თუნდაც უკვე ამიტომ, უფრო საინტერესოც. მათი უმრავლესობა ამ ლამაზ, ბევრისათვის მხოლოდ ტკბობის საგნად ქცეულ ქალაქში თითქოს არ ცხოვრობს. ისინი სადღაც გარეუბანში ბინადრობენ, მეტროთი მგზავრობენ და თბილისურ ლუდს სვამენ. თავიანთი ცხოვრებისეული პრობლემებისაგან თავის დასაღწევად თვითგამოხატვის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. გარკვეულწილად ეს მართლა ასეა. მხოლოდ ნაწილობრივ, ეს მართლაც ”ინტერნაციონალური” შემადგენლობაა. სოციალური დიფერენციაცია მათთვის თითქმის აღარაა პრობლემა. ავანგარდისტთა (ან მასთან ერთად არსებობენ კიდევ სხვებიც, რომლებსაც ასევე ავანგარდისტებად მიაჩნიათ თავიანთი თავი) უმეტესობას ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც მუდამ უკმაყოფილო იყვნენ გარემოთი. მათ წილად ხვდათ მრავალი უსამართლობის დანახვა და თავისუფლების ძიების პათოსი მათთვის ცხოვრებისეული აუცილებლობაა. მათი უმეტესობა სხვადასხვაგვარად გაურბის აქაურობას: ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, სხვები, რომლებმაც დასავლეთში დამკვიდრება ვერ მოახერხეს, სხვადასხვაგვარ თავშესაფარს იწყობენ გამაოგნებელს ან, უბრალოდ, საინტერესოს.

დღეს, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენების მეშვეობით, ახალი ხელოვნების წარმომადგენელთა შორის სულ უფრო მეტად ვრცელდება მოთხოვნილება რეალური თვითდამკვიდრების, სოლიდარობისა და სასიცოცხლო სივრცის შექმნისა. ჩვენ, ყველანი, ჩვენი ღარიბი ხელოვნების და სასიცოცხლო სივრცის შექმნისა. ჩვენ, ყველანი, ჩვენი ღარიბი ხელოვნების ბაზრის მონოპოლიზაციის, თითქოს ასეთი დაგვიანებით, წვალებით ნაშობი ”ვუდსტოკის” თაობას წარმოვადგენთ. პიროვნების დაცვის, მისი თავისუფლებისადმი პატივისცემის მოთხოვნა სხვადასხვაგვარად გაფორმდა: მართლაც ნამდვილი ღირებულების ნამუშევრებსა და აქციებში. ეს რეალური გამოცდილებაა იმ ხელოვნებისა, რომელიც საკმაო ხანია არსებობს ჩვენში. მიუხედავად იმ ვულგარული დამოკიდებულებისა (უკეთეს შემთხვევაში), რომლითაც ხვდებოდა ჩვენი გარემო მის არსებობას, ახალი რადიკალური ტალღა ბევრ შემთხვევითს, ზერელეს და პრეტენზიულსაც მოიტანს, მიუხედავად რადიკალიზმისათვის დამახასიათებელი ერთგვარი უსამართლობისა, უეჭველად დამკვიდრდება გარემოსადმი განსხვავებული, ფხიზელი დამოკიდებულება, თავისუფალი სხვადასხვა ტრაგიკომიკური ტენდენციურობისაგან.

ჩვენში გავრცელებული პროვინციალური კონიუნქტურის კლიშეებისადმი დაპირისპირება აუცილებელი და სასარგებლო ეტაპია, რომლის პარალელურად თანამედროვე მსოფლიო კულტურის კონტექსტში იმთავითვე გასათვალისწინებელი ნიმუშების კეთებისა და არსებობისათვის უფრო ნორმალური პირობები შეიქმნება. ზერელე, მხოლოდ სუბიექტური პრეტენზიების გამჟღავნებით ნაკვები თვითშემოქმედების უსუსურობაც უკეთ გამოჩნდება.

დღეს ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ”საახალწლო ომის” შემდეგ ახალი ხელოვნების შემქმნელთა შორის თვალნათლივ შეიმჩნევა აქტიური კონსოლიდაციისა და სოლიდარობის პათოსი. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი ხელოვნების სასიცოცხლო სივრცის შექმნისა და გაფორმების მოთხოვნილება. სხვაგვარად, საუბარია ჩვენს გარემოში რეალურად თვითდამკვიდრების მცდელობაზე. ეს პროცესი თავისთავად გულისხმობს სოციუმში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურ მონაწილეობას, ზოგჯერ `კვაზიპოლიტიკურ~ რადიკალიზმს, სიფხიზლისა და გულისხმიერებისაკენ მოწოდებას პიროვნების თავისუფლებისა და მისი დაცვისათვის ბრძოლის დროს. ბოროტების ჩვენება არ ნიშნავს ამ ბოროტებაში განურჩევლად ყველას დადანაშაულებას. ყველამ, ვინც ახალი ხელოვნების ნიმუშს ნახავს, როგორმე უნდა დაინახოს, რომ ავტორი მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართავს ადრესატს: ”მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რომ შენც უფრო მეტი ხარ, ვიდრე გგონია”.

1992 წ.

II. თანამედროვე ხელოვნება და ”ქართული ავანგარდი”

ამჟამინდელ საქართველოში თითქმის ყოველი მეორე მხატვარი “ავანგარდისტია”. როგორც ჩანს, სიტყვა “ავანგარდი” ჩვენში გაიგივებულია მთელს დასავლურ თანამედროვე ხელოვნებასთან და მიჩნეულია ყველანაირი პროფესიული გამოცდილების სრულ უარყოფად და განუკითხაობად. ამგვარი გაგება, მართლაც, სიმპტომატურია ქვეყნისთვის, რომელიც სრულ განუკითხაობას მოუცავს.

არანაირი პრინციპი, არანაირი თანამიმდევრულობა, არანაირი პასუხისმგებლობა აი, ამ ცხოვრებისეული გამოცდილების პროეცირება ხდება ადგილობრივ ავანგარდისტთა ოპუსებში. ზედაპირული ცოდნა თანამედროვე დასავლური ხელოვნების ნიმუშებისა ჩვენი პერსონაჟებისათვის ყველაფრის ნებადართულობის ილუზიას ქმნის, თურმე, შესაძლებელია მხოლოდ გეომეტრიული ფიგურებით ან სხვადასხვა სისქის მონასმებით, ლაქებით ოპერირება. თურმე, შესაძლებელია სურათზე საერთოდ უარის თქმა და ნებისმიერი შემთხვევითი საგნების, ობიექტების ან ინსტალაციების კეთება.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ჩვენში ასე თვლიან, რომ ამ უახლესი ხელოვნების შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მხოლოდ ის არის, ვინ უფრო მეტად გააკვირვებს ან შეაწუხებს ვინმეს თავისი პიროვნული ამბიციებით, ე.წ. “უკომპლექსობით”, რომლის კომპლექსი მხოლოდ პიროვნებებად ვერჩამოყალიბებულ, თავისუფლების ვერშემქმნელ სუბიექტებს სტანჯავთ.

საპირისპიროდ ამ “მოსაზრებებისა”, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ დასავლეთის თანამედროვე ხელოვნებაში არსებობს საკმაო ხნის წინათ ჩამოყალიბებული და თანდათანობით სრულყოფილი სისტემა შეფასებისა, რომლის მეშვეობით არტისტები, არტკრიტიკოსები და ექსპერტები თითქმის ყოველთვის შეუცდარად არჩევენ ნამდვილი ღირებულების შემცველ პროდუქციას ცუდი და, მით უმეტეს, კუსტარული, ზერელე იმიტაციებისაგან.

თანამედროვე ხელოვნება წარმოუდგენელია პასუხისმგებლობის გარეშე ამ პასუხისმგებლობის საზღვრები და ტვირთი თანამედროვე ხელოვანისათვის ვერმოსახილველია. პასუხისმგებლობა შობს რადიკალურ კრიტიკას, არსებული სტერეოტიპების რევიზიისა და სოციოფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისათვის ბრძოლას: სამყაროს ანთროპოცენტრალ მოდელზე უარის თქმას და არსებული წარმოებითი ურთიერთობების ალტერნატიული ფორმების მოძიებისათვის ძალისხმევას. ამგვარი პათოსით თანამედროვე ხელოვანი ემსგავსება პ. კრაპოტკინის მიერ დახასიათებულ ნიჰილისტს, რომელთა შესახებ ანარქისტი თავადი წერდა: “უპირველეს ყოვლისა, ნიჰილიზმმა ბრძოლა გამოუცხადა კულტურული ცხოვრების ე.წ. პირობით ტყუილს, მისი განსაკუთრებული ნიშანი იყო აბსოლუტური გულწრფელობა”.

ამ ბრძოლის შესახებ კარგად შენიშნავდა ალბერ კამიუ: “მემარცხენეები, რომელთა შორის მეც ვითვლები, წინააღმდეგი არიან სხვებისა და თავიანთი ნების”… მხოლოდ ეს ტრაგიკული ბრძოლა ქმნის შესაძლებელს იდეალურ დემოკრატიაზე ზრუნვას, რომელიც, იმავე კამიუს განსაზღვრით, “უმრავლესობის ძალაუფლება კი არ უნდა იყოს, არამედ უმცირესობის დაცვა”.

მე საგანგებოდ მოვიყვანე ურყევი მემარცხენეების მომხრე, პიროვნული პასუხისმგებლობით გამორჩეული რუსი რევოლუციონერი თავადისა და დიდი ფრანგი მწერლის ციტატები იმის შესახსენებლად, რომ თანამედროვე ხელოვნების პათოსი ძალიან დიდ ტრადიციას ეფუძნება და აგრძელებს მას.

XX ს-ის ავანგარდისტული ხელოვნების უნდობლობა არსებული მხატვრული ფორმებისადმი და მათი მუდამ ახალი მოულოდნელი ფორმებით შეცვლა / განახლებისაკენ ლტოლვა თვითმიზნური ფორმალიზმი კი არ იყო, არამედ ფორმის მიღებული არსის უკეთ გამოვლენა-გამოაშკარავების მოთხოვნილება. ამ სწრაფადცვალებად ფორმალურ მეტამორფოზებს თავისი ისტორია და ტრადიცია აქვს, რომლითაც ოპერირებენ თანამედროვე პოსტმოდერნისტები.

ჩვენში კი ავანგარდი ყველანაირი ტრადიციის ზედაპირულ უარყოფასთანაა გაიგივებული, ეს ხომ ასე ხელსაყრელია: არც არაფრის შესწავლა გვჭირდება, თუკი მაინც მყისვე უნდა უარყო.

ალბერ კამიუ ასეთი “მხატვრების” შესახებ წერდა: “ტრადიციის გარეშე მხატვარს უჩნდება ილუზია, რომ ის თვითონ ქმნის წესებს: აი: ის უკვე ღმერთია”.

საუბედუროდ, ჩვენი განადგურებული ქვეყანა სავსეა ამგვარი “ღმერთებით”. XX საუკუნის ხელოვნება, როგორიც და სადაც არ უნდა იყოს ის, ხომ მოუცილებელი ნაწილია ქვეყნის მთელი რეალობისა.

ზემოთ ნათქვამი როდი ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ საქართველოში არ არის ხუთი-შვიდი ნამდვილი არტისტი, რომელსაც შეუძლია თანამედროვე ხელოვნების კეთება (ვგულისხმობ ფეწერის ალტერნატიულ ფორმებს) და რომლებიც აკეთებენ კიდევაც საკმაოდ საინტერესო, აქტუალურ ნიმუშებს. ამ ფერმწერთა შორისაც ყველა ერთნაირად დაკაბალებულია დაბალკულტურული მომხმარებლის გემოვნების შესაბამისი სალონური ფერწერის ნორმებით. მიუხედავად ქვეყნის წარმოუდგენელი გაჭირვებისა, სადაც ნამდვილი ხელოვნება საუკუნის განმავლობაში არავის სჭირდებოდა, დიდი მხატვრები კი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ უყვარდათ, ჩვენში მაინც იქმნება ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები, თუმცა არც ისე ბევრი, როგორც ეს ბევრს ჰგონია, ბევრს “აწყობს”, ხოლო ბევრსაც გულწრფელად ესურვილება.

1993 წ.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1484 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პრობლ, კარლო კაჭარავა, karlo katscharawa, socialuri problematika, ქართული მხატვრობა, სოციალური, qartuli mkhatvroba, ასპქექტი, karlo kacharava, aspeqti | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]