გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2016 » ოქტომბერი » 20 » გვანცა დევიძე - გა(და)წყვეტა / gvanca devidze - ga(da)tsckveta
11:18 AM
გვანცა დევიძე - გა(და)წყვეტა / gvanca devidze - ga(da)tsckveta






სიცხისგან დახეთქილ ასფალტზე გველივით მიცოცავს ჯაჭვი. ხრიგინებენ რკინის რგოლები. ჯაჭვს მიათრევს ქალი. შავი, გრძელი, ქვედაბოლო ფეხებთან დასთრევს. ძირითადად წითელი ზედა მოურიდებლად გამოკვეთს დამჭკნარ ყელს და მკლავებზე ჩამოსავარდნად გამზადებულ ხორცს. სიარულის მანერა აქვს უცნაური: თეძოები იმდენს ქანაობენ, დრო მოვა და ამოვარდებიან.
ასეთია ქალი - ასაკს ჯერ ვერშეგუებული.
ჯაჭვის ერთი ბოლო მის ვიწრო მაჯას აწვალებს. მძიმედ მიათრევს წყლით სავსე ჭურჭელს და ჯაჭვიც შლეიფად მიჰყვება თან. ოფლის წვეთებით ირწყვებიან ძირითადად წითელ ზედაზე მიხატული ყვავილები. ქალი იღლება, მაგრამ იმდენად ბედშეგუებული სახე აქვს, რომ შეხედავ, გაიფიქრებ:
„ალბათ ასეც უნდა იყოს“.
ის იქ მიდის, სადაც ჯაჭვის მეორე ბოლოა. ის მიდის სახლისკენ, რომლის საყრდენ კედელში კიდევ სამი ასეთი ჯაჭვია ჩატანებული. ქალი ოჯახის უფროსი წევრია. შესაბამისად, მის ჯაჭვს ყველაზე მეტი რგოლი აქვს, ყველაზე გრძელია და სახლიდან ყველაზე შორს წასვლის საშუალებაც სწორედ მას აქვს.
„მონა“ ხელით ჭურჭელი დადგა ეზოს ცენტრში მიწაში ღრმად ჩაცემენტებულ მაგიდაზე. ნუთუ საგნების გაქცევისიც ეშინიათ? არამხოლოდ... ეზოში უცნაური ხეები დგას - ყველა ხმება. ბებერი ფესვები რატომღაც მიწიდან ამოძვრომას ცდილობენ, საყრდენგამოცლილებს მხოლოდ ის აკავებთ, რომ თითოეული სამი მსხვილი თოკითაა დაბმული. თოკის ბოლოები რთული ნასკვითაა მიმაგრებული რკინის რგოლებზე. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ დააკვირდები და გაიფიქრებ:
„ალბათ ასეც უნდა იყოს“.
თინამ გადამსკდარი ბაგეებიდან გამოვარდნილ ოხვრას თან მთელი გულ-მკერდი ამოაყოლა. ოხვრასთან ერთად ახრიგინდა კიდევ ერთი ჯაჭვი, რომელიც ამ ოჯახში ყველაზე მოკლეა. მისი პატრონი დესია - რაღაც ახლის იმედად გაჩენილი შვილი. დესი სუსტია. არა, უფრო - მსუბუქი. ზაფხულობით ტანზე თითქმის მომდგარი სარაფნები მას სიფრიფანობაში ბაძავენ ხოლმე. ახლაც ზაფხულია. სახლის კართან ზის და მზის სხივებს აკოცნინებს წვრილ წვივებს. მარცხენა ფეხის კოჭებს ხალები დასევიან, ფეხის თითები კი შესაშური სიზუსტით დგანან მწყობრში სიმაღლისდა მიხედვით. რაღაც მწერი აწუხებს, ხელს იქნევს და იშორებს. კიდევ ჯაჭვიც აწუხებს, ხელს იქნევს - ვერ იშორებს.
- მოიტანე? - ჰკითხა თინას და სახეზე აეკრო ღიმილის მცდელობა.
- მოვიტანე.
- დამალევინე რა, ცხელა.
- დაგალევინებ. ცხელა...
დესიმ ხელები გამოუწოდა. მტევნებზე თითების მაგივრად ქინძისთავები ასხია. ამ ხელებში ძალა ჯერ არასდროს ჩამდგარა. იცის ეს თინამ და შვილიშვილის პირთან მიაქვს ცივი წყლით სასვე ჭურჭელი. ისიც სვამს გაბედულად.
ყლუპ-ყლუპ...
ყლუპ-ყლუპ... - ესმის დესის და ამ უცნაურ ხმაზე ეცინება.
გეყოფა, დესი, ნუ იცინი, გადაგცდება.
ის მაინც განაგრძობს დალევას, სიცილსაც.
მორჩა, გეყოფა. უწესოდ იქცევი!
თინას ხმის სითბო თანდათან წყლისას უტოლდება. გაბრაზებულმა სწაფად ააცალა დესის ტუჩებიდან უკვე არასავსე ჭურჭელი. წყალი გადმოიღვარა, ჯერ დესის ნიკაპი გადაიარა, იქიდან კი ჩანჩქერივით გადაეხეთქა ტანზე. ცივმა სითხემ თავისი ქნა და მკერდზე მიკრული სველი სარაფნიდან ნელა ამოიბურცნენ პატარა კერტები. გააჟრჟოლა.
რას აკეთებ, რას? - ყველაზე გაუბედავი საყვედურით სავსე მზერა ესროლა ბებიას და მოიკუნტა.
შენ რას აკეთებ? არაფერი შენ უფროსის არ გესმის. ა-რა-ფე-რი! - თითოეულ მარცვალს უფრო მეტი გაღიზიანება ამოაყოლა თან, ჯაჭვი აზიდა და სახლში შევიდა.
დესი შრებოდა. მზის სხივები ახლა მის გულ-მკერდზე ეცემოდნენ ხარბად და სარაფნის ქსოვილიდან სისველეს იწოვდნენ.
▪▪▪
ძალიან მარტივია, როდესაც წესებს ემორჩილები. მითუმეტეს მაშინ, როდესაც წესების შედგენაშიც კი არ მიგიღია მონაწილეობა. ჰოდა, ასე... ზიხარ და მოთმინებით ელოდები საკუთარ დაბადების დღეს. ელოდები, რომ იმ დღეს მოვა შენთან ოჯახის უფროსი წევრი და შენს ჯაჭვს კიდევ რამდენიმე რგოლს დაუმატებს იმის ნიშნად, რომ შენ უკვე შედარებით დიდი ხარ. ასე ხომ საშუალება გექნება, მიაღწიო ღობემდე, ფეხის წვერებზე აწეულმა ორად გაყოფილი ნიკაპი ჩამოაყრდნო მაღალი ფიცრის კიდეს და გაიგო, ბოლოსდაბოლოს, რა ჯანდაბა ხდება გარეთ. შეიძლება ცდები და არც არაფერი ხდება, მაგრამ „ჯანდაბა“ უფრო საინტერესოდ ჟღერს, ვიდრე შინაარსივით ცარიელი სიტყვა „არაფერი“.
ახლაც არაფრის კეთებით დაღლილი ზის დესი. ოჯახის წევრების გამაყრუებელი სიჩუმე უკვე აუტანელია. მაგიდას შემოსხდომიან. არაფრის მოლოდინით წელავენ დღეებს. მოსაწყენია. დესი ხშირად ვერ ხსნის, რას გრძნობს ამ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ამომწურავად აღწერ სულ რაღაც ერთი სიტყვით: დედას აღწერს სიტყვა ,,დაღლილობა“, ბებიას -,,ქედმაღლობა“, აი, ბიძას კი - ,,ხეპრე“. ნეტავ უყვარს ისინი? თუ კი, მაშინ ზუსტად იცის, რომ ეს ინსტინქტური სიყვარულია, ვალდებულებებიდან მოსული სიყვარული, რომელსაც სხვა ბევრი რამის მსგავსად, ხშირად ემატება სიტყვა „უნდა“.
უნდა გიყვარდეს!
უნდა ითმენდე!
უნდა ემორჩილებოდე!
და საერთოდაც, როდესაც ამაზე ფიქრს იწყებს, სახე ეჭმუხნება პატარა. თხელი ტუჩები იკუმებიან და დაუფარავი ხდება ზიზღი. ეს ის ზიზღია, რომელსაც დამწვარი მზესუმზირის სიმწარე და დამპალი ვაშლის სუნი აქვს.
რა მოგივიდა, არ მოგწონს საჭმელი? - ეკითება დედა.
მომწონს. უბრალოდ მწარეა. ცოტა.
ხომ გითხარი, წიწაკა დააკელი და უკეთესი იქნება-მეთქი, მაგრამ არაფერი თქვენ უფროსის არ გესმით... - მაინც როგორი მკაცრი ხმა აქვს თინას? მკაცრი და ცივი. ნეტავ როგორ ჟღერს ამ ხმით „გენაცვალე“? ან და „ნუ ღელავ“?
აღარ მინდა. - ლამის მაგიდის სიღრმემდე გასწია დესიმ წვნიანი. შეეზიზღა, ვერ აიტანა. შეიძლება წვნიანისა და ოჯახის წევრების მიმართ ერთი და იგივე ემოცია გეუფლებოდეს?
არ ადგე. სხვა რამეს მოგიტან.
დედა ზრუნვას ცდილობს, ისევე როგორც შვილი ცდილობს, ის მაინც არ ეზიზღებოდეს. მალე ნესტოებს ახლადმოხარშული სიმინდის სუნი უთბობს.
აქ ჭამე, მაგიდიდან არ ადგე.
ფანჯარასთან მინდა.
დავასრულებთ ყველა და მერე სულ ერთია, გინდ ფანჯარასთან აეწებე, გინდ - შემოსასვლელ კართან. ჭიშკართანაც გასულხარ და იქ მიგირთმევია, რაც გინდა...
ჭიშკარს ჯერ ვერ ვწვდები, მოკლეა ჩემი ჯაჭვი, დაგავიწყდა?
ახლა მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
დესი იხსენებს, რომ „უნდა ითმენდეს“. მაგიდის კიდეზე იდაყვებს აწყობს და ლოყებს პაწაწინა თითებს შორის იქცევს. ელოდება. ბიძამისი საშინლად ხვრეპს, თითქოს კოვზიდან ენით ლოკავს წვნიანს. სასაცილო უფროა.
ფანჯრის მინას რაღაც მოასკდა რამდენჯერმე. წვეთებია წვიმის. დესის ყურები მოსტაცა ამ ხმამ.
წკაპ-წკუპ...
წკაპ-წკუპ... - ესმის და ეღიმება. ისეთი ლამაზია თვალებდახუჭული.
ბიძამ ხვრეპა შეწყვიტა. ახლა უფრო კარგად ესმის წვიმის.
ის კი ფეხაკრეფით ეპარება ფანჯარას. რაფაზე მსუბუქად ასკუპდა, თითქოს წვრილ მაჯას ჯაჭვი სულ არ უმძიმებდეს, სულ არ უწვალებდეს. ასკუპდა და ისე უგდებს ყურს წვეთების მოხეთქების ხმას, თითქოს დიდი ხნის წინ მოსმენილი მელოდია ეცნობა და სიამოვნებს.
წვიმა ძლიერდება.
დესი ჯაჭვის რგოლებს ეთამაშება. მისი ფიქრების წაკითხვა ისეთი ადვილია... ჯაჭვზე ფიქრობს და იმაზე, რა საჭიროა ადამიანის ოჯახში დაბმა. ჰოდა, სულ ის პასუხი ახსენდება, რომელიც ამ კითხვის ხმამაღლა დასმისას მოუსმენია:
„ასეც უნდა იყოს“.
წვიმა ძლიერდება.
წვეთი წვეთს იერთებს და მსხვილდება, სხვასაც იერთებს და ყველანი, ერთ წვეთად ქცეულნი, მინას სერავენ. ელავს. ჭექა-ქუხილია. მოიქუფრა. ჩამობნელდა. დესის ეძინება.
წვიმა ძლიერდება.
▪▪▪
დესი ისევ მზეს ეფიცხება. ყოველთვის ჯერ მუხლებთან უწითლდება ხოლმე კანი. ეზოში ყველა ხე წაქცეულია. ყველა თოკი გაამწყდარია. ვიღაცას ან რაღაცას ის ჩაცემენტებული მაგიდაც ამოუთხრია. თინა აქეთ-იქით დარბის. ხან ერთ ხესთან მივა, ხან - მეორესთან. დარბის და თეძოებმაც აღარ იციან, რა ქნან, როდის ამოვარდნენ.
ვაჟა, ვაჟააა... ვაჟა-მეთქი! აქ მოდი, ეს კაკალი წამოვაყენოთ ჯერ, დაბმა უნდა. მერე იმ მსხლის ხესაც მივხედოთ.
ვაჟა მოუქნელად მიაბიჯებს გადარეული დედისკენ.
დროზე! რას ინაზები!
დესი შორიდან ადევნებს თვალს ნერვიულობისგან გაოფლილ ბებიას, მერე ბიძამისს და მის მოუხერხებლობას რომ აკვირდება, ფიქრობს, რომ „ხეპრე“ ნამდვილად არ არის ის სიტყვა, რომელიც ამომწურავად აღწერს მას.
ვაჟამ ხე წამოაყენა.
ასე, ასე... ახლა გაასწორე და არ წაგექცეს.
წელიიი... - დაიყვირა და უფრო მაგრად ჩაეხუტა ხეს.
რა წელი? გაგიკავდა? გტკივა?
ვაჟას უნდოდა ეთქვა რაღაც, თქვა კიდეც, უფრო სწორად იღრიალა, მაგრამ მისი ხმა ვერავინ გაიგონა. მისი ხმა მიწიდან წამოსულმა გუგუნმა გადაფარა. ეს გუგუნი გაძლიერდა. შეზანზარებით გამოაფხიზლა მუხლებდაწითლებული დესი. ისიც ინსტინქტურად სახლში შევარდა. ერთადერთი მშველელი იქ ეგულებოდა, ერთადერთი მშველელი - დედა. ოთახიდან ოთახში დარბის, თვალებით არა, ხელებით ეძებს მას. საყრდენ კედელთან აღმოჩნდა და შეშინებულმა პირზე აიფარა ხელები.
ღმერთო ჩემო, როგორ გაბზარულა...
დესის თვალები ფოსოებიდან ხტებოდნენ გაოცებისგან. ბზარი ძალიან დიდი იყო, მერე კიდევ უფრო დიდდებოდა.
კიდევ უფრო...
კიდევ უფრო...
კედელმა პირი დააღო. ჩაყლაპული ჯაჭვების მონელება ვერ შეძლო და უნდა აღებინოს. გუგუნი მიწიდან კი არა, კედლიდან მოდის, საყრდენი კედლიდან. ბზარი იატაკსაც გადმოედო და ისიც გაიხლიჩა. დესი იდგა და თავისი ქინძისთავების მსგავსი თითებით ისტერიულად იწმენდდა ცრემლებს. ვერ ინძრეოდა. კედელი კი უფროდაუფრო დიდზე აღებდა პირს, აშინებდა და ჯაჭვებთან ერთად ჩაყლაპვით ემუქრებოდა.
ისევე მოულოდნელად შეწყვიტა ტირილი, როგორ მოულოდნელადაც მიხვდა, რომ ახლა უნდა გაქცეულიყო. გაიწია. თავისი ჯაჭვი გამოქაჩა. იცის, მეტია საჭირო, მაგრამ საიდან მოიტანოს არარსებული ძალა?
სახლიდან გამოვარდა. რამდენიმე მეტრი ძლივს გაირბინა შიშველი ფეხებით. ტერფებში წვეტიანი ქვების წახნაგებს გრძნობს. მაინც მირბის. მთელი ძალით ექაჩება. არ იცის, მაგრამ რწმენა აქვს, რომ გაიქცევა. წინ მიიწევს, მარჯვენა ხელზე მობმული ჯაჭვი კი უკან ექაჩება. არაფერი გამოსდის. სუსტი მაჯა დაწოლას ვერ უძლებს, ამდენი ხახუნისგან პირველი ჯაჭვი კი არა, მაჯა გაცვდება. აიტანს კი იქიდან გადმომსკდარ სისხლს და ტკივილს? არ იცის, მაგრამ რწმენა აქვს, რომ აიტანს. ძალიან შორიდან თინას ხმა ჩაესმის:
არაფერი თქვენ უფროსის არ გესმით. ა-რა-ფე-რი!
გუგუნში ხმა იკარგება. სახლის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმომდგარა ბებია, დამჭკნარი ყელი სულ დაძარღვია, სახე ბრაზისგან გაწითლებულია. დესიმ კიდევ რამდენჯერმე გაიბრძოლა. ტერფებმა ვეღარ გაუძლეს ქვების წახნაგებს, დასისხლიანდნენ. დესი დაეცა. სიმწრისგან ჯაჭვის რგოლები პირში ჩაიდო და კბილებით მაგრად მოუჭირა. იგრძნო რგინის საზიზღარი გემო. ასე არ გამოვა. არადა იცის, რომ ადამიანის დამბა არ შეიძლება.
„ასე არ უნდა იყოს!“
მაჯაზე გაცრეცილი კანი ენით აილოკა და ცოტა ეამა.
მიწა რამდენჯერმე შეზანზარდა, გუგუნმა ლამის გააყრუოს. ბოლოჯერაც ცდის და მერე აღარ იცის... თუ კიდევ არ გამოვა... მერე რა უნდა ქნას?
სცადა.
გაიბრძოლა.
და ჯაჭვიც გა(და)წყდა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 973 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: gawyveta, გა(და)წყვეტა, gadawyveta, გაწყვეტა, გვანცა დევიძე, ga(da)tsckveta, gatskveta, გადაწყვეტა, gadatskveta, gvanca devidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...