გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 7 » ნათია მალაზონია - ნოველა / natia malazonia - novela
8:34 PM
ნათია მალაზონია - ნოველა / natia malazonia - novela






ბებერი ძვლები ...
შუა დღე გადასულა; მწუხრის სხივებქვეშ ჰქრის ნიავი, საამური, ფოთლებს აშრიალებს. ღია კარებში სამფეხა სკამზე ზის თეთრწვერა მოხუცი. 70-ს გადაცილებული. სევდანარევი ღიმილით გასცქერს... გასცქერს მთებში ჩაწოლილ ნისლს, გასცქერს ეზოს, გასცქერს მანდარინის ბაღს, დრო და დრო ხუჭავს თვალებს, ღრმად ჩაისუნთქავს და კვლავ იღიმის.
გასცქერს ხეხილის ბაღში ახალგაზრდა გოგონას, ძველი ნივთები გამოულაგებია და იქექება, მისი ბავშვობის დროინდელი.
გასცქერს სევდით; - წინა დღეს სწორედ ამ გოგონასთან დაიჩივლა: "მინდა ისევ რაცხაის გაკეთება, გევიარო პაწა მინდა, მარა შეძლება აღარ მაქვს იმფერი, ხელათ ვიღლები"...

***
დრო და დრო გავსცქერ ხოლმე სახლში მჯდარ ბიძას, ზის და თითქოს რაღაცას ელოდება. შიში დგას მის თვალებში, სევდაც... გუშინ მითხრა, შეძლება აღარ მაქვსო... პირდაპირ არასდროს ამბობს, აღიარებს, რომ მოხუცდა, მაგრამ კიდევ აქვს შემორჩენილი თავმოყვარეობა, - კაცმა როგორ ვთქვა რომ სიკვდილის მეშინიაო. ბიძა მარტოხელაა, რამდენიმე წელია რაც მეუღლე გარდაეცვალა, სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ. ერთხელ თქვა: "-რომ მოხუცდები არა კაცს არა სჭირია შენი თავი"-ო. ამით თქვა ყველაფერი, მეტი წუწუნი არ იცის ბიძამ.

ამ ბოლოს მეტს ვფიქრობ ხოლმე ახლომყოფებზე, მათ თვალებს მიღმა ვეძებ იმ "რაცხას". ალბათ, იმას, რაც მე დავკარგე ... რის დაბრუნებასაც ეს 2 წელიწადია ვცდილობ. არ მავიწყდება ეს დიალოგი, თავიდან არ ამომდის, მაშინ ტბის პირას ვისხედით:
"-მიყვარს წყალი.
-მეც მიყვარს ცურვა.
-არა, არა, მე წყალი მიყვარს, კიდევ მის გარშემო მწვანე ფერი.
-ეგ ჰო, მაგრამ მე დიდი სიამოვნებით ვიცურავებდი.
(მოვიღუშე). -შენ არა?
- ცურვა მეც მიყვარს, მაგრამ ეს სულ სხვაა, არ შევიდოდი ამ წყალში, ლამაზია. (უცებ წამოხტა).
-ჰო შენი პრობლემა სწორედ ეგაა, შენ ყველაფერი ყურებით გიყვარს, მათ შორის ადამიანებიც, აი, მე თუ მიყვარს შიგ ვიცურავებ კიდეც.
- ჰო მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი ცურვით არ დავაბინძურებდი. (უცებ გაგულისდა)
-გინდა თქვა, რომ, თუ გაკოცებ დაბინძურდები? " ...
არ ვიცი, რომლის ნათქვამში უფრო იყო ჭეშმარიტება, ან საერთოდ იყო თუ არა, ის კია სულ მახსენდება, ეს დიალოგი რჩება.
"თუ მიყვარს ვცურაობ კიდეც"...
რამდენი წელია ამ ხეებს ვუყურებ, ლამაზი ფოთლები აქვს ბუშმალას, რამდენჯერ ვინატრე, ეს ადგილი რომ სუფთა იყოს თქო ... რა მოულოდნელად ხდება არა ოცნებები? გაგეცინებათ, რა დიდი ოცნება ეს არისო, ჰო, წელს სწორედ ასე გამოიყურება ეს ადგილი, წლების წინ რომ წარმოვიდგინე ამ ხეებში გაბმული ჰამაკით. მერე რა, რომ მოხუცდნენ ხეები... არ იდარდოთ, სარეველა ბალახისგან რომ გაგწმინდეს ახალგაზრდებივით გამოიყურებით, მე ასეთებიც მიყვარხართ...

ჰამაკი ...
ხეებს გავსცქეროდი ხმამაღლა რომ წამომცდა: -"ჰამაკი." თითქოს ფიქრს მიმიხვდა, დედამ მითხრა, ძველ ოთახში უნდა იყოს, თუ ივარგებსო ...
ჰო და კიდეც ვიპოვე. ბევრი არ მიწვალია, ცოტა ხანში ჩემი წარმოდგენა რეალურ ფოტოდ აღიბეჭდა ჩემ თვალწინ. ვერ გეტყვით შეგრძნებებს, მეორედ დავიბადე, ის პატარა გოგო გავხდი, ხშირად რომ ესიზმრებოდა ეს ადგილი ჰამაკით ... ჩავჯექი და ვუყურებდი იქედან ჰორიზონტზე მიწურულ მზეს, ნიავზე მოცეკვავე ფოთლებს ...

***
აღარ ისხავ, ნაყოფი არ გაქვს რაცხა ძველებური აგერ 3 წელია. ერთად დავბერდით... რაია, გიჭირს უკვე? ჰო, მეც ქე ვარ მასე, ყურება შემიძლია მხოლოდ სახლიდან. ვერ მივალ შორს, რომ წევიქცე? აქიდან გიყურებ, მარა მაინც მიყვარხარ, მაი იცოდე, რავა, გგონია დამავიწყდა ბაღნობაში რომ დავრბოდი აქანე? არ დეიჯერო, არ შემიძლია თვარა, სიყვარულს რა გამინელებდა. ასეთი სიყვარულიც არსებობს, ამათ არ ესმით ჯერე, ახალგაზრდები არიან, სისხლი უდუღთ, ყველაფერს უნდათ წეეპოტინონ, ჰგონიათ მათი ნაწილი გახდებიან. არაა მაი სწორი, დალოცვილმა ღმერთა რომ დააწესა, - ასთე უნდა იყოს; ბუნებაა, კაცი ვერ აღუდგება წინ ბუნების ძალას; გწამდეს, გიყვარდეს, პატივი ეცი მაგფერ სხვანაირობას; შენ შენ რომ ხარ, სხვაიც ხომ არაა მაგფერი, თუ გიყვაარს? -მასეთი გიყვარდეს, თვარა ნუ დაცდი ხელს, იყვავილოს იმან უნდა; არ ესმით არაა, არც უნდათ გეიგონ, მარა არც გეემტყუნებათ, გავა ხანი, ე ჩვენამდე რო მოვლენ მაშინ გეიგებენ... წვალობ ხომ? ჩემსავით წვალობ, ეჰ, ნეტა იყოს ვინმე, რომ მოსპოს აი წვალება, ქე დევისვენებდი, მარა აგენი ამბობენ, რომ გიყვარს, კაცი რავა უნდა გეიმეტოო, გგონია ვერ ვხვდები რო არ ვჭირივარ არა კაცს? მესმის მე შენი, შენც დარდობ ხომ უსარგებლობას, ლოდინით დეიღლებოდი, დაგეხმარები, შენც დემეხმარე ...

***
- რა სასაცილოა ადამიანი, გეგონებოდა ცაზე ვარსკვლავი მომეწყვიტოს, ისე კმაყოფილი ვიყავი, ღიმილით ჩამეძინა დახეული ჰამაკის შემხედვარეს, სიზმარი კი ვნახე უცნაური, თითქოს ბიძაჩემი ჩამჯდარიყო იმ ჰამაკში, ვუყურებდი და ვიღიმოდი, მასაც როგორ ნდომებია თქო...
გრუხუნმა გამაღვიძა, გვიანი იყო და ისევ შევიბრუნე ძილი ...
დილით ჩვეულ საქმეს დავუბრუნდით ყველანი. ღუმელს ვუჩხიკინებდი, ხმაური რომ შემომესმა, გარეთ გავედი და ... იდგა ბიძაჩემი ფერდობის თავზე მამასთან ერთად, მეზობლის ბიჭი მოუყვანიათ და ხერხავდნენ... ბურთი მომაწვა ყელში ... ვხედავდი, მაგრამ მაინც, ვიკითხე:
"-რას ჭრით?"
- აი ბუშმალები უსარგებლოა, ტყულა იკავებს ადგილს, არც ისხავს, არ გჭირიათ თქვენ მაგი. (მიპასუხა ბიძაჩემმა)
-ჩრდილს იკავებს; ლამაზია.
-უსარგებლოა.
-ლამაზია ... არ მოჭრათ...(ძლივს ამოვილუღლულე რომ პატარა ბავშვივით ცრემლი წამსკდა და შიგნით შემოვედი.)
გავიგონე წაქცევის ხმა, ორჯერ. ორჯერ წამერთვა ძალა...
შუბლზე დამადო დედამ ხელი, წადი სიცხე გაიზომეო მითხრა.
ვერაფერი ვუთხარი, თავში მხოლოდ ეს მიტრიალებდა: "შენ ყველაფერი ყურებით გიყვარს;"
"ცურვით არ დავაბინძურებდი"...

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 891 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პროზა, beberi dzvlebi, novela, ბებერი ძვლები, ნათია მალაზონია, ლიტერატურა, ნოველა, natia malazonia, literatura, ProZa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...