გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » იანვარი » 19 » დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ / dghes natlisghebaa - ra unda icodes martlmadidebelma na
1:53 PM
დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ / dghes natlisghebaa - ra unda icodes martlmadidebelma na






ბეჭედი სულისა წმიდისა
წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო. იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნათლისღების საიდუმლო წარხოცავს პირველქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც - "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები. საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს - იქნებ სწორედ მისდამი სერიოზული დამოკიდებულების გამო - უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდებათ.

ნათლისღების საიდუმლოს ასპექტებზე გვესაუბრება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) წინამძღვარი დეკანოზი დავითი (შარაშენიძე).

- ნათლისღებით წარიხოცება ადამისა და ევასაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ჩვენი პირველყოფილი ცოდვა. ეკლესია მიიჩნევს, რომ სწორედ ნათლობაა ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება დაამყაროს კავშირი ეკლესიასთან, ხოლო ეკლესია ის საშუალებაა, რომლითაც ადამიანმა შეიძლება სული იცხოვნოს. ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს, ხოლო ეკლესიასთან კავშირის ერთადერთი გზაა ნათლობა.

- როდიდან იღებს დასაბამს ნათლისღება?

- ნათლობა დასაბამს იღებს იმ დროიდან, როდესაც იორდანეს უდაბნოში იოანე ნათლისმცემელი იქ მყოფ იუდეველებს ნათელს სცემდა სინანულის ნათლისღებით. მაგრამ ეს არ იყო ის ნათლისღება, რომელიც პირველი ქრისტიანების ეკლესიის დროიდან დაარსდა, მანამდე ნათლისღებას მხოლოდ და მხოლოდ განსაწმენდი მნიშვნელობა ჰქონდა და არა მაცხოვნებელი დატვირთვა. როგორც სახარებაში ვკითხულობთ, ადამიანები მიდიოდნენ იოანე ნათლისმცემელთან, აუარებდნენ ცოდვებს და მისგან იღებდნენ ნათელს.

- იოანე ნათლისმცემელი შეყოვნდა, ვიდრე უფალს ნათელს სცემდა. ვიცით, რომ განხორციელებულმა უფალმა სრულად მიიღო ადამიანური ბუნება, გარდა ცოდვისა. მაშ, რიღასთვის იყო საჭირო მისი ნათლისღება?

- უფლის ნათლისღებაში მრავალი საღვთისმეტყველო აზრი დევს: უფალმა მიიღო სინანულის ნათლისღება, რაც არანაირად არ იყო საჭირო, რადგანაც იგი უცოდველი გახლდათ. თავისი ქცევით იესომ მოგვცა მაგალითი, რომ აუცილებელია, ყველა მოკვდავმა გაიაროს ეს გზა, რომ ადამიანი ვალდებულია, ნათელიღოს. ამის დასტურად გავიხსენოთ საუბარი ნიკოდიმოსთან - უფალი ბრძანებს, თუ ადამიანი მეორედ არ იშვება სულითა და წყლით, ღვთის სასუფეველში ვერ დამკვიდრდებაო. ნათლისღება არის ერთადერთი გზა, რითაც ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, ღვთის სასუფეველი დაიმკვიდროს.

- მაგრამ "სულითა და წყლით" ყოველთვის არ ხერხდება, ხომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანს ქვიშით ნათლავდნენ?

- ასეთი რამ გამონაკლისის სახით თუ მომხდარა, არ დაკანონებულა. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანები სისხლით მონათლულან - მოწამებრივი სისხლით. მანამდე ისინი არ იყვნენ წყლით ნათელღებულნი, მაგრამ ქრისტეს სახელით მოწამებრივად აღსრულებულან, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. თუმცა არ იქნება სწორი, ეს განვაზოგადოთ და წესად მივიჩნიოთ.

- ეკლესიური ტრადიციით, ბავშვებს, უმეტესად, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ნათლავენ. რას უკავშირდება ეს ტრადიცია?

- სხვათა შორის, პირველ ეკლესიაში ადამიანები უფრო გვიან ინათლებოდნენ, ხოლო ჩვილების ნათლისღების დამკვიდრება კართაგენის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა: რადგანაც ყველა ბავშვი მატარებელია პირველყოფილი ცოდვისა, ხოლო პირველყოფილი ცოდვით შეუძლებელია ცხონება და მის წარსახოცად აუცილებელია ნათლისღება, სავალდებულო გახდა ჩვილების ნათლობა.

- ზოგიერთის მოსაზრებით, მცირეწლოვანის მონათვლა, რაც, ფაქტობრივად, მისი ნება-სურვილის გათვალისწინების გარეშე ხდება, პიროვნების თავისუფალი ნების შელახვაა.

- ასეთი დამოკიდებულება არ არის მართებული. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ ჩვილი იმ სარწმუნოებით ინათლება, რომელიც მის მშობლებს აქვთ. ჯერჯერობით მას არა აქვს არჩევანის გამოხატვის საშუალება. როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის ახალი ტრადიცია და უძველესი ეკლესიის დროიდან მოდის. ძალიან გამიჭირდება თქმა, რომ ძველმა მამებმა არ იცოდნენ სწავლება ადამიანის თავისუფალი ნების შესახებ.

სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, ბავშვობაში მონათლულებს შემდეგ უარი უთქვამთ ამ გზაზე და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ სხვა გზით განვითარებულან.

- რით განსხვავდება ჩვილისა და მოზრდილი ადამიანის ნათლობა?

- ძველ დროში მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული ასაკოვანი ადამიანის ნათლობა გამორიცხული იყო, მაშინ ყველა ბავშვი ჩვილობაში ინათლებოდა. იმ ავადსახსენებელ დროს, როდესაც ეკლესიაში აკრძალული იყო მსახურება და ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება, აშკარად ეღიარებინათ რელიგიური მრწამსი, უამრავი რჩებოდა მოუნათლავი. დღეს ძალიან ბევრი ზრდასრული მოდის მოსანათლად. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გარკვეული კატეხიზაცია, მომზადება, რათა მან იცოდეს მართლმადიდებლობის საფუძველი, რატომაა საჭირო ნათლობა, რას ნიშნავს იგი და რას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია.

- იმ ავადსახსენებელ წლებგამოვლილთაგან ზოგმა არ იცის, მონათლულია თუ არა. რა უნდა გაკეთდეს, როდესაც ეს საკითხი გაურკვეველია?

- ამ დროს ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებით. თუ არსებობს ეჭვი, რომ არ არის მონათლული, უნდა მივიდეს ადგილობრივ ეპისკოპოსთან, ჩვენს შემთხვევაში - ქორეპისკოპოსთან, და მისგან აიღოს კურთხევა. ამის შემდეგ, წყლით ნათლობის დროს, ითქმება ფორმულა - ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი), უკეთუ არ იყო ნათელღებული. ხოლო შემდეგ ნათლობა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

- რატომ არ შეიძლება მეორედ ნათლობა?

- ეკლესიის მიერ დადგენილია, რომ ნათლისღება ადამიანზე მხოლოდ ერთხელ აღესრულება, ეს არის ბეჭედი სულისა წმიდისა, ბეჭედი მორწმუნე ადამიანზე, რომელიც მას ერთხელ მიენიჭება.

- გავრცელებულია აზრი, რომ ნათლობაზე დედის დასწრება არ შეიძლება. ხომ ვერ გვეტყვით, რას უკავშირდება ეს ნათქვამი?

- ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ადრე ჩვილს 40 დღემდე ნათლავდნენ და დედა, ბუნებრივია, იყო ე.წ განწმენდის პერიოდში (ამ დროს მას ტაძარში შესვლა არ შეუძლია), ამიტომ ვერ დაესწრებოდა ნათლობას. ხოლო 40 დღის შემდეგ, როდესაც მას განწმენდის ლოცვები წაეკითხება, არანაირი თეოლოგიური საფუძველი არ არსებობს, რომ არ დაესწროს ამ საიდუმლოს.

- ზოგჯერ ბავშვს 6-7 ადამიანს ანათვლინებენ. რამდენად სწორია ეს? ეკლესიის ტრადიციით, რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?

- ძველი ტრადიციით, ბავშვს ჰყავდა ერთი ნათლია და თანაც თავისივე სქესისა - ბიჭის ნათლია მამაკაცი იყო, გოგონასი - ქალი. ეს ბევრ მომენტთან იყო დაკავშირებული - ადრე ნათლობა სრული შთაფვლით აღესრულებოდა და შესაძლებელი იყო, ბევრი უხერხულობა შექმნილიყო. ეს უძველესი ტრადიცია ბევრ ეკლესიაში წესად შემორჩა, ჩვენს ეკლესიაში კი ეს წესი არ მოქმედებს.

- მაინც რამდენად გამართლებულია ბევრი ნათლია?

- ამ "წესს" ძირითადად ეკლესიისაგან, ცოტა არ იყოს, შორს მყოფნი მისდევენ და ნათლიის ინსტიტუტის შესახებ არანაირი წარმოდგენა არ აქვთ. მინახავს ადამიანები, რომლებსაც 5-6 ნათლია ჰყავთ, მაგრამ მათგან ეკლესიური არც ერთი არ არის, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის მათი მთავარი მოვალეობის შესრულებას - დაეხმარონ ნათლულს რელიგიური ცხოვრების მოწესრიგებაში. სამწუხაროდ, ხშირად ნათლია არასწორი კრიტერიუმებით ირჩევა - კარგი სოციალური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობა და სხვა.

- რა მოვალეობები ეკისრება ნათლიას ახალმოქცეულის წინაშე, როგორი უნდა იყოს კარგი ნათლია?

- სასურველია, ნათლიად ისეთი ადამიანი ავირჩიოთ, ვინც ნათლულს მასწავლებლობას გაუწევს, მისი მეგზური იქნება სულიერ ცხოვრებაში. ამისათვის ნათლიას თავად უნდა ჰქონდეს ეს გზა გავლილი. ვისაც წარმოდგენა არა აქვს ამის შესახებ, ხოლო ჩვენ კი ვავალებთ, სულიერი მეურვეობა, მფარველობა გაუწიოს ბავშვს, ცხადია, ვერ შეასრულებს.

- შეიძლება თუ არა ნათლიად ბავშვის არჩევა? ისეთი შემთხვევაც ყოფილა, ბავშვი მოუნათლავი ადამიანისთვის მოუნათვლინებიათ...

- ამ შემთხვევაში არამართლმადიდებელი ნათლიად არ ჩაითვლება, ნათლია იმ ადამიანს ნიშნავს, ვინც მონათლულია და სრულიად გააზრებული აქვს ეკლესიური ცხოვრება, ვინც ეკლესიური ცნობიერების მატარებელია. ბავშვის შემთხვევაშიც არსებობს ასაკობრივი ცენზი - 9-10 წელია ის ასაკი, რომლის ზევითაც შეიძლება იგი ნათლიად ავირჩიოთ.

- ამბობენ ხოლმე, თუ პიროვნება 7 (ზოგჯერ 12, 24-საც კი) ადამიანს მონათლავს, იგი სასუფეველში მოხვდებაო. საიდან წარმოიშვა ეს აზრი, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე ჭეშმარიტი წინაპირობა, რამაც სახეცვლილება განიცადა?

- ეს მართლმადიდებლობის მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. პირიქით, ეს შეიძლება ადამიანისთვის დამამძიმებელი გახდეს, თუ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას.

- რა კავშირით კრავს ნათელ-მირონობა ოჯახებს, რამდენად დასაშვებია დამოყვრება, როდესაც ოჯახები ნათელ-მირონით არიან დანათესავებულნი?

- ამის სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, ყველა ადგილობრივ ეკლესიაში არ არის ერთგვაროვანი აზრი. ჩვენთან მირონით დამყარებულ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ამბობენ, ეს კავშირი რამდენიმე - 7-9 თაობას გადაეცემა. არის გარკვეული შეზღუდვები, ქორწინება არ შეიძლება პირდაპირი ხაზით - ნათლია-ნათლულისა და მათი შთამომავლებისა, ასევე არ შეიძლება შეუღლება, თუ ქალს და ვაჟს ერთი ბავშვი ჰყავთ მონათლული. რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, არსებობს სპეციალური სქემები, რომლებშიც მითითებულია ქორწინებაში შესვლის შეზღუდვები. რატომღაც, საერო ტრადიციით, ქორწინებაში შესვლისას მირონით დანათესავებულები უფრო მეტად იზღუდავენ თავს, ვიდრე ამას ეკლესია აკეთებს. მაგალითად, ეკლესიის მხრიდან დასაშვებია ქორწინება გამავალი ხაზით, ვთქვათ, ნათლიის შვილისა ნათლულის დედმამიშვილზე.

- როდესაც ახალშობილის სიცოცხლე დიდი საფრთხის წინაშე დგას ან თუნდაც მოზრდილი ადამიანი კვდება მოუნათლავი, მიმართავენ "ნათლობის ფორმულას", რაც, ალბათ, ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. იქნებ შეგვახსენოთ ეს ფორმულა. აქვს თუ არა მისი ჩატარების უფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში?

- ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, მთავარია, მონათლული იყოს, შეუძლია ნათლობის შესრულება. ფორმულა მარტივია: ნათელს იღებს მონა (ან მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ - ერთხელ დაესხმება წყალი - და ძისათა, ამინ - მეორედ დაესხმება წყალი - და სულისა წმიდისათა, ამინ - მესამედაც ესხურება წყალი - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. სასურველია, ეს შესრულდეს ნაკურთხი წყლით, თუ არ არის, ნებისმიერი წყლის გამოყენება შეიძლება. ასევე სასურველია ნათლობის ფორმულა მამაკაცის მიერ ჩატარდეს, თუმცა, გამოუვალ სიტუაციაში დასაშვებია, ქალმაც შეასრულოს.

ძალიან ხშირად ამ ნათლობის შემდეგ ხდება საოცრება და ბავშვი გამოდის კრიტიკული მდგომარეობიდან. ასეთ შემთხვევაში ნათლობა მღვდლის მიერ ზეთისცხებითა და მირონცხებით უნდა დასრულდეს. ხოლო თუ იგი გარდაიცვლება, მონათლულად ითვლება.

- არის თუ არა ნათლობის ჯვარი სხვა ჯვრებზე აღმატებული?

- ყველა ნაკურთხ ჯვარს თავისი ძალა აქვს, ნათლობის ჯვრის აღმატებულობაზე ძალიან გამიჭირდება რაიმეს თქმა, მაგრამ მას, ისევე როგორც სხვა ჯვარს, გაფრთხილება სჭირდება.

- ადამიანები ძალიან მტკივნეულად განიცდიან მის დაკარგვას. რა უნდა ქნან ამ შემთხვევაში?

- მისი დაკარგვა ტრაგედია ნამდვილად არ არის. შესაძლებელია ადამიანი ნათლობის ჯვარს ინახავდეს და სხვა ჯვარს ატარებდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მადლის მხრივ სხვაობა ნათლობისა და სხვა ჯვარს შორის არ არის.

- ხშირად გაურკვევლობა იქმნება ნათლობის ატრიბუტებთან დაკავშირებით, დავის საგანი ხდება შესამშრალებელი ნაჭრის ფერი. აუცილებელია თუ არა, იგი თეთრი იყოს?

- ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სითეთრე არის სისპეტაკის, უცოდველობის სიმბოლო. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ მასთან (ქრისტესთან) ერთად შთავიფლებით წყალში და ხდება ცოდვათა წარხოცვა. ბუნებრივია, წყლიდან ამოსული ადამიანი უცოდველობას განასახიერებს. და მართლაც, მას ყველა ცოდვა მიეტევება. თეთრი ფერის პირსახოცი თუ მიტკალი, რასაც უფრო ხშირად ხმარობენ, სწორედ ადამიანის უცოდველი მდგომარეობის სიმბოლოა.

- როგორც გამიგია, ძველად, როდესაც ადამიანი გარდაიცვლებოდა, ნათლობის ნაჭერს სუდარად ხმარობდნენ.

- იყო ასეთი ტრადიცია. ამ ნაჭერს ქორწინების დროსაც იყენებდნენ. ჯვრისწერის საიდუმლოში ეს ტრადიცია დღეს აღარ არსებობს.

- როგორ უნდა მოექცეს ადამიანი ნათლობის ნაჭერს და ნათლობის სხვა ნივთებს, როდის უნდა დავანთოთ ნათლობის სანთელი?

- ეს ნაჭერი სიწმინდესთანაა შეხებაში, შეიძლება მასზე მირონიც მოხვდეს და, ბუნებრივია, ცალკე უნდა შევინახოთ, მისი გამოყენება ყოფითი საჭიროებისთვის არ შეიძლება.

სანთელთან დაკავშირებით არანაირი წესი არ არსებობს, შეიძლება იქვეც დაენთოს ან შინ.

- ზოგჯერ მოკვეცილ თმასაც შინ ატანენ. როგორ უნდა მოვექცეთ მას და რას ნიშნავს თმის მოკვეცა ნათლობისას?

- ადრე მონებს თმას კვეცდნენ, რითაც ისინი მორჩილებას უცხადებდნენ თავიანთ ბატონს. ნათლობის დროს თმის მოკვეცა არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ნებით ვდებთ აღთქმას ღვთის მორჩილებაზე. მოკვეცილი თმის შენახვა აუცილებელი არ არის, თუმცა ზოგს აქვს ამის სურვილი.

- ბრძანეთ, ნათლობის მადლით არაერთი ადამიანი გამოსულა კრიტიკული მდგომარეობიდანო; ისიც ცნობილია, რომ ნათლობისას, რაც არ უნდა ციოდეს ან ცივ წყალში ხდებოდეს მონათვლა, არავინ ცივდება, პირიქით, ნათლობის შემდეგ ბევრი სასწაულებრივად განკურნებულა კიდეც. ხომ არ გაიხსენებდით მსგავს შემთხვევებს?

- ასეთი უამრავი ყოფილა და უფრო ჩვილებს უკავშირდება. ძირითადად ეს რეანიმაციაში ხდება ხოლმე. ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში ჯერ არ მქონია შემთხვევა, ნათლობას რაიმე გართულება მოჰყოლოდეს ან მდგომარეობა დამძიმებულიყოს. ერთი ახალშობილი, თანდაყოლილი სეფსისის გამო, ფაქტობრივად უიმედო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ნათლობის შემდეგ ბავშვი მობრუნდა და გადარჩა. ხშირად ექიმები სკეპტიკურად უყურებენ ბავშვის მონათვლას რეანიმაციაში, მაგრამ ბევრი რეანიმატოლოგი უშუალო მომსწრე გამხდარა სასწაულისა და დამოკიდებულება შეუცვლია.

- ხშირად ნათლობისაგან თავს მატერიალური შეჭირვების მიზეზით იკავებენ, თვლიან, რომ ნათლობა აუცილებლად დიდი სუფრით უნდა აღინიშნოს.

- ასეთი ადამიანები დიდი საფრთხეში ქვეშ აგდებენ შვილებს, როდესაც ამ უაზრო მიზეზით აბრკოლებენ ნათლობას. სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობლებს, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში აჭიანურებდნენ ნათლობას, შვილები დაჰკარგვიათ და ეს უმძიმესი ტვირთი ყოფილა მათ ცხოვრებაში. მოუნათლავად აღსრულებულ ბავშვებზე ეკლესიური წესები არ სრულდება.

- დავის საგანი ხდება ხოლმე შესაწირიც, ამბობენ, ზოგიერთ ტაძარში მას იძულების სახე აქვსო. როგორ უნდა ხდებოდეს შეწირვა აღსრულებული საიდუმლოსათვის და რამდენად აუცილებელია შესაწირი?

- გამიჭირდება ამის თქმა, რადგანაც ტაძარში, სადაც მე ვმსახურობ, ასეთი რამ არ ხდება. ყველა მსახური ღირსია თავისი სასყიდლისა. სასულიერო პირებს, იმის გარდა, რაც წესების შესრულებიდან შემოსდით, სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ. თვითონ სასულიერო პირებს მოთხოვნის არანაირი უფლება არ აქვთ, მაგრამ მორწმუნე ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ, როგორც მას სუფრის გაშლა მიაჩნია სწორად, ასევე საჭიროა შესაწირი გაიღოს მსახურებისა. თუმცა ეს უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანის სურვილისა და საშუალების მიხედვით.

- ერთ-ერთი ხილული სასწაული, რაც დღემდე აღესრულება, ნაკურთხი წყლის უხრწნელობაა. ნათლისღების დღესასწულზე ხდება წყალკურთხევა. ამბობენ, ამ დროს ჩვეულებრივი წყალიც კი იძენს ამ თვისებას, რომ ავიღოთ, ისიც უხრწნელი დარჩებაო. რამდენად აღიარებულია ეს ეკლესიის მხრიდან?

- ეს სრულიად აღიარებულია, რადგანაც ამის დადასტურება არანაირ სირთულესთან არ არის დაკავშირებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 19 იანვარს, ძველი სტილით 6 იანვარს, აიღოს ჩვეულებრივი წყალი, შეინახოს და ნახოს. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებს უხრწნელობას.

- და რატომ ხდება ასე?

- უფლის იორდანეში შესვლით მოხდა წყლების გაწმენდა, რაც არა მხოლოდ იორდანეს წყალს შეეხო, არამედ სამყაროს მთელ წყლებს.

- ზოგჯერ წყალს თუნდაც ერთი წვეთი ნაკურთხი წყლის დასხმით ამრავლებენ. აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა, რა "კონცენტრაციის" იქნება იგი?

- ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს - ამ წყლის გამრავლება შესაძლებელია, მაგრამ არის შეხედულებაც, რომ დიდი აიაზმის წყალი მცირე აიაზმას უნდა ჩაემატოს.

- ამბობენ, ნაკურთხწყლიან ჭურჭელში არ შეიძლება ჩვეულებრივი წყლის ჩამატება ონკანიდან - მისი მადლი გადაეცემაო.

- მადლის რაოდენობასა და გადაცემაზე ძნელია საუბარი, მაგრამ მისაღებია, რომ წყალი დაემატოს ნაკურთხ წყალს.

- მამაო, კიდევ რაიმეს ხომ არ გვეტყოდით ნათლისღების საიდუმლოს შესახებ?

- დავამატებ, რომ ნათლობას მეორედ შობა ეწოდება, რადგანაც ამ დროს ხდება წარხოცვა ცოდვებისა. ნათლისღების დროს ხდება სულიწმინდის მადლის მინიჭება ადამიანზე და, სამწუხაროდ, იმის ნაცვლად რომ ადამიანმა ეს დიდი მადლი, ძალა, ენერგია სწორად გამოიყენოს, ხშირად პირიქით ხდება - შეურაცხყოფს ამ სიწმინდეს თავისი უწესო ცხოვრებით. და როგორც მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებითად იშვება ადამიანი და მეორე - სულიერად. ასევე ორ სიკვდილზეც საუბრობენ. სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ხდება ადამიანის სულისა და ხორცის გაყრა.

- როგორ შევინარჩუნოთ ნათლისღების მადლი?

- ამ მადლის შენარჩუნება ხდება სწორედ ეკლესიის წიაღში ყოფნით, მარხვით, ლოცვით, მოღვაწეობით, აღსარების თქმით, ქრისტეს მცნებების დამარხვით და ეკლესიური ცხოვრებით.

უმთავრესი მიზეზი მადლის განშორებისა არის უნანელი ცოდვა. მართალია, უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ზოგი განიცდის ამ ცოდვას და ცდილობს მისგან გათავისუფლებას, ზოგიც ეგუება ცოდვას და სწორედ ისინი განეშორებიან ნათლისღების მადლს. ღმერთმა დაგვიფაროს ამისაგან.

- დაგვლოცეთ, მამაო.

- ღმერთმა დაგლოცოთ, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ.

ესაუბრა მარი აშუღაშვილი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 983 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: natlisgeba, ნათლისღება, tsminda ioane natlismcemeli, ieso qriste, ioane natlismcemeli, წმინდა იოანე ნათლისმცე, natlisgheba, wminda ioane natlismcemeli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...