გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 1 » ნათია მალაზონია - სანთელი / natia malazonia - santeli
0:15 AM
ნათია მალაზონია - სანთელი / natia malazonia - santeli






არასოდეს ყოფილა სანთელი ჩემთვის, მხოლოდ სანთელი. იგი ყოველთვის მეტია, ვიდრე სანთელი.
ხანდახან ვფიქრობ, - სანთელი, რომელსაც ეკლესიაში დასანთებად ვყიდულობთ, ჩვენი სულის ნაწილია. ჩვენ ვანთებთ მას და იწვის ...
არა, სანთელი კი არა,
-ჩვენ ვიწვით;
ჩვენი ტანჯვა, ჩვენი ტკივილი, ჩვენი სევდა, ჩვენი დარდი იწვის;
ჩვენი ცოდვები იწვის;
სინანული იწვის ... ეს ისეთი მტკივნეული და ამავე დროს ისეთი მშვენიერია; სევდა ალამაზებს მას.
სანთლის ნაღვენთი ჩვენი სულის ცრემლია; წვისას ეს ცრემლიც იწვება და მას ახალი ნამწვის ტკივილიანი ნაღვენთი იკავებს.
თითო ანთებული სანთელი თითო დარდია,
თითო ვედრება,
თითო მონანიება...

ანთებულ სანთელს ქვიშაში ვამაგრებ ხოლმე, არ მიყვარს ლითონის პატარა ნაჭდევში ჩამაგრება; - არ მაქვს ამის “ამბიცია”; ვფიქრობ, ქვიშაში ჩამაგრებულ სანთელს მეტი სივრცე აქვს სუნთქვისთვის და ეს უბრალოება მეტად უსვამს ხაზს მის მშვენიერებას ...

ვხედავ ხოლმე ქვიშაში განლაგებულ სანთლის ნამწვებს, ერთ დროს მშვენიერნი რომ აქ განისვენებენ. მეორე დღეს, გადასწორებულ ქვიშაზე ახალ დარდს ვანთებ დასაწვავად.
- მესანთლეს სხვების ძველი დარდები ამოუღია და ქვიშა გადაუსწორებია;
- იმ დროს მესანთლე ღმერთი მგონია, რომელმაც ისმინა ყველა ჩვენი ვედრება და შეგვინდო; კვლავ სუფთა ქვიშა დაგვახვედრა, ისევ მოგისმენთ, ისევ მივიღებ და გავიზიარებ თქვენს დარდს, თქვენს მხურვალე ლოცვასო...
ვუყურებ ჩემი სულის ცრემლებს სანთელზე, ისინი ქრებიან და ახლები სდით კვლავ, არ სრულდებიან ...
როდესაც ქვიშის თავზე შემორჩება ხოლმე პატარა სინათლე, სიმშვიდეს ჰპოვებს სულის ნაწილი, რომელიც ამ სანთელში ჩავაქსოვეთ, - აღარ იცრემლება. შემდეგ იგი გარდაიცვლება და სინათლის გაქრობისას მისგან ალი ამოდის, ეს სურნელი, რომელსაც თეთრი ფერი აქვს, ეკლესიის გუმბათამდე აღწევს ...
-თითქოს ვხედავდეთ, როგორ ტოვებს სული სანთლის სხეულს და ნიშნად დარდისა, ქვიშაში მისი სხეული შენდობამდე რჩება, თეთრი ალი კი უჩინარდება ...
ალბათ, ცხოვრებაც ამიტომაა მშვენიერი, რომ ჩვენც, დედამიწაზე სევდით ვიწვით; გადასწორებულ ქვიშაზე ანთებული სანთლებივით ვართ ადამიანები ცოდვილ მიწაზე, ჩვენი გარდაცვალებისას რაღაც ან ვიღაც, მესანთლესავით გადაასწორებს მიწას, სხვათა ცოდვების, სინანულის მისაღებად და მას ჩვენ დროს ვუწოდებთ;
- მე კი, ის, ღმერთი მგონია.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1121 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პროზა, ნათია მალაზონია, ლიტერატურა, მოთხრობა, santeli, motxroba, სანთელი, natia malazonia, motkhroba, ProZa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...