გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 9 » მოთხრობა, რომელიც საქართველოში არ დაბეჭდეს, მალე გერმანიაში გამოიცემა გერმანულ ენაზე -"ღმერთის სიტყვა"
1:29 AM
მოთხრობა, რომელიც საქართველოში არ დაბეჭდეს, მალე გერმანიაში გამოიცემა გერმანულ ენაზე -"ღმერთის სიტყვა"






ღმერთის სიტყვა
ნუ მისცემთ კეისარს კეისრისას და ნურც ღმერთს ღმერთისას - თუკი სისხლს გთხოვთ ის!
ერთ ქუჩაზე გავჩერდი. აქ, ამ ადგილას, ადრე უდაბნო იყოო, მიყვება ჭაღარა, ხმელი მოხუცი. მოხუცს სახე მზით აქვს დამწვარი, თავზე ჩალმა ახურავს, წვერი ტუჩებთან ჩაყვითლებული აქვს თამბაქოსა და ჰაშიშის წევისგან. მთელი მისი ნაამბობიც ჰაშიშივით ზღაპრული და შთამბეჭდავია. ან შეიძლება, მე მეჩვენება ასე, რადგანაც ერთად მოვწიეთ ცოტა ხნის წინ. მიყვება, ამ ადგილას უდაბნო იყოო ადრე. ამ უდაბნოში სასწაულმოქმედი ქვა იდგა. ქვა კი არა - ლოდი. არ ვიცით, რომელიმე დამპყრობელმა მოიტანაო აქ თუ თავად სამყაროს გაჩენიდან იდო. და მოდიოდა ხალხი სამკურნალოდ, სალოცავად. ევედრებოდნენ ამ ქვას გასჩენოდათ შვილები, განკურნებულიყვნენ წყლულებისგან... ყველანაირი სათხოვრის შესრულება შეეძლო ქვას, ოღონდ შენ ნამდვილად უნდა დაგეჯერებინა, რომ მას ეს შეეძლო.
მოხუცმა მრავლისმნახველი, ჰაშიშით ამღვრეული თვალები მოჭუტა და მკითხა: „გჯერა შენ, რომ ნამდვილად შეეძლო იმ ქვას ადამიანების განკურნება? ან ის თუ გჯერა, რომ ქვას შეეძლო ადამიანებისთვის შვილი გაეჩინა?!“
-ამას ქვა კი არა, რწმენა აკეთებდა. შენ თავად თქვი, ოღონდ ნამდვილად უნდა დაგეჯერებინა, რომ ქვას ეს შეეძლო და მაშინ ნებისმიერი სურვილს აასრულებდაო! ასეთი „ქვები“ დღემდე არსებობს და ამას ჩვენს ენაზე რწმენა ჰქვია. „რწმენით მთებსაც კი გადადგამო“ - ამბობენ ჩვენთან. რწმენაა ის, რაც ადამიანებს შვილებს აჩენინებს, ოჯახს აქმნევინებს, ყველანაირ განსაცდელს აძლევინებს და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს! რწმენა სანაცვლოდ მხოლოდ რწმენას მოითხოვს! თუკი რწმენა სანაცვლოდ რაღაცას გთხოვს, არც ისეთი წმინდა ყოფილა მაშინ. ეს ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთისთვის სანაცვლოდ რამის თხოვნა. რწმენა უფასო და უსასყიდლო უნდა იყოს! და თქვენი ქვა თუ ითხოვდა დახმარების სანაცვლოდ რამეს?
მოხუცს ჰაშიშის თრობამაც კი გადაუარა, ისე აღშფოთდა: მე მგონი ბევრი მოგაწევინე და ვეღარ აზროვნებ! უსასყიდლოდ არაფერი ხდება! ქვა, რა თქმა უნდა, არ ითხოვდა არაფერს ადამიანებისგან. განა შეეძლო ქვას მოეთხოვა რამე?! მას ხომ ენა არ აქვს? ეს ადამიანები ითხოვდნენ მისგან დახმარებას და სანაცვლოდ სწირავდნენ ცხოველებს, სურსათს, ოქროს, ფულს. მანამდე ადამიანებიც კი შეუწირავთ! ხო, ასე, ამდგარან და ადამიანების სისხლი შეუწირავთ! ადრე სჯეროდათ, რომ ქვას სისხლი სჭირდებოდა! შემდეგ, ადამიანებს აღარ სწირავდნენ, თუმცა სხვა რელიგიის ადამიანის შეწირვა, ნამდვილად შეიძლებოდა. აი, მაგალითად შენ, ადრე აუცილებლად დაგკლავდნენ და შეგწირავდნენ ქვას ჩემი წინაპრები! - მოხუცთან ისევ მოვიდა ჰაშიშის ძალა და გულიანად გადაიხარხარა (იმის წარმოდგენამ გაახალისა, ალბათ, თუ როგორ მკლავდნენ ღორივით მისი წინაპრები და ქვას მწირავდნენ).
-აი, ხომ ხედავ, აღიარებ, რომ ქვას განა შეეძლოო რამე მოეთხოვა? ეს ადამიანები სწირავდნენ თავად ერთმანეთის სისხლს და ამას ქვას აბრალებდნენ! ხვდები? მაშინ რა საჭიროა ქვა, რომელსაც ერთმანეთის სისხლი უნდა შევწიროთ?! ეს ადამიანები, ისევ ადამიანები ვითხოვთ ერთმანეთის სისხლს და ამას ხან - ქვას, ხან ღმერთს ვაბრალებთ! არცერთი ღმერთი არ გვთხოვს სინამდვილეში სისხლს! ეს ჩვენ, ჩვენ არ შეგვიძლია უსისხლოდ ცხოვრება! ჩვენ მოვაწყვეთ ჯვაროსნული ომები, თუმცა არც თქვენ იყავით ანგელოზები! ჩვენ ვხოცავდით ბავშვებს, ვწვავდით ადამიანებს კოცონზე და ამას ღმერთის სახელით ვაკეთებდით! როდემდე?! ოცდაერთი საუკუნე გვადგას თავზე მოუსყიდავი ჯალათივით, ის გვამხელს ჩვენ მკვლელობაში, სისხლსა და კიდევ უფრო მეტ მკვლელობაში! კიდევ უფრო მეტ სისხლში! ქვას სჭირდებოდა -ესეიგი- სისხლი, რომ ჩვენ ბავშვის გაჩენაში დაგვხმარებოდა ხომ? ამაზე მეტი სისულელე შეიძლება მოიგონოს კაცმა?! და საინტერესოა ისაა, რომ სჯეროდათ და ისევ სჯერათ! აი ასე კლავდნენ ადამიანებს და სისხლს ქვას ასმევდნენ! ახლა, ოცდაერთი საუკუნის სისხლმა, ჰიტლერმა, სტალინმა, კალიგულამ, ჩინგიზ ხანმა, მათმა დაღვრილმა სისხლმა თუ შეცვალა რამე?! აღარ სჯერათ სისხლისმსმელი ქვის?! თუ აღარ კლავენ ერთმანეთს და ამას ღმერთს აღარ აბრალებენ? ან რომელი ღმერთი ვერ გაძღა ამდენი სისხლით?! თუ, ეს ჩვენ, ადამიანები, ვერ გავძეხით სისხლით?! არაფერ შუაშია ქვა, ის თავისთვის დევს!
მოხუცს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ფიქრობსო, იქნებ ფიქრობდა კიდეც ან მისი ხშირი წარბები და დაბლა დაწეული ქუთოთოები ქმნიდა ამის ილუზიას, არ ვიცი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მნახველი იტყოდა, მთელი სამყაროს საფიქრალს ფიქრობსო. - მე მორწმუნე ადამიანი ვარ იცი, თეთრო ბიჭო? „არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მოციქული მისი არს მუჰამედ!“ ამ სიტყვებზე წვერზე წელი ჩამოისვა მოხუცმა. წეღან მე და შენ ერთად მოვწიეთ, ჩემი წინაპარი ამას არ გააკეთებდა. როგორც გითხარი, იქნებ ქვისთვისაც შეეწირა შენი თავი... იქნებ კი არადა, აუცილებლად შესწირავდა, შენ ხომ ქრისტიანი ხარ! მაგრამ აბა შენ ჩემთვის რა დაგიშავებია? ახლა ის ქვა აღარ არსებობს და რომც არსებობდეს, ალბათ, მაინც არ შეგწირავდი, მომეწონა შენი სიტყვა, თეთრო! შენ მოხვედი და მთხოვე, მოსაწევი ხომ არ იცი სად ვიშოვოო? მე და შენ ორივე ადამიანები ვართ, კაცები, მე არ გთვლი შენ ჩემს მტრად, თუმცა ვიცი ბევრი ჩემიანი მტრად ჩაგთვლიდა! არც იმ ჩემიანებისთვის დაგიშავებია რამე, ვიცი. ისინი ხომ თვალითაც არ გინახავს... აღარც იმ ქვის ნაკვალევი ჩანს სადმე... შეხედე ჩვენს ქალაქს! ეტყობა რამე, რომ ამ ადგილას უდაბნო იყო ერთ დროს? იგივე ჩემი წინაპარი მარტო „ქვას“ კი არ სწირავდა შენნაირებს, სხვა ქვებს ებრძოდა და ამ ქვასთან ბრძოლის შედეგია ეს ყველაფერი, რასაც ხედავ! ლამაზია ხომ?
ეს სილამაზეზე მეტია! აღფრთოვანება ვერ დავმალე მე. არ იყო ეს მხოლოდ ჰაშიშის ბრალი (ჰაშიშის მოქმედებისას ხომ შთამბეჭდავად გეჩვენება ყველაფერი. ილუზიაა, მაგრამ ასეა). გარშემო ყველაფერი მართლაც ზღაპრულად ლამაზი იყო. მზიანი ფერები, თანამედროვე ნაკეთობებს შერწყმული ძველი სტილი... ვერ შევედავებოდი, ამ სილამაზის შემქმნელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სისხლისმსმელი ტირანი, რომელიც ადამიანებს ქვას სწირავდა! ლამის ვიფიქრე, იქნებ ასეც იყო მეთქი საჭირო?! იქნებ სწორედ დიდი სისხლისა და ოფლის ფასად შეიქმნა ეს ყველაფერი?! სხვაგვარად შეუძლებელია! „უსასყიდლოდ არაფერი მოდისო“ - მითხრა წეღან მოხუცმა და იქნებ მართლაც ასეა?! ვიცი, ვიცი, რომ უსასყიდლოდ არაფერი მოდის. ვინ იცის ამ სილამაზის მიღმა, რამდენი ადამიანის სისხლი და ოფლია ჩაქცეული? ვინ იცის რამდენი „დიდოსტატის მარჯვენაა“ მოჭრილი?!* რამდენი შორენასა* და უტას* წაწლობა* და მეფე გიორგის* მაინც „ყოვლისშემძლე უმწეობა“ იმალება?! რამდენი „ზურაბია“* ჩატანებული იმ კედლებში, რომლებიც ჩვენ დაგვყურებენ ახლა თავზე? იქნებ „ქვა“, ხანდახან მაინც ითხოვს ადამიანების სისხლს და უპირობოდ, უყოყმანოდ იღებს კიდეც მას?! არ ვიცი, მაგრამ ამაზე ჩავფიქრდი...
ჩავფიქრდი, მაგრამ ამიმხედრდა ჩემი უდანაშაულოდ დასჯილი წინაპრების სისხლი! ამიმხედრდა ჩემივე უდანაშაულოდ დაკარგული წლები! ამიმხედრდა ყველა გავროში, რობესპიერი, ვოლტერი, ტიციანი და გალაკტიონი! ამიმხედრდა დიდოსტატისთვის მეფისგან უყოყმანოდ მოჭრილი მარჯვენა!* ამიმხედრდნენ პირამიდების აგების დროს დაღუპული მშიერი მონები! მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ? სვეტიცხოვლის*, ამ ჩვენი „ღმერთის სახლის“ შენების დროს დაღუპული ადამიანებიც არ იყვნენ ჩუმად! მათაც თქვეს თავისი... „ამერიკელი“, „ზანგი“ მონებიც ამიმხედრდნენ, „ბიძია თომა“ მოუძღოდათ წინ თავისი სიმართლით! საყვარელი და საბრალო ბიძია თომა, თავისი პატრონის მიბნედილი თეთრი და ლამაზი ქალიშვილით! ყველაზე ძალიან ამან შემძრა, ამდენი შავი ადამიანი და მხოლოდ რამდენიმე თეთრი მათ შორის, როგორც შავი ვარდების თაიგულს მოუხდებოდა წითელი, ან თეთრი ვარდები, ისე უხდებოდა. და მთხოვა „ბიძია თომამ“ თავისი შთამბეჭდავი, გულში ჩამწვდომი ხმით, კარგად დავფიქრებულიყავი სანამ რამეს ვიტყოდი! მისი თეთრი ბატონის უთეთრესმა ქალიშვილმაც მთხოვა თავისი ნაზი ხმით, არაფერი მეთქვა სანამ არ გავიაზრებდი, თითქოს ჩემზე იყო დამოკიდებული მათი უკვე გადაწყვეტილი ბედი! თითქოს მე ვწყვეტდი იმ წუთში ყველაფერს. თითქოს მე ავაცილებდი ბიძია თომას და მის ძმებს, დებს, დედას სისხლამდე შოლტებს! სიგარეტის ან ძაღლის ფასად გაყიდვას უფრო მრისხანე ბატონზე. თითქოს მე აღმოვაჩენდი თავიდან ამერიკას და იქ „ოქროს მაძიებლების“ ნაცვლად ანგელოზებს დავასახლებდი, კაპიტილიზმს კი არა, უტოპიას, ადამიანურ სამოთხეს შევქმნიდი! და მთხოვა მისმა მართლაც ანგელოზის მსგავსმა ქალიშვილმა, რომ მამამისზე მტკიცე გავხმდარიყავი და დამეფარა ყველა შავკანიანი მისივე ბიძებისგან, ბიძაშვილებისგან, ძმებისგან! უკან შიშველი შავკანიანების სისხლამდე გაშოლტილი სხეული მოსჩანდა, ქალებისაც, კაცებისაც. არ არსებობდა იქ სქესი, რასა... ისინი ადამიანები აღარ იყვნენ, მაგრამ ბევრად სჯობდნენ ადამიანებს!
დიდოსტატი და მისი მარჯვენა ცალკე მოდიოდნენ! ადამიანის გვერდით მოდიოდა მარჯვენა. ის ხელიც მანიშნებდა თითქოს რაღაცას, ენა არ ჰქონდა. მომხიბვლელი იყო ისევ უტა, ვერაფერი დაეკლო მისთვის ტირანიას და მორიელის კბენას! შორენა მოჰყვებოდა გვერდით, სპილოსძვლისფერი კანით, ირმებით და თავისი მეწამული საწმერთულით. უკან მოსდევდნენ ყოვლისშემძლე და მაინც უმწეო მეფე გიორგი“... მისი ბიძაშვილი გოლიათი გირშელი... * გამხდარი და დამჭკნარი მელქისედეკი...* დაფანჩვულწარებიანი და სიტყვაძუნწი სპასალარი ზვიადი... * გლახუნა ავშარიაშზე და პაპუნაც* მოჰყვებოდნენ ცხენებზე ამხედრებული. ისინი ისევ ისეთი თავისუფლები იყვნენ, როგორც სიცოცხლეში. მათ ისევ შეეძლოთ დამთვრალიყვნენ ისე, რომ არაფერზე ედარდათ, ან ედარდათ, მაგრამ ეს დარდი ტყისა და ღვინის თავისუფლებაში ჩაეხრჩოთ!
დაღარულსახიანი მოხუცი მოჰყვებოდათ უკან... ეს ფარსმან სპარსი* იყო. ხორცსავსე და ვნებიანი ქალი ახლდა რატომღაც სამყაროს შეცნობით აკანკალებულ მოხუცს! ვარდისახარი... ალბათ, დაიმსახურა სიცოცხლის ბოლოს, განვლილი ტანჯვის საზღაურად ისეთი ქალი ჰყოლოდა გვერდში, როგორზეც ყველა მოხუცი კაცი იოცნებდა თავისი „ბინძური“ ვნებების დასაკმაყოფილებლად. ბინძური რატომ, არ ვიცი, უბრალოდ ჩვენთან ვნება ბინძურად ითვლება...
ეს მოხუციც მანიშნებდა რაღაცას, ამბობდა კიდეც, მაგრამ არ მესმოდა მისი ასწლოვანი ხმა... ვარდისახარი არაფერს ამბობდა, მისი გათქვირული ძუძუები მეუბნებოდა სათქმელს. ძუძუები, რომელსაც ცხენზე ჯირითის დროს ქარი ეფერებოდა და ფარსმანი ამას ვერ ხედავდა. მოხუცი ფარსმანიც და ვარდისახარის ძუძუებიც ერთ რაღაცას მეუბნებოდნენ - არაფერი მეთქვა ჯერ, თითქოს მე გადავარჩენდი ფარსმანს სიბერის ჩამწარებისგან, ფრჩხილების დაძრობისგან, თითქოს ვარდისახარს მე შევაყვარებდი უტას, ან მე გავაყოლებდი მეფე გიორგის ცოლად, რაზედაც ქალი იოცნებებდა! ძუძუებზე მეფე გიორგის ნაკბენს ვხედავდი... მარტო კბენას არ დამაჯერებდაო მეფე გიორგი, მეუბნებოდნენ მისი ძუძუები!*
„ზანგები“ და ბიძია თომა, „ღმერთის სახლის“, სვეტიცხოვლის* შენების დროს გარდაცვლილი მონები, ბიძია თომას თეთრი ბატონის უთეთრესი ქალიშვილი, პირამიდებში ჩამარხული არა ფარაონები, არამედ მისი შემქმნელი მონები, გავროში, ეს უკეთესი ცხოვრების იდეისთვის და თავისუფლებისთვის დაღუპული პარიზელი ბიჭუნა, მისი სულიერი უფროსი ძმა რობესპიერი, ჯორდანო ბრუნო, უკან ცეცხლის ენებით, რომლებიც მას ვეღარ სტკენდნენ - ყველა ერთად ამხედრებულიყო და მე მეუბნებოდა, მანიშნებდა რაღაცას!
იქვე იყო გალილეო გალილეი... მასაც ცეცხლის ენები მოჰყვებოდა უკან, თუმცა კი არ სტკენდა, შარავანდედით მოსავდა. ჯორდანოს და გალილეის რომის პაპები ედგნენ უკან, როგორც მათი მსახურები. სამართალს გვიან, მაგრამ მაინც ეზეიმა! რომის ერთ-ერთი პაპი სინანულით უხსნიდა ისევ: „ეჰ გალილეო, განა მე არ ვიცოდი რომ მართლს ამბობდი? განა მე არ ვიცოდი, რომ ვისაც კოცონზე სწვავდნენ, მართლები იყვნენ?! შენ გგონია, მე სულელი ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ თქვენ სიმართლეს ამბობდით?! შენ გგონია, მე ვერ ვხვდებოდი, რომ დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რისი მტკიცებისთვისაც თქვენ კოცონზე დაგწვით?! შენ ფიქრობ, რომ მე, რომის პაპი, ვერ ვხდებობოდი იმას, რომ ადამიანები სიმართლისათვის იფერფლებოდნენ კოცონზე? იმ კოცონს მე არ ვანთებდი, მაგრამ ვიღაც ხომ ანთებდა? მე, განუსაზღვრელი ძალაუფლების გულისთვის, იქნებ დამეხუჭა თვალები თქვენს უდანაშაულო სისხლზე ან, იქნებ, თავად გამეცა უჩუმრად ბრძანება თქვენი სისხლის დასაღვრელად, საწამებლად, კოცონზე დასაწვავად! მაგრამ იმ კოცონს, ვიღაც ხომ უნთებდა შეშას? შეშას ცეცხლს ხომ უკიდებდა ვიღაც? ვიღაცას ხომ მიჰყავდით თქვენ იმ კოცონამდე?! დამერწმუნე, ისინი ამას ჩემი ძალაუფლებისა და გავლენის მეათასედის გამო აკეთებდნენ! მეათასედის კი არა - მემილიონედისათვის ან უფრო ნაკლების! ოცდაათ ვერცხლად აკეთებდნენ ამას ან უფრო ნაკლებად! და სანაცვლოდ მე, ამხელა ძალაუფლება მაინც მრჩებოდა, ხოლო რა რჩებოდა მათ? 30 ვერცხლი, სულში ჩაფურთხება ისტორიისგან, შთამომავლობისგან, ხოლო ჩვენ სიკვდილის მერეც პატივისცემით მოგვიხსენიებენ! და ასე იქნება მარად! ე.ი. ჩვენზე უარესი ადამიანებიც არსებულან ქვეყნად ხომ? თითოეული კოცონზე დამწვარი საკუთარმა მეზობელმა დააბეზღა, სულ რაღაც 30 ვერცხლის ფასად! ან უფრო ნაკლების! თითოეული ადამიანის ტანჯვის მიზეზი საკუთარი სიმართლე გახდა! მაშინ რა საჭიროა სიმართლე, რომელსაც ტანჯვის, წამების, კოცონზე დაწვის მეტი არაფერი მოაქვს?! არ სჯობდა, ერთი და ყველასათვის მისაღები სიმართლე გეწამათ? ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, ნუ დაივიწყებთ თქვენს მეზობლებსაც, რომლებმაც თქვენ დაგაბეზღეს! ოცი, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, როგორც ცხოველები და მე მიკვირს, რატომ აღმოვჩნდით ჩვენ თქვენს მსახურებად, როცა ჩვენზე უარესი ადამიანებიც არსებობენ?! გალილეომ ერთი სინანულით გადახედა რომის პაპს, რომელიც სიკვდილის მერეც გმობდა სიმართლეს და მიუგდო: „ყველა ადამიანი საკუთარი სიმართლისათვის აგებს პასუხს!“ გვერდით მდგომ ჯორდანოს მწარედ გაეღიმა - „ახლაც მახსოვს რა მწარედ ვაგე მე!“
იქვე, ახლოს, ულენშპიგელი და მისი ნაწამები მამა, კლაასი მოდიოდნენ! კლაასის ფერფლი აღარ სწვავდა გულს ულენშპიგელს და აღარც კლაასი იტანჯებოდა ქვემოდან შემონთებული ცეცხლით... ულენშპიგელმა ერთი პანჩური ამოარტყა რომის პაპს, ვეღარ მოითმინა. კლაასმა ჯავრით და საყვედურით გადახედა, სხვებიც გაუწყრნენ, მაგრამ ულენშპიგელი რისი ულენშპიგელი იყო, კლაასის ფერფლი გულს თუ აღარ სწვავდა, სულს უმძიმებდა! ჯანდაბას დავისაჯო ამ პანჩურისთვის, კოცონზე მაინც არ დამიწვავს უდანაშაულო ხალხი ჩემივე კეთილდღეობისთვის! კლაასმა უფრო გაჯავრებით გადახედა მას და ამით დამთავრდა მისი სასჯელი...
კლაასს და ულენშპიგელს უკან კატლინი, ეს კეთილი „ჯადოქარი“ და ლა რამე მოჰყვებოდნენ... ლა რამე ისევ ისეთი მსუქანი იყო, ისევ უყვარდა შემწვარ-მოხრაკულები და აღარ მისტიროდა თავის შეყვარებულს - ის გვერდში ედგა. ულენშპიგელსაც გვერდით ედგა ნელე, ლამაზი ქალწული... ულენშპიგელი თავისი ჩვეული სითამამით ხმამაღლა მიყვიროდა, არ დამეთმო და არაფერი მეთქვა მათ სასარგებლოდ! კლაასი თავის შვილს საყვედურით უმზერდა და არაფერს მანიშნებდა, მაგრამ მე, როგორც ადრე ულენშპიგელს, ისე მწვავდა გულს მისი ფერფლი!
როგორც ულენშპიგელი თავისი სითავხედით, გავროში თავისი პარიზული ღიმილით და ბავშვურობით, რობესპიერი თავისი მოკვეთილი თავით (არ მახსოვს მოკვეთეს თუ არა, მაგრამ თავი გვერდზე მოჰყვებოდა), მეფე გიორგი თავისი „ყოვლისშემძლე უმწეობით“... ფარსმან სპარსი თავისი დაღარული, უდაბნოებგამოვლილი სახით, ვარდისახარი თავის ნაკბენი ძუძუებით, დიდოსტატი თავისი მოკვეთილი მარჯვენა ხელით, შორენა თავისი სპილოსძვლიფერი სახით და მეწამული საწმერთულით, ბიძია თომა თავისი მართალი და კეთილი სახით, მის უკან მდგომი „ზანგები“, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენზე ოდნავ მუქები იყვნენ, ბიძია თომას ჩვენზე თეთრი და ნაზი ქალიშვილი, მისი უნებისყოფო, თითქოს კეთილი მამა, (რომელიც თითქოს მთხოვდა მის მაგივრად ნებისყოფის გამოვლენას და ყველა ზანგი მონის გათავისუფლებას), პირამიდის აგების დროს დაღუპული მონები, ერთნაირი სახეებით, ყველა ეშაფოტზე მოკვეთილი თავი და კოცონზე დამწვარი სხეული, ჯვაროსნულ ომებში დაღუპული ყველა ადამიანი. ადამიანები, რომლებიც დაისაჯნენ ღმერთის, ძალაუფლების და კიდევ მეტი ძალაუფლების სახელით! ყველა ერთად იდგა და მრისხანე სახეებით მანიშნებდა, მიყვიროდა და მიბრძანებდა რაღაცას!
იქვე სჩანდნენ რომაელების მიერ დასჯილი რომაელები, მათგანვე დასჯილი ქრისტე. თუმცა, შემეშალა, ქრისტე არ იყო მხოლოდ რომაელების მიერ დასჯილი, ის ყველა ადამიანური რელიგიის, ყველა მეფის, დიქტატორის, თითქმის ყველა ადამიანის მიერ იყო დასჯილი. გასაკვირია, მაგრამ ქრისტე მათთან იყო, ვინც რაღაცას მანიშნებდა და არა მათთან, ვინც მათი სახელით სჯიდა ადამიანებს! რომის პაპები ქრისტესკენ შებრუნებასაც კი ვერ ბედავდნენ, მხოლოდ რომის პროკურატორი პილატე ბედავდა ისევ მასთან საუბარს, ისევ ებოდიშებოდა რაღაცას, ისევ უმტკიცებდა, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო! რომ იგი თუ არა, სხვა მაინც გასცემდა ბრძანებას, ჯვარს ეცვათ ის! ყველაფერი ეს ხომ კანონზომიერებააო? - ამბობდა სიკვდილის მერეც ჭეშმარიტებას ვერმიმხვდარი და სიცოცხლეში „ჭეშმრიტების“ აღმასრულებელი პროკურორი! ქრისტე მოდიოდა ქრისტეს სახით და როგორც არასდროს ისე ჰგავდა ღმერთს! ძნელი იყო, არ გეწამა მისი. ძნელი იყო, არ გეწამა მისი წამების! ის დიდსულოვანად უსმენდა თავის პროკურორს, პროკურორი ფეხით მოდიოდა, ცხელოდა, ქრისტეს კი აღარ სცხელოდა... ის აღარაფერს მანიშნებდა, უბრალოდ მათთან იყო - ვინც მანიშნებდა!
მუჰამედიც იქვე იყო... აზიური, დამცინავი ღიმილი ჰქონდა სახეზე. ისევ უხსნიდა მისი სასწაულების და სიტყვის მქადაგებლებს, რომ ყველაფერი ისე არ თქვეს და გააკეთეს, როგორც თავად ამბობდა. უდაბნოში მოდიოდნენ, მაგრამ რატომღაც არც მუჰამედს სცხელოდა! მოსდევდნენ მისი სიტყვის მქადაგებლები, ყველაზე სასტიკები თავის დროზე და ამჯერად ისინი გამხდარიყვნენ ყველაზე თავმდაბლები მის მხლებლებს შორის! ზეცისგან მინახვედრ სიმართლეს ვერც ვერაფერს დაამატებდნენ და ვეღარც შეცვლიდნენ! მუჰამედი ისევ უხსნიდა მხიარული ღიმილით, რომ მას სულაც არ უთქვამს ყველაფერი ის, რაც სხვა ადამიანებმა მიამატეს და არავის უთხოვია რამეს მიმატება მათთვის! სულაც არ უთხოვია მუჰამედს, ყველა სხვა ადამიანი დახოცეთ, ვინც ჩვენნაირი არ იქნებაო და, მით უმეტეს, ამისთვის დაჯილდოვდებითო, ამაზე საერთოდ ეცინებოდა. თუკი არსებობენ ქვეყნად ქრისტიანებზე დიდი მატყუარები, ეს მხოლოდ თქვენ ხართო, ეცინებოდა მუჰამედს, მაგრამ არ ეცინებოდათ მის უკან მომავალ მიმდევრებს, რომელთაც მთელი ცხოვრება იმას შეალიეს, რომ რაც შეიძლება მეტი ქრისტიანი დაეხოცათ, რათა მათი გვამების და სისხლის გამო ზეციური საზღაური მიეღოთ და როგორც სიკვდილის მერე აღმოაჩინეს, მუჰამედს თურმე სულაც არ უთხოვია სისხლი! არც სხვების უსამართლოდ დახოცვა უთხოვია, უბრალოდ, მისი ნათქვამი ვიღაცამ არასწორად თარგმნა! უბრალოდ, მისი სიმართლე, როგორც ქრისტეს სიმართლე, ვიღაცამ თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენა! ვიღაცამ და ვიღაცებმა მისი სახელით უამრავი ბოროტება ჩაიდინეს, სხვებიც აიძულეს ეს ბოროტება ჩაედინათ და თან ზეციურ საზღაურს დაჰპირდნენ ამისათვის! განა მუჰამედის ბრალი იყო ეს? და ამბობდა მის უკან ადევნებული ხალხი: ჩვენი ბრალი რაღა იყო აბა? ჩვენ ხომ მოგვატყუეს, გამოგვიყენეს, თავიანთი ბოროტი ზრახვებისთვის გამოგვიყენეს! ჩვენ ხომ ის გვეგონა სიმართლე, რასაც „ისინი“ გვეუბნებოდნენ?! „გვაპატიე შენი სახელით ეს უაზროდ დაღვრილი სისხლი, მუჰამედ“- ამბობდნენ ისინი. მათ - სცხელოდათ, არ ცხელოდა მხოლოდ მუჰამედს!
ბოლოში, რატომღაც, ჩოქვით მოჰყვებოდნენ ის ყველაზე მრისხანე ადამიანები, რომლებიც ატყუებდნენ ამ საწყალ ხალხს... რომლებიც ყველაზე სასტიკები იყვნენ! რომლებსაც სჯეროდათ, ან სხვებს აჯერებდნენ, რომ ასე იყო საჭირო! შაჰ-აბასი მოდიოდა მათ შორის ყველაზე სხარტად. მიუხედავად იმისა, რომ მუხლებზე იდგა, მაინც ცოცხლად მოდიოდა. ერთდროულად ესაუბრებოდა მის გვერდით მომავალ ჩინგიზ ხანს, თემურ ლენგს, კალიგულას, ნაპოლეონს, ჰიტლერს, სტალინს... ეს ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთი სიცოცხლეში არ იცნობდა ან, ვერც იტანდა ერთმანეთს, მაინც გვერდიგვერდ მოდიოდნენ მუხლებზე დაჩოქილი... იმ უდაბნოში, სადაც ეს ხალხი მოდიოდა, არ არსებობდა ქრისტიანი, მაჰმადიანი, არ არსებობდა თეთრკანიანი, შავკანიანი, არ არსებობდა არაფერი - გარდა ჭეშმარიტებისა. ოღონდ ამ ჭეშმარიტებას თვით იქ მყოფნიც კი ვერ ხედავდნენ კარგად!
თითქოს ზეციური სასჯელი მოეხსნათო - ყველანი ფეხზე ადგნენ... უკან მომავალმა სისხლისმსმელმა ბელადებმაც მე დამიძახეს! ყველა რაღაცას მანიშნებდა თავის ენაზე, მაგრამ ისინი არ მეუბნებოდნენ, რომ „ჯვარს აცვი იგი!“ არ მეუბნებოდნენ, რომ დახოცე ქრისტიანები და ამის გამო ზეცაში ჰურებს, ღვთაებრივ ქალებს, მოგივლენთო! არ მეუბნებოდნენ „ზიგ ჰაე!“ არც, „რასტრელიაწ ნა ხუი!“ და არც, სხვა სიტყვებს, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს. ისინი ერთხმად, ერთად მანიშნებდნენ რაღაცას, რომ აღარ დაგვეშვა იგივე შეცდომა, რაც მათ დაუშვეს! რომის პაპებიც, ბელადებიც, მეფეებიც, იმპერატორებიც, შაჰებიც და სულთნებიც, „უბრალო ადამიანებთან“ ერთად იდგნენ. ქრისტე, მუჰამედიც და ყველა ერთად იდგა და ერთხმად მანიშნებდა, მიყვიროდა რაღაცას!...
რომის პაპები თავიანთი იასამნისფერი, კარდინალები კი წითელი მოსასხამებით იდგნენ და გვერდს ლეონარდო და ვინჩი უმშვენებდათ... ისინი ერთად იდგნენ და მიყვიროდნენ რაღაცას!
ულენშპიგელი თავისი მამის ფერფლთან ერთად მიყვიროდა, კლაასი ჩუმად მანიშნებდა, მაგრამ ეს სიჩუმე სხვის ყვირილზე მეტს ამბობდა! კეთილი ჯადოქარი კატილინი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ სტკიოდა თავი, მაინც ზეცისკენ იშვერდა ხელს და რაღაცას მანიშნებდა!
მეფე გიორგი უტასთან და შორენასთან ერთად მომყვიროდა, როგორც - შორენას ირმები „მყვირლობის“ დროს!
თუთაშხია და მუშნი ზარანდია ერთად...
შაჰ-აბასი და ყველაზე მრისხანე შაჰები თუ სულთნები ერთად მომყვიროდნენ თავიანთ ენაზე რაღაცას!
ჯორდანო და გალილეო განწირული ხმით მეძახდნენ...
რომის პროკურორი თუ პროკურატორი პილატეც მომკიოდა, მას აღარ სტკიოდა თავი, მაგრამ ახლა თითქოს მხოლოდ ეს სატკივარი აწუხებდა, რასაც განწირული ხმით ყვიროდა!
იუდაც იქვე იყო, თავის გულზე ჩამოკიდებული ოცდაათი ვერცხლითურთ, მაგრამ რატომღაც აღარ ახარებდა ეს ვერცხლი და ისიც მთელი გულით, მთელი დატანჯული სულით მანიშნებდა რაღაცას...
რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰიტლერი და სტალინი ერთად იდგნენ. სტალინს თავისი დარბაისლობა და ჩიბუხი სადღაც დაეკარგა, ჰიტლერიც ვეღარ მესალმებოდა, როგორც მას სჩვეოდა ისე, ორივენი უმწეოდ აფართხალებდნენ ხელებს და მეძახდნენ, მეძახდნენ, მევედრებოდნენ!...
კალიგულა, კეისარი, რომაელები და მათი გლდიატორები, გალები, შვაბები, კელტები თუ ბრიტები ერთად იდგნენ და ისინიც მეძახდნენ!
ყველა მეფე, ყველა ადამიანის ღმერთი, რომლისთვისაც ადამიანი შეუწირავთ და ყველა ადამიანი ერთად იდგნენ!
ნაპოლეონი, თუმცა დაბალი, სხვებზე ხმამაღლა ამბობდა სათქმელს! ამერიკის პრეზიდენტებიც იდგნენ მათ შორის, ამერიკელ მონებთან და მონათმფლობელებთან ერთად! ბიძია თომა და ჯორჯ ვაშინგტონი ერთად ამბობდნენ სათქმელს, სამხრეთელები და ჩრდილოელები ერთხმად ბღაოდნენ!
ნაცისტები და ებრაელები, ქრისტიანები და მაჰმადიანები, რომაელები და გალები, ამერიკელები და ინდიელები, ერთად, ერთხმად, თავიანთ ღმერთებწამოკიდებულნი მემუდარებოდნენ, მევედრებოდნენ, მიბრძანდებდნენ რაღაცას!
ამდენი სისხლი გეყოფათ, მორჩა!!! გეხვეწებით, გიბრძანებთ ყველა მეფის სახელით! დედოფლის სახელით! ბელადის სახელით! ქვეყნის სახელით! სამყაროს სახელით! რომის პაპის სახელით! დალაილამას, ლუთერ კინგის, დედა ტერეზას, ყველას სახელით! კლაასის, ულენშპიგელის სახელით! მათი იმპერატორის და ესპანეთის სისხლისმელი მეფის სახელით! ალექსანდრე მაკედონელის და კეისრის სახელით! ყველა ღმერთის სახელით! ნუ მისცემთ კეისარს კეისრისას და ნურც- ღმერთს ღმერთისას, თუკი სისხლს გთხოვენ ისინი! თქვენი სისხლი მხოლოდ თქვენია! ნურც თქვენს სამშობლოს მისცემთ სისხლს, ეს არ უთხოვია მას! ნუღარც ქვას შესწირავთ თქვენი, ან თქვენი ტყვეების სისხლს! ნურც ცხოველების სისხლს! გთხოვთ! გევედრებით! გიბრძანებთ! არ უთხოვია ქვას, ცხოველების, ან ადამიანების სისხლი შემომწირეთო! ეს მხოლოდ ადამიანს მოუვიდოდა თავში, სხვას არავის! ომის დროს დააგდეთ იარაღი და დაე შეგრაცხონ მოღალატედ, დეზერტირად, ოღონდ ნუ იტყვით, რომ ღმერთს, ან ქვეყანას სჭირდება ასე და მერე სისხლით ამოთხვრილი ნუ დაიძინებთ მშვიდად ცოლთან, ან ბავშვებთან ერთად! ბავშვები? მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ ჯერ!
არც ეგ თქვენი ცათამბჯენები გვინდა! ნუ აშენებთ, არავის სჭირდება! არც კოცონის გაჩაღება და მასზე ადამიანების დაწვა უთხოვია არავის! და ნუ გვაბრალებთ ჩვენ! ჩვენ, ღმერთებს ნუ გვაბრალებთ ამას!!!
დაივიწყეთ ყველა მცნება, რომელიც სისხლს გთხოვთ თქვენ, სისხლისმელი ადამიანის დაწერილი იქნება ის! არცერთი ღმერთი არ დაწერდა ამას! ან სად ეცლებოდა ამისათვის ღმერთს?! უგუნურნო! შემოგვხედეთ! გვინდა ჩვენ კიდევ სისხლი?!
რით ვერ გაძეხით!!! საკმარისია! ბოლო შანსი გაქვთ! ბოლო შანსი გაქვთ არსებობის გაგრძელებისა და გამოიყენეთ ის! ან დაივიწყებთ ყველაფერს, რაც აქამდე ტყუილით მოგიტანიათ, ან განადგურდებით საერთოდ და მერე არკვიეთ მტყუან-მართალი! მართლა უგუნურნო, თქვენ რა იცით სიმართლე, ან ტყუილი, რა უფლებით წყვეტთ ჩვენი სახელით სხვა ადამიანების ბედს?!
სისხლი აღარ გვინდაო - ყველა ენაზე ამას მანიშნებდნენ, აღარ გვინდა ამდენი ტანჯვა, წამება, შიმშილი, არავითარი სასჯელი, იცხოვრეთო თქვენთვის, ამას მეძახდნენ ულენშპიგელი, კლაასი, რომის პაპები...
შაჰ-აბასი, ჩინგიზ-ხანი, კალიგულა და კეისარი, მაკედონელიც ამას მეძახდნენ!
ნაპოლეონი, პეტრე დიდი, ჰიტლერი და სტალინიც თურმე ამას მეძახდნენ!
ქრისტეც და მუჰამედიც, ორივე ზუსტად ამას მეძახდნენ! გეყოფათ, მორჩა! რით ვერ გაძეხით?!
ყველა მეფის, ყველა დედოფლის, ყველა რომის პაპის, ყველა ქურუმის, ებრაელების და ნაცისტების, რომაელების და გალების, ქართველების და სპარსელების, ამერიკელების და ინდიელების, ყველა ადამიანისა და მათი ღმერთების სახელით!!!
რაიმე იდეისთვის მოკლავთ კაცს, შეიძლება უკანასკნელი დღე აღმოჩნდეს თქვენთვის!
რაიმე იდეისთვის აწამებთ კაცს, (ქალს), ეს შეიძლება ბოლო წამები აღმოჩნდეს თქვენთვის!
ჩვენ დაგვაბრალებთ და პირადი სარგებლობისთვის ან მიზნისთვის გამოიყენებთ ჩვენს სახელს და უკანასკნელი ქმედება იქნება ეს თქვენთვის!
ჩვენი ცხოვრება თუ ვერ გაიაზრეთ, აღარც თქვენი ცხოვრების გააზრების საშუალება მოგეცემათ და დასრულდება ამით ყველაფერი! არ იქნება არც ზეციური სასჯელები, არაფერი, თქვენი სასჯელი იქნება ის, რომ უბრლოდ აღარ იქნებით! აი ასე, როგორც გაჩნდით ისე გაქრებით, ტანჯვით ან შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგოთ ისე! და საბოლოო გაქრობა იქნება ეს თქვენი! მიმიფურთხებია თქვენი ყველა მიღწევისთვის, ყველა მეცნიერისთვის, ფილოსოფოსისთვის, ნიცშესთვის თუ ფროიდისთვის, რადგან უფრო მეტი არ გასწავლეს თქვენ ან თავად ვერ ისწავლეს უფრო მეტი! მთავარი! რაც მთავარი იყო, ის არ უთქვამთ, თორემ იქნებ მათი მაინც დაგეჯერებინათ?!
იმათი დაიჯერეთ, ვინც გეუბნებოდათ, ერთმანეთის სისხლი დაღვარეთო და ამას არ იჯერებთ?! უკანაკსნელი იქნება ის განთიადი თქვენთვის, რომელიც სისხლისფრად გათენდება! ეს ჩვენი გაფრთხილებაა და თქვენი ბოლო შანსი!!! შანსი იმისა, რომ ადამიანებად დარჩეთ! რომ არსებობა გააგრძელოთ! რომელი ღმერთისაც გჯერათ, რომ შეგქმნათ, იგივე ღმერთი შექმნის თქვენზევე უკეთესს და თუ არ შექმნის, მაშინ ისიც თქვენნაირი ყოფილა!
თქვენ ყველას გაქვთ შანსი იმისა, რომ დაივიწყოთ ყველაფერი ძველი და თავიდან დაიწყოთ ცხოვრება! ახალი ცხოვრება! ყოველგვარი მოგონილი ღმერთისა და მეფის გარეშე! თქვენ ყველას შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ჩვენგან ან ჩვენი სახელით დაღვრილი სისხლისგან! ახლა მაინც! ამ ყველაფრის მერე მაინც! გიბრძანებთ მეფის სახელით! რომის პაპის სახელით! კეისრის სახელით! ამერიკის პრეზიდენტის, ბრიტანეთის დედოფლის, თქვენი ყველა ღმერთისა და ჩვენი სახელით!!! ჩვენი, აქ ვისაც გვხედავთ, ყველანი აქ ვართ და გიბრძანებთ, უკანასკნელი იყოს სისხლი, რომელსაც ქვას შესწირავთ! უკანასკნელი იყოს ტყუილი, რომელსაც ჩვენი სახელით იტყვით! უკანასკნელი იყოს ადამიანი, რომელსაც შია, სწყურია, თავისუფლება უნდა! არ გვჭირდება თქვენი წესრიგი, რომელიც ადამიანების სისხლის ფასად მიიღწევა და არც ეს წესრიგი დაუვალებია არავის თქვენთვის! თქვენს ტყავში დაეტიეთ!
მოკლედ, საბოლოოდ გთხოვთ, გევედრებით, გიბრძანებთ თქვენი ყველაფერი ღირებულის სახელით, რომლისაც გწამთ, ან არ გწამთ, მაგრამ გეშინიათ, გახდით უკეთესები! არც ისე ძნელია ყველამ იცხოვროთ თქვენი ცხოვრებით, არავის დაუვალებია თქვენთვის - ადამიანებისთვის წესრიგის დამყარება და ამისათვის ცხოველების, ბუნების, ადამიანებისავე განადგურება!
სამყარო თქვენს ხელშია! ჩვენ გათავისუფლებთ ყოვლგვარი ქვისგან ან ღმერთისგან, რომელიც სისხლს გთხოვთ თქვენ! ამიერიდან ვეღარავის დააბრალებთ! ყოველი სისხლი, რომელიც დაიღვრება, იქნება თქვენსავე კისერზე და ვეღარავის გადააბრალებთ!!! სიტყვა საბოლოოა და მეტს ვერაფერს დავამატებთ! დანარჩენი თქვენზეა, ადამიანებო! ან იქნებით ადამიანები, ან საერთოთ აღარ იქნებით!
აი, ეს ყველაფერი მითხრეს „მათ“, ყველამ ერთად! ყველამ ერთხმად, თავიანთ ენაზე, მაგრამ ისე, რომ მესმოდა! ისიც მითხრეს, ამ ყველაფრის თქმა მათზე იმდენად საშიშია, რომ შენივე სიკვდილით შეიძლება დაახლოო მათი დასასრული! თქვი, თუ მოგკლავენ, ჩვენთან იქნები, ისინი კი დაუახლოვდებიანო არყოფნას!
და მე ვუთხარი ეს ყველაფერი მოხუცს! მას ჭაღარა წვერი უფრო გაუთეთრდა! მუხლებზე დაეცა და შემევედრა, დამეწერა ეს ყველაფერი! გარშემო თითქოს ისევ უდაბნო იყო, აღარსად ჩანდა ქალაქის ბრწყინვალება, ერთად მივდიოდით ორივე... მე, ქრისტიანი და ის მაჰმადიანი. ადამიანები... ერთად მივდიოდით მე და ის. მე, რომელმაც ვნახე ეს ყველაფერი... და ის, რომელმაც იწამა, რომ ვნახე!
გამომეღვიძა...
24 მარტი. 2016 წელი.
კოტე კირვალიძე.
მოთხრობა დაიწერა ტერორიზმის წინააღმდეგ და ეძღვნება ყველა ტერორისტულ აქტში დაღუპულ ადამიანს. ასევე, ყველას, ვინც მოხსენიებულია მოთხრობაში და, ზოგადად, ადამიანებს. (ავტორისგან)

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1360 | დაამატა: kirvalidzekote9 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...