გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » თებერვალი » 11 » რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?! / ratom aris sachiro dasaqmebulta organizebuli tsinaaghmdegoba?!
8:21 PM
რატომ არის საჭირო დასაქმებულთა ორგანიზებული წინააღმდეგობა?! / ratom aris sachiro dasaqmebulta organizebuli tsinaaghmdegoba?!






„სინამდვილეში 9-დან 5-მდე არასდროს არ წარმოადგენს რეალობას, ლანჩზე შესვენებაც კი არ არის მსგავს ადგილებში, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში სამსახურის შესანარჩუნებლად ლანჩსაც კი არ მიირთმევს ადამიანი. ამას დავუმატოთ ის, რომ ხშირად ზედმეტი საათები გიწევს მუშაობა და თუ ამის შესახებ დაიწუწუნებ, ყოველთვის არსებობს ვიღაც უბედური, რომელიც მზად არის შენი ადგილი დაიკავოს. “მონობა არ გაუუქმებიათ, უბრალოდ ყველა კანის ფერს მოარგეს.” –ჩარლზ ბუკოვსკი

დღეს ჩვენს ქვეყანაში დასაქმებულის სამუშაო ადგილი როგორც წესი არასტაბილურია, რაც თავის მხრივ მშრომელთა კონტროლის ინსტრუმენტია. კავკასიის ბარომეტრი 2015-ის თანახმად, დასაქმებულების ერთი მესამედი სამსახურს ყოველ წელს კარგავს, თუმცა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი (34%), მნიშვნელოვნად არ იცვლება, რადგან უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ძნელი არაა ახალი დასაქმებულის ძებნა. “არ მოგწონს?! – წადი, სხვა მოვა.“ – დამსაქმებლების საყვარელი სიტყვებია და მუშაც იძულებულია სამუშაოს შენარჩუნების მიზნით დათანხმდეს შრომის კაბალურ პირობებს, ან იცხოვროს სამუშაოს ცვლის მუდვიმ რეჟიმში.

დღევანდელი ბიზნესი ითხოვს მორჩილ მშრომელებს. ყველა, ვინც უარს იტყვის უსიტყვო მორჩილებაზე, დაკარგავს სამუშაო ადგილს სხვა მადლიერი მუშის სასარგებლოდ, რომელიც ბედნიერი იქნება რომ არსებობის წყარო აღმოაჩინა.

მაშინ, როდესაც ადამიანებს, არ ჰყოფნით ხელფასი ელემენტარული ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად, ისინი მიმართავენ ბანკებს. 2015 წლის მონაცემებით კვლევითი რესურს ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევების შესაბამისად გამოკითხულთა 46 % – ს ბანკში აქვს სესხი აღებული. ასე რომ, მშრომელები იღებენ კრედიტებს, რის მერეც მიჯაჭვულნი, მთლიანად დამოკიდებულნი ხდებიან თავიანთ სამსახურებზე. ფაქტიურად თავისუფალი ნება, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა უკვალოდ ქრება.

მე ამ ტექსტში გამოვიყენებ ძალიან ბევრ ტერმინს, რომელიც დასაქმებულ ადამიანს ასახავს და ამას შეგნებულად გავაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ არათუ შრომასთან ვართ გაუცხოვებულები უმეტეს შემთხვევაში, არამედ ტერმინ მშრომელთანაც. მაგალითისთვის, როცა ჩვენ ვამბობთ მშრომელს, მუშას, მუშაკს, უმეტესობა, ვინც კერძო სექტორში, მაგალითად მომსახურების სფეროშია დასაქმებული, ვერ აცნობიერებს რომ მასზეა საუბარი. მას მიაჩნია, რომ მშრომელი და მუშა როცა სტატიაშია მოხსენიებული, საუბარი აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანზე, რომელიც შახტაში, მშენებლობაზე ან მსგავს ფიზიკურად მძიმე სამუშაოზე არის დასაქმებული. თვითონ კი მუშასთან თავს ვერ აიგივებს. უფრო მეტიც მას უჭირს იმის გააზრება, რომ თვითონაც ჩაგრულ მდგომარეობაშია.

მართლაც, ძალიან ცოტა თუ საუბრობს მომსახურების სფეროში დასაქმებულთა შრომის ექსპლუატაციაზე. ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ საერთო სულისკვეთება, არც რაიმე გაერთიანება და მეტად დაქსაქსულები არიან. შესაბამისად წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე ჩაგრულ და ჩუმ მასას, რომელიც არც გაფიცვას აწყობს და არც აქციას საკუთარი უფლებების დასაცავად. არადა, თუ დასაქმებულებმა არ დაიწყეს საკუთარი ძალებით თავიანთი შრომითი უფლებების დაცვა, ისინი მუდამ ასეთ მდგომარეობაში იქნებიან, ვინაიდან არ არსებობს შრომის ინსპექცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მუშაკებს დაიცავდა, მიუხედავად იმისა იბრძოლებდნენ თუ არა ისინი. ძნელია მართლაც ყველას ბრძოლა და გმირობა მოსთხოვო. არადა გმირობის ტოლფასია დღეს ხმის ამოღება და შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნა.

საქართველოს შრომის კოდექსი სათანადოდ ვერ გვიცავს დასაქმებულებს. რატომ? იმიტომ, რომ კანონი ადამიანების გარეშე მკვდარია, არაფერს წარმოადგენს. ის, თავისთავად ვერ იცოცხლებს. ასე რომ, ურთიერთკავშირი ასეთია: ჩვენ გვჭირდება შრომის კოდექსი და შრომის კოდექს ვჭირდებით ჩვენ. მაგრამ ჩვენ შრომის კოდექსს არ ვიცნობთ. მაგალითისთვის, ძალიან ბევრნი ვმუშაობთ კვირაში 40 საათზე მეტს და არ გვაქვს წარმოგენა იმაზე, რომ შეგვიძლია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება მოვითხოვოთ. რადგან კოდექსს არ ვიცნობთ, ესეიგი ვერც გამოვიყენებთ და თუ ჩვენ არ გამოვიყენებთ არავინ გამოიყენებს მას ჩვენ მაგიერ. უნდა ვისწავლოთ შრომის კოდექსი მინიმუმ იმიტომ, რომ ვიცოდეთ მაინც როდის ირღვევა ჩვენი უფლებები. იქნებ საერთოდაც არ ირღვევა?! ყოველივე ზემოდთქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია:

შრომის კოდექსი უნდა ისწავლებოდეს ყველა სასწავლებელში, ყველა ფაკულტეტზე. ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ერთხელ მაინც თავისი ცხოვრების მანძილზე არ მოუწიოს შეხება შრომის კოდექსთან.
რატომ არის საჭირო რომ თითოული მშრომელი იყოს ფხიზლად?

იმიტომ, რომ გვაქვს შრომის კოდექსი, თუმცა არ გვაქვს შრომის ინსპექცია. ეს იგივეა, ჩემი აზრით, რომ გვქონდეს სისხლის სამართლის კოდექსი და არ არსებობდეს სახელმწიფოში პოლიცია, პროკურატურა, მოკლედ სამართალდამცავი ორგანოები. ყველას მოუწევს საკუთარი თავი თავად დაიცვას. ქურდობა კი კანონით აკრძალული იქნება, მაგრამ თქვენ თავად მოგიწევთ დაიცვათ საკუთარი სახლი გაქურდვისგან. ასე უწევთ ახლა მშრომელებს დაცვა საკუთარი თავების იმ დამსაქმებლებისგან, რომლებიც შრომის კოდექსს არღვევენ. ახალს არაფერს ვიტყვი თუ ავღნიშნავ, რომ მშრომელები არიან სისტემატურად ექსპლუატაციაში და დისკრიმინაციის მსხვერპლნი დამსაქმებელთა მრავალი წარმომადგენლის მიერ, ვისთვისაც მოგება არის უპირატესი სხვა დანარჩენთან შედარებით, მათ შორის დასაქმებულთა ჯანმრთელობისთან და კეთილდღეობასთან.

შრომის კანონმდებლობა უპირველესყოვლისა უნდა გამოვიყენოთ პრევენციისათვის. მაგალითისთვის, ის ვინც იცის შრომის კოდექსი, არ იმუშავებს მთელი ცხოვრება ისე, რომ არ ჰქონდეს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ხელფასს ხელზე იღებდეს და ასე შემდეგ. არადა პრაქტიკაში ხშირია ასეთი შემთხვევები და როცა უთანხმოება წამოიჭრება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, არათუ ამ უფლების დარღვევას ვერ ამტკიცებს სასამართლოში დასაქმებული, არამედ სამწუხაროდ ხშირად იმას, რომ ის ნამდვილად მუშაობდა დამსაქმებელთან.

ამიტომ:

უნდა მოვიშოროთ უიმედო დამოკიდებულება შრომის კოდექსის მიმართ. ჩვენ მას ვჭირდებით ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ის.
სამწუხაროდ საქართველოში უმეტეს შემთხვევაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს მტრული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. ადამიანები იღვიძებენ და ვერ იტანენ იმ დღეს როცა სამსახურში არიან წასასვლელნი. დასაქმებულები და დამსაქმებლები სძულთ ერთმანეთი. ერთი უყურებს მეორეს როგორც ტირანს, ხოლო მეორე – როგორც მონას. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მხარეებმა შრომითი ურთიერთობის დაწყებისას კარგად არ მოაწესრიგეს ურთიერთობის დეტალები. დასაქმებულებს ნათლად ისიც კი არ აქვთ ჩამოყალიბებული რა მოეთხოვებათ, რა სამუშაო უნდა გასწიონ და ასე შემდეგ. მუშები თავიანთ სამსახურში ძალზედ დაუცველად გრძნობენ თავს. მუდმივ შიშში უწევთ ყოფნა. შიში კი, არამყარი დასაქმების ფორმით გამოწვეულ გაურკვევლობებს და სამუშაოს შესაძლო დაკარგვას ეხება.

დღეს არსებულმა შრომის კოდექსმა და მასთან დაკავშირებულმა სხვა საკანონმდებლო აქტებმა ვერ შეამცირა მშრომელთა ეს „შიში“, რადგან დავის გადაჭრის, უფლებების აღდგენის პროცედურები ძალიან არაეფექტური და ხანგრძლივია (ხშირად ორი სამი წლის განმავლობაში გრძელდება). თან მითუმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში, სადაც სამსახური არამხოლოდ არსებობის წყაროა, არამედ ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი. უნდა შემუშავდეს დავის სწრაფი გადაჭრის მექანიზმები რათა მშრომელებს უფრო მეტი ნდობა გაუჩნდეთ ქაღალდზე დაწერილი უფლებების მიმართ. დაინახონ რომ შრომის კოდექსი რეალურად მოქმედებს, ცოცხალია, თორემ მშრომელებს მისი რწმენა დაკარგული აქვთ და სრულიად მარტონი არიან დარჩენილნი. ვერც გაერთიანებას და ერთ მუშტად შეკვრას ახერხებენ ამ ნიჰილისტური დამოკიდებულებით. ისიც ვერ გაუგიათ რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ.

ყველაფერთან ერთად დამსაქმებელი ასევე იყენებს პრეროგატივას, მორალურად იმოქმედოს ჩვენზე რათა არ წავიდეთ სასამართლოში. ადამიანებს ეშინიათ სასამართლოში თავიანთი უფლებების დაცვის, რადგან დამსაქმებლებში იგი „სახელს მოიხვეჭს“ როგორც „ინტრიგანი თანამშრომელი“ და შემდეგ არავის აღან ენდომება მასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობაში შესვლა. დამსაქმებლები ამ მხირვაც გაერთიანებულები არიან, ისინი მუდმივად ცვლიან ინფორმაციას დასაქმებულებზე. მშრომელები კი აქაც დაქსაქსულები და დაბნეულები ჩანან და მათ შორის არ ხდება ინფორმაციის გაცვლა დამსაქმებლებზე.

დამსაქმებლები ხშირად აპირისპირებენ ერთმანეთს მშრომელებს. მაგალითად, როდესაც სამუშაოს შესრულება ხორციელდება ცვლაში და მშრომელთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ერთი ადამიანის შვებულებაში გასვლის შემთხვევაში დანარჩენის სამუშაო დრო და შესასრულებელი მოქმედებები იზრდება. მშრომელები თავად უპირისპირდებიან ერთმანეთს, თუ რომელიმე მათგანი მოინდომებს შვებულებაში გასვლას. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დამსაქმებელი ზოგავს ფულს, არ ასაქმებს საკმარისი რაოდენობის ადამიანებს საწარმოში და ამით ცდილობს გაზრდილი მოგების მიღებას.

როდესაც საქართველოში მშრომელები ითხოვენ 40 საათიან სამუშაო დროს, ხშირად მათ ზარმაცობაში ადანაშაულებენ კაპიტალისტური წყობის მომხრენი. დავესესხები მათ ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელმაც თავის დროზე სოლიდარობის ქსელის პოსტზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „გზა სიმდიდრისკენ გადის სიღარიბეზე, მაგრამ ქართველებს ხომ გვირჩევნია მარადიულად, უფასო ფულის მოლოდინში ვიყოთ.’’ ჩემი პასუხი ასეთი იქნება: უფასო ფული არაფერ შუაშია. მშრომელები ითხოვენ თავიანთი მუშაობის შესაბამის ღირსეულ ანაზღაურებას. გზა სიმდიდრისკენ მართლა სიღარიბეზე გადის, მაგრამ ეს გზა როგორც წესი დამსაქმებლის და მსხვილი ბიზნესისაა, ხოლო ეს სიღარიბე ხშირად ღირსეული მშრომელის, რომელსაც შრომით ექსპლიუატაციას უწევენ და დაფასება არ აქვს. თუ ასე გაგრძელდება იგი ვერასოდეს ეღირსება სიმდიდრეს. პირიქით, ჯანმრთელობა წართმეულს და მშიერს მოუწევს სიკვდილი.

ცხადია, რომ არსებობს ბიზნეს ინტერესები, რომლებიც აქტიურად ბლოკავენ შრომითი ჩაგვრის აღმოფხვრას კანონმდებლობის გზით. ისინი ფულს იხდიან ამისათვის.

ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი: შეეგუო არსებულ პირობებს, ან დაიწყო მათი შეცვლა და ჩვენ, როგორც დასაქმებულები სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ ახლა.

მშრომელთა აქტიური გაერთიანების, თვითორგანიზების გარეშე არაფერს შეუძლია ბოლო მოუღოს ბიზნეს დიქტატურას, იმ პრობლემებს, რომელზეც მე ვსაუბრობ. დასაქმებულებმა თავად უნდა აკონტროლონ თავიანთი სამუშაო პირობები.

ახლა წუწუნის დრო არ არის. თუ არ მოგწონს შენი შრომითი პირობები უნდა გადადგა ნაბიჯი მის შესაცვლელად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მშრომელი ხალხის აქტიურობა ამ კუთხით ძალიან მცირეა. არადას შრომის დაცვის და სოციალური დაზღვევის თანამედროვე მდგომარეობა უპირველესყოვლისა მშრომელთა ორგანიზებული მოძრაობების შედეგია. მიზანი ასეთი მოძრაობების ყოველთვის იყო მშრომელთა უსაფრთხოებისა და კეთილდღებიოს გაზრდა. ეს იყო ყოველთვის არამხოლოდ მცდელობა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ურთიერთობის დაბალანსების, ეს ხშირ შემთხვევაში იყო თვითგადარჩენის ერთადერთი გზა.

სწოედ ამიტომ:

მშრომელებმა უნდა მოახერხონ გაერთიანება, თვითორგანიზება და საკუთარი უფლებების თავადვე დაცვა. პირველ რიგში სოლიდარობა უნდა შეძლონ, სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ჩემი აზრით, მშრომელთა უფლებების დაცვის ორი ფრონტი უნდა გაიხსნას: პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი მოძრაობების და მშრომელთა გაერთიანებების მეშვეობით. მშრომელთა მოძრაობები უნდა იყოს ყველაზე ხალხმრავალი.

ამ ტექსტის წაკითხვისას ბევრი დაფიქრდება ეხება თუ არა მას ეს ყველაფერი. როდის იყო მუშებს ვინმე უსმენდა? – გაიფიქრებს სხვა. დიახ, თქვენ გეხებათ, ყველას ვინც შრომობთ და თვლით რომ არაადამიანურ პირობებში გიწევთ შრომა, ვისაც სექსუალურად გავიწროვებენ სამსახურში, ვისაც არ გიხდიან ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, ვისაც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დღეში 8 საათზე მეტს გამუშავებენ, ვისაც არ გიფორმებენ წერილობით შრომით ხელშეკრულებას, ვისაც თქვენი მოვალეობების გარდა გაიძულებენ სხვა მოქმედებების შესრულებას, არ გასვენებენ და ა.შ. ასევე ეს ჩანაწერი არის მათთვის, ვინც თუმცა საკუთარ თავზე არ განიცდის ექსპლუატაციას, მაგრამ სოლიდარულია დაჩაგრულების და სურს ხმა ამოიღოს უსამართლობის წინააღმდეგ, ვინაიდან არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, მის გარშემო ერთი კაცი მაინც არ იყოს დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციის მსხვერპლი.

რატომ მჯერა, რომ ახლა მოგვისმენს ხელისუფლებაც და დამსაქმებელიც?! რადგან უკვე გაჩნდა სოლიდარობის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში. ადამიანებმა დაიწყეს პროტესტის გამოხატვა. ინდუსტრიულ ზონებში არსებულ წინააღმდეგობას შეემატა ქალაქში მომსახურების სფეროში დასაქმებულთა ორგანიზება და პროტესტი. შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფი, თბილისის სოლიდარობის ქსელი, რომელიც ცდილობს ქალაქში მიმოფანტულ სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ადამიანთა საერთო იდეის და ინტერესების გარშემო გაერთიანებას. სწორედ ასეთია ბრძოლის გზა ჩაგვრის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ ვიყოთ დაფასებულნი. ჩემი მეგობარი წერდა თავის ფეისბუქ გვერდზე: ღარიბი მშრომელები, რომლებმაც შექმნეს ცივილიზაცია ყოველთვის მეორე პლანზე არიან და მათ წვლილს ვერ აღიქვამს ბავშვი რომელიც სკოლაში სწავლობსო და არ შემიძლია არ დავეთანხმო.

ხოლო სანამ ჩუმად ვართ, ხშირად დავფიქრდეთ იმაზე, „ვცხოვრობთ იმიტომ რომ ვიშრომოთ, თუ ვშრომობთ უკეთესი მომავლისთვის.“

დავით ომსარაშვილი, თბილისის სოლიდარობის ქსელი.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1017 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დავით ომსარაშვილი, dasaqmebuli, dasaqmeba, დასაქმებული, სოლიდარობა, დასაქმება, solidaroba, თბილისი, davit omsarashvili, Tbilisi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...