გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » მაისი » 20 » 10 წიგნი, რომელიც წიგნის ფესტივალზე უნდა შეიძინოთ / 10 tscigni, romelic tscignis festivalze unda sheidzinot
10:28 PM
10 წიგნი, რომელიც წიგნის ფესტივალზე უნდა შეიძინოთ / 10 tscigni, romelic tscignis festivalze unda sheidzinot






მაისი არაჩვეულებრივი თვეა. სწორედ მაისში (და არა მარტში ან აპრილში), იხევს სიცივე უკან და საშუალებას გვაძლევს, მშვიდად მივეფიცხოთ მზეს. ჰაერში აყვავებული ხეების სუნი იგრძნობა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდები გასაყიდად გამოტანილ იასამანს. თუმცა, სასიამოვნო ამინდის გარდა, ეს პერიოდი კიდევ ერთი მიზეზითაა განსაკუთრებული: მაისში ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი იმართება.

გამოცდილმა მკითხველებმა კარგად იციან, რომ ფესტივალისთვის თანხა აპრილის ხელფასიდან უნდა გადაინახონ. ის კი არა, თვის პირველ ნახევარში წიგნის მაღაზიებიც ცოტას ვაჭრობენ, რადგან წინდახედული ადამიანები თავს ოთხდღიანი ლიტერატურული ზეიმისთვის ინახავენ. ასეთ ფასდაკლებებსა და ამხელა არჩევანს სხვა დროს უბრალოდ ვერ წააწყდები. ყველაზე კარგი შეგრძნება კი საფესტივალო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებაა - ნავაჭრით დამძიმებული ხელებითა და კმაყოფილი ღიმილით. თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ჯერ მთავარ კითხვაზე გავიგოთ პასუხი - რა ვიყიდოთ წელს წიგნის ფესტივალზე?

იმისთვის, რომ ფერადი ყდების სიმრავლეში მნიშვნელოვანი საკითხავი არ გამოგრჩეთ, ჩვენ გირჩევთ 10 წიგნს, რომლებიც ფესტივალზე უნდა შეიძინოთ.

1. ხულიო კორტასარი - რიტუალები

ხულიო კორტასარისთვის ტყუილად არ უწოდებიათ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი. მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, მსოფლიო ლიტერატურაში თამაშის ახალი წესები შემოიტანა.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეული წიგნი დაასათაურა: რიტუალები, თამაშები, გასასვლელები და იქ და ახლა. ქართველი მკითხველი კორტასარის მოთხრობების მხოლოდ მცირე ნაწილს იცნობს. ამ ოთხტომეულში წარმოდგენილია ხულიო კორტასარის ყველა მოთხრობა (მოთხრობების უმეტესობა სპეციალურად ამ გამოცემისათვის ითარგმნა) და, რაც მთავარია, ისინი თავად მწერლის მიერ შერჩეული გეგმის მიხედვითაა გადანაწილებული. წიგნის ფესტივალზე ოთხტომეულის პირველი ტომის რიტუალების შეძენა შეგეძლებათ.

2. ვიქტორ პელევინი - ჩაპაევი და სიცარიელე

ჩაპაევი და სიცარიელე თავად ავტორის სიტყვებით, მსოფლიო ლიტერატურაში ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც აბსოლუტურ სიცარიელეში ვითარდება. კრიტიკოსების აზრით კი, ეს რუსული მწერლობის პირველი სერიოზული ძენ-ბუდისტური ნაწარმოებია.

რომანი პოეტი-დეკადენტის, პიოტრ პუსტატას ნაამბობს წარმოადგენს. სიუჟეტი ერთდროულად ორ დროში მიმდინარეობს - ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ და თანამედროვე რუსეთში. პოსტრევოლუციურ რუსეთში პუსტატა დეკადენტი პოეტია, რომელიც კომისრის მოვალეობას ასრულებს. ამ პერიოდში ის ხვდება უცნაურ კაცს, სახელად ჩაპაევს. კომისარი, რომლის ცხოვრებამაც მოულოდნელი გზისკენ გადაუხვია, მთელ დღეებს სამაგონის სმაში, ნარკოტიკებით თრობაში და ჩაპაევთან ცხოვრებაზე საუბარში ატარებს.

3. ჯ.კ. როულინგი - ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

პოტერიადის მეშვიდე და ბოლო წიგნი, ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები 2007 წელს გამოქვეყნდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს ახალგაზრდა ჯადოქრების ბოლო თავგადასავალი იყო, თუმცა როულინგმა გულშემატკივრების გახარება კიდევ ერთხელ გადაწყვიტა.

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ განვითარდა მოვლენები ვოლდემორტის სიკვდილიდან 19 წლის შემდეგ. სცენარის მიხედვით, მკითხველი კიდევ ერთხელ ესტუმრება ჯადოსნურ სამყაროს, რომელშიც ჰარი უკვე დიდ და გამოცდილ მამაკაცად, მაგიის სამინისტროს თანამშრომლად და სამი შვილის მამად მოგვევლინება. წიგნმა გაყიდვებით უილიამ შექსპირის პიესებს გადაუსწრო. გამოსვლიდან ერთ კვირაში ახალი ისტორიის თითქმის მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული.

4. ისმაილ კადარე - გახლეჩილი აპრილი

ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს სერია "ლიტერატურულ ოდისეას", რომელიც მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკურ მხატვრულ ნაწარმოებებს აერთიანებს. მათი უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

სერიის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ავტორი, ისმაილ კადარე გამოიცა. ალბანელი მწერლის ცნობილი რომანი, გახლეჩილი აპრილი წინასწარვე სასიკვდილოდ განწირული ახალგაზრდა კაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ცხოვრებასაც ჩაკეტილი საზოგადოების წესები განსაზღვრავს. 26 წლის ჯორჯი ძმის მკვლელის სისხლს აიღებს და საპასუხოდ ისიც უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახმა. კანუნის მიხედვით, მას ოცდაათი დღის სიცოცხლეღა დარჩენია, რომელიც აპრილში იწურება. მწერალს 2005 წელს ბუკერის საერთაშორისო ჯილდო მიენიჭა.

5. მარი ბექაური - ანას მომენტი

მარი ბექაური ახალგაზრდა ქართველი მწერალია. ანას მომენტი მისი რიგით მეხუთე წიგნია, სადაც მწერლის ხმას სულ სხვა სიმძლავრით მოისმენთ. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, განვითარებული სიუჟეტის მასშტაბურობაა.

წიგნში მოქმედება ჩვენს დროში, თბილისში ხდება. ახალგაზრდა ავტორს, ანა ნაკაშიძეს ქალაქის ერთ-ერთ სკვერში პოულობენ. ქალი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს, თუმცა მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ აქვს. ანას მომენტი ცივი და დაუნდობელი სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მგრძნობიარე ადამიანისთვის სრულიად შეუფერებელი ადგილია. წიგნში სენტიმენტებს ვერ ნახავთ. მწერალი მოგვითხრობს რეალობაზე, რომელშიც გაუგონარი სისასტიკეც კი შეიძლება დარჩეს უპასუხოდ.

6. ირვინ უელში - ჩხერკეთელეობა

"საუკეთესო რამ, რაც წლების განმავლობაში მომხდარა ინგლისურენოვან მწერლობაში" - ასე შეაფასა ერთ-ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ ირვინ უელშის სადებიუტო რომანი, თუმცა შოტლანდიელ ავტორს საკუთარ წიგნზე ქების გარდა მძაფრი კრიტიკაც მოუსმენია.

90-იანი წლების საკულტო წიგნი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანების შეულამაზებელი ამბებია მოთხრობილი, ემოციური და პროვოკაციულია. ცნობილია, რომ ავტორი თვითონაც მოიხმარდა ნარკოტიკებს, რამაც დიდწილად განაპირობა რომანის დამაჯერებლობა. წიგნში მოთხრობილია 20-30 წლამდე ოთხი ბიჭის საზარელი ცხოვრება და მათი განწირული ბრძოლა თვითგადარჩენისათვის. ქართული თარგმანი თამარ ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელმაც სათაურისთვის ახალი ქართული სიტყვა, ჩხერკეთელაობა შექმნა.

7. იური ანდრუხოვიჩი - მოსკოვიადა

ლიტერატურულ ოდისეას ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მოსკოვიადა შეემატება. პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიული ტექსტი საბჭოთა იმპერიის დედაქალაქის ბოლო დღეებზე გვიყვება.

რომანში უხვადაა ჟარგონი და უცენზურო ლექსიკა, რომელიც სატირის, იუმორის, სარკაზმისა და ირონიის დახვეწილ ნაზავს წარმოადგენს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია და დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება. რომანის დაწერიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მწერლის მრავალი გამონათქვამი სრულიად ახალ შეფერილობას იძენს.

8. დათო სამნიაშვილი - MOX

დათო სამნიაშვილის სადებიუტო რომანი Mox ვირტუალური რეალობის ახალ ფორმატზე მოგვითხრობს. როგორც ავტორი ამბობს, წიგნის დაწერის იდეა ბარში, ცოცხალი ორგანიზმის მომავალზე მსჯელობისას გაჩნდა.

რამდენად შეიძლება, რომ ადამიანი სხეულის გარეშეც ადამიანად ჩაითვალოს? - ეს არის კითხვა, რომელზეც ავტორი მკითხველთან ერთად ეძებს პასუხს. რომანში ვირტუალური რეალობის მთავარ იდეოლოგს მეცნიერი კარლ მოქსი წარმოადგენს (ალუზია კარლ მარქსზე). სწორედ მისი იდეების რეინკარნაციაა სამყარო, სადაც ადამიანები არ ბერდებიან და კვდებიან. წიგნის ერთი ნაწილი ვირტუალური არსების, M13-ის მიერ არის დაწერილი. ის მოულოდნელად მატერიალურ სამყაროს შეიგრძნობს და კითხვების დასმას დაიწყებს.

9. ალან მური, დევიდ ლოიდი - V ანუ ვენდეტა

კომიქსში მოქმედება მომავლის დისტოპიურ ბრიტანეთში, 1980-1990-იან წლებში მიმდინარეობს. იდუმალი ნიღბიანი რევოლუციონერი, რომელიც თავს V-ს უწოდებს, ცდილობს, არსებული ტოტალიტარული რეჟიმი შეარყიოს.

სერიაში ბრიტანეთი აღწერილია, როგორც ქვეყანა ბირთვული ომის შემდგომ ეტაპზე. ამ მომავალში ფაშისტური პარტია Norsefire ოპონენტებს საკონცენტრაციო ბანაკებში ამწესებს და ქვეყანას პოლიციის რეჟიმის სტატუსით მართავს. ანარქისტი V გულმოდგინე, ძალადობრივ და გამიზნულ დადგმულ კამპანიას იწყებს პირადი მტრების გასანადგურებლად. მას სურს ადამიანებს საკუთარი ძალების რწმენა და თავისუფლების შეგრძნება დაუბრუნოს. V ნათელი მაგალითია იმისა, რომ იდეების მოკვლა შეუძლებელია.

10. ფრანც კაფკა - ამერიკა

ფრანც კაფკას პირველი და ყველაზე მსუბუქი რომანი ამერიკა ახალგაზრდა ემიგრანტზე, კარლ როსმანზე მოგვითხრობს. მან შეერთებულ შტატებს გახმაურებული სექსუალური სკანდალის შემდეგ შეაფარა თავი.

კარლს იმედი აქვს, რომ ახალი შესაძლებლობები გადაეშლება, რეალურად კი მისი ცხოვრება "ამერიკულ მთებს" ემსგავსება. კაფკა არასდროს ყოფილა ამერიკაში, მაგრამ დეტალურად აღგვიწერს პეიზაჟებსა თუ ყოველდღიურ სიტუაციებს. მისთვის ამერიკა დროსა და სივრცეში განყენებული ქვეყანაა. როგორც კრიტიკოსები წერენ, მწერალმა არსებული რეალობა საკუთარი ტვინის მითიურ ელემენტებს დაუქვემდებარა. გენიალური ავტორის სიურეალიზმი ხელშესახებლად ნამდვილი ჩანს და თანამედროვე ამერიკაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს წიგნები და დაელოდეთ 25 მაისს. ერთმანეთს წიგნის ფესტივალზე შევხვდებით!

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 235 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: დათო სამნიაშვილი, მარი ბექაური, ლიტერატურა, franz kafka, ფრანც კაფკა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ჯოან როულინგი, literatura, ხულიო კორტასარი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
5  
ფასები რატომ არ გიდევთ???

4  
Mariam Kvitsiani ჩვენ მიერ განთავსებულ ყველა სარეკლამო სტატიას მითითებული აქვს "პარტნიორის კონტენტი" უკვე ერთი წელია, ანუ ჩვენი არსებობის დღიდან, ვიყენებთ ამ ტეგს, იმისთვის რომ ფასიანი განთავსება იყოს იდენტიფიცირებული - შესაბამისად, მკითხველი მოტყუებული არ არის smile განსხვავებით სხვა მედიებისგან, რომლებიც ასეთ კონტენტზე R-ს წერენ სტატიის ბოლოში და კაცმა არ იცის რას ნიშნავს. ასეთი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, როგორც წესი, ჩვენი მკითხველისთვის გასაგებია, ხოლო მცირე გამონაკლისებს, ასე ვუხსნით ხოლმე და ვაწვდით ინფორმაციას biggrin

3  
სარეკლამო სტატია თუა რატომ არაა მითითებული :)) სხვა ვარიანტში ვერ ვხვდები 10ივე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნი რატომაა როცა თუნდაც დიოგენეს ძალიან საინტერესო წიგნები აქვს დაანონსებული ფესტივალისთვის biggrin

2  
უკაცრავად მაგრამ ჰარი პოტერი 8 გაყიდვაში როდის გამოვა? წიგნის მაღაზიებში,ბათუმში

1  
ძალიან კარგია, მაგრამ ბოლოს როცა ვიყავი წიგნებზე გასული ხალხი სხვა ჟანრის წიგნებს ეძებდა, როგორებიცაა: იშოვე ფული მარტივად, როგორ გავმდიდრდეთ, წარმატების 10 ნაბიჯი, შეჭამე ბაყაყი, დაბერტყე კაკალი და სხვა. ალბათ სოციალური გაჭირვება მაინც თავისას შვრება და უკანასკნელ გროშებს გასამდიდრებელ წიგნებში აყრევინებს ადამიანს. ის კი დავიწყნიათ რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე სულიერებაა, რომელიც სწორედ ასეთ წიგნებშია.

სახელი *:
Email *:
კოდი *: