გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 7 » 10 ახალი წიგნი, რომელიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებს / 10 akhali tsigni, romelic bavshvebi kitkhvas sheakvarebs
8:44 PM
10 ახალი წიგნი, რომელიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებს / 10 akhali tsigni, romelic bavshvebi kitkhvas sheakvarebs






მშობლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხი მათი შვილებისა და წიგნების ურთიერთობას უკავშირდება. ბავშვების ლიტერატურით დაინტერესება წარსულშიც დიდი პრობლემა იყო, ხოლო ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, ამ გამოწვევის გადაჭრა კიდევ უფრო რთულდება. ხშირია, როცა მშობლები არასწორ ტაქტიკას მიმართავენ და ბავშვებს კითხვას აძალებენ ან დასჯის მეთოდად იყენებენ, რაც კონტრპროდუქტიულია და მოზარდებს წიგნებისგან კიდევ უფრო აშორებს.

იმისთვის, რომ ბავშვი წიგნებით დავაინტერესოთ, საჭიროა მათ სწორი ლიტერატურა შევურჩიოთ. მივცეთ მათ ის ნაწარმოები, რომლებიც მათ ინტერესებთან დგას ახლოს, რომელიც მათ თავიანთთვის საინტერესო თემებზე ახალ ინფორმაციას მიაწვდის ან მათ ცხოვრებაში მიმდინარე ემოციურ ფონს მიესადაგება და შესაბამისად, კითხვის პროცესში ადვილად შეძლებენ ამბავთან თუ პერსონაჟთან თვითიდენტიფიკაციას.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, ახალი წიგნები გამოიცა, წარმოგიდგენთ 10 წიგნს, რომელიც ბავშვებს კითხვას შეაყვარებს.

1. ბალადა გატეხილ ცხვირზე

ერნე სვინგენის ნაწარმოები 13 წლის ბარტზე მოგვითხრობს, რომელიც გამოუსწორებელი ოპტიმისტია და რთული ცხოვრების მიუხედავად ყველაფერს პოზიტიურად უყურებს. ბარტს ძალიან უყვარს ოპერა და სწორედ მუსიკაში პოულობს მწარე რეალობისგან გაქცევის გზას. მისი დედა ალკოჰოლიკი და ნარკოდამოკიდებულია, რის გამოც ოჯახს ძალიან უჭირს. ბარტი ცდილობს, რომ სიდუხჭირე კლასელებს არ აჩვენოს და მათ დაცინვის საბაბი არ მისცეს.

ბარტი დედამ კრივზე შეიყვანა, რათა მან თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბარტს ეს მეთოდი არ სჭირდება. მას უკვე აქვს თავდაცვის მექანიზმები - ოპტიმიზმი და ოპერა. ბიჭი სკოლაში პოპულარულ გოგოს, ადას უმეგობრდება, რომელიც ბარტს ამხნევებს და არწმუნებს, რომ სკოლის ტალანტ-შოუში მიიღოს მონაწილეობა და იმღეროს. ადა და ბარტი ერთმანეთს დაუახლოვდებიან და ბიჭი ხვდება, რომ შეუძლია, თავისი პრობლემები და ემოციები სხვასაც გაუზიაროს და საკუთარ თავში არ ჩაიკეტოს.

2. ტერარიუმი

ეს წიგნი კლაუს, სანი და ვიოლეტ ბოდლერების თავგადასავლის მეორე ნაწილია. ბავშვები თავიანთ ბიძასთან, დოქტორ მონტგომერი მონტგომერისთან ცხოვრობენ. მონტი გველების სპეციალისტია, რომელიც გადაწყვეტს, რომ ობლები პერუში წაიყვანოს, სადაც ქვეწარმავლები ახალი სახეობები უნდა აღმოაჩინოს.

მათ გეგმებს ხელს გრაფი ოლაფი უშლის, რომელიც კლავ ბავშვების ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობს. ეს ამბავი კი დოქტორი მორტიმერის სახლში ვითარდება, სადაც ბევრი გველი ცხოვრობს, შხამიანი და ბრაზიანიც და მეგობრული და მშვიდიც.

3. ქარიშხალი

კლაუსი, სანი და ვიოლეტი ამჯერად თავიანთი დეიდის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ტბასთან ახლოს დგას, ხოლო ტბა იმდენად დიდია, რომ მასზე დამანგრეველი ქარიშხალიც კი შეიძლება ამოვარდეს.

რა თქმა უნდა, თუ წიგნის დასაწყისში ტბაზე ქარიშხალია ჩამოკიდებული, ის აუცილებლად ამოვარდება, თან თოფისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ბოლოს ისვრის, ამინდი არავის და არაფერს ელოდება.

მოკლედ, ობლებს კიდევ ერთხელ მოუწევთ თავიანთი ბოროტი ნათესავის გრაფი ოლაფის ინტრიგებისგან თავის დაღწევა და ამის გაკეთება საშინელ კლიმატურ პირობებში უნდა შეძლონ.

4. თევზი ხეზე

წიგნები, სხვა სიკეთესთან ერთად, ბავშვებს გარკვეული ღირებულებებსაც უყალიბებს და ამიტომ მათ ისეთი წიგნებიც უნდა შევთავაზოთ, რომლებიც სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ასწავლიან მიმღებლობასა და ემპათიას.

თევზი ხეზე სწორედ ასეთი ნაწარმოებია. ის ელის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კითხვის სწავლა ძალიან უჭირს, როცა ნაწერს დახედავს ასოები პეპლებივით დაფრინავენ და მისთვის გაუგებარია, როგორ ახერხებენ ტექსტის წაკითხვას სხვა ბავშვები.

ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს - მასწავლებლებსა და მის თანაკლასელებს კი მისი არ ესმით. ელის პრობლემას სწორად მისი ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი შეაფასებს, რომლის დამსახურებითაც მთელი სკოლა დარწმუნდება, რომ გოგო ნიჭიერი მხატვარია.

თევზი ხეზე ბავშვებს ასწავლის, რომ ნაჩქარევი და სტერეოტიპული დასკვნების გამოტანა არ შეიძლება და შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ პირობითი ცნებაა.

5. პაქსი

პაქსი ემოციური ნაწარმოებია. პიტერი 12 წლის ბიჭია, რომელიც მელა პაქსთან მეგობრობს. ბიჭს თავის საყვარელ ცხოველთან განშორება უწევს, რადგან ქვეყანაში ომია და მამამისი საბრძოლველად მიდის. პიტერი თავის ბაბუასთან ცხოვრობს, ხოლო პაქსი - ტყეში.

ბიჭი თავისი მეგობრის პოვნას გადაწყვეტს, ამიტომ ბაბუის სახლიდან იპარება. თავად პაქსიც ცდილობს პიტერი იპოვოს - ორივე მათგანს რთული და საინტერესო თავგადასავალი ელით, თანაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ მათი შეხვედრა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ეს წიგნი მოგვითხრობს მეგობრობაზე, ერთგულებასა და ომის საშინელებაზე.

6. პადინგტონი გვეხმარება

პადინგტონი ისევ ახალ თავგადასავლებში ეხვევა, ის ცდილობს ყველას დაეხმაროს, მაგრამ ადვილად არაფერი გამოსდის. თუმცა მისი უიღბლობა ბოლოს მაინც კარგად მთავრდება და ყველა ბედნიერია, მათ შორის პადინგტონიც.

წიგნში 7 სასაცილო და საყვარელი ამბავია მოთხრობილი, რომლებიც კარგად გაგართობთ და გაცინებთ კიდეც.

7. ტროლებზე მონადირეები

ტროლებზე მონადირეები რეჟისორი გილერმო დელ ტოროსა და მწერალი დენიელ კრაუსის ერთობლივი ნაწარმოებია, რომელიც ჯიმ სტარჯისა და მისი ოჯახის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.

ჯიმის მამა თავისი შვილის უსაფრთხოებაზე გადამეტებულად და პარანოიდულად ნერვიულობს. ჯიმი თავიდან ვერ ხვდება, რატომ არის მამა ასეთი ფეთიანი, მაგრამ შემდეგ გაიგებს, რომ არსებობს ტროლების სამყარო, ხოლო მისი ძმა ამ სამყაროს ბინადრებმა მოიტაცეს. სწორედ ეს აშინებს ჯიმის მამას და ამიტომ დაჰფოფინებს თავზე შვილს. მაგრამ მალე ჯიმს თავად მოუწევს ტროლებთან დაპირისპირება, როცა მათი სამყაროდან ბიძია ჯეკი ბრუნდება და ძმის შვილს შავი გუნმარის დამარცხებაში დახმარებას სთხოვს.

წიგნის სიუჟტი ძალიან აქტიური და სწრაფია, ამიტომ მისი მკითხველი აუცილებლად გაერთობა და ისე წაიკითხავს, რომ ვერც კი მიხვდება, როგორ გავიდა დრო.

8. სტიუარტ ლითლი

სტიუარტ ლითლი ე. ბ. უაითის პირველი საბავშვო წიგნია, რომელშიც ერთ-ერთ ნიუ-იორკულ ოჯახში დაბადებული პატარა სტიუარტ ლითლის ამბებია მოთხრობილი. სტიუარტის მშობლები ადამიანები არიან, მაგრამ თავად ბიჭი "ყველაფრით და ყველანაირად თაგვს ჰგავს".

მისი მომცრო ზომისა და უცნაური გარეგნობის გამო სტიუარტი ხშირად ეხვევა სხვადასხვა თავგადასავალში და მისი ცხოვრება სავსეა ხიფათითა და საინტერესო ამბებით.

9. შარლოტის ქსელი

შარლოტის ქსელი ე. ბ. უაითის კიდევ ერთი საბავშვო წიგნია, რომელიც ფერმაში მცხოვრები ღორის, უილბურისა და ობობა შარლოტის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს.

მოგეხსენებათ, ღორისთვის ფერმაში ცხოვრება არც თუ ისე უსაფრთხოა, პატრონებმა, შეიძლება, ერთ დღეს მისი დაკვლა გადაწყვიტონ. ჰოდა, მაშინ, როცა ფერმერი სწორედ ამას გეგმავს, შარლოტი თავისი მეგობრის გადარჩენას ცდილობს. ის თავისი ქსელის საშუალებით უილბურის შესახებ ქება-დიდების წერილს წერს და ცდილობს ფერმერს მისი დაკვლა გადააფიქრებინოს.

კლასიკად აღიარებული საბავშვო ნაწარმოები, რომელსაც 1953 წელს Newberry-ს ჯილდო აქვს მიღებული, ქართულად პირველად ითარგმნა.

10. მადიკენი

მადიკენი დედასთან, მამასთან, დასთან და დიასახლისთან ერთად შვედურ სოფელში ცხოვრობს. ქვეყანაზე დიდი უბედურება ტრიალებს, პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, მაგრამ ეს გარემოება ოჯახს ხელს არ უშლის, რომ ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. მადიკენის მამა გაზეთის მთავარი რედაქტორია და ოჯახი შეძლებულად ცხოვრობს. გოგოს დედა სახლშია, არ მუშაობს და შვილებთან ბევრ დროს ატარებს.

მადიკენის ამბები ასტრიდ ლინდგრენის საუკეთესო ტრადიციებშია მოთხრობილი, სასაცილო, დინამიური და თბილი ისტორიები ბავშვებს ძალიან გაართობს და კითხვასაც შეაყვარებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 147 | დაამატა: nikucha | ტეგები: საბავშვო წიგნები, ე. ბ. უაითი, sabavshvo wignebi, ლემონი სნიკეტი, tsigni, გილერმო დელ ტორო, ლიტერატურა, ასტრიდ ლინდგრენი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით