გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 2 » როგორ განკურნა ირაკლი ჩარკვიანი ექსტრასენსმა / rogor gankurna irakli charkviani eqstrasensma
5:56 PM
როგორ განკურნა ირაკლი ჩარკვიანი ექსტრასენსმა / rogor gankurna irakli charkviani eqstrasensma






სამი წლის იყო ირაკლი, როცა პირველად შევამჩნიეთ, ენა რომ დაება. არ გვესიამოვნა, თუმცა თავი დავიწყნარეთ, გაუვლის-თქო. პირიქით ხდებოდა, სულ უფრო და უფრო ებმოდა ენა და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხუთი წლის ასაკში უბრალო ფრაზის თქმასაც კი რამდენიმე წუთს ანდომებდა. თვითონ მაინც და მაინც არ განიცდიდა, ნანა ჩუმად ტიროდა, მე კი, ჩემდა სასირცხვილოდ, პატარა ირაკლისთან საუბარს გავურბოდი. მეშინოდა, ნერვები არ მომშლოდა და მისთვის რამე უხეშად არ მეთქვა. მოვიარეთ ლოგოპედები, წავიკითხეთ აუარებელი სამეცნიერო ნაშრომი, საქმე კი წინ არ მიდიოდა. ერთ დღეს ნანამ გვერდით ოთახში გამიხმო და დაბალ ხმაზე, მორცხვად წამოიწყო: „ვიცი, შენ ახლა ყვირილს დაიწყებ, მეტყვი, რომ იდიოტი ვარ, რომ რაღაც ზღაპრების მჯერა, მაგრამ ხომ ნახე, არაფერი გამოდის. იქნებ მაინც ვცადოთ, გახსოვს, ერთხელ რომ გითხარი, ექსტრასენსია-მეთქი, გოგი კენჭაძე“. ამის გაგონებაზე ავფეთქდი. „შენ რომ სულელი ხარ, ამას დიდი ხანია შევეგუე, მაგრამ მე რომ სულელი გგონივარ, ეს უკვე მეტიმეტია. რის ექსტრასენსი, რა ექსტრასენსი. აზრზე მოდი, რას მთავაზობ, მე რომ ბავშვი „ჯადოქართან“ წავიყვანო სამკურნალოდ? შენ მალე მარჩიელთანაც გამიშვებ ირაკლის მომავლის გასარკვევად“.

ამ თემაზე ნანას აღარასდროს უთქვამს რაიმე, ირაკლი კი მალე სკოლაში უნდა წასულიყო და გამართულად წინადადების წარმოთქმას მხოლოდ სიმღერისას ახერხებდა. ერთხელ ჩაფიქრებული ნანა რომ დავინახე, სიცილით ვუთხარი, ვიცი რაზეც ფიქრობ-მეთქი. აბა, რაზეო, შემეკითხა. „ექსტრასენსზე“. ეს ვთქვი, მოვკიდე ხელი ირაკლის, ქუჩაში გავიყვანე, პირველივე კერძო მანქანა გავაჩერე და დიღომში გოგი კენჭაძესთან გავაქანე. მისამართი, ფასი და სხვა დეტალები წინა დღით მქონდა დადგენილი. ადგილზე ის სურათი დამხვდა, რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა – სასწაულმოქმედის მნახველთა რიგის ბოლო ქუჩაში გამოდიოდა. ერთადერთი, რაზედაც ახლა ვოცნებობდი, ის იყო, ნაცნობს არავის დავენახე. უცხო ხალხი ჯერ ვერ მცნობდა, ჩემს სატელევიზიო დებიუტამდე კიდევ რამდენიმე წელი რჩებოდა. ბოლოს რიგმა მოგვიწია და დავრჩით „ჯადოქართან“ პირისპირ. „რა იყო, ენა გებმება?“ – შეეკითხა გოგი კენჭაძე ირაკლის (ან კი საიდან იცოდა) და საუბარი ჩემთან გააგრძელა. ვიგრძენი, რომ ფსიქოტრონიკისა და სხვა კვაზი-მეცნიერული ტერმინების გამოყენებით სურდა გაეფანტა ჩემი სკეფსისი. მერე საქმეზე გადავიდა, რამდენჯერმე ხელი დაადო თავზე ირაკლის და მირჩია შემეძინა მეტრონომი, რომელიც ნელ ტემპში მთელი დღის მანძილზე ჩართული უნდა გვქონოდა ბავშვის ოთახში. მასთან კიდევ ხუთჯერ უნდა მივსულიყავით. აღარ მახსოვს რამდენი გადავუხადე. ის კი მახსოვს, რომ ჩქარი ნაბიჯით გავედით ქუჩაში, ვინმეს რომ არ დავენახეთ და მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, ტაქსიში რომ ჩავჯექით. „მამა, მეტრონომი რა არის?“ – შემეკითხა ირაკლი. „ხელსაწყოა. მუსიკოსები იყენებენ, ტემპი რომ შეინარჩუნონ“. „მერე მე ხომ მუსიკოსი არა ვარ. რაში მჭირდება მეტრონომი?“. ისე სთქვა, ერთგან არ წაუბორძიკებია. გაოგნებული ვუყურებდი. „მგონი, მართლა აღარ გჭირდება“ – ჩავილაპარაკე ჩემთვის.

მეტრონომი მაინც შევიძინეთ, კენჭაძესთანაც ხუთჯერ მივედით. ირაკლის კი მას შემდეგ სერიოზული პრობლემა აღარასდროს ჰქონია. ძალიან იშვიათად თუ ოდნავ შეფერხდებოდა. მუდამ ტელეეკრანზე იყო, რადიოში გადაცემა მიჰყავდა, ინტერვიუებს აძლევდა, სიტყვით გამოდიოდა. ველოდი, რომ ნანა როდისმე მაინც ისარგებლებდა ჩემი მარცხით, „ბოლოს ხომ გაირკვა, ვინ ყოფილა იდიოტი“ ან რაღაც ამდაგვარს მეტყოდა, მაგრამ დამინდო. თავად მე კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენს იდუმალებით აღსავსე სამყაროში მეტისმეტად კატეგორიულ, შეუვალ პოზიციაზე ხისტად დგომას უნდა ერიდო. ასეა, ჩემო ჰორაციო.

გელა ჩარკვიანი – „ნაგერალა 2“

გამომცემლობა „ინტელექტი“, 2017 წ.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 974 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ნაგერალა 2, mefe, eqstrasensoruli, ირაკლი ჩარკვიანი, nagerala 2, mepe, irakli charkviani, gela charkviani, eqstrasensi, გელა ჩარკვიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...