გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » ნოემბერი » 20 » მეცნიერებმა ბიჭის სიცოცხლე გენური თერაპიით იხსნეს და მას კანის ზედაპირის 80% შეუცვალეს / mecnierebma bichis sicockhle genuri terapiit ikhsne
2:24 PM
მეცნიერებმა ბიჭის სიცოცხლე გენური თერაპიით იხსნეს და მას კანის ზედაპირის 80% შეუცვალეს / mecnierebma bichis sicockhle genuri terapiit ikhsne






ექიმებმა კანის რთული და იშვიათი დაავადების მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სირიელი ბიჭი კანის გამოცვლის ექსპერიმენტული მეთოდით გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც ექსპერიმენტული გენური თერაპიის შედეგად, მისი სხეულის 80%-ზე ახალი კანი გადაუნერგეს. ინფორმაციას AP ავრცელებს.

ჰასანი ახლა შვიდი წლისაა. მკურნალობიდან ორი წლის შემდეგ, ის თავს ისე კარგად გრძნობს, რომ პრეპარატებს აღარ იღებს, სკოლაში დადის და ფეხბურთს თამაშობს.

დაბადებიდან ერთი კვირის შემდეგ ჰასანს სხეულის უკანა მხარეს კანზე ბუშტები გაუჩნდა. ექიმებმა მას გენეტიკური დაავადების, ბულოზური ეპიდერმოლიზის [EB], დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება კანს ასუსტებს და მასზე ჭრილობები მარტივად ჩნდება. სირიაში ჰასანის ოჯახს უთხრეს, რომ მათ შვილს ვერ განკურნავდნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჰასანის ოჯახი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს გამოექცა და გერმანიას მიგრანტად შეაფარა თავი. მათ არც გერმანელი ექიმებისგან მიუღიათ საიმედო პასუხი - ჰასანის განკურნება წარმოუდგენელი ჩანდა. ამ დროის განმავლობაში ბავშვის კანზე წყლულები იზრდებოდა.

2015 წლის ივნისში ჰასანი გერმანიის ქალაქ ბოხუმში მდებარე საბავშვო საავადმყოფოში, დამწვრობის განყოფილებაში მოათავსეს. ამ დროისთვის დაავადებას მისი კანის ზედაპირის 60 პროცენტი უკვე შეჭმული ჰქონდა.

მისი ზურგი, კიდურები და გვერდები ღია ჭრილობებით იყო სავსე და მათ დიდ ნაწილში ინფექცია იყო შეჭრილი. ჰასანი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. "რატომ მიწევს ასეთი ცხოვრების გაგრძელება?" - ეკითხებოდა 5 წლის ბიჭი მამას.

საავადმყოფოში მოთავსებიდან 5 კვირის შემდეგ, ექიმებმა გადაწვიტეს, რომ ჰასანის გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა და მას საავადმყოფოში ბოლო დღეები სიცოცხლის დასასრულებლად უნდა გაეტარებინა. თუმცა, ბიჭის მამამ მოითხოვა, რომ მისი შვილისთვის ექსპერიმენტული მკურნალობა ჩაეტარებინათ.

ექიმები იტალიელ ბიოლოგს მიშელ დე ლუკას დაუკავშირდნენ, რომელიც ბოლო ათწლეულები EB-ის პაციენტებისთვის ახალი კანის შეთავაზებაზე მუშაობდა. დე ლუკა პაციენტის სხეულიდან უჯრედებს იღებდა და იმ გენებს უცვლიდა, რომლებიც დაავადებას იწვევდნენ. შემდეგ ის გამოსწორებული უჯრედებით გაჯანსაღებული კანის ზედა ფენას ზრდიდა და მას პაციენტის სხეულზე აბრუნებდა.

ამ გზით, დე ლუკამ, კოლეგასთან, გრაზიელა პელეგრინისთან ერთად, 2006 წელს 49 წლის ქალი განკურნა, რომელსაც მარჯვენა ფეხზე EB-ით გამოწვეული წყლულები ჰქონდა. თუმცა ჰასანის მდგომარეობა ბევრად რთული იყო - ის 5 წლის იყო და სხეულის დიდი ნაწილზე ჰქონდა კანი დაკარგული.

2015 წლის აგვისტოში დე ლუკამ ჰასანისთვის თავისი ტექნიკით მკურნალობის კურსის გატარება გადაწყვიტა. სექტემბერში ექიმებმა ჰასანის საზარდულიდან 2 სანტიმეტრის ფართობის კვადრატის ფორმის კანის ზედაპირი აიღეს - სხეულის ამ ადგილას მისი კანი ჯერ კიდევ ჯანმრთელი იყო. მეცნიერებმა დე ლუკას ტექნიკით კანის უჯრედებში დაავადების გამომწვევი გენი შეცვალეს და ოქტომბერსა და ნოემბერში გაზრდილი ჯანსაღი კანი ჰასანის სხეულზე დააბრუნეს.

ექიმებმა ჯამში ჰასანის კანის ზედაპირის 80 პროცენტი ჩაანაცვლეს ახალი კანით.

ექსპერიმენტული მკურნალობა წარმატებით დასრულდა და ჰასანი 2016 წლის თებერვალში საავადმყოფოდან გაწერეს. მისი კანი ახლა ძლიერია, ქავილს არ იწვევს და მალამოც კი აღარ სჭირდება.

"ჰასანს იმის შემდეგ სხეულზე ერთი წყლულიც კი არ გასჩენია. ის წონაში იმატებს, სპორტულ აქტივობებშია ჩართული და ნორმალური სოციალური ცხოვრება აქვს" - ამბობს დე ლუკა The Atlantic-თან ინტერვიუში.

ჰასანის მშობლების თქმით, შესაძლებელი იყო, რომ მათ შვილს მკურნალობის ამ მეთოდისთვის ვერ გაეძლო და დაღუპულიყო, თუმცა მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.

"ჩვენი ცხოვრება სრულიად შეიცვალა", - ამბობენ ისინი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 52 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: mkurnaloba, მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდები, გენეტიკური დაავადება, კანის დაავადება, ბულოზური ეპიდერმოლიზი, მკურნალობა, bulozuri epidermolizi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: