გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ქეთათოს საჩივრის გამო Youtube-მა შესაძლოა ქართული ალტერნატიული მუსიკის ჩანაწერები წაშალოს / qetatos sachivris gamo shesadzloa youtube-ma alt
9:44 PM
ქეთათოს საჩივრის გამო Youtube-მა შესაძლოა ქართული ალტერნატიული მუსიკის ჩანაწერები წაშალოს / qetatos sachivris gamo shesadzloa youtube-ma alt






Youtube-დან ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ქართული არხი, რომელზეც 1100-მდე ჩანაწერია ატვირთული, შეიძლება წაიშალოს. ამის მიზეზი კი ირაკლი ჩარკვიანის ცოლის ქეთათო პოპიაშვილის საჩივარია, რომლითაც მან Youtube-ს მიმართა.

ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის არხი Youtube-ზე ჯაბა შავიშვილმა 6 წლის წინ გააკეთა. სიმღერებს შორის ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაც არის, რომლის საავტორო უფლებებსაც ქეთათო ფლობს. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევის გამო მიმართა ქეთათომ Youtube-ს, რათა წაშალოს შავიშვილის არხი მისი ქსელიდან.

ჯაბა შავიშვილმა ამ ამბის შესახებ პოსტიც გამოაქვეყნა facebook-ზე, სადაც წერს, რომ თუ ოთხშაბათისთვის ქეთათო Youtube-დან საჩივარს უკან არ გამოითხოვს, ქსელი წაშლის 1100-ზე მეტ ქართულ კომპოზიციას და ისინი ხელმიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის.

!! ჩემი Youtube-ის არხი იშლება !!

საჯარო წერილი ქეთათო ჩარკვიანს

Ketato Mepe Ketato PoPiashvili

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 15 წლის ასაკში პირველად მოვუსმინე ჯგუფ „ტაქსის“ და ქიშო გლუნჩაძის მანამდე მიუწვდომელ ჩანაწერებს. ამ ყველაფერმა ისეთ გავლენა მოახდინა რომ, მას შემდეგ გადავწყვიტე ყველა მეგობარი თუ ნაცნობი, ინტერნეტში თუ ოფლაინში გადმომერთო ამ ტალღაზე.

2010 წლის შემდეგ, რაც პირველი Youtube-ის არხი წამიშალეს საავტორო უფლებების გამო (ძირითადად უცხოურ მუსიკას ვაქვეყნებდი) დავფიქრდი, რომ ქართული მუსიკა იყო ის, რასაც უფრო მეტი მზის შუქზე გამოტანა სჭირდებოდა და არა ვიწრო წრეებში ტრიალი.

2011 წლისთვის 19 წლის ასაკში დავიწყე ჩემს ხელში არსებული მასალის დამუშავება და Youtube-ზე განთავსება. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და დღეისთვის არსებულ 1100 (!) ქართულ ჩანაწერს, 8000 გამომწერი და 20 000 000 ნახვა აქვს.
რაც ძალიან მალე შეიძლება აღარ იყოს ხელმისაწვდომი.
მას შემდეგ რაც თქვენ Youtube-თან ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებზე საავტორო უფლებებზე მიჩივლეთ და ზედიზედ მომივიდა Strike 3 სიმღერაზე, Youtube მა 7 დღის შემდეგ ჩემი არხის მთლიანად წაშლა გადაწყვიტა.

- იშვიათად მომეპოვება ქართული მუსიკის ჩემნაირი გულშემატკივარი, შესაბამისად შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის შესახებ ჩემთვის პირადად მოწერა (მით უფრო არც ისე მიუწვდომელი ვარ) რასაც ამას წლების განმავლობაში სხვადასხვა მუსიკოსი აკეთებდა.
- ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის რომ რაზეც საავტორო უფლებები გაგაჩნიათ თქვენ დაგითმოთ.
- ამ არხზე ირაკლის სიმღერების გარდა 1000-ზე მეტი კომპოზიციაა ატვირთული ქართველი მუსიკოსების მიერ შექმნილი, რომელთაც პირიქით აუდიტორიაზე გასვლა ჭირდებათ და არა დამალვა და წაშლა.
- თუ ვინმე ფიქრობს რომ ქართული კონტენტით რაიმე დიდი მატერიალური სარგებლის შოვნა შეუძლია, ეს შეუძლია თვითონაც სცადოს - ქართული კონტენტის მონეტარიზაცია ყველამ იცის რომ არ არის მომგებიანი მსგავს პლატფორმებზე.
- ამასთან ერთად წყალში იყრება ჩემი 6 წლიანი შრომა. სადაც თითქმის პედანტურად ვეცადე ინფორმაცია მაქსიმალურად დამუშავებულად მიმეწოდებინა აუდიტორიისთვის.

ამ ყველაფრის გამოსასწორებლად კი ძალიან ცოტა დრო რჩება

თუ ოთხშაბათისთვის, თქვენ უკან არ წაიღებთ არსებულ საჩივარს, Youtube ჩემს არხს მთლიანად წაშლის და 1100 ზე მეტი ქართული კომპოზიცია (რომელთაგანაც შეიძლება ნაწილი მხოლოდ ჩემს კომპიუტერშია შემორჩენილი) ხელმიუწვდომელი იქნება ადამიანებისთვის.

ქართულ საზოგადოებას ინფორმაციული ალტერნატივა ჭირდებათ, მით უმეტეს ინტერნეტში, თორემ ნუ გვიკვირს რატომ იზრდება ახალი თაობა რუსულ რეპზე.

იმედს ვიტოვებ თქვენი გონივრული გადაწყვეტილების

ჯაბა შავიშვილი

12/18/2017

თავად ქეთათო პოპიაშვილი ამ საკითხზე ამბობს, რომ კეთდება მისი და ირაკლი ჩარკვიანის ოფიციალური Youtube-არხი - MepeKetato Official, სადაც განთავსდება ყველა მასალა, რომელიც ცნობილ ირაკლი ჩარკვიანს ეკუთვნის. რაც შეეხება ჩარკვიანის შემოქმედების სხვა არხებზე განთავსებას, მხოლოდ ქეთათოს თანხმობის შემდეგე უნდა განთავსდეს. ქეთათომ ამის შესახებ facebook-ზე დაწერა.

"ყველას შეუძლია გაეცნოს იუთუბის ინსტრუქციას ვიდეომასალის ატვირთვის წინ, ასევე საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციას, საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.

Ketato PoPiashvili
7 საათის წინ
მეგობრებო, ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ საკმაოდ მარტივი საკითხი იუთუბზე განთავსებულ არაავტორიზებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომელიც ყოველგვარი გართულების გარეშე იუთუბის სივრცეშივე უნდა მოგვარებულიყო ჩემთან ელ.ფოსტის საშუალებით მარტივი წერილის მოწერით, ერთერთი არხის მფლობელმა სოციალურ ქსელში გადაიტანა და უამრავი ადამიანი შეყავს შეცდომაში: თითქოს მე მისი არხის გაუქმება მსურს და ეს ადამიანებიც დაუზარელად გამოთქვამენ ჩემი პიროვნების შეურაცხმყოფელ მოსაზრებებს.

საქმე იმაშია, რომ კეთდება ირაკლის და ჩემი ოფიციალური არხი იუთუბზე, MepeKetato Official, სადაც აიტვირთება ყველა მასალა, რაც გამოვეცით ირაკლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდგომ, ხოლო იუთუბის ყველა სხვა არხზე მასალა განთავსდება მხოლოდ ჩემი თანხმობით, ვინაიდან მე ვარ საავტორო უფლების მფლობელი. ასეთია წესი მთელს მსოფლიოში და ყველას შეუძლია გაეცნოს იუთუბის ინსტრუქციას ვიდეომასალის ატვირთვის წინ, ასევე საქართველოს კანონს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ბერნის კონვენციას, საავტორო უფლებების შესახებ ისმოს ხელშეკრულებას და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს საავტორო უფლებების დაცვის შესახებ.

ნებისმიერ საავტორო უფლებების მატარებელ ვიდეოზე, რომელსაც ტვირთავთ იუთუბზე, იღებთ პასუხისმგებლობას, რომ ფლობთ საავტორო უფლებას და საჩივრის შემთხვევაში მზად ხართ დაიცვათ თქვენი უფლებები; საპირისპიროს აღმოჩენის შემთხვევაში, იუთუბი უფლებამოსილია და ვალდებულია საავტორო უფლებების კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება, რაც შეიძლება გამოიხატოს კონკრეტული ვიდეოს, ან მთლიანად არხის დაბლოკვაში. ამას ყველა კეთილსინდისიერი არხის მფლობელი აცნობიერებს.

როდესაც დავიწყე ჩვენი ნამუშევრების ატვირთვა, რამდენიმე კომპოზიციაზე მე თვითონ მომივიდა საჩივარი, რომ თითქოს-და მე ამის გაკეთების უფლება არ მქონდა, რადგან სხვის მიერ იყო ატვირთული და მითვისებული საავტორო უფლება, რის სანაცვლოდაც სხვადასხვა არხები იღებდნენ და ჯერ კიდევ იღებენ სარეკლამო შემოსავალს იუთუბისგან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იუთუბისთვის მომიწია მტკიცებულებების წარდგენა, რომ ამ სიმღერებზე საავტორო უფლებები მე მეკუთვნის. ყველას შევახსენებ, რომ არტისტის გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში საავტორო უფლება ეკუთვნის მის ოჯახს; მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდგომ ხდება ის საყოველთაო.

ახლა მოკლედ იმაზე, თუ როგორი რეაგირების პროცედურაა იუთუბზე საავტორო უფლებების თაობაზე საჩივრის მიღებაზე, რითაც ამ კონკრეტულ არხის მფლობელს უნდა ეხელმძღვანელა: როდესაც იუთუბზე შექმნილ რომელიმე არხის მფლობელს მისდის საჩივარი საავტორო უფლებების დარღვევის თაობაზე, მას ეძლევა 7-დღიანი გონივრული ვადა იმისთვის, რომ ან დაამტკიცოს საკუთარი საავტორო უფლება ამა თუ იმ კომპოზიციაზე, ან აიღოს არალიცენზირებული პროდუქცია იუთუბიდან, ან მიმართოს იუთუბზე მითითებული მეილის საშუალებით საავტორო უფლებების მფლობელს და თხოვოს უნებართვოდ განთავსებული ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვნა.

ეს პროცედურა არ გულისხმობს საავტორო უფლებების მფლობელთან პირად შეხვედრას, ან ნაცნობ-მეგობრულად მასთან პირად კონტაქტზე გასვლას. პროცედურის დაცვით, მართებულად და კეთილსინდისიერად მოიქცა რამდენიმე არხის მფლობელი, რომლებმაც მეილის საშუალებით მთხოვეს ვიდეოს აღების სანაცვლოდ საჩივრის გამოთხოვნა, რაც გავაკეთე არაერთი არხის შემთხვევაში.

სამწუხაროა, რომ ერთერთი არხის მფლობელი ასე არ მოიქცა, იუთუბისგან მიცემულ ვადაში პირველ 2 საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა, ხოლო მესამე საჩივარზე უკვე იუთუბმა ავტომატურად მოახდინა არხის ბლოკირება და ამაში ჩემი დადანაშაულება უადგილოა. არხის დაბლოკვის მიუხედავად, მას კიდევ ჰქონდა საშუალება რომ მოეწერა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც მან სამწუხაროდ არ გააკეთა. ამ კონკრეტული არხის მფლობელმა რატომღაც გადაწყვიტა განესაჯაროებინა ეს საკითხი სოციალურ ქსელში და ექცია ისტერიული შეურაცხყოფის თემად.

უკაცრავად, რომ ვფლობ და ვიცავ საავტორო უფლებას ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაზე და როდესაც ოფიციალური არხის გახსნა გადავწყვიტე იუთუბზე, ყველასგან სათითაოდ არ ავიღე ნებართვა.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 280 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ჯაბა შავიშვილი, ketato popiashvili, ქეთათო პოპიაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, jaba shavishvili, mepeketato, YouTube, irakli charkviani, qetato popiashvili | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...