11:55 AM ზვიად რატიანის საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად სცნო / zviad ratianis saqmeze personalur monacemta dac | ||||||||||||
EMC-ის თქმით, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ პოლიციის შესახებ კანონი განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება, ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის. ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას: "ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება". ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით. ზვიად რატიანის საქმე პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს. მიმაგრება: სურათი 1
|
|