12:27 PM რატომ არ ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ალერგია და რატომ გვაქვს ჩვენ / ratom ar hqondat chvens tscinaprebs alergia da ratom gvaqvs chven | |||||||||||||||
სეზონის ცვლილებასთან ერთად, დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის მესამედი მაინც განიცდის დისკომფორტს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ალერგიული რეაქციები ხშირდება ბავშვებშიც, განსაკუთრებით კი - განვითარებულ ქვეყნებში. რას ამბობს ამ საკითხზე მეცნიერება? ერთი შეხედვით, დაუჯერებელია, მაგრამ ალერგიის სიმპტომების თავდაპირველი ფუნქცია ჩვენი ორგანიზმის დაცვაა. ცხვირიდან დენა, ცემინება, ცრემლდენა - ყოველივე ეს ორგანიზმიდან მავნე ნაწილაკების გამოყოფას ემსახურება. ალერგია, თავისი განმარტებით, ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ ნივთიერებაზე, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს ავად არ ხდის. ასობით მილიონი ადამიანი მიწისთხილს უპრობლემოდ ჭამს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 მილიონამდე ინდივიდია, რომელსაც მიწისთხილის მცირე დოზით მიღების შემთხვევაშიც კი ყელი უსივდება. რატომ არსებობს ალერგია? მიზეზი, რატომ უვითარდებათ ადამიანებს ალერგია "უწყინარი" პროდუქტების მიმართ, რთული დასადგენია. არც ის არის ცნობილი, იმუნური სისტემა არასწორად აგზავნის სიგნალებს, თუ კონკრეტული საჭმელი მართლაც საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანისთვის. უმეტეს შემთხვევაში, ალერგიას ზედმეტად "მონდომებული" იმუნური სისტემა იწვევს. ანტისხეული, სახელად იმუნოგლობულინი E ანუ IgE პასუხისმგებელია ჰისტამინის გამოყოფაზე, რომელიც გაჭედილ ცხვირთან ერთად, ქსოვილების ანთებას იწვევს. განგაშის მექანიზმი, ზოგადად, სასარგებლოა, მაგრამ საჭიროსა და არასაჭირო განგაშს შორის განსხვავების დადგენაში ადამიანის სხეული მაინცდამაინც ძლიერი არაა. ექსპერტების აზრით, მეტისმეტად აქტიური IgE ის იმუნური მექანიზმია, რომელიც ჩვენს წინაპრებს პარაზიტებისა და შხამისგან იცავდა. მაშინ, როცა ადამიანი ველურ ბუნებაში ცხოვრობდა, ამ თავდაცვით რეაქციას სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. იმუნოლოგი ქეით ველში ამბობს, რომ განსაკუთრებით შემაწუხებელ რეაქციას ადამიანი სახიფათო ადგილებთან მიახლოებისგან უნდა დაეცვა. ასე ანიშნებდა იმუნური სისტემა ჩვენს წინაპრებს, გაცლოდნენ იმ ადგილებს, სადაც ველურ ფუტკრებს მათი დანესტვრა შეეძლოთ. ევოლუციისთვის სულ ერთია, სიმპტომები შემაწუხებელი არის თუ არა, მთავარია, მათ სასარგებლო შედეგი მოჰყვებოდეს. დროთა განმავლობაში, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად, აქტიური იმუნური სისტემა უფრო და უფრო ღირებულ "თვისებად" იქცა, თუმცა სწრაფმა კულტურულმა ევოლუციამ IgE თითქმის უსარგებლოდ აქცია. "წლების განმავლობაში ჩვენ უფრო და უფრო სუფთა საზოგადოება გავხდით. აღარ გვიწევს ტალახთან კონტაქტი და მიწაში ქექვა საჭმლის მოსაპოვებლად, იმუნურმა რეაქციამ კი სადმე უნდა იპოვოს გამოხატვის გზა", - ამბობს ველში. ეს ე.წ. ჰიგიენური ჰიპოთეზაა, რომლის თანახმადაც, რაც მეტ ალერგენთან თუ ბაქტერიასთან ექნება ბავშვს შეხება, მით უფრო დაცული იქნება ალერგიისგან მომავალში. იმუნურ სისტემას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, სხვა შემთხვევაში, ის მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში იქნება. რატომ ხშირდება ალერგიები განვითარებულ ქვეყნებში? დაჩქარებულმა განვითარებამ და ურბანიზაციამ კვებითი ალერგიებიც გამოიწვია. თუ ჩვენი ბებიები და ბაბუები მხოლოდ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს ჭამდნენ, თანამედროვე ადამიანი არასეზონურ პროდუქტსაც ჭამს, რომელიც სხვადასხვა გზით არის დამუშავებული. კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. დასავლური კვების სტილია. იტალიელმა მეცნიერებმა ბურკინა ფასოს პატარა სოფელში მცხოვრები ბავშვების მუცლის ღრუში არსებული ბაქტერიები მათი ფლორენციელი თანატოლების ბაქტერიებს შეადარეს. ბურკინაფასოელ ბავშვებს, რომლებიც უმეტესად სეზონურ და ვეგეტარიანულ საჭმელებს ჭამდნენ, უფრო მრავალფეროვანი მიკროფლორა აღმოაჩნდათ, ვიდრე ფლორენციელებს, რომლებიც უმეტესად ცხიმსა და ნაშხირწყლებს იღებდნენ. ადამიანის ორგანიზმში არსებული ბიომრავალფეროვნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის პათოგენებთან ბრძოლას აჩვევს იმუნურ სისტემას და ჩვენი სხეულიც უკეთესად "სწავლობს", რომ საკუთარ თავს ან უწყინარ პათონოგენებს არ უნდა ებრძოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ალერგია უთვალავ ადამიანს ურთულებს ცხოვრებას, მეცნიერების მიზანი ალერგიული რეაქციების მოშორება სულაც არაა. ძალიან კარგია, რომ ორგანიზმი მოსალოდნელი საფრთხეებისთვის მზადაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საფრთხეებში ხანდახან ყვავილის მტვერი და შოკოლადიც იგულისხმება. სეზონური ალერგიისა და ალერგენების კალენდრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ "სხვა შუადღის" გადაცემა ნახოთ, სადაც ამ საკითხზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა საუბრობს.
| გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.მიმაგრება: სურათი 1
|
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
Загрузка...
|