გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ნოემბერი » 14 » 2000 ლარი “ვიშკაზე” დგომის სანაცვლოდ – პრობლემები სამხედრო სავალდებულო სამსახურში / 2000 larii vishkaze dgomis sanacvlod. problemebi samkhe
12:06 PM
2000 ლარი “ვიშკაზე” დგომის სანაცვლოდ – პრობლემები სამხედრო სავალდებულო სამსახურში / 2000 larii vishkaze dgomis sanacvlod. problemebi samkhe






სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით 9 თვეში ბიუჯეტში 860 ათას ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი 775 596 ლარით შეივსო, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი, 84 800 ლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს თანხა დაახლოებით 10 000 ლარითაა გაზრდილი.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს. პირს სავალდებულო სამსახურის გადავადება ორჯერ შეუძლია.

ახალწვეულებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება იწვევს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური დაცვის სამსახური, დაზვერვის სამსახური და ა.შ. შესაბამისად, ჯარში მსახურება ახალწვეულებისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუმცა რეალობა სხვაა.

ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი, ახალგაზრდების თქმით, ტყუილად გაფლანგული დროა, რომელი ურცევნიათ სწავლისთვის, მუშაობისა და პირადი ცხოვრებისთვის გამოიყენონ. ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლების პროცესს იხანგრძლივებენ, თუმცა ბუნებრივია, ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„სამსახური მაქვს, თან მაგისტრატურაზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. ჯარში წასვლა იმიტომ არ მინდა, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე, ჩემთვის იქ ყოფნა უინტერესოა. ვიცი, რომ ინტენსიური ვარჯიში და მზადება არ მიდის, მე კი თუნდაც ჩემი ხელფასი არ მიღირს ჯარში მსახურებად, „ვიშკაზე“ სადგომად,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თ.რ., რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

თ.რ.-ს მსგავსად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არიდებს თავს. ამის გამომწვევ მიზეზებზე სფეროს ექსპერტები საკმაოდ ბევრს მსჯელობენ.



რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს სამხედრო სამსახურს?!


სავალდებულო სამხედრო სამსახურის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია. ჯარში წასვლის მთავარი მოტივაცია, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ბრძოლისუნარიანობის გაზრდაა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზაფხულზე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას იწვევენ, მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხვდება 600-700, ხოლო დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე ნაწილდება, სადაც, წვრთნის ნაცვლად, დაცვის ფუნქციას ასრულებენ მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ – თვეში 50 ლარად.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ხოლო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაშიც კი, 27 წლამდე სწავლა არ გრძელდება, ჯარისთვის თავის არიდების საშუალებად იქცა ე.წ. უფასო პროფესიები. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 17 მიმართულება. ხელახლა ჩაბარების შემდეგ, ე.წ. სტუდენტები სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარს აბიჯებენ და შემდეგ მე-2-მე-3 კურსიდან, როგორც წესი, უნივერსიტეტებს ტოვებენ.

ახალი ხრიკი მოიფიქრა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია – „ბიბლიური თავისუფლება” ჩამოაყალიბა. იქ „სასულიერო პირებს” აკურთხებენ და შესაბამის ცნობასაც გასცემენ.

სამოქალაქო-სამხედრო სამსახურის ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი, ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთია, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს. ლექვინაძის თქმით, გადავადების საფასურის გადამხდელები მიუთითებენ სახელმწიფოს, რომ სისტემაში არის ფუნდამენტური ხარვეზი და საჭიროა სხვა კონცეპციის შემუშავება. ახალწვეულები ვერ იღებენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც ქვეყნის დაცვისთვის არის საჭირო და მათგან ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ეს ადამიანები შედარებით იაფად ემსახურებიან სხვადასხვა სტრუქტურას.

„რეალურად, იმას ვიღებთ, რომ არც საბრძოლო უნარ-ჩვევების შეძენის თვალსაზრისით, არც მომზადებული რეზერვის დაგროვების თვალსაზრისით, არც საბრძოლო სულისკვეთების და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით, ეს ეფექტს არ იძლევა. ერთადერთი, რაც დღეს არის, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ის, რომ სახელმწიფოს უხელფასო პერსონალი ჰყავს,“ – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს თანამედროვე სამხედრო სამსახურს “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე. ეს კი, ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ.

„ჩვენთან ჯარის საკითხი საბჭოთა გადმონაშთია, როცა აუცილებელი იყო ჯარში წასვლა. როცა ახალგაზრდები ჯარში მიჰყავთ, ისინი ძირითადად, საყარაულოდ მიდიან. ანუ ჩვენ საკუთარ ახალგაზრდებს წელიწადის განმავლობაში ვწყვეტთ პირად გეგმებს, რომ ყარაულში დავაყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სისტემა, სადაც ახალგაზრდები ბოლომდე დაცულად იქნებიან და ინტერესი ექნებათ ამ ვალდებულების შესრულების. სტუდენტები მაგისტრატურაზე აბარებენ ორ-ორჯერ იმისთვის, რომ ჯარში არ წავიდნენ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ხარშილაძე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ის იქნება, თუ ახალწვეულებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს.

„სხვა უწყებებში, სადაც ახალგაზრდებს იწვევენ, მათი მომზადება, როგორც ჯარისკაცის, ფაქტობრივად არ ხდება. მათ ძირითადად, მხოლოდ დაცვის სამსახურის შესრულება უწევთ – ან კართან, ან საგუშაგოზე დგომა. სხვადასხვა სამინისტროს არც აქვს ყაზარმა და დასვენების დღეებში ახალწვეულები სახლში მოდიან. ისინი როგორც მორიგეები, სამ დღეში ერთხელ მსახურობენ. ის, რაც ქვეყანას უნდა, რომ რიგითი ჯარისკაცი რეზერვისტად გამოდგეს, ანუ უკვე მომზადებული იყოს, ამ ახალგაზრდებისგან ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ახალწვეულთა გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყოს,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ალადაშვილი.



სიახლეები ახალწვეულებისთვის


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულების ის ნაწილი, რომელიც კონკრეტულად ამ სტრუქტურას ეკუთვნის, გადამზადების ახალ მოდელს გაივლის. ეს კი გულისხმობს შაბათ-კვირას დასვენებას და ხელფასის 65 ლარამდე გაზრდას. გარდა ამისა, ახალწვეულები 3 თვიან იდენტურ წვრთნებს გაივლიან, რასაც კონტრაქტზე მომუშავე ჯარისკაცები გადიან.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე აცხადებს, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ძირეული ცვლილებები მასში არ იგეგმება. კობალაძის განმარტებით, სამხედრო სამსახური მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს და თუნდაც მორიგეობა ან საკვების მომზადება არ აკნინებს სამხედრო მოსამსახურეს და არც იაფ მუშახელთან გვაქვს საქმე.

„ის, რომ საგუშაგოზე ადამიანი დგას გარკვეული პერიოდი, მორიგეობა აქვს და ამ მორიგეობის რაღაც პერიოდი აქვს დასვენების, დარჩენილი კი – აქტიური მოქმედებების, არანაირად არ აკნინებს არც მის პასუხისმგებლობას, არც ავტორიტეტს და არც შემართებას, რადგან შეიძლება ბევრ შემთხვევაში მოყარაულე გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იყოს, ვიდრე რაღაც ეპიზოდში ტანკში მჯდომი ადამიანი,“ – აცხადებს კობა კობალაძე.

გარდა ამისა, კობა კობალაძის თქმით, გარკვეული მაქინაციებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

„საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივაა დასაყენებელი, რადგან ჩვენ ალბათ ვუყურებთ იმას, რომ ბევრი ცდილობს, მაქინაციებით აიცილოს ქვეყნისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნა, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული არც სახელმწიფოს და არც თითოეული ჩვენგანის მხრიდან,“ – განაცხადა კობალაძემ.

კობალაძეს ოპონირებას უწევს ნოდარ ხარშილაძე და “ფორტუნასთან” ამბობს, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის.

„მოიკითხეთ, დაიწყეთ კომიტეტის თავმჯდომარიდან, თავად რომელია ჯარში ნამყოფი?! მერე კითხეთ, რატომ არ არიან ჯარში ნამყოფები? სხვებს რომ მაქინაციებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, სურათიც შეგვექმნება ძალიან ნათელი, რომ ეს ხალხი კაბინეტის ლომები არიან, ლაპარაკი ბევრი იციან, მაგრამ რეალობაში რა ხდება, წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა თინა ხიდაშელს, როდესაც ერთი პერიოდი გააუქმა თავდაცვაში გაწვევა, ამათ კი – აღადგინეს. ჩემი აზრით, ამ ფორმით სავალდებულო გაწვევა გასაუქმებელია,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნოდარ ხარშილაძემ.

არსებული სისტემა რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, რამდენად რეალურია ამ კუთხით ძირეული ცვლილებების განხორციელება ახლო მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

თათია კაკიაშვილი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 723 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: samkhedro, vishka, ნოდარ ხარშილაძე, jariskaci, კობა კობალაძე, samxedro, ირაკლი ლექვინაძე, ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო სავალდებულო სამსახური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...