გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2019 » თებერვალი » 12 » ქართველი კოსმოსში — ინტერვიუ გიგა ერისთავის ანუ იგივე ბაჯუსთან — 1992 წ.
6:25 PM
ქართველი კოსმოსში — ინტერვიუ გიგა ერისთავის ანუ იგივე ბაჯუსთან — 1992 წ.






ბაჯუ 1992 წელს გავიცანი, როდესაც ჩემ ტელეგადაცემა „კედელში“ ჯგუფ „აუტსაიდერის“ შემოქმედება უნდა გამეშუქებინა. ამ ჯგუფში ის დასარტყამებზე უკრავდა, თუმცა, საკუთარ პროექტზეც მუშაობდა. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, ბაჯუ თითქმის არ შეცვლილა. ის ამტკიცებს, რომ არ არის ვარსკვლავი, რადგან ვარსკვლავებით, უკვე მოჭედილია ჩვენი ცა. ის იყო, არის და იმედია, იქნება ნოვატორი მუსიკოსი, რომელიც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და განვლილი გზით. პანკი, მეტალი, რეპი, ტრანსი, ესიდი – არასრული ჩამონათვალია იმ თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობებისა, რითაც იყო გატაცებული ეს უნივერსალური მუსიკოსი.

წლევანდელი უჩვეულო აგვისტოს სიცხისაგან გათანგულ დღეს შედგა ჩვენი დაუგეგმავი საუბარი ბაჯუს, იგივე გიგა ერისთავის, გრილ, უკონდეციონერო ბინაში. წარმოიდგინეთ: უსკამო ოთახი, ერთ-ერთ კედელზე მაგიდის ღამის სანათური ბრის ფუნქციით, ერთ კუთხეში მასპინძლის ინსტრუმენტები, კედელზე ნახატები, პოსტერები, ფოტოები და ფერადი ნათურები, ტელევიზორი, ოთახის სხვა კუთხეში – ძალზედ დაბალი ტახტი, იატაკზე – ფართე ხალიჩა, რომელზეც მე და ბაჯუ ვსხედვართ. ვსაუბრობთ...

– ბაჯუ, როგორ შეგიძლია გაეცნო იმ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობ?



– არასოდეს არ ვცდილობ, ვინმე გავიცნო. თუ ვინმეს ჩემი სურს, თავად გამეცნოს. მე ჩემთვის ვცხოვრობ. საკუთარი თავი, ჩემი შინაგანი სამყარო კი, შემიძლია, ჩემი მუსიკით დავანახო ყველას.

– შენ ნოვატორ მუსიკოსად ითვლები. შემოგაქვს ახალი, თანამედროვე მიმდინარეობები. ასე იყო ადრეც. გულახდილად მიპასუხე –ხომ არ დაიღალე?

– ყოველ 7 წელიწადში იცვლება მომავლის ფსიქოლოგია, ჩემი შინაგანი გენეტიკა და ზოგჯერ დროის ისეთ მონაკვეთში ვექცევი, როცა სულიერი სიმშვიდე და სხვა, ახალი სამყაროები მჭირდება განვითარებისთვის, რომელსაც რეალობის მაცქერალი ადამიანი ვერ აღიქვამს. უკვე ძალიან ღრმად მაქვს ნაგრძნობი და შესწავლილი პლანეტაზე არსებობა. რთულია, რაღაც მომენტში, როცა ზემოდან უყურებ ყველაფერს. ყველას უნდა გასცე პასუხი, სახეში უცინო...შესაძლოა შენ ყველასთან ერთად ხარ, მაგრამ მაინც განმარტოებული. იმიტომ კი არა, რომ რაღაც არ გაკმაყოფილებს, უბრალოდ, არ მაინტერესებს, რას აკეთებენ ჩემი სამზარეულოს ზედა უჯრაში ჭიანჭველები, რომლებიც ახლა, ალბათ, ზამთრისთვის ემზადებიან.

– დაღლის უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს?

– დაღლას ისედაც ვერასდროს ვერ ვგრძნობ.

– წარმოიდგინე შენი თავი საუკუნეში, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს, ვთქვათ, 30 წლის შემდეგ, ე.ი. 2029 წელს. ბაჯუ, როგორი სიტუაციაა ირგვლივ?

– სად, პლანეტაზე?

– ჰოო, თუნდაც...

– მაგ საუკუნის 20-იან წლებში ისეთივე განვითარება ექნება ცივილიზაციას. ოღონდ 100-ჯერ, 200-ჯერ მეტი სწრაფი ტემპით, ვიდრე დღეს. თუ ადამიანი ამ მოვლენებს რაღაც მაგიური ძალით არ შეეგება – იგივე მუსიკით, თუ თეატრით, – საცოდაობა იქნება მაშინ დედამიწაზე ცხოვრება. თუ აკვირდები, დღესაც რაღაცნაირად დაპროგრამებულია ყველაფერი. იმ დღეებამდე არის გზა და როგორც შეავსებ შენი ტვინის უჯრედებს, ისე წახვალ იქით, ხოლო თუკი აქედან ამ გზას ქვეცნობიერად მიუღებელ ფორმებში გაივლი, მაშინ დაღუპული ხარ.

– მზის დაბნელების დროს რით იყავი დაკავებული?

– მეძინა, რაღაც სიზმრებს ველოდებოდი და მივიღე. ერთ დროს ვმუშაობდი სიზმრებზე, მის ფაზებზე და ერთი წლის განმავლობაში შედეგებიც მივიღე. კერძოდ, ბუნებას შევხედე ცოტა სხვა თვალით – ჩიტებს, ობობებს.

– ადრინდელ ჩვენს ინტერვიუში შენ აღნიშნე, რომ შენი ტვინი მოგზაურობს სხვადასხვა ადგილებში. კერძოდ – ქუჩებში, მდინარეებზე, ტყეებში, მინდვრებში, ოკეანეებში გისეირნია...

– ჰო, მართლაც ვმოგზაურობ სხვადასხვა წიაღში. არიან ადამიანები, რომლებიც მოგყვებიან ამ რეალობაში. აზროვნების დროს ყოველთვის მოგზაურობ. ამაზე ბევრი სულ არ ფიქრობს, ჰგონიათ, რომ ეს მხოლოოდენ უძრავი აზრებია. აზრი კი თავისთავად მოძრაობს (მოგზაურობს) ორგანიზმში. მუსიკა ხომ ისმის საიდანღაც სხეულში?! თავის ტვინიც ვითარდება რაღაც ეტაპამდე და ჩერდება. მერე ის, რაღაც ბიძგებს მისცემს ორგანიზმს – თუნდაც შენსას, ან ჩემსას, – კიდევ ნახტომი და აქედან იქმნება სწორედ ის ნოვატორობა, შენ რომ ახსენებ. შემდეგ შენ ქმნი უკვე სიახლეს, შემოგაქვს რაღაც ახალი.

– ვფიქრობ, ძალიან ყურადღებით უსმენ საკუთარ თავსა და ორგანიზმს.



– გეთანხმები. ვფიქრობ, ყველანაირ ხმაურსაც და სიჩუმესაც ყური უნდა დაუგდო. მუსიკას სანამ შექმნი, მის სამყაროში უნდა იყო ჩავარდე, უნდა იარსებო მასში და შემდეგ უნდა დაწერო, ან შეასრულო. დღეს მუსიკა აღარ იქმნება, ან იწერება ისეთი, რომელიც უკვე კარგა ხანია დაკრულია. მე მზადა ვარ სამი ნულისთვის (2000 წელს ვგულისხმობ), ვიცი, რაც უნდა შევასრულო, მაგრამ შესაძლოა, მომავალში აზროვნება შემეცვალოს.

– შენი აზრით, როგორ მუსიკას დაუკრავ, ვთქვათ, ისევ 30 წლის შემდეგ? ახალს, იმდროინდელს, თუ დღევანდელს, ან დღევანდელი გადასახედიდან, გუშინდელს?

– ჩემი ალბომები არ არის ძალიან პოპულარული, თორემ რაღაც მომენტებში შიგადაშიგ უკვე ვუკრავ მომავლის მუსიკას. ოღონდ რთულია მისი გავრცელება, რთულია მისი მიღება ისეთი მარტივი ორგანიზმებისთვის და ასეთივე ტვინებისთვის, რომელთაც ამას შეიძლება რაღაც სხვა სახელი დაარქვან, ვერ მიწვდნენ, უარყონ... დღეს, რაღაც მომენტებში მე ვუკრავ მომავლის მუსიკას და 2029 წლისთვის კიდევ იქითა პერიოდის მუსიკას დავუკრავ. ტვინი ისეთ რამეებს მკარნახობს, ვიცი, რომ... მე ვუსწრებ, კაცობრიობის აზროვნებას წინ ვუსწრებ და ეს სადღაც დამღუპველია. ამან რამდენჯერმე უფსკრულის პირას დამაყენა, რადგან აზროვნება გარბის და ვერ აჩერებ. ვიღაც გეუბნება, შენ ისა ხარ, ვინც მე მჭირდება, ვისაც მე გამოვიყენებ.

– ბოდიში, მაგრამ ვინ არის ეს „ვიღაც“?

– ეს არის კოსმოსი, ვარსკვლავების განლაგება. ეს არის სულიერი წინსწრაფვა, რომელსაც ძალიან დიდი შედეგები მოაქვს ხელოვნებაში. თუკი შენ ამას ვერ ახერხებ, უნდა გაჩერდე, წახვიდე, ბავშვებს ყვავილები დაუკრიფო, კევები უყიდო და გაახალისო. უნდა შეეშვა ამ საქმეს!



არ შეიძლება სულ „მე, მე მე“ იძახო, ან რაღაც იდეოლოგია გაატარო მუსიკაში. გახსოვს, ალბათ, ადრე იდეოლოგიაც იდო მუსიკაში. ახლა „პროფესიონალი მუსიკოსი“, – ასეთი ტერმინიც კი ძველმოდურად ჟღერს.

– ბაჯუ, რასთან ასოცირდება შენთვის როკ-ენ-როლი? ეს მხოლოდ მუსიკაა, ცხოვრების სტილია, იდეოლოგიაა თუ სხვა რამეა? რას ნიშნავს შენთვის გამოთქმა, „მე როკ-ენ-როლში ვცხოვრობ“?

– ვინც XX საუკუნის მიწურულს ამბობს, მე როკ-ენ-როლში ვცხოვრობო, იგივეა, ვინმე ბაბუმ გაიხსენოს, მე-2 მსოფლიო ომში როგორ ებრძოდა მტრებს იარაღით ხელში. დღეს არც თინეიჯერს და არც პოპ მუსიკოსს არ აინტერესებს, როკ-ენ-როლით ცხოვრობ თუ პოპმუსიკით. ეს არის წარსული, ჩამორჩენილი აზროვნება. მუსიკის ამ მიმდინარეობამ იარსება და მან თავისი სათქმელი თქვა. მე პირადად, ასეთი მუსიკით დავიწყე, მაგრამ როკ-ენ-როლს თუ არ მოუტანე განვითარება, უკვე იჭედები. ბევრი თვითმკვლელობამდე სწორედ ამის გამო მივიდა. დღეს უკვე შეიძლება დაუკრა რაღაც კოსმოსური როკ-ენ-როლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ჯერ ვერავინ აღიქვამს.

– ე.ი. შენი აზრით, ტრადიციული როკ-ენ-როლი მოკვდა?

– დღევანდელმა თინეიჯერმა შეიძლება მოგისმინოს თუ შენ 10 წლის წინანდელ მაგარ როკ-ენ-როლს უკრავ. ის ამას ერთხელ, ორჯერ მოუსმენს და ისიამოვნებს, მაგრამ როგორც კი მომავლის მუსიკას გაიგონებს, მაშინვე გიღალატებს. მის გენეტიკაში ხომ ახალი სამყაროს მუსიკა დევს?!

– რა არის შენთვის სამშობლოს სიყვარული? რა ადგილი უჭირავს საქართველოს შენს გულში? და ორიოდე სიტყვით შენი რწმენის შესახებ (მე ვხედავ ორ ჯვარს, რომელიც გულზე გკიდია).

– კოსმოპოლიტობაში ნუ ჩამომართმევ, მაგრამ ჩემი სამშობლო დედამიწაა. ვიღაცეები, მაგალითად, ჩვენი საქართველოდან გარბიან და ამბობენ: ჩვენ გავრბივართ, აქ აღარაფერი გვესაქმება, თქვენი ასე და ისეო. ადრე მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობ. მთავარია, შინაგანად იყო კარგად, საკუთარი თავის გჯეროდეს და გწამდეს. რა თქმა უნდა, საქართველო მიყვარს, მე ხომ აქ დავიბადე. სხვათა შორის, აქ აურაც კარგია, მაგარი კოსმოსური იდეები მოდის თავში. ზემოდან, კოსმოსიდან მეუბნებიან, აქ კარგი ადგილიაო. ზოგიერთ სხვა ქვეყნებსა და პლანეტებზე უარი მივიღე ინფორმაციის გამოგზავნაზე.



რაც შეეხება სარწმუნოებას, ხალხს ღმერთის სწამს. მე ისე არ მწამს, როგორც ხალხს. სულ სხვაგვარი კუთხით ვუდგები მაგ ფილოსოფიას. მე არ უარვყოფ არც ეშმაკს, არც ღმერთს. ორივესთან მაგრად ვმეგობრობ და ჩემს სამყაროში ისინი ზოგჯერ ვალსს ცეკვავენ.

– მოხდა ისე, რომ შენ თბილისში ყურადღება მოგაქციეს, კარგად გაგიცნეს. ამაზე შენ კონცერტებზე ხალხმრავლობა და ფანების სიმრავლე მეტყველებს. კარგია, რომ ვიღაცეებს უკვე სურთ, შენ შემოქმედებაში საკმაოდ სოლიდური თანხა ჩადონ. გავიგე, შენ კომპოზიციები, იგივე გენერაციები, – როგორც ეძახი ხოლმე, – თბილისის თითქმის ყველა რადიოში ტრიალებს. ალბათ მალე დასრულდება შენი ვიდეოკლიპის გადაღება თუშეთში. ორიოდე სიტყვით მომიყევი შენი პროექტის შესახებ.

– ვიდეოკლიპი, რომელსაც „ქართველები კოსმოსში“ ერქმევა, ძალიან ძვირადღირებულია და მას ძლიერი რეჟისორი იღებს, რომელსაც რუსულ ОРТ-ზე მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი გადაღებულია ნიკიტა მიხალკოვის მეტად გახმაურებული პატარა პატრიოტული ჩანახატები. ამავე დროს, შესანიშნავი კლიპმეიკერია. გენერაციები, რომლებიც თბილისის რადიოებში ტრიალებს, „ცოცხლად“ ჩანაწერებია. მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, უბრალოდ, მასამ დამინახა, რომელსაც ადრინდელთან შედარებით, ნაკლები პრობლემა აქვს.

კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა, რომ უკვე არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ: პოპმუსიკაში უნდა უკრავდეს ასეთი დონის ჯგუფი, რეპში – ისეთი და ა.შ.

– კი მაგრამ, თბილისში და საქართველოში ვინ აკონტროლებს ამ სიტუაციას?

– არიან უცხოელი და ქართველი ჟურნალისტები და პროდიუსერები, რომლებიც აკვირდებიან, უყურებენ ჩვენში მუსიკის განვითარებას. შემოდის დაუწერელი კანონი, რომ თუკი შენ ცხოვრობ მუსიკალურ საზოგადოებაში, უნდა ქმნიდე ისეთ ნოვატორულ პროდუქციას, რომელიც საზღვარგარეთ გაიყიდება. ჰოდა, ისინი ყველაფერს ახარისხებენ. დღეს ისეთი დრო დადგა, რომ საქმე პროფესიონალურად უნდა გააკეთო, უნდა გქონდეს მუსიკალური წონა. მოკვდა უკვე, ე.წ. პროგრესული მუსიკის კეთება. თანამედროვე მუსიკის ყველა მიმდინარეობაში უნდა იგრძნობოდეს პროფესიონალიზმი, თუნდაც როკ-ენ-როლში. ის ბაზარი მოკვდა, შენ რომ რაღაცა გაწუხებდა, რაღაც პრეტენზიები გქონდა. შოუბიზნესის წიაღში არავის ასეთი მუსიკალური ბაზარი არ აინტერესებს. თბილისში აინტერესებთ, როგორ განვითარდა შენი მუსიკა. კომპაქტ-დისკის გამოშვებას აზრი აღარა აქვს, თუ არ გაიყიდა. მე მართლა მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები ჩემს გვერდით.



– შენ ფიქრობ, რომ საქართველოში დგება დრო, როდესაც შეიძლება შემოქმედებით ჩანაფიქრებს ფრთები შეასხა და რეალიზაციაც გაუკეთო? მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც, ვთქვათ, შენი მუსიკა მოსწონთ, მაგრამ მისი ყიდვის საშუალება არა აქვთ? ან, ვთქვათ, რა ქნას კარგმა ჯგუფმა, რომელსაც ფირფიტის ჩასაწერი, ან კონცერტის მოსაწყობი ფული არ აქვს?

– ვეცდები, ჩემი ალბომი ძალიან მინიმალურ ფასში გაიყიდოს თუნდაც იმიტომ, რომ მე მაგ ჩანაწერების შემოსავლით არ ვიცხოვრებ. უკვე სხვა წყაროებით ვარსებობ. თბილისში ერთი კონცერტზე იმდენ თანხას მაძლევენ, რომ სულის მოსათქმელად მყოფნის. ასეთი რამ, ადრე საქართველოში არ ხდებოდა და ბედნიერებაა, რომ შრომას ასე გიფასებენ. მაგრამ, თუკი შენ, ვთქვათ, ისევ ერთ ბოთლ არაყზე ცხოვრობ და ამაყობ წუმპეში ყოფნით, უნდა იცოდე, რომ საზოგადოებას ეს აღარ აინტერესებს. თბილისში როკ-ენ-როლის მამებს აღარ აინტერესებთ მასეთი ბინძური მუსიკა და ეს საშინელი ტუსოვკები. მალე ასეთებს გვერდზე გადადებენ და ალბათ, ამის შემდეგ ისინი თავის საქმეს მიაგნებენ. მალე ადამიანები დაინახავენ, ვინ ვინაა. აღარავის აღარ უნდა არც პრობლემები, არც – როკ-ენ-როლი. თუ გინდა მაინცადამაინც როკ-ენ-როლის დაკვრა, მოუსმინე დასავლურ ჯგუფებს, შეითვისე და შენ უკეთესი დაუკარი. ლადო ბურდულიც კი, რომელიც საქართველოში პირველი ყვიროდა და ბღაოდა, უკვე სხვაგვარად აზროვნებს. შენ იმაზე უკეთესად ვერასოდეს იბღავლებ. ასეთი სიტუაციაა თბილისში. მე ვფიქრობ, ჩვენ ქალაქშიც დაიწყებენ გაღიმებას. სასიამოვნოა, უკვე შორტებში ვხედავ აქ ადამიანებს.

დროა უკვე, საქართველოში ისმოდეს კარგი, ჰაეროვანი მომავლის მუსიკა, ყველას სუფთა ტანსაცმელი გვეცვას და ერთმანეთს ვუღიმოდეთ.

გაზეთი P.S. #50, 1999 წლის 3 – 9 სექტემბერი

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 69 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: bajoo eristavi, გოგი ძოძუაშვილი, Interviu, bajoo, gogi dzodzuashvili, გიგა ერისთავი, giga bajoo, giga mjavia, რეზო კიკნაძე, baju, giga eristavi, Interview, ინტერვიუ, Bajo, ბაჯუ, lasha gabunia, ელექტრონული მუსიკა, ნიკა მაჩაიძე, rezo kiknadze, ლაშა გაბუნია, გიგა მჟავია, Electronic Music, nika machaidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...