6:29 AM ზოგჯერ ფსკერზე დაშვებას მეტი ვაჟკაცობა სჭირდება, ვიდრე ზედაპირზე ტივტივს — ინტერვიუ ნიკა ჩერქეზიშვილთან | ||||||||||||
შეუძლებელია, მისი პასუხების შემდეგ, მკითხველი გულგრილი დარჩეს. ლექსებიც სწორედ ასეთი აქვს. . . სიღრმით, სიმართლით, ხანაც საოცარი სითბოთი რომ გამოირჩევა. ისევე როგორც თავის ლექსებში, ნიკა ჩვენთანაც გულწრფელია. დავიბადე – ვფიქრობ, რომ ეს ერთჯერადი მოვლენა არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და მათგან უმრავლესობას მიესადაგება სიტყვა – ყველაზე. ვიქნებოდი – ბალახი, მზეზე გამომშრალი. საყვარელი ადგილი – ჩემი ოთახი. ბავშვობაში მინდოდა – ტომ სოიერობა, ჰეკლბერი ფინობა, გავროშობა, ლიონბერგელი ემილიობა. ყველა იმ წიგნის გმირი მინდოდა ვყოფილიყავი, რომელსაც ვკითხულობდი. სიტყვა, რომელსაც ხშირად ვიყენებ – გულში ვლოცულობ ხოლმე. . . სიტყვებიც, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, ამ ლოცვებშია. ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც მოუციათ – მირჩევნია, საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა. ცნობილი ადამიანები, რომლებსაც პირადად ვიცნობ – ვერავის ვიხსენებ. ზოგადად, `ცნობილი~ ძალიან აბსტრაქტული სიტყვაა ჩემთვის. საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობა და შემსრულებელი – კლასიკური მუსიკა. . . რახმანინოვი, ვაგნერი, მოცარტი, სტრავინსკი, შოპენი. ბოლოს წავიკითხე – ნიკოს კაზანძაკისი და ჟოზე სარამაგუ. ასეთი ჩვევა მაქვს, ერთდროულად ვკითხულობ ხოლმე რამდენიმე წიგნს. მოგონება ბავშვობიდან – ბიჭები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. ვფიქრობ, რაც ბავშვობიდან მოგვყვება, ყველაზე გამძლე – მეგობრობაა. ბავშვობის მოგონებაა მამაჩემიც. ჩემზე ამბობენ – გააჩნია, ვინ ამბობს, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს მნიშვნელობა იმას, რას ამბობენ. არასოდეს – მიეცე სასოწარკვეთას. არ გაივლო ფიქრადაც კი, რომ არარაობა ხარ. მეშინია – ჩემი ადამიანების ცუდად ყოფნის, არყოფნის. ვიბრძოლებ – ზოგჯერ ფსკერზე დაშვებას უფრო მეტი ვაჟკაცობა სჭირდება, ვიდრე ზედაპირზე ტივტივს. განვიცდი – სიცოცხლის წყურვილს და ხშირად სხვისას არანაკლებად, ვიდრე ჩემსას. სხვებისგან განვსხვავდები – შესაძლოა, ამ კითხვის ადრესატი მე არ ვიყო. ჩემი თვისებებიდან ვმალავ – ფუჭი მოქმედებაა. . . დავფიქრდი და პასუხი არ მაქვს. ბავშვობაში მეგონა – ადამიანები ერთმანეთს არ ტოვებენ. დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა – არის რაღაცები, რაც უცვლელია, თორემ ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება. ასეთი დღეებით გრძელი ჯაჭვი გაკეთდება. 10 წლის შემდეგ – შესაძლოა, ერთი წლის მერე ეს იგივე იყოს, რაც ასი წლის შემდეგ. ჩვენ მეტისმეტად აჩქარებულ დროში ვცხოვრობთ. პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. არ მჯერა – ჯვარცმის გარეშე აღდგომის. ვაპროტესტებ – ყველაზე ხშირად სოციალურ უთანასწორობას, რადგან ამაზე უამრავი რამაა მიბმული. უნარი, რომელსაც მინდა ვფლობდე – მამაჩემს შეეძლო, ათი ჰქონოდა და ცხრა სხვისთვის მიეცა, დაეთმო. ჩემი ძმაც ასეთია. მინდა გავიცნო – ვინმე ღვთის კაცი, ბერი, ვინც ცოტას ან საერთოდ არ ლაპარაკობს და მე გამესაუბრებოდა. ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიყენებ – ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ სიკეთე მოგვეთხოვებოდეს. ბოლოს ვიტირე – არ მახსოვს. სიტყვა, რომელიც არ მიყვარს – სირცხვილი. საკუთარ თავში მომწონს – თვალები, ხელები. . . მადლობელი ვარ, რომ უსუფთაო გული არ მაქვს, რადგან ეს თანდაყოლილი რამ მგონია. საკუთარ თავში არ მომწონს – ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ, მეუბნება, რომ მზესუმზირას ვჭამ ნერვიულად, ხმაურიანად. სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ – სხვისთვის თავგანწირვის უნარს. მაღიზიანებს – საკუთარი აზრი რომ არ გააჩნია ადამიანს, სხვისი საყვირი რომ არის. `ხელებს რომ იბანს~, როცა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. არასოდეს გავაკეთებ – ვინც აქ კატეგორიულობაზე თავს დადებს, ყველაფრის მკისრებელი მგონია. ყველაზე რთული პერიოდი – ამჟამინდელი, ამწუთიერი. საკუთარ თავში შევცვლიდი – ინსტინქტებს მივდევ, გულს მივყვები. ვფიქრობ, ჩემნაირი ადამიანის შეცვლა ძალიან რთულია. ყველაზე ბედნიერი ვარ – ბავშვებთან როცა ვარ და მათი ნაწილი ვხდები. ნივთი, რომელსაც სულ ვატარებ – ჯვარს ვატარებ მოუხსნელად. ვერასოდეს ვაპატიებ – არ მინდა, გამოვცადო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფრის პატიება შემიძლია, აბსოლუტურად. უბრალოდ, ვიცი, ეს უმტკივნეულო არ იქნება. საუკეთესო რაც მაქვს – არ შემიძლია, ვინმეს რამე დავუშავო. თუ ეს მაინც მოხდა, ნებსით თუ უნებლიეთ, ვიხრჩობი, პატიებას ვიდრე ვითხოვ. უამისოდ ცხოვრებას ვერ ვაგრძელებ. ვნანობ – იმასაც კი, თუ მშობელს ხმამაღლა დავლაპარაკებივარ. მჯერა – ერთი წვეთი რომ ერთი წვეთია, ისიც არ იკარგება არსად, არც კარგი, არც ცუდი. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც მიმიღია – ბევრი სიკეთე მახსოვს ადამიანებისგან და ეს არ იზომ-იწონება, არ იანგარიშება. ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა ადამიანებისგან – ადრე მაღიზიანებდა რაღაცები, ახლა – ნაკლებად, ან სულ აღარ. ახლა ყველაზე მეტად მინდა – სიმშვიდე, თუნდაც სულ ცოტა ხნით. ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანი – რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ფიზიკური გადარჩენა. უბრალოდ, ფიზიკურად რომ გადავრჩე. მარიამ ხითარიშვილი გაზეთი "აჭარა" მიმაგრება: სურათი 1
|
|