10:00 AM რა უფრო მეტად ამშვიდებს პაციენტს ოპერაციის წინ — მუსიკა თუ მედიკამენტი? / ra ufro metad amshvidebs pacients operaciis tsin — musika tu medik | ||||||||||||
პრეოპერაციული სტრესი უარყოფითად მოქმედებს ოპერაციის განმავლობაში სასიცოცხლო მაჩვენებლებზე და ასევე ქირურგიული ჩარევის შემდგომ გამოჯანმრთელების პერიოდზე. მსგავს სიტუაციებში მედიკოსები რუტინულად იყენებენ სწრაფი მოქმედების ბენზოდიაზეპინებს, ანუ საძილე პრეპარატებს. როგორც ყველა ფარმაკოლოგიურ პრეპარატს, მათაც თავიანთი გვერდითი ეფექტები გააჩნიათ: სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის არასტაბილურობა და ასევე ე.წ. პარადოქსული ეფექტები, რა დროსაც აგრესია და ფსიქომოტორული აღგზნება აღინიშნება. ანესთეზიოლოგები პრეოპერაციული შფოთვის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად მიდაზოლამს (იგივე "დორმიკუმი") იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქირურგიული პროცედურის წინ გამოხატული შფოთვის სამკურნალოდ მისი ეფექტურობის შესახებ ძალზე მწირი ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობდა. ექიმისთვის პაციენტის სიმშვიდე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ანესთეზიის გაკეთებისას. რეგიონული ანესთეზია ადგილობრივი ტკივილგაყუჩებლის სახეობაა და ამ დროს, ულტრაბგერის კონტროლით, ადგილობრივი ანესტეტიკების ინექციის გზით ხდება პერიფერიული ნერვული დაბოლოებების ან ნერვული წნულების ბლოკადა — ასეთი ტიპის ანესთეზიას რუტინულად იყენებენ მცირე მოცულობის ქირურგიული ოპერაციების დროს. ამ ყოველივეს პარალელურად კი არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც მუსიკის მოსმენა ოპერაციის წინა შფოთვას მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს კვლევები თითქმის 10 წლის წინ ჩატარდა და მაშინდელი დასკვნების მიხედვით, მუსიკა არამარტო ამცირებდა ოპერაციის წინა შფოთვას, არამედ რეგიონული ანესთეზიის გაკეთების დროს ასევე დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა და პაციენტები ქირურგიული მანიპულაციის შემდგომაც უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავს. აღსანიშნავია, რომ მუსიკის ამგვარი "სამკურნალო" ეფექტები მაშინ ხანმოკლე მოქმედების საძილე ტაბლეტების მოქმედებას შეადარეს, ეს კი პრეოპერაციულად რუტინული სახით არ გამოიყენება. არსებული სამეცნიერო დასკვნების გათვალისწინებით, პენსილვანიის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის მეცნიერებმა ჩაატარეს კლინიკური კვლევა, სადაც ერთმანეთს შეადარეს ამბულატორიული ოპერაციის წინ ფარმაკოლოგიური პრეპარატისა და მუსიკის დამამშვიდებელი ეფექტები. კვლევისთვის 157 პაციენტი შეარჩიეს: 80 პაციენტი მიდაზოლამის ჯგუფში მოხვდა, ხოლო 77 მუსიკის ჯგუფში. ფარმაკოლოგიურ პრეპარატად გამოიყენეს 1 ან 2 მგ (საჭიროების მიხედვით) მიდაზოლამის ინტრავენური ინექცია, ხოლო მოსასმენ მუსიკად შეარჩიეს Marconi Union-ის ნამუშევრები Weightless სერიიდან. პაციენტები ემბიენტ-ჟღერადობის ტრეკებს ხმის იზოლაციის მქონე ყურსასმენებით უსმენდნენ. მეცნიერებმა ოპერაციის წინ შესაბამისი კითხვარის საშუალებით განსაზღვრეს შფოთვის დონე, გამოიკვლიეს მანიპულაციის დროს ექიმი-პაციენტის კომუნიკაციის პრობლემები და შეაფასეს ავადმყოფთა საბოლოო კმაყოფილების დონე. მიღებული შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ პრეოპეციული შფოთვის დონე ორივე შემთხვევაში თითქმის თანაბარი იყო. მანიპულაციის შემდგომ შფოთვამ იკლო ორივე ჯგუფში, თუმცა, ეს ეფექტი უფრო მეტად მედიკამენტის ჯგუფში იყო შესამჩნევი. პაციენტთა თვითკმაყოფილების დონე და კომუნიკაციის ხარისხი ასევე მაღალი იყო სწორედ პრეპარატის ჯგუფში. მკვლევართა მოსაზრებით, უფრო ზუსტი შედეგების მისაღებად კვლევის დიზაინში რამდენიმე სახის ცვლილებაა შესატანი. პაციენტებს უნდა მიეცეთ მუსიკის შერჩევის საშუალება, რადგანაც უნივერსალური გემოვნება არ არსებობს და მუსიკის დამამშვიდებელი ეფექტი ყველასთვის ინდივიდუალურია. ხმის იზოლაციის მქონე ყურსასმენებმა გაართულა ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაცია, ამიტომაც, შემდეგ ჯერზე მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ასევე ინდივიდუალურად არ იყო შერჩეული მუსიკის ხმის სიძლიერე (Volume). ასე რომ, ოპერაციის წინ დასამშვიდებლად მუსიკის მოსმენა შესაძლოა სასიამოვნო და მცირედ ეფექტურია, მაგრამ უფრო უკეთესი შედეგი მაინც შესაბამისი მედიკამენტის მიღების შემდგომ მიიღწევა. კვლევა ჟურნალში Regional Anesthesia & Pain Medicine-ში გამოქვეყნდა. მიმაგრება: სურათი 1
|
|