4:48 PM
როგორ შეუძლია ფეისბუქს საქართველოს გადარჩენა / rogor sheudzlia facebook-s saqartvelos gadarchena
www.auf.ge -
საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით ცხოვრობს 3.7 მილიონი ადამიანი, აქედან კი 2,5 მილიონი ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია - მთელი მოსახლეობის დაახლოებით 70%.

სულ რაღაც 5 000 დოლარია საჭირო იმისთვის, რომ ყველას, ვისაც საქართველოში ფეისბუქი აქვს, შენი რეკლამა ერთხელ მაინც აჩვენო.

მერე რა? რატომ გიყვებით ამ ამბავს?

აი, წარმოიდგინეთ, რომ რუსეთი, ან პუტინი ხართ (ბოდიში). თქვენს მეზობლად პაწაწინა, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო ცხოვრობს. ცხოვრობს რა, უფრო არსებობს, რამდენადაც საშუალებას აძლევთ თავისუფლად ცხოვრებისა და განვითარებისთვის. ბოლო 200 წლის ისტორიის მიხედვით, თქვენ (რუსეთი) ორიენტირებული ხართ სწორედ იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველო არ იყოს არც დამოუკიდებელი, არც დემოკრატიული, არც მშვიდობიანი, არც განვითარებული, არც მითუმეტეს ნატოს ან ევროკავშირის წევრი, ტერიტორიულ მთლიანობაზე ხომ საუბარი ზედმეტია - საქართველოს ორი რეგიონი უკვე ოკუპირებული გაქვთ და თან ყოველდღე აგრძელებთ, როგორც ტერიტორიის, ისე მოსახლეობის ოკუპაციას.

როგორ აკეთებთ ამას?

თქვენი საყვარელი ხერხით - მოწამვლით. თქვენ ხომ ხან სოლსბერიში წამლავთ სკრიპალებს, ხან კიდევ მთელ ამერიკას აწვეთებთ შხამს ტრამპის გამარჯვებისთვის. ეს ხომ არავისთვის არ არის უცნობი ამბავი? და თქვენს მეზობელ პაწაწინა საქართველოში, რომელში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას სულ რაღაც 5 000 დოლარად გააგებინებთ "რა გარყვნილია დასავლეთი" ან "როგორ უნდა საქართველოს დაგლეჯა ყველას, გარდა რუსეთისა", ანდაც ყველაფერს, რის გამოგონებასაც თქვენი მწირი ფანტაზია გაქაჩავს, თავს შეიკავებდით? ალბათ, არა.

თან, მითუმეტეს, რატომ შეიკავებთ თავს, როცა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ძირითადად თქვენი პროპაგანდის ხერხებისა და ტექნიკების სწრაფად ათვისებით და პრაქტიკაში გამოცდით არის დაკავებული?

მოდით, ერთი წუთით დაგტოვებთ თქვენს კრემლთან მარტო და გავიხსენოთ როგორ მუშაობს საქართველოში რუსული პროპაგანდა წლებია. მთელი ნარატივი ეყრდნობა იმას, რომ დიახ, რუსეთი შეიძლება იყოს ცუდი ქვეყანა, მაგრამ აბა ამერიკა ჯობია? ან ნახეთ მიგრანტებით გადატენილ გერმანიაში რა ხდება, გარყვნილი საფრანგეთი მოგწონთ? ბრიტანეთში ხომ საერთოდ, ჩვილი ბავშვების ჭამაზე არიან გადასულები. მოკლედ კრემლი წლებია ქადაგებს "შეიძლება მეც არ ვვარგივარ, მაგრამ სხვაც ცუდია, ამიტომ დაივიწყე დასავლეთი და ისევ ჩემთან იყავი ახლოს", ამ ახლოს ყოფნის ფასს კი საქართველო ისედაც დიდი ხანია იხდის, კერძოდ 200 წელია. იხდის ცრემლით, სისხლით, ომით, სიღარიბით, შიმშილითა და ტანჯვით.

ეს ყველაფერი კარგი, და ფეისბუქი რა შუაშია?
ცოტა ხნით ისევ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი ხართ (ბოდიში კიდევ ერთხელ) და თქვენს ამ პაწაწინა მეზობელ ქვეყანაში იწყება დიდი საპროტესტო ტალღა თქვენი პოლიტიკისა და თქვენი მოკავშირე ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. დემონსტრაციები მასშტაბურია, ხალხი გაბრაზებული, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი უნდა (ეს ყველა ავტორიტეტული კვლევით დადასტურებულია) და ასევე ყელში ამოუვიდა საკუთარი ხელისუფლების ფლირტი მჩაგვრელ და ოკუპანტ მეზობელთან.

რა გასაკვირია და მასშტაბური დემონსტრაციების, ისევე როგორც ყველა ხელისუფლებას, ამ თქვენს მეგობარ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით კი ამ მთავრობის მმართველს, თქვენს ძმაკაცს - რუსეთში გამდიდრებულ ბიძინა ივანიშვილსაც ეშინია.

მეგობრებს და ძმაკაცებს ხომ უნდა დაეხმაროთ, აბა რისთვის ხართ?! მითუმეტეს, რომ ამას ისედაც წლებია აკეთებთ, ეხმარებით და შეგაქვთ ქვეყანაში "ნამდვილი და სწორი" ინფორმაცია სპუტნიკის ან RT-ის, ან რასსია1-ის ან გაზპრომ მედიის საშუალებით. ასევე, წლებია აფინანსებთ ადგილობრივი ყალბი ინფორმაციის წარმოებას იაფფასიანი ონლაინ გამოცემებით. არ გენანებათ ფული თქვენი ერთგული არასამთავრობოების ან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების გულის გასახარებლად. მოკლედ, ამ თქვენს მეზობელ ქვეყანაში ფეიკ ნიუსის სამოთხე გაქვთ გახსნილი.

დაუჯერებელია ხომ? თითქოს არ უნდა გეცალოთ ამისთვის ამხელა კრემლს, მაგრამ არა უშავს, თქვენ იხდით და თქვენს ნაცვლად საქართველოს მთავრობა მუშაობს: სამთავრობო ტროლების ქარხნით მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული ბლოგერების გატარებული სამთავრობო ნარატივით, ურიცხვი რაოდენობის ყალბი ანგარიშებით დაუღალავად იბრძვის ანტიდასავლური პროპაგანდისთვის და რუსული ოკუპაციის სასარგებლოდ.

და მაინც, რა შუაშია ფეისბუქი?!
რა შუაშია და, ამ პატარა ქვეყანამ, რომელსაც უძველესი კულტურა და უნიკალური ენა აქვს, და რომელიც 2020 წელს დგას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაშე, და რომლის მოსახლეობის უმრავლესობას მხოლოდ ფეისბუქი აქვს და მისგან იღებს ინფორმაციას, ჯერ მაინც ვერ დაიმსახურა სათანადო ყურადღება ყველაზე დიდი სოციალური ქსელისგან.

ფეისბუქი მუდმივად ცვლის თავის პლატფორმას და ხვეწს მას მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ბოლო ასეთი მნიშვნელოვანი აფდეითი - პოლიტიკური და სოციალური რეკლამის გამჭვირვალობაა. თუ თქვენ ყიდულობთ რეკლამას პოლიტიკური ან სოციალური მიზნებისთვის, მაშინ ფეისბუქი ვალდებულებას იტოვებს გააკეთოს თქვენი ვინაობისა და ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება, ასევე, გაარკვიოს ვინ არის რეკლამაზე პასუხისმგებელი ადამიანი. ასევე, სავალდებულო გახდა რეკლამის გამშვები პირის მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ვებგვერდის მისამართი. ამას გარდა, გამჭვირვალეა რეკლამაზე დახარჯული თანხისა და რეკლამის ნახვების რაოდენობა, ასევე, იმ აუდიტორიის მონაცემები, ვინც ეს რეკლამა ნახა - ასაკი, სქესი და გეოგრაფიული მდებარეობა.

მაგრამ, საქართველოში არ გვაქვს ის ფეისბუქი, რაც ამერიკაში აქვთ. საქართველომდე არ აღწევს ის მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილებები, რომელიც ფეისბუქმა ტრამპის სკანდალის შემდეგ გაატარა. პოლიტიკური ან სოციალური იდეების რეკლამის გამჭვირვალობის სავალდებულოობას ჩვენამდე არ მოუღწევია, საქართველოში ვერ ვიყენებთ ყალბი ამბის რეპორტის ფუნქციას, ვერ ვიყენებთ სიძულვილის ენისა და ჩაგვრის დარეპორტების ფუნქციას. ეს ფუნქციები არსებობს, მაგრამ გამოუსადეგარია. ჩვენი ენა ფეისბუქს არ ესმის. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა სულ რაღაც 3.7 მილიონია, იმდენივე, რამდენიც ერთი პატარა ამერიკული ქალაქის და ეს არ არის საინტერესო ბაზარი ფეისბუქისთვის. ჩვენთვის კი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.

ჩვენ დიდი ხანია შიშველი ხელებით ვებრძვით კრემლის შექმნილ ყალბ რეალობას, მის დათესილ და წლობით ნაკვებ სკეპტიციზმს დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დასავლური ინსტიტუციების მიმართ, ნიჰილიზმს, უიმედობას, სასოწარკვეთას.

ჰოდა, რას ელოდები, ფეისბუქო? მოგვეცი ხელში სწორი იარაღი, თორემ სადაცაა დავმარცხდებით.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 728 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: soc qseli, ფეისბუქი, samoqalaqo modzraoba, salome barker, სამოქალაქო მოძრაობა, demokratia, დემოკრატია, ანტიდასავლური პროპაგანდა, ტროლები, antidasavluri propaganda, facebook, სოციალური ქსელი, მითების ლაბორატორია, feisbuqi, trolebi, mitebis laboratoria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]