7:34 PM ახალი კვლევა ორსულობისას COVID-19-ის მიერ გამოწვეულ რისკებს აფასებს / akhali kvleva orsulobisas kovid19-is mier gamotsveul riskebs afasebs | ||||||||||||
ორსულები, რომელთაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდათ, როგორც წესი, ასიმპტომურები არიან. მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნები (ცხელება და კუნთების ტკივილი) არ აღენიშნებათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდებიან. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალში BMJ გამოყენებულ სტატიაში ვკითხულობთ. კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ COVID-19-ით დასნებოვნებული ორსულები ნაადრევი მშობიარობის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებელი მაღალი არ არის. კვლევის ავტორებმა ორსულთა COVID-19-ით ავადობის შესახებ 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2020 წლის 26 ივნისამდე გამოქვეყნებული 77 კვლევა გააანალიზეს. აღნიშნულმა ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 13 118 ორსული და 83 486 რეპროდუქციული ასაკის არა-ორსული ქალი მოიცვა. "COVID-19-ისთვის დამახასიათებელი ცხელება და მიალგია (კუნთების ტკივილი) ორსულ ქალებში უფრო იშვიათად ვლინდებოდა, ვიდრე რეპროდუქციული ასაკის არა-ფეხმძიმე ქალებში" — ნაწყვეტი კვლევიდან როგორც ირკვევა, ასაკიან, ჭარბი წონის მქონე და ქრონიკული დაავადებების მქონე (შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების დაავადება და ა.შ.) ქალებს დაავადების მწვავედ განვითარების რისკი მნიშვნელოვნად ჰქონდათ მომატებული. მკვლევრებმა ასევე გამოკვეთეს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დროს ნაადრევი მშობიარობისა და ახალდაბადებულთა ნეონატოლოგიურ განყოფილებაში მოხვედრის რისკი უფრო მაღალია, მაგრამ რეალური მაჩვენებელი საგანგაშო ნამდვილად არ არის. დაბალი იყო მკვდრადშობადობისა და ახალდაბადებულთა ნაადრევი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. სტატია მოიწონა მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის პრეზიდენტმა, ედვარდ მორისმა. "მაშინ, როცა ორსული ქალის კორონავირუსით ინფიცირების ზოგადი რისკები შედარებით დაბალია, ამ კვლევამ ხაზი გაუსვა ორსულთა კონკრეტულ რისკებს. ისინი დაავადების საშუალო რისკ-ჯგუფში მოიაზრებიან და მათ სოციალური დისტანციის სახელმწიფო რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ", — აღნიშნა მან. მიმაგრება: სურათი 1
|
|