გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2020»ოქტომბერი»23 » ლელოს წევრი მძარცველს მოუწოდებს, ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას
6:17 PM
ლელოს წევრი მძარცველს მოუწოდებს, ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას
ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ბელქანია ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელს მოუწოდებს, ჩაბარდეს და წაღებული ფულით სამეგრელოს სოფლებში წისქვილები გახსნას. ბელქანიას ვიდეომიმართვას პირველი არხი ავრცელებს.
"მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, რომელმაც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი — ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, აბაშაში, ყველა სოფელში წისქვილი გახსნას", — განაცხადა ბელქანიამ.
როგორც თამარ ბელქანიამ On.ge-ს უთხრა, ეს იყო იუმორისტული პერფორმანსი, რათა რეალურ პრობლემაზე ადამიანების ყურადღება მიექცია. მისივე თქმით, ბანკის მძარცველისგან, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდო, გმირის ხატი იქმნება.
"თუ ასეთია, მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, მივმართავ მას, რომ მოვიდეს და ბარემ კარგი საქმე გააკეთოს. ამ ხნის განმვალობაში, ძალიან ბევრ სოფელში, ერთადერთ ნაგებობას, წისქვილს ითხოვენ ადამიანები, რომ სიმინდი დაფქვან და ღომი მაინც შეჭამონ ჩაისთან", — აღნიშნა ბელქანიამ.
On.ge-ს დამაზუსტებელი კითხვაზე, ვის მიემართებოდა წისქვილების გახსნის მოწოდება, მაჟორიტარობის კანდიდატმა უპასუხა, რომ სახელმწიფოს:
"სახელმწიფოს, რომელსაც დეპუტატებიც ჰყავს სოფელში, ყველაფერი ჰყავს, მაგრამ ამ დეპუტატებმა, რომლებიც 4, 8, 12 წელი არიან დეპუტატები, ისიც კი არ იციან, რომ ფახულანში და ბევრ სოფელში საერთოდ ერთი წისქვილიც არ არის".
21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.
ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მძარცველმა ფული წაიღო, თუმცა რამდენი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული არ წაუღია და მას საქართველოს ბანკის თანხა გაიყოლა.
გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.