1:41 AM 7 მითი მარტოსულობის შესახებ / 7 miti martosulobis shesakheb | ||||||||||||
ამ სტატიაში რამდენიმე არასწორი შეხედულებაა თავმოყრილი, რისიც ადამიანებს მარტოსულობასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად სჯერათ ხოლმე. 1. მარტოსულობის ეპიდემია მძვინვარებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ნამდვილად არ მოგვეპოვება. ყოველ შემთხვევაში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ეს შეფასება გადაჭარბებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ. იმისათვის, რომ ამის თქმის საფუძველი გვქონდეს, საჭიროა, მარტოსულობის მაჩვენებელი სხვადასხვა დროსთან მიმართებაში განვსაზღვროთ და ერთმანეთს შევადაროთ, თანაც მონაცემებში ისეთი ფაქტორები გავითვალისწინოთ, როგორებიცაა ასაკი, გენდერი და გეოგრაფიული მდებარეობა. ამჟამად კი მსგავსი ინფორმაცია ნამდვილად არ მოგვეპოვება. მაშინ რატომ ვფიქრობთ ასე? იქნებ იმიტომ, რომ სულაც მარტოსულობის ცნობისმოყვარეობის ეპიდემია მძვინვარებს? 2. მარტოსულობა ყოველთვის ცუდია დიახ, როგორც წესი, მას მხოლოდ უარყოფითად განიხილავენ, თუმცა მნიშვნელობა აქვს, ამ მოცემულობას როგორ უყურებ, რადგან მისი ისეთი განსაზღვრებებიც არსებობს, რომლებიც დადებით გამოცდილებას უკავშირდება. თუ ადამიანებს ჰკითხავთ, რას ნიშნავს მათთვის მარტოსულობა, ბევრი პოზიტიურ შეფასებას გააკეთებს და რატომ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას? არავინ ფლობს იმის მონოპოლიას, რომ მარტოსულობა მხოლოდ ცალმხრივად განსაზღვროს. ბოლოს და ბოლოს, მაშინაც კი, როცა მარტოობა არასასურველია, მაინც შეიძლება ახლდეს მას დადებითი შედეგები ან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყოს ხელი. მაგალითისთვის, მარტოსულობის განცდა ადამიანებთან ურთიერთობების მნიშვნელობას გვაგრძნობინეს, რამაც, შეიძლება, კარგი შედეგიც კი გამოიღოს. 3. ზოგიერთი ჩვენგანი უბრალოდ თავისთავად მარტოსულია რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც თავს მარტოდ ხშირად გრძნობენ, მაგრამ გადამეტებულია, მათზე მუდმივად "მარტოსულის" იარლიყით ვისაუბროთ. როცა მარტოსულობა ქრონიკულ სახეს იძენს, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ამ პიროვნების ნაწილია და არა — მთლიანად მისი არსი. უმჯობესი იქნება, თუ ადამიანებზე ვიფიქრებთ, რომ "თავს მარტოსულად გრძნობენ", ვიდრე ის, რომ "მარტოსულები არიან". უკეთესი იქნება, თუ გავაცნობიერებთ, რომ ხანდახან ჩვენ ყველანი ვგრნობთ თავს მარტოსულად. მარტოსულობა ის კი არაა, თუ ვინ ვართ ჩვენ, არამედ ის, თუ რას ვგრძნობთ და როგორ აღვიქვამთ ჩვენს ცხოვრებას მოცემულ სიტუაციაში. მსგავსი დამოკიდებულება იმის გააზრებაში დაგვეხმარება, რომ გარემოებების შეცვლა ყოველთვის შეიძლება. 4. მარტოსულობა მხოლოდ ახალგაზრდებისა და მოხუცების პრობლემაა ეს იმდენად ხშირად გვესმის, რომ უკვე ლამის ნამდვილი ჭეშმარიტება გვგონია, არადა ასე ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, კვლევების უმეტესობა, რომლებიც ამ საკითხის ირგვლივ ჩატარდა, ამ ასაკობრივ სხვაობას არ გამოყოფს. ამ ასაკობრივი კატეგორიების ხშირად ხსენება სხვა საშიშროებებზე უფრო მიგვითითებს და ისეთი ფაქტორების პრობლემურობას გვახსენებს, როგორებიცაა სხვებთან კომუნიკაციის ნაკლებობა, სოციალური გარიყულობა და გეოგრაფიული იზოლაცია. მარტოსულობა ის სევდიანი რამე არაა, რაც უბრალოდ სევდიან ადამიანებს ემართებათ, ეს არის ერთგვარი "დახმარების ძახილი", რომელსაც ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება და აქ ასაკი გადამწყვეტი სულაც არ არის. 5. მარტოსულობის გასაქარვებლად მეტი დრო უნდა გავატაროთ გარეთ ეს თან სწორია და თან — არა. მარტოსულობა იმის ნიშანია, რომ მეტი ურთიერთობა გვჭირდება. ამ გაგებით ეს მოწოდება შეიძლება სწორიც იყოს, თუმცა "გარეთ დროის ტარება" ყოველთვის შესაძლებელი არ არის და არც საუკეთესო გამოსავალია. მაგალითად, თუ დისკრიმინაციის მსხვერპლი ხარ ან საზოგადოებისგან რაღაც ნიშნით გაირიყე, გარეთ გასვლამ შეიძლება მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს. თუ მარტოსულობის შეგრძნება დაკავშირებულია დეპრესიასთან, შფოთვით აშლილობასთან ან დაბალ თვითშეფასებასთან, რთულია, რომ სოციალური ურთიერთკავშირები კარგ გამოსავლად განიხილო, რადგან არსებობს იმის ალბათობა, რომ ასე თავი უარესად იგრძნო. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიზრუნოთ, ურთიერთობა ნელა და ფრთხილად დავამყაროთ სხვებთან და ერთმანეთს მეტად გავუფრთხილდეთ: ვინც თავს მარტოდ გრძნობს, არ უნდა ვაიძულოთ, რომ უფრო ხშირად "გავიდნენ გარეთ". 6. მარტოსულობის შესახებ არსებული მონაცემები ზუსტად ასახავს ვითარებას როცა ვიღაც ამბობს, რომ თავს მარტოდ არ გრძნობს, რას გვეუბნება ეს — მართლა ასეა თუ სიმართლის აღიარება მეტისმეტად მტკივნეული და სტიგმატიზირებულია მისთვის? როცა ადამიანებს მათი მარტოსულობის შეფასება უწევთ, იშვიათად ავლენენ პირდაპირ, რომ თავს მართლაც მარტოდ გრძნობენ, თუმცა ამასთან დაკავშირებულ ირიბ კითხვებზე მათ მიერ გაცემული პასუხები საპირისპიროს ამბობს ხოლმე. იქნებ, ზოგიერთ ადამიანს უჭირს იმის აღიარება, რაც სოციალურად არც ისე მისასალმებელია? ან იქნებ, მართლაც ვერ აცნობიერებენ ბოლომდე თავიანთ მარტოსულობას? 7. სოციალური მედია ყველაფერს აუარესებს ბევრისთვის ეს თვალნათელია, თუმცა ნუთუ მართლა სოციალურმა მედიამ გააუარესა ჩვენი მარტოსულობა? სოციალური მედია ბევრი სხვადასხვა გზით შეიძლება გამოიყენონ განსხვავებულმა ადამიანებმა მათი სურვილების შესაბამისად და ის, თუ რა დანიშნულებას ვუძებნით მას, გვაჩვენებს, თავს მარტოდ ვგრძნობთ თუ არა. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ონლაინ კომუნიკაციას ურთიერთობების თავიდან არიდების ნაცვლად უბრალოდ ურთიერთობის ერთ-ერთ გზად ვიყენებთ, ესე იგი, ჩვენს სოციალურ ცხოვრებას ვამრავალფეროვნებთ. ხოლო თუ სოციალურ მედიას იმისთვის ვიყენებთ, რომ ურთიერთობები სხვა შესაძლებლობებით ჩავანაცვლოთ, მაშინ ამან შეიძლება თავი მარტოსულად გვაგრძნობინოს. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში. მიმაგრება: სურათი 1
|
|