1:47 AM
ყავა საუზმის შემდეგ უნდა დალიოთ და არა მანამდე — კვლევა / coffee sauzmis shemdeg unda daliot da ara manamde — kvleva
www.auf.ge -
ახალი კვლევის მიხედვით, ცუდი ძილის შემდეგ გამოსაფხიზლებლად ძლიერი შავი ყავის დალევას თქვენს სისხლში შაქრის დონეების მართვის დაქვეითება შეუძლია.

დიდი ბრიტანეთის ბათის უნივერსიტეტის კვების, ვარჯიშისა და მეტაბოლიზმის ცენტრის კვლევა სხვადასხვა მეტაბოლურ მარკერზე დარღვეული ძილისა და დილის ყავის ეფექტებს აკვირდებოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ძილის ერთი ღამე ადამიანის მეტაბოლიზმზე შეზღუდულად ზემოქმედებს, გამოსაფხიზლებლად ყავის დალევას სისხლში შაქრის დონეების მართვაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სისხლში შაქრის დონე უსაფრთხო დიაპაზონში იყოს, რათა ისეთი დაავადებები ავირიდოთ, როგორიც დიაბეტი და გულის დაავადებებია. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ შედეგებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის — თანაც იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენად პოპულარულია ყავა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კვლევისთვის ბეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 29 ჯანმრთელ კაცსა და ქალს სთხოვეს, შემთხვევითი თანმიმდევრობით გაევლოთ სამი სხვადასხვა ექსპერიმენტი:

ერთ-ერთში მონაწილეებს ჩვეულებრივად ეძინათ, დილით კი შაქრიანი სასმლის დალევა ევალებოდათ.
მეორეში მონაწილეების ღამის ძილი დარღვეული იყო (მკვლევრები მათ ყოველ საათში 5 წუთით აღვიძებდნენ), დილით კი ისინი იმავე შაქრიან სასმელს სვამდნენ.
მესამეში მონაწილეების ძილი ისევე იყო დარღვეული, როგორც მეორეში (ანუ მათ ღამით აღვიძებდნენ), თუმცა ამჯერად დილით შაქრიანი სასმლის მიღებამდე 30 წუთით ადრე მათ ძლიერ შავ ყავას ასმევდნენ.
თითოეული ამ ტესტის დროს მონაწილეების სისხლის ნიმუშებს იღებდნენ შაქრიანი სასმლის მიღების შემდეგ, რომელიც ენერგიის მოცულობის (კალორიების) მხრივ ჩვეულებრივად მირთმეული საუზმის ტოლფასი იყო.

კვლევამ გამოკვეთა, რომ ნორმალურ ძილთან შედარებით ერთი ღამის დარღვეული ძილი საუზმობისას მონაწილეების სისხლში გლუკოზის/ინსულინის რეაქციებს არ აუარესებდა. აქამდე ძველი კვლევებიდან ვიცოდით, რომ ერთი და/ან რამდენიმე ღამის განმავლობაში რამდენიმესაათიანი ძილის დარღვევას უარყოფითი მეტაბოლური ეფექტები შეიძლებოდა ჰქონოდა, ამიტომ იმედისმომცემია იმის ცოდნა, რომ ერთღამიან ფრაგმენტულ ძილს (მაგალითად, უძილობის ან ხმაურის გამო) იგივე შედეგი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, საუზმემდე ძლიერი შავი ყავის მიღებამ საუზმისადმი სისხლში გლუკოზის რეაქცია მნიშვნელოვნად გაზარდა — დაახლოებით 50%-ით. მართალია, მოსახლეობის გამოკითხვა იმაზე მიანიშნებს, რომ ყავის მოხმარება შეიძლება ჯანმრთელობის კარგ მდგომარეობასთან იყოს დაკავშირებული, ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინს ინსულინისადმი შეუვალობის გამოწვევის პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ამ ახალი კვლევით ვიგებთ, რომ ცუდი ძილის შემდეგ ყავის სმას შეუძლია ძილმორეულობის პრობლემის მოხსნა, მაგრამ ის ქმნის კიდევ ერთ პრობლემას და ზღუდავს თქვენი სხეულის უნარს, თქვენს საუზმეში არსებულ შაქარს გაუმკლავდეს.

"ვიცით, რომ ადამიანების თითქმის ნახევარი დილით გაღვიძებისას ნებისმიერი სხვა რამის გაკეთებამდე ყავას ვსვამთ — რაც უფრო დაღლილები ვართ, მით უფრო ძლიერს. ეს კვლევა მნიშვნელოვანია და შორს მიმავალი ჯანმრთელობის იმპლიკაციები აქვს, რადგან აქამდე ცოტა რამ ვიცოდით იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს ამას ჩვენს ორგანიზმზე, კერძოდ კი ჩვენს მეტაბოლიზმსა და შაქრის დონის მართვაზე", — თქვა ბეთის უნივერსიტეტის კვების, ვარჯიშისა და მეტაბოლიზმის ცენტრის პროფესორმა ჯეიმს ბეტსმა, რომელიც კვლევას ზედამხედველობდა.

მარტივად რომ ვთქვათ, შაქრის დონის მართვა ქვეითდება, როცა დღეს ყავის დალევით ვიწყებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ღამით ცუდად გვეძინა. ამის გაუმჯობესების გზა ისაა, რომ ჯერ ვჭამოთ, ყავა კი მოგვიანებით დავლიოთ, თუ ამის საჭიროებას ისევ ვიგრძნობთ. ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე უფრო კარგად იმოქმედებს.

"ჩვენს მეტაბოლიზმზე ძილის გავლენის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს შესასწავლი, მაგალითად, თუ რამდენად უნდა დაირღვეს ძილი იმისთვის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი დაქვეითდეს, და რა გრძელვადიანი შედეგები მოყვება ამას; აგრეთვე ის, თუ როგორ შეუძლია, ვთქვათ, ვარჯიშს, ამ ეფექტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა", — თქვა ბეთის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დეპარტამენტის მთავარი მკვლევარმა ჰარი სმიტმა.

გუშინ, 1-ლ ოქტომბერს, მსოფლიოს მასშტაბით ყავისადმი დიდი სიყვარულის აღსანიშნავად ყავის საერთაშორისო დღე იყო. ყავა ამჟამად მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სასმელია და ყოველდღიურად დაახლოებით ორი მილიარდი ჭიქა ისმება. აშშ-ში 18 წელს გადაცილებული ადამიანების დაახლოებით ნახევარი ყოველდღიურად სვამს ყავას, დიდ ბრიტანეთში კი, ბრიტანეთის ყავის ასოციაციის ცნობით, ოჯახების 80% ხსნად ყავას ყიდულობს სახლში მოხმარებისთვის.


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 956 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ყავა, cofe, მეცნიერება, Health, mecniereba, Cofee, yava, ჯანმრთელობა, კვლევა, Kava, janmrteloba, Coffee, coffe, kvleva, Kofe, Neuroscience News | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]