2:05 AM მოვუწოდებთ მთავრობას, შეზღუდოს ძალა მშვიდობიან დემონსტრანტებზე — ევროპარლამენტარები | ||||||||||||
ისინი საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. მათი განცხადებით, მიუხედავად არჩევნების კონკურენტუნარიანობისა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა ამომრჩევლებზე ზეწოლის გავრცელებულმა ბრალდებებმა მაინც მოახდინა. "ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ მთავრობასა და მმართველ ძალას შორის ბუნდოვანი ხაზი იყო კამპანიის დროსა და არჩევნების დღეს, რამაც, საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა", — წერია მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. ისინი, ასევე, აღნიშნავენ, რომ სიტუაციას ამძიმებს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ორივეს, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფაქტობრივად, უარი ეთქვათ დასაბუთებულ მოთხოვნებსა და საჩივრების სამართლიანი განხილვის შესაძლებლობაზე. კუბილიუსის, იუკნევიჩიენისა და პავილიონისის განცხადებით, მთავრობას მმართველ პარტიასთან ერთად აქვს პასუხისმგებლობა ამ მკაფიო პრობლემებს უპასუხოს და ოპოზიციასთან დიალოგი დაუყოვნებლივ დაიწყოს, რათა ქართული დემოკრატიის ამ რთული მომენტისთვის სწრაფი გამოსავალი გამოინახოს. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი სადამკვირვებლო მისიებით ესწრებოდნენ არჩევნების პირველ ტურს მოუწოდებენ, შეაფასონ საჩივრები და საბოლოო დასკვნები წარადგინონ. მათი თქმით, მზად არიან მმართველ პარტიისა და ოპოზიციის დიალოგში კონსტრუქციული როლი ითამაშონ. ერთობლივ განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ისინი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერები ყოველთვის იყვნენ. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. ბარიერგადალახულმა რვავე პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, ისინი მეორე ტურებში მონაწილეობაზეც უარს ამბობენ, რომელიც 17 ოლქში გაიმართება. პატრიოტთა ალიანსის გარდა, პარტიები ერთობლივ საპროტესტო აქციებს აწყობენ. ისინი მოითხოვენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ ქართულ ოცნებაში. როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ ქუჩის ნაცვლად პროცესმა მოლაპარაკებების პროცესში გადაინაცვლოს და ამაში საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთონ. მიმაგრება: სურათი 1
|
|