4:42 PM კორონავირუსით დაინფიცირების შიშის გამო მგზავრი სამი თვე ცხოვრობდა აეროპორტში | ||||||||||||
36 წლის კალიფორნიელი ადიტია სინხი გასულ კვირას დააკავეს უკანონო ქმედებებისთვის — კერძო საკუთრებაში, კონკრეტულად კი მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ნაწილში შეჭრისა და ქურდობისათვის. პოლიციელების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ განაცხადა, რომ კაცი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში 19 ოქტომბერს ჩავიდა, თითქმის სამი თვის შემდეგ კი, შაბათ საღამოს, მას ავიახაზების ორი თანამშრომელი მიუახლოვდა, რომელთაც სინხს ვინაობა ჰკითხეს. დამნაშავემ მათ აეროპორტის სამკერდე ნიშანი წარუდგინდა, რომელსაც მისი რეალური მფლობელი 26 ოქტომბრის შემდეგ ეძებდა. გავრცელებული ცნობით, სინხს, რომელსაც "კორონავირუსით დაინფიცირების გამო შინ დაბრუნების ეშინოდა", საკვებს სხვა მგზავრები უნაწილებდნენ. ამბავი იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა მოსამართლე სიუზანა ორტისისთვის, რომ იგი პროკურორს ჩაეკითხა: "თქვენ მეუბნებით, რომ ადამიანი, რომელიც არ იყო დაწესებულების თანამშრომელი, უკანონოდ ცხოვრობდა მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სივრცეში 2020 წლის 10 ოქტომბრიდან 2021 წლის 16 იანვრამდე, ისე, რომ ვერავინ შენიშნა? მსურს, სწორად გაგიგოთ". წარმოდგენილი "ფაქტები და გარემოებები" ორტისისთვის იმდენად "შოკისმომგვრელი" აღმოჩნდა, რომ მას ეს არც დაუმალავს, თუმცა, ამავდროულად, მან აეროპორტის უსაფრთხოების საკითხიც დააყენა ეჭვქვეშ და დასძინა, რომ სინხის ჩადენილი ქმედებები მას საზოგადოებისათვის პოტენციურ საფრთხედ აქცევს. როგორც აღმოჩნდა, სინხი, რომელიც მაგისტრის ხარისხის მფლობელია ტურიზმის სფეროში და კრიმინალური წარსული არ აქვს, ამჟამად უმუშევარია და ლოს-ანჯელესში მდებარე საცხოვრებელსაც სხვა ადამიანებთან იყოფს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩიკაგოს ავიაციის დეპარტამენტმა სინხი აეროპორტისა და მგზავრებისათვის საფრთხედ არ მიიჩნია; მიუხედავად ამისა, ბრალდებულის გირაოდ $1000 განისაზღვრა, რომლის გადახდამდეც მას აეროპორტის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ავიაციის დეპარტამენტის განცხადებით კი, საქმის გამოძიების პარალელურად, ისინი "მათთვის პრიორიტეტული" საკითხის — მგზავრების უსაფრთხოების ზომების — გამკაცრებაზე იზრუნებენ. მიმაგრება: სურათი 1
|
|