გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2021 » ოქტომბერი » 25 » Tabu92 – მესიჯები კედლებსა და ხეებზე - ახალგაზრდა ხელოვანის მთავარი სათქმელი
11:11 PM
Tabu92 – მესიჯები კედლებსა და ხეებზე - ახალგაზრდა ხელოვანის მთავარი სათქმელი






"სისხლიც ჩამიბარებია, იმ თანხით რომ საღებავი მეყიდა"
რუსთავში, თბილისსა და ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებსა და კედლებზე დატოვებული ნახატები წარწერებითურთ სხვადასხვა თემას ეხება. ამ მესიჯების ავტორი ნიკა ძამიაშვილი, იგივე Tabu92-ია. რა თემას ეძღვნება მისი მესიჯები და რა არის ახალგაზრდა ხელოვანის მთავარი სათქმელი, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- ჩემი ცხოვრება მხატვრობა და პოეზიაა. მხატვრობა ორი მიმართულებით, როგორც ფურცელსა და ტილოზე, ისე - ქუჩაში. ყოველდღიურად ვცდილობ, თვითგანვითარებაზე ვიზრუნო. სამწუხაროდ, ქართულ "ვიკიპედიასა" და "იუთუბზე" ნაკლები ინფორმაციაა, ამიტომ მინდა ერთ-ერთი ვიყო, ვინც ამ გვერდების განახლებასა და საინტერესო ვიდეოების ატვირთვას შეუდგება. მანამდე კი ასე დავიწყე - გავედი ქუჩაში და იქ ვტოვებ სხვადასხვა მესიჯს. მინდა ჯერ მთელ საქართველოს მოვედო, შემდეგ კი საზღვარგარეთ დავტოვო ჩემი სათქმელი. აქ შეგხვდებათ სხვადასხვა ხალხისა და ეპოქის ადამიანების ბრძნული აზრები, ასევე - ფრაზები პოეზიიდან და პროზიდან. ზოგიერთი რაღაცის საწინააღმდეგოდაა მიმართული, თუმცა ეს არ არის მხოლოდ პროტესტი, ზოგი მესიჯი ყოველდღიურ ცხოვრებაზე "ყვირის", ზოგი კი უბრალოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველანი თანასწორნი ვართ: ქალი, კაცი, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და ეტლში მჯდომ ადამიანსაც ჩვენზე მეტი შეუძლია იყოს, გვანახვოს სწორი მიმართულება ბურთის თამაშითა და სავარძლის უბეში მოთავსებული წიგნებით. ასევე მაქვს დოსტოევსკის ორი ფრაზაც, რომელიც აბორტის საწინააღმდეგოდაა მიმართული. ქუჩაში დატოვებული მესიჯების უმეტესობა სასიყვარულო არტია, რადგან თავად ვარ "უჩარჩოო, უსაზღვრობის უსასრულობით შეყვარებული". იმედია, ღვთის წყალობით, ოდესმე გავერთიანდებით და ჩვენს მარადიულობას ვშობთ.

- რამდენი წელია, რაც თქვენი მესიჯები ქუჩებში გამოჩნდა?

- 4 თუ 5 წლის წინ, ჩემი ძმაკაცის, ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსი თბილისში, კიკვიძის ბაღში ხეზე დაწერილი ვნახე. იდეა მომეწონა და დაახლოებით 3 წლის წინ მეც დავიწყე მესიჯების დატოვება. მთავარია, ხე დანით არ დაკაწრო და არ ატკინო, უმჯობესია მორწყა და მოუბარო, მე კი მარკერით ვტოვებ ჩანახატებსა და წარწერებს, რომელიც მათ არ ვნებს. საერთოდ, ნებისმიერ ზედაპირზე შემიძლია სხვადასხვა თემაზე ხატვა, ასევე - კორპუსების, ინტერიერისა და ექსტერიერის მოხატვა. ცოტა ხნის წინ ამ კუთხით გამოცდილებაც შევიძინე, როცა თბილისში ერთ-ერთი 16-სართულიანი კორპუსის მოხატვისას ბრაზილიელ მხატვარს ვეხმარებოდი. კი, ყველაფერს დავხატავ, ოღონდ ერთი პირობით: პოლიტიკური შინაარსის ლოზუნგს და ამა თუ იმ პარტიის შეკვეთას ვერ შევასრულებ, რადგან არც ერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ მივეკუთვნები. თუკი რომელიმე აქციაზე მნახავთ, ამას ჩემი სურვილით გავაკეთებ, ავიღებ ტილოს ან მუყაოს და მასზე ჩემს აზრს დავაფიქსირებ.

- გამოფენებში მონაწილეობა თუ მიგიღიათ?

- ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ სამჯერ - ორმა გალერეამ და ერთმა მუზეუმმა საგამოფენო სივრცე დამითმეს (Uნივერსე, AრტGალლერყ და ქარვასლის ისტორიის მუზეუმი). დიდი მადლობა, ვინც ასე დამიდგა გვერდში და სამომავლოდაც თუ ვინმე გამამართვინებს თავის სივრცეში გამოფენას, პატივისცემა ჩემზე იქნება.

- ლექსებსაც წერთ. რამ გაგიჩინათ ამის სურვილი?

- თავიდან რასაც ვკითხულობდი, დაახლოებით იმავე მელოდიასა და განწყობას ვწერდი ჩემი სიტყვებით, თუნდაც თემა სხვა ყოფილიყო, თან - ხშირად, თუმცა ნაკლები სიღრმე და მიგნება მქონდა. ვფიქრობ, ნელ-ნელა დაიხვეწა ჩემი ნაწერები და საკუთარი ხაზიც გამიჩნდა. ბოლო 5 წელია, ეს ჩემი ცხოვრებაა. თავის დროზე ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს: გურამ რჩეულიშვილმა, კარლო კაჭარავამ, თამაზ ბაძაღუამ, ბესიკ ხარანაულმა, ხულიო კორტასარმა, რიუნისკე აკუტაგავამ და სხვებმა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო მაია სარიშვილი. შემთხვევით გავიცანი და 2 წუთი ვისაუბრეთ. ის ყველა გრძნობასა და განცდაზე მაღლა დგას, გულს მიჩერებს და სიტყვები არ მაქვს მისი ნაწერების აღსაწერად. ჩემზე ასევე დიდი გავლენა მოახდინეს: ჯიმ მორისონმა, ბობ მარლიმ, ირაკლი ჩარკვიანმა, მაქსიმე მაჩაიძემ და დავით პაქსაშვილმა. ვფიქრობ, მორისონი განსაკუთრებით წინ უსწრებდა დროს.

- თქვენი აზრით, რა არის საზოგადოების მთავარი პრობლემა?

- ვფიქრობ, საზოგადოების პრობლემა არაინფორმირებულობაა. ამიტომ მინდა განათლებისა და განვითარების კუთხით მინიმალური წვლილი შევიტანო, რაზეც უკვე ვისაუბრე. ასევე მინდა ხალხს ჩემი მესიჯებით ისეთი კითხვები გავუჩინო, რაზეც პასუხების ძებნას შინ, ბიბლიოთეკებსა თუ ინტერნეტში დაიწყებენ.

- დღეს რა მესიჯებს ტოვებთ, რა არის თქვენთვის ყველაზე აქტუალური?

- "ბოდიალა" ვარ (იღიმის). სპრეი თუ არ მაქვს, მარკერით დავდივარ. უკანასკნელ ხურდას ამაში ვხარჯავ. მინდა ვიყვირო, რომ ვარსებობ. ტილო უნდა გავყიდო, რომ მინიმალური - საკვებისა და საღებავის - ფული მქონდეს. ასევე - ინტერნეტის, იმისთვის, რომ რაღაც შევიმეცნო, წინ წავიდე და განვვითარდე. სისხლიც ჩამიბარებია, დონორობაში აღებული თანხით რომ საღებავი მეყიდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე არ ვარ დაზგა და არ ვხატავ იმას, რაც იყიდება! ასევე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სპეციალურად უწევს თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს კუთხეების, ყვავილების ხატვა და ასეთი ნამუშევრების უცხოელებსა თუ ადგილობრივებზე გაყიდვა. მათი მესმის, რადგან ეს ის ქვეყანაა, სადაც შენი შინაგანი სამყარო და სიმართლე ნაკლებად აინტერესებთ; თუ ვინმეს არ "მიეტყეპე", ვერ "გაიქაჩები". თუმცა, მართლები ყოველთვის ეწირებიან იდეას და მეც სწორედ ამისთვის ვიბრძვი. მინდა ერთ-ერთი ვიყო, ვინც მსოფლიოს მოვედები ჩემი იდეით, წინ წავალ და გავიმარჯვებ და ამავდროულად, სხვებსაც შევუწყობ ხელს წინსვლაში, არა მხოლოდ არტის, არამედ ნებისმიერ კეთილ წამოწყებაში. "როცა გიჭირს, ვინც გვერდში გიდგება, ის არის ღმერთი!" - ეს ჩემი ძმაკაცის, ნიკა ჩერქეზიშვილის სიტყვებია და კედელზე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წარწერა. "სიყვარული არის მარხვა, რომელიც არ ხსნილდება" - ასევე ჩემი ძმაკაცის, ლაშა მარგიანის სიტყვებია, რასაც ხშირად შეხვდებით რუსთავისა და თბილისის ქუჩების ნებისმიერ ზედაპირზე. არა მხოლოდ ამ ორი ფრაზიდან გამომდინარეობს, არამედ ისედაც ცნობილია ეს სიტყვები - God Is Love - და ვფიქრობ, დღეს და ყველა დროში სწორედ სიყვარული, ნდობა, გაგება, პატიება და როგორც სულიერ, ისევე ცხოვრების გზაზე წინსვლა და განვითარებაა მთავარი და მარად აქტუალური თემა.

მეტი საინტერესო მესიჯები, ორ–სამ წუთიანი ქუჩის არტებად, შეგიძლიათ იხილოთ ამ წინადადებაზე დაჭერით.


ინტერვიუ – ანა კალანდაძე / ჟურნალი "გზა"


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 924 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: Artist, lasha margiani, mkhatvari, jurnali gza, გზა, Street art, tree art, tabu92, გაზეთი, nika cherqezishvili, Graffiti, Interview, Interviu, ნიკა ჩერქეზიშვილი, ჟურნალი გზა, gazeti, ლაშა მარგიანი, ნიკა ძამიაშვილი, ტაბუ92, Painter, nika dzamiashvili, gza, ინტერვიუ, jurnali, ჟურნალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...