9:23 PM ქართველი პოეტების "ქვაზე დატოვებული ამონაკაწრი" გერმანელებისათვის / qartveli poetebis "qvaze datovebuli amonakatscri" | ||||||||||||
პოეტ ნიკა ჯორჯანელს ახლახან დასტამბული ქართული პოეზიის გერმანულენოვანი ანთოლოგია უჭირავს და თავისსავე გერმანულ ენაზე ნათარგმნ ლექსს კითხულობს. ნიკას გაუმართლა, მან ეს ენა კარგად იცის და შეუძლია შეაფასოს, შეადაროს, გერმანულენოვანი მკითხველის ყურით წაიკითხოს თავისი ლექსი. ნიკა ერთ-ერთია იმ ქართველ პოეტებს შორის, ვისი რამდენიმე ლექსიც ქართული პოეზიის გერმანულენოვან ანთოლოგიაში შევიდა. POP Verlag-ი კი პატარა გამომცემლობაა, რომელმაც ეს წიგნი დასტამბა. ვგულისხმობ, პატარას გერმანიის მასშტაბისათვის. დაახლოებით 50-ზე მეტი გერმანული გამომცემლობისგან განსხვავებით, სწორედ ის დათანხმდა გერტ რობერტ გრიუნერტის შეთავაზებაზე, გამოეცაქართული პოეზიის ანთოლოგია - ცხადია, თუ თანადამფინანსებელი გამოჩნდებოდა. ეს პირობა არავის გაჰკვირვებია: საგამომცემლო საქმის ექსპერტები და, ზოგადად, გამომცემლებიც - საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც - არ მალავენ, რომ პოეზიის ბეჭდვა არაკომერციული საქმეა. ქართული პოეზიის გერმანულ ენაზე ნათარგმნი ანთოლოგიის შემდგენელი ნინო პოპიაშვილი იხსენებს, რომ ის და გერტი მუშაობას მაინც განაგრძობდნენ და იმედს არ კარგავდნენ, რომ სამი წლის შრომას ბედნიერი დასასრული ექნებოდა: ქართველი პოეტების ლექსები გერმანულენოვან მკითხველამდე მაინც მიაღწევდა. და ასეც მოხდა. გამომცემელი და მწერალი ტრაიან პოპი შეთავაზებას დასთანხმდა, პროექტს საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა გამოუცხადა. „მართლაც, სამი წელი გრძელდებოდა ამ ანთოლოგიაზე მუშაობა. შედგენის პროცესი იყო ძალიან რთული და შრომატევადი. თარგმანიც რთული და საინტერესო პროცესი იყო. ვთარგმნიდით ტანდემში - ქართველი მთარგმნელი და გერმანელი პოეტი ერთად. იმდენი შეკითხვა ჩნდებოდა, იმდენი რამის განმარტება და ახსნა იყო საჭირო, რომ ქართული პოეზია სრულყოფილად მიგვეტანა მათთვის“. თარგმნიდნენ თავად გერტ რობერტ გრიუნერტი, შტეფი ხოტივარი-იუნგერი, ნაირა გელაშვილი, მაია ლისოვსკი, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე და თამარა ზიგერი. ყველა თარგმანი ახალია. ზოგი ავტორი გერმანულად პირველად ითარგმნა. მასში თითქმის ყველა საუკუნის ქართველი პოეტის ლექსები გაერთიანდა. წიგნის სამუშაო სათაურიც ასეთი იყო, გვეუბნება ნინო პოპიაშვილი, - „ყველა საუკუნის ქართული პოეზია“: „აქ არის ხალხური ტექსტები, სასულიერო ტექსტები, მაგალითად, იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“, „ვეფხისტყაოსნის“ ორი თავის ახალი თარგმანი, ჩვენი კლასიკოსები და თანამედროვე პოეტები. მათი პოეზიის გერმანულად ამეტყველება კი გერმანელი პოეტის გერტ გრიუნერტის დიდი დამსახურებაა“. მე მგონია, რომ შორეული ავტორებიდან დღევანდლამდე ჩვენს პოეზიაში სევდასთან დაბრუნებას იპოვიან. სხვათა შორის, რუსებმაც გამოსცეს ცოტა ხნის წინ თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია და ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ყველა ავტორი ტკივილზე წერსო... შალვა ბაკურაძე „ეს არ არის სრულყოფილი ანთოლოგია და, შესაძლოა, ვინმემ თარგმანებიც გააკრიტიკოს, მაგრამ მართლა ძალიან ვეცადეთ“, - გვეუბნება ნინო პოპაშვილი. წიგნი მთლიანად გერმანულ ენაზეა და, როგორც მისი გამომცემელიც აღნიშნავს, ის ახლა უკვე გერმანელ მკითხველს ეკუთვნის. ლექსებს ახლავს მოკლე ცნობები ავტორების შესახებ. თავად ლექსები თემატურადაა დალაგებული, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ თუ, მაგალითად, იოანე ზოსიმეს გვერდით რომელიმე თანამედროვე ავტორის ლექსი შეგხვდებათ - მარადიულმა თემებმა საუკუნე არ იცის, მათზე ყველა დროის ყველა პოეტი წერდა და წერს. ლიტერატურის კრიტიკოსის და გერმანული ენიდან მთარგმნელის ლევან ბრეგაძისათვის სწორედ ეს მოულოდნელი ქრონოლოგია აღმოჩნდა საინტერესო: „ჩვენ არაჩვეულებრივი პოეზია გვაქვს და თუ ის უცხოელი მკითხველისათვის კარგად არის მიწოდებული, სრულყოფილად ნათარგმნი, ეს პროცესი -პოეზიასთან ზიარებისა - კიდევ უფრო საინტერესო ხდება, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც პოეზია გამოკვეთილად უყვარს. მე ისიც ძალიან მომეწონა, ლექსები ამ კრებულში თემატურად რომ არის დალაგებული. საინტერესოა, რომელი ლექსი რომელი რუბრიკის ქვეშ მოხვდა, ესა თუ ის თემა რომელმა პოეტმა როგორ გაშალა“. მე ასე მგონია. ეს წიგნი ქვაზე დატოვებულ ამონაკაწრს ჰგავს, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა გაიშიფროს. ყველა ავტორს ვერ გვექნება იმის იმედი, რომ მაინცდამაინც ჩვენი ტექსტი გაიშიფრება, მაგრამ ყოველთვის ასეა... შალვა ბაკურაძე ჯერჯერობით გერმანია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე ყველაზე მეტად ზრუნავსო, თავისი დაკვირვება გაგვიზიარა პოეტმა შალვა ბაკურაძემ. მან გერმანული არ იცის და ამბობს, ალბათ, როგორც გერმანელებისთვის არის რაღაც მისტიკური ქართულ ანბანში, ასეა ჩემთვისაც, როცა ჩემს მათ ენაზე ნათარგმნ ლექსებს ვხედავო. მაინც როგორ გგონია, რას იპოვის გერმანელი და, ზოგადად, გერმანულენოვანი მკითხველი ქართულ პოეზიაში-მეთქი, ვკითხე შალვას: „მე მგონია, რომ შორეული ავტორებიდან დღევანდლამდე ჩვენს პოეზიაში სევდასთან დაბრუნებას იპოვიან. სხვათა შორის, რუსებმაც გამოსცეს ცოტა ხნის წინ თანამედროვე პოეზიის ანთოლოგია და ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ყველა ავტორი ტკივილზე წერსო. მე მგონია, რომ ქართული პოეზიის მისტიფიკაცია, ერთგვარი დაბნელება 90-იან წლებში დაიწყო და, ალბათ, პირველი ანდრო ბუაჩიძე იყო, ვინც გადამტყდარი ლექსები დაწერა და შემდეგ მოჰყვა და მოჰყვა, ბევრი ვიტირეთ მას მერეც. მგონია, რომ დღემდე ვაგრძელებთ ამ ტირილს. ქართული პოეზია, მე თუ მკითხავთ, დიდი ტირილის პოეზიაა“. სამასი ლექსიდან ყველა მკითხველი, ალბათ, თავისას გამოარჩევს, თავის ავტორსაც გადაეყრება. შალვა ბაკურაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ამ შეხვედრას მოჰყვეს გაგრძელებაც და ცალკეული ავტორის ერთი და ორი ლექსი კი არა, მთელი კრებულიც ითარგმნოს. როგორც შალვა ამბობს, ქართული პოეზიის ეს კრებული ქვაზე დატოვებულ ამონაკაწრს ჰგავს, რომელიც უნდა გაიშიფროს: „მე ასე მგონია. ეს წიგნი ქვაზე დატოვებულ ამონაკაწრს ჰგავს, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა გაიშიფროს. ყველა ავტორს ვერ გვექნება იმის იმედი, რომ მაინცდამაინც ჩვენი ტექსტი გაიშიფრება, მაგრამ ყოველთვის ასეა, მსგავ ანთოლოგიებში ყველა პოულობს თავისთვის საინტერესი ავტორს და ინტერესდება ამ ავტორის შემოქმედებით. იმედია, ამის შემდეგ გერმანულად გამოვა არა მხოლოდ ანთოლოგიები, არამედ ცალკეული ავტორების ლექსების კრებულებიც. იქნებ, ისეთი ავტორითაც დაინტერესდნენ, რომლითაც ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები დიდად. მაინც გვერდიდან დანახული უფრო საინტერესოა“. ეს კი იმ ავტორების ჩამონათვალია, რომელთა ლექსებიც ამ კრებულშია შესული: იოანე ზოსიმე,დავით აღმაშენებელი,ჩახრუხაძე, შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ბესარიონ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, ვაჟა-ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ტერენტი გრანელი, ნიკო სამადაშვილი, იოსებ ნონეშვილი, შოთა ნიშნიანიძე, შოთა ჩანტლაძე, გაბრიელ ჯაბუშანური, ოთარ ჭილაძე, ოთარ ჭელიძე, ირაკლი აბაშიძე, მორის ფოცხიშვილი, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, იზა ორჯონიკიძე, გივი გეგეჭკორი, თამაზ ჭილაძე, ანა კალანდაძე, ესმა ონიანი, ლია სტურუა, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ალხაზიშვილი, ტარიელ ჭანტურია, კარლო კაჭარავა, ნაირა გელაშვილი, გურამ ოდიშარია, დათო მაღრაძე, დათო ბარბაქაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ზვიად რატიანი, შოთა იათაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ცირა ბარბაქაძე, ეკა ბაქრაძე, შალვა ბაკურაძე, ირმა შიოლაშვილი, ლელა სამნიაშვილი, რეზო გეთიაშვილი, ცირა ყურაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ეკა ქევანიშვილი, რატი ამაღლობელი, გიორგი კეკელიძე, დიანა ანფიმიადი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ქეთი თუთბერიძე, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ნიკა ჯორჯანელი, ლია ლიქოკელი, ნიკო გომელაური, დავით დეფი, ირაკლი ჩარკვიანი, ხალხური ლექსები. გოეთეს ინსტიტუტში წარდგენის შემდეგ წიგნის პირველი, ყველაზე დიდი პრეზენტაცია ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე 19-20 მარტს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც წიგნი, თავის ავტორებიანად, მოგზაურობას დაიწყებს. როგორც ნინო პოპიაშვილმა გვითხრა, გერტ გრიუნერტს დიდი სურვილი აქვს გერმანულენოვანი მკითხველისათვის ქართველი ავტორების კითხვის საღამოებიც მოაწყოს. მანამდე კი ქართველი პოეტების ნაწილის ხმას ისინი წიგნზე დართული კომპაქტდისკიდნაც გაიგონებენ და ნახავენ, როგორ ჟღერს ქართული პოეზია. ეკა ქევანიშვილი / რადიო თავისუფლება მიმაგრება: სურათი 1
|
|